USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
Tbilisi
რატომ არ კარგავს ამერიკა და ევროკავშირი ინტერესს საქართველოსთან მიმართებით
Date:  1099
პასუხი კითხვაზე, რატომ არ კარგავს ამერიკა და ევროკავშირი ინტერესს ამ რეგიონთან და კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, ამ რუკაზეა. უფრო კონკრეტულად, სულაც რომ არ ჰქონდეთ ინტერესი, რუსებს ვერ დაუთმობენ, რადგან ევრაზიული ძალთა ბალანსი შეიცვლება და დაირღვევა.
კავკასია და ახლო აღმოსავლეთი არის ერთი განუყოფელი რეგიონი დიდ სურათში, განსაკუთრებით ჩრდილოეთი-სამხრეთის კორიდორზე.
ამ რუკაზე ჩანს რუსეთიდან დანახული კავკასია და ახლო აღმოსავლეთი. საქართველოსა და სომხეთის გავლით, რუსეთი უკავშირდება ირანსა (ირანის გავლით ერაყსა და სირიას) და თურქეთს, რაც მთლიანად ცვლის ევრაზიის გეოპოლიტიკას.
რუსებისთვის კავკასია მხოლოდ დასავლეთისა და აღმოსავლეთის კორიდორი არაა. კავკასია ასევე არის ჩრდილოეთისა და სამხრეთის ჩამკეტიც. კერძოდ, ესაა რუსეთის სახმელეთო ბარიერი ახლო აღმოსავლეთთან და ხმელთაშუა ზღვასთან დასაკავშირებლად. ამ პრიზმაშიც არანაკლებ (თუ უფრო მეტად არა) უყურებენ რუსები საქართველოსა და სომხეთს.
რუსებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხმელთაშუა ზღვაში ყოფნა, რისთვისაც ჰქონდათ ლატაკიასა და ტარტუში საზღვაო და საჰაერო ძალები განლაგებული. 2025 წლამდე, სირიაში იყო პრორუსული და პროირანული ასადების რეჟიმი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაემხო. სირიის პრორუსლობა და პროირანულობა ძალიან ბევრ პროექტს ამუხრუჭებდა და ბალანსს ცვლიდა.
ნუ, რუსები ხმელთაშუა ზღვაში რომ არ დაეშვათ, მაგიტომაც აქვთ ახლა თურქებს ბოსფორისა და დარდანელის სტრუტეები და არა საბერძნეთს. პატარა და ერთმოწრმუნე საბერძნეთი მოწყვლადი იყო რუსეთიდან ყოველთვის და 50-იანებში, სანამ საბერძნეთს ხელის ჯიკებით შეაგდებდნენ ნატოში, კინაღამ კომუნისტური რევოლუციაც მოხდა. თურქეთი კიდე დიდია და რეგიონულ ბალანსს იცავს და უზრუნველყოფს რუსეთის ხმელეთზე გამოკეტვას და ხმელთაშუა ზღვაში არდაშვებას. საბერძნეთი კი ამას ვერ იზამდა. სამაგიეროდ, საბერძნეთი თურქეთს აბალანსებს კუნძულების სარტყელით და სრუტეების დამატებით ჩამკეტს ქმნის.
ასადების დამხობის შემდეგ, ახლა სირიის ხმელთაშუა ზღვაში ფრანგები ბრუდებიან თავიანთი საზღვაო ფლოტით. უზარმაზარი მოვლენაა ეს საქართველოსა და კავკასიითვისაც, რადგან ერთი დიდი სურათის ნაწილია ყველაფერი. სირიას საქნციები მოუხსნა ევროკავშირმა და ამერიკამაც.
ევროკავშირსაც უზარმაზარი ინტერესი აქვს ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიის მიმართ. ამიტომაც მოგვცეს თავის დროზე კანდიდატის სტატუსი და ამით ინტერესის ზონა მონიშნეს.
ასადების რეჟიმის დამხობის შემდეგ გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ხელახლა გაცოცხლებულიყო კატარის გაზის ევროპაში გადაქაჩვის პროექტი. კერძოდ, პროექტი კატარი-არაბეთი-იორდანია-სირია-თურქეთის 2,500-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს, რომლის შემდეგ, კატარული წარმოშობის გაზი თურქული პორტებიდან ევროკავშირის ქვეყნებში უნდა განაწილდეს, რაც რუსული მიწოდების ჯაჭვის ალტერნატივას წარმოადგენს. დაფირქდით, რამხელა რაღაცაა ეს პერსპექტივაში.
გარდა ამისა, თუ რუსეთი ბოლომდე ხელში ჩაიგდებს საქართველოსა და სომხეთს, ასევე პრობლემა შეექმნება ინდოეთ-ირანი-სომხეთი-საქართველოს (საზღვაო პორტები) პოტენციურ მარშუტს. ამაზეც ბევრი დაიწერა და ითქვა.
ცალკე უნდა ითქვას ისიც, რომ თუ რუსები კავკასიას დაეპატრონებიან, ახლო აღმოსავლეთში დასავლური და თურქული გავლენები ბუფერს დაკარგავენ, რაც არავის სურს. ამან შეიძლება პერსპექტივაში ხელი შეუშალოს ინდოეთ-ისრაელის სავაჭრო მარშუტის განვითარებასაც, რაც ასევე საუკუნის პროექტია და ბევრი ამბობს, რომ ამის ჩასაშლელად მოხდა ჰამასის 7 ოქტომბრის ტერაქტებიც.
მიუხედავად ირან-რუსეთის სიტუაციური მოკავშირეობისა, როგორადაც არ უნდა დასრულდეს ირან - აშშ-ს მოლაპარაკებები, ირანისთვის კრიტიუკულად მნიშვნელოვანია ზანგეზურის კორიდორის გავლით, სომხეთიდან საქართველოს პორტებზე თავისუფალი წვდომა და რუსეთის კონტროლის არდაშვება, რადგან სირიის დაკარგვის შემდეგ, პერსპექტივაში, მხოლოდ საქართველოს შავი ზღვის პორტებია ევროპაზე გასასვლელი უმოკლესი სავაჭრრო გზა. ბუნებრივია, თურქები ირანელებს, როგორც კონკურენეტებს და ბუნებრივ მოწინააღმდეგეებს ხელს არ შეუწყობენ და არ დაუშვებენ (კარგი პირობებით) ხმელთა შუა და შავი ზღვის პორტებზე.
უფრო მეტიც, ჩინელებსაც კავკასია მხოლოდ მაშინ სჭირდებათ თუ ის არარუსულია. თუ რუსული გახდება კავკასია, ჩინელები დასავლეთ-აღმოსავლეთის ალტერნატიულ კორიდორს კარგავენ, რაც მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ რუსები გაცილებით ძვირს გამოართევენ ტრანზიტში და ლოჯისტიკას გაუძვირებენ. შესაბამისად, მიუხედავად ჩინეთის მკვეთრი ანტისავლურობისა, ჩინეთისა და რუსების ინტერესები კავკასიაში სხვადასხვაა.
რა თქმა უნდა, თურქები არ დაუშვებენ პირველ რიგში, რომ საქართველო და სომხეთი რუსეთმა წაიღოს (თუ საქართველო წაიღო, სომხეთი ავტომატურად მიაქვს), რადგან აზერბაიჯანთანაც სახმელეთო კავშირი იკარგება და დიდი თურანის მისტიური იდეაც მოკვდება.
ჰო, ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ტრამპის ადმნისტრაციამ სომხეთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა 2025 წელს. ჩვენთანაცაა ეს ხელშეკრულება 2009 წლიდან, ოღონდ 2024 წლის დეკემბერში შეჩერდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელები კავკასიიდან წასვლას არ აპირებენ.
შესაბამისად, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში კი არა, ამერიკელები იქნებიან ყველა ზღვაში, რადგან საზღვაო ძალაა და სახმელეთო აზიურ იმპერიებს ხმელეთზე გამოკეტავს ყოველთვის. ბრიტანეთისა და ამერიკისთვის ეს მთლიანი საგარეო პოლიტიკის ანა-ბანაა.
ჰოდა, ამერიკელები საქართველოდან არსად წამსვლელები არ არიან. ვერც საქართველო გახდება პრორუსული და ამას რაც მალე და ადვილად გაიგებთ, მით ნაკლებად გეტკინებათ. ტკენა და წყენა კი იციან იანკებმა კარგად და "მეგობრულად".
აი, ამიტომ ვარ ხოლმე სულ ოპტიმისტურად განწყობილი. როგორც იქნა, დიდი გადალაგების ამბებმა კავკასიამდეც მოაღწია.
ნუ, როგორც ბჟეზინსკიმ თქვა: ვინც ფლობს ბალკანეთს, ფლობს ევროპას, ვინც ფლობს კავკასიას,ფლობს ევრაზიას.
World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way