USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
რას ამბობს უკრაინის ანტიოლიგარქიული კანონი?
Date:  709

ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც პოლიტიკაზე არასათანადო გავლენის შემცირებას ისახავს მიზნად და ასევე განმარტა, რომ იგი არსებითად უკრაინაში 2021 წლის 23 სექტემბერს მიღებული კანონის ასლია.

ჩვენ გადავხედეთ უკრაინის აღნიშნულ კანონს და თქვენთვის მისი ძირითადი დებულებები შევაჯამეთ.

რაა ამ კანონის მიზანი?

კანონის აუცილებლობის განმარტებას მისი ოფიციალური სახელწოდება გვაძლევს – „კანონი ეროვნული უსაფრთხოებისათვის იმ საფრთხეების აღმოფხვრის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირების (ოლიგარქების) გადაჭარბებულ ზეგავლენასთან.“

კანონის დეკლარირებული მიზანია „პოლიტიკოსების, მედიისა და მსხვილი ბიზნესის შერწყმით გამოწვეული ინტერესთა კონფლიქტის დაძლევა და პირადი კაპიტალის გაზრდის მიზნით პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენების არდაშვება.“

ვინ არის „ოლიგარქი“ ?

ამ კანონით, „ოლიგარქი“ არის პირი, რომელსაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკურ წონა გააჩნია და ამავდროულად:

  1. ჩართულია პოლიტიკურ ცხოვრებაში;
  2. აქვს მნიშვნელოვანი ზეგავლენა მასმედიაზე;
  3. არის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე ეკონომიკური სუბიექტისა, რომელიც არის ბუნებრივი მონოპოლია ან ფლობდა მონოპოლიურ (დომინანტურ) პოზიციას ბაზარზე მინიმუმ გასული ერთი წლის განმავლობაში;
  4. აქვს პირადი და ბიზნესაქტივები, რომელთა ღირებულებაც აღემატება დადგენილი საარსებო მინიმუმის მილიონზე ნამრავლს. დღესდღეობით ეს დებულება რომ გამოიყენებოდეს საქართველოში, განსაზღვრული ზღვარი 247 მილიონი ლარი (დაახლოებით 88 მილიონი აშშ დოლარი) იქნებოდა.

როგორ განისაზღვრება „პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა?“

კანონის თანახმად, პირი პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, თუ (ა) აღმასრულებელ, საკანონმდებლო ან სასამართლო ხელისუფლებაში, ასევე საკვანძო სამთავრობო უწყებებსა და სააგენტოებში იკავებს მაღალ, ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის თანამდებობას; (ბ) არის აღნიშნულ თანამდებობებზე მომუშავე პირთა ახლო ოჯახის წევრი; (გ)  არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის მმართველი ორგანოს წევრი, ან (დ) აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს/კამპანიებს ან პოლიტიკური მოთხოვნებით გამართულ ღონისძიებებს.

ბოლო დებულება მოიცავს ნებისმიერ შემოწირულობებს პირდაპირ პოლიტიკოსების ან მათი ოჯახის წევრებისათვის,  პირადად, ანდა იურიდიული პირების გავლით, ნაღდი ფულით, ნატურით, ან მომსახურების გაწევით; მათთვის სივრცის ან საარჩევნო/პოლიტიკური კამპანიის მასალების უზრუნველყოფას, ტექნიკური საშუალებებით დახმარებას, რეკლამის დაფინანსებას.

როგორ განისაზღვრება „მნიშვნელოვანი ზეგავლენა მედიაზე?“

ეს ნიშნავს მასმედიის საშუალებების დაარსებას, ფლობას ან კონტროლს და/ან დამფუძნებლის/მესაკუთრის ბენეფიციარად ყოფნას. საინტერესოა, რომ კანონი ეხება ისეთ პირებსაც, რომლებმაც მედია აქტივებზე კანონის ამოქმედებამდე თქვეს უარი, თუმცა აღნიშნული აქტივები გადასცეს მათთან „აფილირებულ პირს“ ან პირს, რომელსაც არ აქვს  „უზადო საქმიანი რეპუტაცია“.

ვინ არიან „უზადო საქმიანი რეპუტაციის“ მქონე პირები?

პირს უზადო საქმიანი რეპუტაცია აქვს, თუ იგი:

  • არასდროს ყოფილა მსჯავრდებული;
  • მინიმუმ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა სანქცირებულთა არცერთ სიაში;
  • არ ყოფილა დაკავშირებული ტერორისტულ საქმიანობასთან და არ ყოფილა ამ ბრალდებით სანქცირებული სულ მცირე ბოლო ათი წლის განმავლობაში;
  • სასამართლოს მიერ არ აქვს აკრძალული რიგი თანამდებობების დაკავება ან გარკვეულ აქტივობებში მონაწილეობა;
  • ადეკვატურად შეასრულა საგადასახადო, საფასურის გადახდის და სხვა ვალდებულებები, რომლებიც ტოლია ან აღემატება მინიმალური ხელფასის ასზე ნამრავლს;
  • არასდროს შეუძენია მედიასაშუალება საბაზროზე ნაკლებ ფასად ან/და არაგამჭვირვალე ფინანსების გამოყენებით;
  • არასოდეს ჩაუდენია მედიის, საბანკო, საგადასახადო, ფინანსების, ვალუტის, ფასიანი ქაღალდების და ა.შ. რეგულაციებთან დაკავშირებული არსებითი და/ან სისტემატური დარღვევები.

ვინ აცხადებს პირს „ოლიგარქად?“

პირის ოლიგარქად გამოცხადების პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC), შემდეგი ინსტიტუტების წარდგინების საფუძველზე:

  • მინისტრთა კაბინეტი,
  • ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წევრი,
  • უკრაინის ეროვნული ბანკი,
  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახური,
  • უკრაინის ანტიმონოპოლიური კომიტეტი.

პრეზიდენტი აქვეყნებს NSDC-ს გადაწყვეტილებას, რომელიც იმავე დღეს შედის ძალაში. ოლიგარქად გამოცხადებულ პირს შეუძლია გადაწყვეტილება გაასაჩივროს და დამაზუსტებელი დოკუმენტები წარადგინოს .

რა ხდება პირის „ოლიგარქად“ გამოცხადების შემდეგ?

უპირველეს ყოვლისა, ამ პირის, მისი აქტივების, კონტრაქტების, ბენეფიციარებისა და გასული სამი წლის განმავლობაში საარჩევნო ფონდებში ან პარტიებში გადარიცხული შემოწირულობების შესახებ არსებული ინფორმაცია შეაქვთ სპეციალურ რეესტრში.

მეორე მხრივ, ამ პირს ეკრძალება, (ა) პირდაპირ თუ არაპირდაპირ, პოლიტიკური პარტიებისათვის ან ნებისმიერი ცალკეული საარჩევნო კანდიდატისათვის შემოწირულობების გაღება, (ბ) პრივატიზებული ქონების შესყიდვა; (გ) პოლიტიკური კამპანიების, აქციებისა და მსგავსი აქტივობების დაფინანსება.

ასევე, საჯარო თანამდებობის პირებთან ამ პირის, მისი ბენეფიციარის, ან წარმომადგენლის ნებისმიერი კომუნიკაცია, იქნება ეს პირადად, ტელეფონით თუ ონლაინ, უნდა გასაჯაროვდეს, მათ შორის შესაბამისი თარიღისა და კომუნიკაციის შინაარსის დართვით.

როგორ ხდება პირის ამოღება აღნიშნული რეესტრიდან?

პირის ამოღება რეესტრიდან ხდება ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით იმ შემთხვევაში, თუ დგინდება, რომ ეს პირი ოლიგარქად გამოცხადებისათვის საჭირო მინიმუმ ორ კრიტერიუმს მაინც აღარ აკმაყოფილებს.

მუშაობს თუ არა ეს კანონი უკრაინაში?

კანონი ძალაშია შესული და პრეზიდენტმა ზელენსკიმ, 2022 წლის ივნისში, ოლიგარქების რეესტრის შესახებ დადგენილებასაც მოაწერა ხელი. NSDC-ის მდივანმა, ალექსანდრე დანილოვმა 2022 წლის ივლისში აღნიშნა, რომ,  განსაზღვრების მიხედვით, კანონის პირველ კრიტერიუმს 86 პირი აკმაყოფილებდა, ხოლო ამ ადამიანების სტატუსის შესაბამისობა შემდეგ კრიტერიუმთან დამატებითი გამოძიების საგანი იყო. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს მდივანი 2022 წლის ივნისში აცხადებდა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში, აღნიშნული რეესტრის შექმნა აღარაა მნიშვნელოვანი საკითხი.

კანონის მიღების შემდეგ, ომის დაწყებამდე, ოლიგარქად გამოცხადების რამდენიმე სავარაუდო კანდიდატმა, მათზე შესაბამისი ლეგალური კრიტერიუმის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. მათგან აღსანიშნავია – ვადიმ ნოვიკოვი, რომელმაც საპარლამენტო მანდატი დათმო; რინატ ახმეტოვმა (აზოვსტალის მფლობელი) აქტივები სახელმწიფოს გადასცა; ხოლო იჰორ კოლომოისკიმ, ვიდრე ღალატის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევდნენ, საკუთარი მედია ჰოლდინგები დაშალა. მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელზეც აშკარად აკმაყოფილებს რამდენიმე კრიტერიუმს, არ ემორჩილება აღნიშნულ კანონს. მის საქმეს ომამდე იძიებდნენ.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way