USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
რას ითვალისწინებს ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნებისთვის განსაზღვრულ ფინანსურ დახმარებაში?
თარიღი:  466

17 დეკემბერს ფეისბუქ გვერდმა “მესამე მსოფლიო ომი” პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც გოგავა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიტატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბრობს. ინტერვიუ ჟურნალისტმა მერსი სულხანიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც გამოაქვეყნა. გოგავას თქმით, ერთადერთი სარგებელი, რაც საქართველოსთვის სტატუსის მიღებამ შეიძლება მოიტანოს, ევროკავშირის მიერ კანდიდატი ქვეყნებისთვის განსაზღვრულ 14 მილიარდიან ფინანსური დახმარების პროგრამაზე მიერთებაა, რომელიც 2021 წლიდან 2027 წლის ჩათვლით 9 ქვეყანაზე გადანაწილდება. გოგავას თქმით, ფინანსური დახმარება მეტწილად არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებსა და უმცირესობებს მოხმარდებათ.

“დიდი ნაწილი ამის უკვე დახარჯულია და საქართველოს მოუწევს 120-150 მილიონი დამატებით. მაგრამ მერე ჩავიხედე რაზე უნდა განაწილდეს. ძირითადად ეს წავა NGO-ების დაფინანსება, ჟურნალისტების დაფინანსება, უმცირესობების დაფინანსება, ანუ ნეოლიბერალური დღის წესრიგის დაფინანსებაზე წავა” – აცხადებს გოგავა. 

იდენტურ მტკიცებას იმეორებს “ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუაც რადიო ჯორჯიან თაიმსის 19 დეკემბრის ეთერში. ვიდეო ულტრამემარჯვენე პარტია “ქართული იდეის” ფეისბუქ გვერდზეც გამოქვეყნდა. ჩაჩუას განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის არაფრის მომცემია – ““ერთადერთი ამით თუ იხეირებს ეს ბორდელვიზიები და ე.წ. NGO-ები, ამათთვის თუ წამოვა დახმარებები.”

მტკიცება, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და სხვა კონკრეტული ჯგუფების დაფინანსებაზე გადანაწილდება, მანიპულაციურია და ცდილობს, ერთი მხრივ, კანდიდატის სტატუსის, მეორე მხრივ, კი სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დაკნინებას, შესაბამისად არ საუბრობს იმ სფეროებზე, რასაც დაფინანსება რეალურად მოხმარდება. 2021-2027 წლის ფინანსური გეგმა საკითხზე ორიენტირებული მიდგომით ხუთი სხვადასხვა მიმართულების დაფინანსებას გულისხმობს და მისი მთავარი ფოკუსი ქვეყნების ინსტიტუციური, სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარების ხელშეწყობაა. 

ამ სფეროების განვითარებას ევროკავშირი სხვადასხვა ადგილობრივ აქტორთან თანამშრომლობით ახორციელებს – პროგრამა ევროკავშირის ადგილობრივ წარმომადგენლობებთან, ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან, საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ფინანსურ სააგენტოებთან თანამშრომლობას ითვალისწინებს და ევროკავშირის პოტენციური პარტნიორების რიცხვს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებით არ ზღუდავს. 

მექანიზმი, რომელზეც გოგავა საუბრობს, კანდიდატი ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების ერთ-ერთი კომპონენტია (Instrument for Pre-Accession Assistence). მისი მიზანია, ხელი შეუწყოს კანდიდატ ქვეყნებში პოლიტიკურ, ინსტიტუციურ, სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს, მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და საზოგადოებების ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან დაახლოებას. ინსტრუმენტი 2007 წლიდან არსებობს და 2021-2027 წლის ფინანსური დახმარების გეგმაც ამ ინსტრუმენტის მორიგი, მესამე ეტაპია (IPA III). 

რეგულაცია ევროკავშირმა 2021 წლის 15 სექტემბერს დაამტკიცა და მისი ბენეფიციარები იმ დროისათვის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები – ალბანეთი, ბოსნია ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი გახდნენ. IPA III წინასწარ განსაზღვრავს არა ორგანიზაციებს და ინსტიტუციებს, არამედ პრიორიტეტულ სფეროებსა და მიმართულებებს, რომელიც პროგრამის ფარგლებში უნდა დაფინანსდეს. 2021-2027 წლის გეგმის მიზნები 5 ძირითად მიმართულებას შეეხება:  

  1. კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და დემოკრატიული ინსტიტუტების სათანადო ფუნციონირება (დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული, მიუკერძოებელი, მაღალპროფესიონალური, დეპოლიტიზებული და ეფექტიანი სასამართლო სისტემების ჩამოყალიბება, სასამართლო სისტემაში გამჭვირვალე და კონკურენტულობაზე დაფუძნებული დასაქმების, შეფასებისა და პროფესიული განვითარების სისტემების შექმნა, ძირითადი თავისუფლებების განმტკიცება, ადამიანის უფლებების ხელშეწყობა, კორუფციასთან ბრძოლა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის ხელშეწყობა ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენციისთვის). 
  2. კარგი მმართველობის გაძლიერება, ევროკავშირთან შესაბამისობა, სტანდარტებთან დაახლოება და სტრატეგიული კომუნიკაცია (საჯარო სექტორში ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ზრდა, პროფესიონალიზაცია და დეპოლიტიზება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ელექტრონული მმართველობის დანერგვა და სხვა). 
  3. გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება (ბიომრავალფეროვნების დაცვა, ხმელეთის და ზღვის ეკოსისტემების შენარჩუნება და მდგრადობის ხელშეწყობა, ჰაერის ხარისხის, წყლისა და ნარჩენების მართვისა და ქიმიური ნივთიერებების მართვაში ინვესტირება, წარმოების ნარჩენების და გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობა). 
  4. საზოგადოებაში სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული შეჯიბრებითობა და ინკლუზიური ზრდა (სიღარიბესთან გასამკლავებლად სოციალური დაცვის მექანიზმების დანერგვა, წვდომა დასაქმების ბაზარზე, განათლებაზე თანაბარუფლებიანი წვდომის უზრუნველყოფა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მათი შესაძლებლობების და დამოუკიდებლობის გაძლიერების ხელშეწყობა). 
  5. საზღვრებსშორისი თანამშრომლობის გაღრმავება (შრომითი და კულტურული გადაადგილების, მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობა, ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალგაზრდების სპორტული აქტივობისა და განათლების ხელშეწყობა, ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების და მათი ადმინისტრაციული შესაძლებლობების ზრდა და ა.შ.)  

რაც შეეხება თითოეული თემატური მიმართულების დაფინანსების მოცულობას, APA III-ის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური რესურსის თითქმის ნახევარი ( 42.25%) გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების პროგრამების დაფინანსებას გულისხმობს. ხოლო მიმართულება, რომელიც სხვა მრავალ პრიორიტეტთან ერთად, ერთ-ერთ მიზნად სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ისახავს, მთლიანი ბიუჯეტის 22.31%-ია. 

წყარო: Overview – Instrument for Pre-accession Assistance – European Commission (europa.eu)

IPA III თითოეული თემატური მიმართულების ფარგლებში წინასწარ განსაზღვრავს იმ ინდიკატორებს, რაც პროგრამის  ბენეფიციარ სახელმწიფოებში, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და თურქეთში პროგრამის მთავარი პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს პრობლემაზე ორიენტირებული ჰორიზონტალური მიდგომა აქვს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა აქტორებს საკუთარი პროგრამა წარადგინონ და კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად ევროკავშირის ფინანსური დახმარება მოიპოვონ, IPA III-ის მთავარი პრიორიტეტი საკანონმდებლო სფეროს, საჯარო სექტორის და სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერებაა. პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სახელმწიფო რესურსების და ჩართულობის უზრუნველყოფას ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. უფრო კონკრეტულად, პროგრამის ძირითადი მიმართულებები ასე გამოიყურება:

მიმართულება 

ინდიკატორები 

ფოკუსი 

კანონის უზენაესობა, ფუნდამენტური უფლებები და დემოკრატია სასამართლო სისტემა სასამართლო სისტემაში ჩართული ადმინისტრაციის და მოსამართლეების პროფესიონალიზმის და უნარების განვითარების ხელშეწყობა. სასამართლო სისტემაში რეფორმების სტრატეგიული განვითარების ხელშეწყობა.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დააფუძნოს და გააძლიეროს ეფექტური ანტიკორუფციული ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა და ფუნქციონირება. ამასთანავე, დაეხმაროს ბენეფიციარ სახელმწიფოებს შეიმუშაოს კონკრეტული მექანიზმი კორუფციული შემთხვევების გამოძიების და სამართალწარმოების კუთხით.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა/უსაფრთხოება დაეხმაროს სახელისუფლებო ორგანოებს სხვადასხვა ტიპის ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლაში სტრატეგიული მიდგომების ჩამოყალიბებაში და ამ მიმართულებით, სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში.
მიგრაცია და საზღვრების მენეჯმენტი სასაზღვრო ზედამხედველობის და შემოწმების პროცედურების გაუმჯებესებისთვის ახალი მექანიზმების დანერგვა.
ფუნდამენტური უფლებები სახელმწიფო დონეზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების და შესაბამისი პროტოკოლების სწორი და თანმიმდევრული განხორციელება. ამ მიზნის მისაღწევად, პროგრამა დაეხმარება რელევატური სტრუქტურების შექმნას და განვითარებას, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის სამინისტროების, ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული ინსტიტუტების და სხვა მსგავსი ტიპის სამთავრობო უწყებების, ასევე სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერებას.
კარგი მმართველობის გაძლიერება, ევროკავშირთან შესაბამისობა, სტანდარტებთან დაახლოება და სტრატეგიული კომუნიკაცია კარგი მმართველობა საჯარო ადმინისტრირების რეფორმა; საჯარო სამსახურების პროფესიონალიზაციის და ფინანსური გამჭვირვალობის ზრდა.
ადმინისტრაციული შესაძლებლობების ზრდა და ევროკავშირთან შესაბამისობა ბენეფიციარი სახელწმიფოების კანონდმებლობის და პრაქტიკის ევროკავშირთან შესაბამისობის და ამ პროცესისთვის აუცილებელი ადმინისტრაციული შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა
კეთილმეზობლური ურთიერთობები თანამშრომლობის და შიდა სამართალწარმოების გზით საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება; განათლების ხელშეწყობის გზით ინტერკულტურული დიალოგის გაძლიერება.
სტრატეგიული კომუნიკაცია, მონიტორინგის და შეფასების და სხვა ტიპის კომუნიკაციის გაძლიერება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, მათ შორის ევროკავშირზე, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების თაობაზე და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა
გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება გარემო და კლიმატის ცვლილება გარემოს დაცვისთვის აუცილებელი სტანდარტების და კლიმატის ცვლილების პოლიტიკის პოლიტიკის შემუშავება. განსაკუთრებით, საჯარო ადმინისტრირების დონეზე გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების გაძლიერება და მათი ფინანსური უზრუნველყოფა.
ტრანსპორტი, ციფრული ეკონომიკა, საზოგადოება და ენერგეტიკა ევროკავშირთან სამომავლო ინტეგრაციისთვის აუცილებელი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც გადაადგილების გაადვილებასთან ერთად, მდგრადი და ენერგოეფექტური იქნება. გარემოსადმი პასუხიმგებლიან ინფრასტრუქტურასთან ერთად, პროგრამა ხელს შეუწყობს ტრანსპორტის სექტორის პოლიტიკის რეფორმებს და ამ სფეროში  რეგულაციების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის ზრდას.
საზოგადოებაში სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული შეჯიბრებითობა და ინკლუზიური ზრდა განათლების, დასაქმების, სოციალური დაცვის, ინკლუზიურობის და ჯანდაცვის პოლიტიკა განათლების ხარისხის და ეფექტურობის ზრდა და შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რაც განათლებაში საჯარო პოლიტიკისმართვის და ფინანსების მობილიზებას გულისხმობს. პროგრამა განსაკუთრებულ პრიორიტეტს მასწავლებლების და სკოლის მენეჯერების მომზადებაზე და სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავებაზე აკეთებს. ამასთანავე, ხაზს უსვამს საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ სფეროებში სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების, ბავშვების და მარგინალიზებული თემების ჩართულობის უზრუნველყოფას.
კერძო სექტორის განვითარება, ვაჭრობა, კვლევა და ინოვაციები სოციო-ეკონომიკური პროგრესისთვის კერძო სექტორის განვითარების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიმართულება ინოვაციების მხარდაჭერის მიზნით სტარტაპების და კერძო ინიციატივების დაფინანსებას გულისხმობს.
სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების დიდი ნაწილის დაფინანსებას ევროკავშირი თურქეთსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ეროვნული მრავალწლიანი სოფლის განვითარების პროგრამის (IPARD) მეშვეობით ახდენს, რომელიც სამთავრობო უწყებების დონეზე, ევროკავშირის არაპირდაპირი მენეჯმენტით ხორციელდება.
თევზჭერა მიმართულება ხმელთაშუა ზღვაში მეთევზეობის მდგრად მენეჯმენტს შეეხება, რომელიც წყლის ეკოსისტემის დაცვას უზრუნველყოფს.

პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებში პარტნიორებად განიხილავს როგორც ევროკავშირის ადგილობრივ წარმომადგენლობებს, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას და ადგილობრივ თვითმმართველობებსწევრი ქვეყნებს სააგენტოებს და ორგანიზაციებს, საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საერთაშორისო ფინანსურ სააგენტოებს. გადაწყვეტილება, თუ რომელი ორგანიზაციის თუ სამთავრობო უწყების რესურსი გამოიყენება კონკრეტული პროგრამის განსახორციელებლად, მათი მუშაობის ეფექტურობის და გამოცდილების შეფასების შემდგომ მიიღება. ამასთანავე, პრიორიტეტული თემატური მიმართულებების განსავითარებლად, ევროკავშირის დასაყრდენი კანდიდატი ქვეყნების მთავრობებთან თანამშრომლობის უკვე არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტია. მაგალითად, ინსტიტუციური განვითარების პროგრამების განსახორციელებლად ევროკავშირი TAIEX და Twinning პროგრამებს იყენებს – ორივე პროგრამა ბენეფიციარ ქვეყნებში მთავრობებსა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობაზეა ფოკუსირებული.

IPA-ის ფარგლებში ევროკავშირის მიზანია კანდიდატ ქვეყნებს გამოცდილებისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაში დაეხმაროს, შესაბამისად, სამთავრობო დონეზე თანამშრომლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. პროგრამის ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერის განსახორციელებლად და მისი შემდგომი მენეჯმენტისთვის ევროკავშირს სამი სხვადასხვა მიდგომა აქვს შემუშავებული

  • ევროკავშირის პირდაპირი მენეჯმენტი – ბიუჯეტის მართვას ახორციელებს უშუალოდ ევროკომისია, მანამ სანამ ეროვნული უწყებები სახსრების მართვის გამოცდილებას მიიღებენ. პროგრამაში პირდაპირი მენეჯმენტის მიმართულება, ერთ-ერთ ინსტრუმენტად სექტორულ საბიუჯეტო დახმარებასაც ითვალისწინებს. 
  • არაპირდაპირი მენეჯმენტი – ბიუჯეტის განკარგვის უფლება დელეგირებულია ევროკომისიის მიერ სხვადასხვა აქტორებზე. ესენი შეიძლება იყვნენ უშუალოდ ბენეფიციარი ქვეყნა, ევროკავშირის წევრი ქვეყნის სააგენტო, საერთაშორისო ორგანიზაცია ან ევროკავშირის სააგენტო. 
  • გაზიარებული მენეჯმენტი – პროგრამის განხორციელება დელეგირებულია რამდენიმე სახელმწიფოს შორის. 

უკრაინასა და მოლდოვისთვის, ხოლო შემდგომში უკვე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად, ევროკავშირი  ეფექტური ფინანსური ინსტრუმენტის შექმნაზე მუშაობს. შესაბამისად უცნობია, მოიაზრებიან თუ არა თუ არა ისინი IPA III-ის პროგრამის დამატებით ბენეფიციარებად ან რა ალტერნატიულ მიდგომას შეიმუშავებს ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპის ასოცირებული ქვეყნების ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნოს მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, წინასწარი გათვლით, ყველა მოქმედი კანდიდატი ქვეყნის მიერთების ღირებულება 7 წლიანი პერსპექტივით 256.8 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც წელიწადში 37 მილიარდ ევროს აღწევს. ახალ პოლიტიკის შემუშავებისა და ორგანიზების ახალ წესებზე მოლაპარაკებების მიზნით, რეგიონების ევროპულმა კომიტეტმა უკვე სთხოვა ევროკომისიას უფრო დეტალური შეფასება განახორციელოს მომავალი მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს განსასაზღვრად, რაც საშუალებას მისცემს ევროკავშირს გააგრძელოს საკუთარი მხარდაჭერა ყველა რეგიონისთვის. 

წყაროების შესახებ

ირაკლი გოგავა „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელია, ის 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო “მოქალაქეთა კავშირიდან”. მედიის განვითარების ფონდის მიერ მომზადებულ “ანტიდასავლური პროპაგანდის” 2020 წლის ანგარიშში საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან “საქართველოს განვითარების ლაბორატორია” ანტიდასავლური გზავნილების რაოდენობით “ევრაზიის ინსტიტუტის” შემდეგ მეორე ადგილზეა.

ირაკლი გოგავას მიერ აქამდე გავრცელებული დეზინფორმაციებისა და მანიპულაციების შესახებ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები ვრცლად იხილეთ:

ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა ულტრანაციონალისტური და ჰომოფობიური აქციების მონაწილეა. ლევან ჩაჩუას 2010 წელს ტელეკომპანია კავკასიაში შეჭრისა და ექსტრემისტული საქმიანობის გამო 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2012 წელს ის პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. 2014 წლის 16 დეკემბერს, ახალი პოლიტიკური პარტია “ქართული იდეის” დაარსების შესახებ პარტიის თავმჯდომარე ლევან ჩაჩუამ „რია-ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პარტია მონაწილეობას იღებდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. 

ლევან ჩაჩუას მცდარი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

არქივის ბმულები (123,)  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.

იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო: mythdetector.ge

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.