"მეგრელები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, საკმაოდ უზადო და გასაოცრად ლამაზები არიან. მამაკაცებს წვრილი წელით, აშოლტილი, პროპორციული აღნაგობით, ღონიერი, თანდაყოლილი სიკოხტავით რომელი კლასისაც არ უნდა იყვნენ ისინი, მაღალი ფენის ადამიანების მიხვრა-მოხვრა აქვთ. მეგრელები არ თვრებიან, თავდაჭერილები, გულადები, რაინდები არიან და ძალიან უყვართ ცხენები. მიუხედავად იმისა, რომ მუდამ კბილებამდე შეიარაღებულნი არიან, მშვიდობიანი ხასიათი აქვთ და იარაღს მხოლოდ თავდაცვის მიზნით ხმარობენ.
ისინი გულითადები და უზომოდ თავაზიანნი არიან, ზოგჯერ მეტისმეტადაც კი. მათ ურჩევნიათ - იცრუონ, ვიდრე გაწყენინონ. მეგრელებს სტუმარ-მასპინძლობის კულტი აქვთ. ბუნებისგან მინიჭებული სხარტი აზროვნების წყალობით მათ ყველაფერზე აქვთ საკუთარი შეხედულება, რომელიც არც საკმარისად ღრმაა და არც უტყუარი, მაგრამ შეუძლიათ საუბრის წარმართვა და ენამოსწრებულნიც არიან. ისინი ნებისმიერ სიტუაციაში ამჟღავნებენ გონიერებასა და მოხერხებულობას. გამჭრიახები, მოურიდებელნი, ახლობელზე ძვირის მთქმელნი, ექსპანსიურები, მხიარულები, ეჭვიანები, დაუზარლები, უდარდელები და გულჩვილები – ამ თვისებებს ალბათ კლიმატური პირობები განაპირობებს. მეგრელებს სძულთ და ეზიზღებათ შრომა არ აქვთ მოთმინების უნარი. მათ უყვართ იოლი შრომით მოპოვებული ფული და ისეთი საქმე, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად მოიტანს მეტ შემოსავალს. უყვართ ტრაბახი და ყველანაირი სიახლე, უმიზნოდ არაფერს აკეთებენ. სხვის მიმართ უნდობლები, ცნობისმოყვარეეები და შორსმჭვრეტელები არიან, საკუთარ საქმეში კი ფრთხილები. გარშემომყოფებზე გულწრფელისა და გულღიას შთაბეჭდილებას ახდენენ, თუმცა საკუთარი გრძნობების დამალვა კარგად ეხრხებათ. ცრუმორწმუნეობაში გადაჭარბებულ ღვთისმოსაობას რევენ, ვალდებულება და პატიოსნება თავისებურად ესმით და ზნეობასთან და მორალთან ერთად სხვა, ნაკლებად ღირსეული თვისებებიც აქვთ. შურისმაძიებლები არიან, მტკიცედ იცავენ ცოლ-ქმრულ კავშირს. საკუთარ თავს თითქმის ყველა მეგრელი თავადს ან აზნაურს უწოდებს და მათ მიხვრა-მოხრას თუ შეხედავთ, არც დაეჭვდებით მათ წარჩინებულ წოდებაში.
ტანსაცმელს აქ დიდ ყურადღებას აქცევენ. ჩოხა შავი ან ფერადი, მუხლამდე სიგრძის გრძელი შემოსაცმელია, რომელიც ისე იკვრება, რომ აჩენს ახალუხს – შალის ან აბრეშუმის ერთგვარ ტუნიკას სწორი მაღალი საყელოთი. წელზე მაგრად მოჭერილი ტყავის ქამარი დამშვენებულია ვერცხლის მოსართავებით. ქამარზე ჩამოკიდებულია ხანჯალი — ორლესული სატევარი. მამაკაცების უმეტესობა წვერს ატარებს, ხოლო გრძელი თმა უკან აქეთ გადავარცხნილი. თავსაბურავად ხმარობენ ფაფახს (კარაკულის ქუდი) ან მხარზე გრაციოზულად გადაკიდებულ ბაშლაყს (ყაბალახი), რომელსაც წვიმის დროს თავზე იხურავენ კაპიუშონის ან, უფრო ხშირად, ჩალმის მსგავსად. ფეხზე იცვამენ თხის მოქნილი ტყავის წუღას – ერთგვარ ფეხსაცმელს, რომელსაც რბილი ლანჩა და ზემოთ აწეული ცხვირი აქვს, შალის ან ტყავის საწვივები მუხლის ზევით ადის. და ბოლოს კოსტუმს ასრულებს აუცილებელი ნაბადი ანუ ბურკა, გრძელი მატყლის წყალგაუმტარი პალტო, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ქვეშაგებადაც ხმარობენ.
მეგრელი ქალები ამართლებენ თავის რეპუტაციას – შავგვრემანი თუ ქერა, თითქმის ყველა ლამაზია. აბრეშუმივით რბილი ხშირი, შუაზე გაყოფილი თმა გრძელ ნაწნავებად ეცემათ მხრებზე. მკაცრი და სწორი შუბლი აქვთ, ოდნავ მორკალული წარბების ქვეშ მრგვალი თვალები უბრწყინავთ. ხშირი და გრძელი წამწამები ლოყებზე ჩრდილად ეფინებათ. მათ არწივისებური ცხვირი და პატარა კოხტა ყურები აქვთ. ძირითადად ფერმკრთალებს, სახეზე ოდნავ ავადმყოფური ფერი დაკრავთ. მსოფლიოში ყველაზე თეთრი ჩაწიკწიკებული კბილები აქვთ და ტუჩების კუთხეებში კი მსუბუქი ნაოჭები, რომლებიც სახეს ამაყ გამომეტყველებას აძლევს.
მათი ღიმილი მომხიბვლელია. მეგრელი ქალები მაღლები არიან, გამოირჩევიან კარგი აღნაგობით, მაღალი მკერდი, რომელიც არასდროს არის კორსეტში გამომწყვდეული და განვითარებული თეძოები აქვთ, რაც მიანიშნებს დედობისადმი ბუნებრივ მიდრეკილებაზე. ლამაზი მკლავები და თხელი მტევნები აქვთ, რომლებსაც ძალიან უვლიან. ყოველ სიტყვას თან ახლავს ჟესტიკულაცია და მიმიკა. ტკბილი ხმა აქვთ და ხმას იშვიათად უწევენ, რადგან ხმადაბალი საუბარი კარგ ტონად ითვლება. პატარა ფეხებს ყოველთვის მალავენ. ტახტზე უდარდელად მოკალათებულები წამოდგომისას კატის მოქნილობასა და გრაციოზულობას ამჟღავნებენ. რევერანსის გაკეთებაში განსაკუთრებით დახელოვნებულნი არიან. ქალბატონები შეხვედრისას ერთმანეთს მხრებზე ან წელზე შემოხვევენ ხოლმე ხელს. მათ ბუნებრივ წარმოსადეგობაში არაფერია ხელოვნური. ოდნავ პრანჭია ქცევის მანერა აქვთ. მაგრამ უნაკლოდ ტაქტიანები, საოცრად ყურადღებიანები და თავაზიანები არიან სტუმრებისა და მეგობრების მიმართ."