USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
თბილისი
რას ყიდის და ყიდულობს საქართველო რუსეთში
თარიღი:  515

2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ რუსეთთან 1.06 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლით ივაჭრა, რაც წინა წელთან შედარებით 38%-ით მეტია. სავაჭრო ბრუნვის ამ მაჩვენებლით, რუსეთმა თურქეთის შემდეგ მეორე პოზიცია დაიკავა. სავაჭრო ბრუნვაში იმპორტი ჭარბობს, წელს საქართველომ რუსეთიდან 778 მილიონის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით არის გაზრდილი. ექსპორტი კი 34%-ით, 281 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. რუსეთში საქართველოს ექსპორტში პირველ ადგილს ღვინო იკავებს.

საქართველოს ტოპ 5 საექსპორტო საქონელი რუსეთში:

1) ღვინო - 69 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 50%;
2) ფეროშენადნობები - 45 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 57%;
3) მსუბუქი ავტომობილები - 41 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 485%;
4) მინერალური და მტკნარი წყლები - 28 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 64%
5) შაქრიანი, გაზიანი სასმელები - 26 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 190%.

იმპორტში კი ენერგორესურსები სჭარბობს. მეტიც, ნავთობის იმპორტის მხრივ რუსეთი საქართველოს მთავარ მომწოდებლად იქცა, რადგანაც იანვარ-მაისში შესყიდული 400 მილიონის საწვავიდან 264 მილიონი დოლარი სწორედ რუსეთზე მოდიოდა. იმპორტში მეორე ადგილს 83 მილიონი დოლარით ბუნებრივი აირი იკავებს, რომლის იმპორტიც წლიურად 113%-ით არის გაზრდილი. 

საქართველოს ტოპ 5 საიმპორტო საქონელი რუსეთიდან:

1) ნავთობპროდუქტები - 264 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 112%;
2) ბუნებრივი აირი - 83 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 113%;
3) მინის ბოთლები - 22 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 144%;
4) ხორბლის ფქვილი - 21 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 5%;
5) ქვანახშირი - 18 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 650%.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის