USD 2.6802
EUR 2.8555
RUB 2.8670
Тбилиси
რაში სჭირდება ილონ მასკს Twitter-ი და შეძლებს თუ არა ტრამპი იქ დაბრუნებას?
дата:  307

 პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა, Twitter-ი 44 მილიარდ ამერიკულ დოლარად საბოლოოდ მაინც იყიდა. ახლა უკვე კომპანია საჯარო აქციონერულის ნაცვლად კერძო გახდა.

მასკმა Twitter-ზე გარიგების დასრულების შესახებ განაცხადა - "The bird is freed" - „ჩიტი თავისუფალია“. რამდენიმე საათის შემდეგ მან დაამატა: "Let the good times roll" – „ახლა კი გავერთოთ!“ 

ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია კერძო პირის კუთვნილებაა და მისი აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აღარ იყიდება. მასკმა უკვე მოასწრო საკადრო წმენდის ჩატარება და ფაქტობრივად, ყველა ხელმძღვანელი პირი გაათავისუფლა. აღმასრულებელმა დირექტორმა პარაგ აგრავალმა, ფინანსურმა დირექტორმა ნედ სეგალმა და იურიდიულ საკითხთა და შიდა პოლიტიკის დირექტორმა ვიჯაია გადემ კომპანია უკვე დატოვეს.  

 

გასულ ხუთშაბათს, მასკმა Twitter-ზე რეკლამის განმთავსებლებს კომპანიის ყიდვის მიზეზები აუხსნა. ბიზნესმენი ირწმუნება, რომ მან არა მატერიალური, არამედ ჰუმანისტური ინტერესებით იხელმძღვანელა. მასკის განცხადებით, მას სურს კაცობრიობას დიალოგის გამართვაში  დაეხმაროს. „ცივილიზაციას უნდა ჰქონდეს ციფრული ქალაქის მოედანი, სადაც საკითხების ფართო სპექტრი ჯანსაღ გარემოში, ძალადობის აუცილებლობის გარეშე განიხილება,“ -  წერს მასკი. თუმცა იქვე აღიარებს, რომ ეს მისია შეიძლება ჩავარდეს. 

მასკის თქმით, ახლა არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ სოციალური ქსელები ორ დახურულ ბანაკად - უკიდურეს მემარჯვენეებად და უკიდურეს მემარცხენეებად დაიყოს. ეს კი, მისი განმარტებით, საზოგადოებაში სიძულვილისა და განხეთქილების კიდევ უფრო გაღრმავების რისკს შეიცავს. მასკი ამტკიცებს, რომ მას სურს შეცვალოს სიტუაცია, რომლის დროსაც ადამიანები თავიანთ „ინფორმაციულ ბაბლებში“ იკეტებიან და უსმენენ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც მათ შეხედულებებს იზიარებს. ბიზნესმენმა წარსულშიც არაერთხელ ისაუბრა იმის თაობაზე, თუ რამდენად სურს Twitter-ის დერეგულაცია და მოდერაციის გამარტივება, რათა სოციალურ ქსელში უფრო მეტი განსხვავებული აზრი ისმოდეს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სოციალურ ქსელს დიდი ხანია ადანაშაულებენ იმაში, რომ მისი მოდერატორები მემარცხენე ლიბერალებს ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა ამას კომპანია ყოველთვის უარყოფდა.

ახლა უკვე ახალი მფლობელი განმარტავს, რომ პლატფორმა უნდა დარჩეს „სტუმართმოყვარე ადგილად“, სადაც კანონებს იცავენ და ის არ უნდა იქცეს „ჯოჯოხეთურ თავყრილობად, სადაც  ყველასთვის ყველაფერი დასაშვებია“. დეზინფორმაციისა და ძალადობრივი რიტორიკის ექსპერტებმა სოციალურ მედიაში გამოთქვეს შიში, რომ მასკი პლატფორმაზე დაბრუნების საშუალებას მისცემს იმ საკამათო ფიგურებს, რომლებიც რასიზმის, სიძულვილის ენისა და სიცრუის გავრცელებისთვის იყვნენ დაბლოკილი. 

პირველ რიგში, საუბარია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე. 2021 წლის იანვარში, კომპანიამ Twitter-ზე ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა. ეს იმით აიხსნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მესიჯები „დიდი ალბათობით, მის მიმდევრებს 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში განხორციელებული უკანონო ქმედებების განმეორებისკენ ისევ უბიძგებს“. რამდენიმე თვის წინ Twitter-ის ყიდვაზე საუბრისას მასკმა თქვა, რომ ტრამპს დაბრუნების უფლებას მისცემდა. მან სოციალურ ქსელს მიკერძოებული და "მემარცხენეებისკენ მიდრეკილი" უწოდა. ხუთშაბათს, ახალი აღმასრულებელი დირექტორის რანგში, მასკმა გაათავისუფლა ერთ-ერთი დირექტორი ქალი, რომელიც ტრამპის დაბლოკვის მომხრე იყო. 

თავად ტრამპი ამ შეთანხმებით აღფრთოვანებული იყო. მან თავის სოციალურ ქსელში - Truth Social- დაწერა, რომ Twitter-ი ახლა "საღად მოაზროვნე ადამიანის ხელშია". თუმცა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს არ გაუმჟღავნებია, დაბრუნდება თუ არა იქ, აკრძალვის გაუქმების შემთხვევაში. ამერიკელი ჟურნალისტი დევიდ ლევიტი აღნიშნავს, რომ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის გამოცხადებიდან მალევე, სოციალურ ქსელში რადიკალურად მოაზროვნე მომხმარებლები გააქტიურდნენ. მისი თქმით, ეს ადვილი შესამჩნევია, თუ საძიებო სისტემაში სიტყვა „ჰოლოკოსტს“ ან რომელიმე რასისტულ გამოთქმას ჩაწერთ.

 BBC-ის მიმომხილველის, ზოი კლაინმანის თქმით, ის ფაქტი, რომ მასკმა Twitter-ზე რეკლამის განმთავსებლებს მიმართა, მეტყველებს იმაზე, რომ სავარაუდოდ, ის აპირებს შეინარჩუნოს სოციალური ქსელის არსებული ბიზნეს- მოდელი, რომელიც ციფრულ რეკლამაზეა დაფუძნებული. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მიმდინარე გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში, ტექნიკური გიგანტების - Alphabet-ისა და Meta-ს ციფრული სარეკლამო შემოსავლები შემცირებას იწყებს, რადგან რეკლამის განმთავსებლები მარკეტინგის ბიუჯეტს ამცირებენ. 

მასკმა ზაფხულში მიანიშნა, რომ აპირებს, Twitter-ს იმაზე მეტი ფული გამოამუშავებინოს და 2028 წლისთვის შემოსავალი 26,4 მილიარდ დოლარამდე გააოთხმაგოს. ერთი კვირის წინ, Washington Post-მა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც ილონ მასკი პერსონალის  ფართომასშტაბიან შემცირებას გეგმავდა. გამოცემის ცნობით, მასკმა ინვესტორებს თანამშრომლების 75%-ის გათავისუფლების შესახებ  განუცხადა, რათა მხოლოდ 2000-კაციანი ბირთვი ჩამოყალიბებულიყო. თუმცა გასულ ოთხშაბათს, Twitter-ის სათავო ოფისის თანამშრომლებთან შეხვედრისას, მასკმა ასეთი მასობრივი შემცირების შესახებ ინფორმაცია უარყო.

 

ილონ მასკმა Twitter-ი ბოტებისა და ყალბი ანგარიშების რაოდენობის შეგნებულად შემცირებაში არაერთხელ დაადანაშაულა. ბიზნესმენის თქმით, ეს ხდებოდა იმიტომ, რომ სოციალური ქსელი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი ყოფილიყო. კომპანიის მონაცემებით, Twitter-ის მონეტიზებული ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების 4%-ზე ნაკლებია ყალბი. თუმცა მასკი ამტკიცებს, რომ ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია.

ახლა მას შეუძლია ამ სფეროში დიდი წმენდა  დაიწყოს, - ამბობს კლაინმანი. მისი განმარტებით, ამ ყველაფრის შედეგად ზოგიერთ მომხმარებელი აღმოაჩენს, რომ მიმდევრების რაოდენობა მოულოდნელად შეუმცირდა(რადგან ყალბი ანგარიშები გაუქმდება), რაც შეიძლება არ იყოს პოპულარული პირველი ნაბიჯი. თუმცა მასკის ყველაზე დამაინტრიგებელი ნაბიჯი Twitter-ის შეძენით არის დაპირება, რომ ეს იქნება "X-ი, აპლიკაცია ყველაფრისთვის", რაც გულისხმობს მრავალფუნქციურ აპლიკაციას სმარტფონისთვის, რომელიც სოციალურ მედიას, მესენჯერს, პირადი ფინანსების მართვას, საკვების შეკვეთასა და სხვა ფუნქციებს გააერთიანებს. 

ივნისში, Twitter-ის თანამშრომლებთან შეხვედრაზე, მასკმა განმარტა, რომ ეს აპლიკაცია ჩინური WeChat-ის მსგავსად უნდა მუშაობდეს. "ჩინეთში ხალხი WeChat-ზე, ფაქტობრივად, ცხოვრობს. თუ ჩვენ ამის განმეორებას Twitter-ზეც შევძლებთ, დიდი წარმატება გველის," - თქვა მასკმა მაშინ. ოქტომბრის დასაწყისში კი მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ კომპანიის შეძენა "X, აპლიკაცია ყველაფრისთვის" დამუშავებას დააჩქარებს.

культура
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати