USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
რას გვპირდებიან ვარსკვლავები 16 ივნისს?
дата:  

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ფრთხილად იყავით, ბევრ ვერძს ნერვიულობა და სტრესული სიტუაციები ელის. ეცადეთ, კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ემოციები აკონტროლოთ და უხეშობას მოერიდოთ. ხელსაყრელი დროა შოპინგისა და კარიერული წინსვლისთვის. თუ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ, შეიძლება გუნდის ლიდერი გახდეთ, რომლის აზრსაც ითვალისწინებენ და ანგარიშს უწევენ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს თავი მძიმე ფიზიკური ან გონებრივი მუშაობით არ უნდა დაიტვირთოთ. ახლა ყველაზე მეტად მშვიდ გარემოში დასვენება და ძალების აღდგენა გჭირდებათ. გირჩევთ, თქვენს ემოციურ მდგომარეობას მეტი ყურადღება მიაქციოთ - თქვენმა ცუდმა განწყობამ შეიძლება მენეჯმენტთან კონფლიქტისკენ გიბიძგოთ, რაც ახლა არაფერში გჭირდებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

შესაძლოა, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა მიმართ თქვენი დამოკიდებულება არასწორი ინფორმაციის შედეგია, ამიტომ გარშემო მყოფებს თქვენი საქციელი სასაცილოდ ეჩვენებათ. დროა, თქვენამდე მოსული ყველა ინფორმაცია საგულდაგულოდ გადაამოწმოთ. უახლოეს მომავალში ჯანმრთელობის პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ენერგიით სავსე ხართ და გრძნობთ, რომ „მთების გადაბრუნება“ შეგიძლიათ, მაგრამ გადაღლას უნდა მოერიდოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ნებისმიერი წამოწყებისთვის ხელსაყრელი დღეა. იღბალი ფეხდაფეხ დაგყვებათ და შეცდომის დაშვების საშუალებას არ გაძლევთ. ეცადეთ, ისეთი საქმით დაკავდეთ, რომელიც სხვების, თუნდაც საყვარელი ადამიანების ჩარევას არ მოითხოვს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ისეთი მიზანდასახული და ამბიციური ხართ, რომ გარშემო მყოფებში შურის გრძნობას აღძრავთ. სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში მოსალოდნელია ეჭვიანობა და ცრუ ბრალდებები, თუმცა საბოლოოდ, პარტნიორთან შეთანხმებას და ურთიერთობის გარკვევას შეძლებთ. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, პროვოკაციებს ნუ აჰყვებით და საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეცადეთ, თქვენი ფეთქებადი ხასიათი აკონტროლოთ, რათა უწყინარი კამათი დიდ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. დროა, სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ, სანამ მათ გამო პრობლემები არ შეგქმნიათ. თქვენი ენერგიისა და მონდომების წყალობით ოჯახში ბევრი პრობლემა მოგვარდება. სავარაუდოდ, გაიცნობთ ადამიანს, ვისგანაც ბევრს ისწავლით.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

რთული დღეა, რომელმაც შეიძლება, დაბნეულობა მოგიტანოთ. რაც უფრო ადრე იტყვით უარს ფუჭ მოლოდინებზე, მით უკეთესი იქნება. მეტი უნდა იაქტიუროთ, რათა უარყოფითი ემოციები თავიდან აიცილოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

თქვენი სასიცოცხლო ენერგია მცირდება და ავადმყოფობის მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდებით. ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ვარჯიში და დაბალანსებული დიეტა დაგეხმარებათ. დაწყებული საქმის დასრულებაში მოულოდნელად ისეთი ადამიანები დაგეხმარებიან, ვისგანაც მხარდაჭერას არ ელოდით.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

თქვენი დადებითი ენერგია პროფესიული საქმიანობისკენ უნდა მიმართოთ. ხელსაყრელი დღეა უცხო ენების შესწავლის და ხანმოკლე მოგზაურობისთვის. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან. სიფრთხილე გამოიჩინეთ მანქანის მართვის დროს - ავარიის მაღალი რისკია.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თქვენი შრომა და მონდომება სასურველ შედეგს მოგიტანთ. გავლენიანი მფარველები და პარტნიორები დაგეხმარებიან, რომ სამსახურში შეცდომები არ დაუშვათ. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. შეეცადეთ მშობლებთან მეტი დრო გაატაროთ. ახლა მათ მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდებათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ეს დღე უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ნებისმიერი სირთულის დაძლევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, მათი კეთილგანწყობა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ. საღამოს შეიძლება ძალიან საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენს მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ფრთხილად იყავით, თქვენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც თქვენთვის პრობლემების შექმნას ცდილობენ. ეცადეთ, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ, რომლებიც ავტორიტეტს გილახავენ. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати