USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
რას უპირისპირებს იაპონია მსოფლიო პანდემიას
дата:  3534

ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც განსხვავებული სტრატეგია აირჩია პანდემიასთან საბრძოლველად, ამომავალი მზის ქვეყანაა. იაპონიაში, რომლის მოსახლეობა 126 მილიონს აჭარბებს, არ მოქმედებს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი და განსაკუთრებული აკრძალვები. ქვეყნის უახლესი სტატისტიკა კი ასე გამოიყურება- 6005 ინფიცირებული, 99 გარდაცვალების შემთხვევა და 762 გამოჯანმრთელებული. რის ხარჯზე ახერხებს იაპონია ასეთი შედეგის შენარჩუნებას, ამ საკითხზე ვფიქრობთ, საინტერესოა ბიოლოგ ბიჭიკო მეგრელიშვილის პოზიცია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ალბათ, ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ არ აცხადებენ იაპონიაში საგანგებო მდგომარეობასა და კარანტინს ახალი კორონავირუსის გამო, მეტსაც ვიტყვით, პირიქით, იაპონიაში სასწავლო დაწესებულებებშიც გაუქმდა კარანტინი, რომელიც 3 კვირის წინ გამოცხადდა, 1 აპრილიდან კი (იაპონიაში სასწავლო წლის დასაწყისი) ყველა ბავშვი ჩვეულ რეჟიმში ივლის სკოლებში.
მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ჰიგიენის ნორმების დაცვის გაძლიერებული პროპაგანდა. სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და დედაქალაქის მერები თავიანთ მოქალაქეებს ასწავლიან ხელების დაბანას, მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სახეზე ხელის მოკიდებისგან, ხელის ჩამორთმევით მისალმებისა და ჩახუტებისგან, სანაცვლოდ კი ხშირად დაალაგონ სახლი, იკვებონ სწორად და ზომიერად და ა.შ.

იაპონიაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა.
მაშ, მივყვეთ პუნქტობრივად:

1 სუნი - ვინც ნამყოფია იაპონიაში, ალბათ შეუმჩნევია, რომ იაპონელებს არასოდეს აქვთ მკვეთრი სუნი, უკიდურეს შემთხვევში მსუბუქი პარფიუმის არომატს თუ იგრძნობთ. მიზეზი ისაა, რომ იაპონელები სისუფთავის მომაბეზრებლად მოყვარული ხალხია და შხაპს დღეში სამჯერ (სულ მცირე - ორჯერ დღეში) იღებენ. ეს მათი ყოველდღიური ნორმაა. ხელებს კი ყოველი შესაძლებლობის დროს იბანენ - ესეც ნორმა და ცხოვრების განუყოფელი წესია მათთვის.

2 ტანსაცმელი - იაპონელები ხშირად იცვლიან ტანსაცმელს, საცვლებს კი - დღეში რამდენიმეჯერ, ესეც ნორმაა.

3 შეხება - იაპონიაში სხვა ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტი მიუღებელია. ხელის ჩამორთმევა და უბრალო შეხებაც კი ძალიან ინტიმური მოქმედებებია და მისაღებია მხოლოდ უახლოესი ადამიანების გარემოცვაში. იაპონური თავდახრა ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის განკუთვნილი.

4 დისტანცია - იაპონელები ყოველთვის იცავენ დისტანციას. მაღაზიის თუ ბანკომატის რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე არავინ სუნთქავს თქვენს კეფასთან და კისერთან ახლოს. თუკი არის საშუალება, ეს დისტანცია მეტრსაც კი აღემატება.

5 სანიტარია - არა მარტო სეზონური ეპიდემიების დროს, არამედ ყოველდღე და მთელი წლის განმავლობაში (როგორც ყველა წინა პუნქტი) მთელ იაპონიაში ტარდება საზოგადოებრივი ადგილებისა და ტრანსპორტის სანიტარიული დამუშავება. სხვათა შორის, ბევრი რამ ხდება ავტომატურ, 24-საათიან რეჟიმში. მაგალითად, ესკალატორის მოაჯირი მიწის ქვეშ ჩასვლისას (იქ დგას სპეციალური ავტომატი) მუდმივად მუშავდება სადეზინფექციო ანტიბაქტერიული ხსნარით. თუკი სადმე ადამიანების მომეტებული ნაკადია, ასეთი ადგილები არა მხოლოდ გრაფიკის მიხედვით, არამედ გამუდმებით ირეცხება.

6 საპირფარეშო - მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საპირფარესო უფასო, წარმოუდგენლად სუფთა და კარგად მოწყობილია. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს დაიბანოთ ხელები საპნით და, საერთოდ, თავიც მოიწესრიგოთ. ხშირად ბევრ საპირფარეშოში მოწყობილია სპეციალური ფართები, სადაც შეგიძლიათ გამოიცვალოთ ტანსაცმელი.

7 თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო მაღაზიაში განთავსებულია საგანგებო ნიჟარები თხევადი საპნის ჩამოსასხმელებით.

6 შეფუთვა - მაღაზიებში ყოველგვარი საკვები დაფასოებული და ჰერმეტულად შეფუთულია. ჩვეულებრივი კარტოფილიც კი პოლიეთილენის შეფუთვაშია. თუმცა ყველა ბოსტნეული არ იფუთება. გარდა ამისა, ბევრს უკვირს, როცა ყიდულობენ ადგილობრივ შოკოლადს და ვერ ხსნიან, ამ დროს ის უბრალო ფოლგაში კი არა, ჰერმეტულ კაპსულაშია მოთავსებული.

9 პირბადე - თუ იაპონელი დაავადდა, ის ყოველთვის იკეთებს პირბადეს, რათა სხვაც არ დაასნებოვნოს. ეს არც სირცხვილია, არც დასაცინი საქციელია და არც არავინ გაიშვერს ასეთი ადამიანისკენ თითს.

10 უცხოეთი - იაპონელებს არ უყვართ საკუთარი ქვეყნის საზღვრების დატოვება. გარესამყარო მათ აგრესიული, ძალიან უცნაური და საშიში ჰგონიათ.

11 ხარისხიანი საკვები - იაპონიაში პროდუქტი მაღალხარისხია. ამასთან, ძალიან მცირეა მათი ვარგისიანობის ხანგრძლივობაც. იაპონია მთელ მსოფლიოში ყველაზე მკაცრად ეკიდება და ზედმიწევნით იცავს საკვების ხარისხის ნორმებს. იაპონელები ძალიან ბევრ თერმულად დაუმუშავებელ საკვებს მოიხმარენ (კვერცხი, ზღვის პროდუქტი, ბოსტნეული, ხილი და სხვ.). საჭმელი იაპონიაში იმდენად ახალი და წარმოუდგენლად სუფთაა, რომ მისი მირთმევა ყოველგვარი შიშის გარეშე შეიძლება, რასაც აკეთებენ კიდეც იაპონელები. ასეთ საკვებს აუცილებლად აწერია, რომ მისი ჭამა შეიძლება მომზადების გარეშე.

12 ფიზიკური აქტიურობა - იაპონელები ძალიან მოძრავი ხალხია, ისინი ბევრს დარბიან, თამაშობენ აქტიურ თამაშებს, დაკავებული არიან სპორტით. ეს ყველაფერი კი მათ საშუალებას აძლევს, შეინარჩუნონ მხნეობა და ძალა ღრმა მოხუცებულობამდე.

13 წონა - იაპონელები ძალიან ზომიერად იკვებებიან. ჭარბწონიანი იაპონელის პოვნა ხანდაზმულ ასაკშიც კი (განსაკუთრებით - ქალის) ძალიან რთულია (თუმცა, რა თქმა უნდა, რამდენჯერმე ჭარბწონიანიც მინახავს, მაგრამ როდის და სად - აღარ მახსოვს).

კიდევ უამრავი იაპონური წესის ჩამოთვლა შეიძლება. მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი - იმას, რასაც დღეს მთელ მსოფლიოში კარანტინი და ჰიგიენის ნორმების დაცვის განსაკუთრებული დროებითი ზომა ეწოდება, მათი შესრულება კი აუცილებელი მოთხოვნაა და დამრღვევს მკაცრი სასჯელი ელის, - იაპონელებისთვის თანამედროვე ადამიანის ბუნებრივი, ყოველდღიური ჰიგიენაა, როელსაც დაბადებიდანვე ასწავლიან და მთელი ცხოვრების განმავლობაში იცავენ.

P.S. კიდევ ერთი საინტერესო თავისებურება შევამჩნიე: იაპონიაში მცხოვრები ევროპელი ქალები მეტ-ნაკლებად დიდხანს ცხოვრობენ და თავიანთ ასაკზე გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებიან. იაპონელ ქალთა ახალგაზრდობის საიდუმლო მხოლოდ გენების დამსახურება არ არის. მთელი გარემო (კლიმატი, საკვები პროდუქტი, ცხოვრების სტილი, კოსმეტიკა და სხვ.) ძლიერ გავლენას ახდენს იაპონიაში მცხოვრებ ადამიანზე. „


аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати