USD 2.6005
EUR 2.9154
RUB 3.0545
Тбилиси
რას ამბობს ირაკლი კობახიძე "იგლ ჰილსის" საინვესტიციო პროექტის შესახებ
дата:  

იგლ ჰილსი“ რამდენიმე თვეში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს კრწანისში და გონიოში - ეს არის საქართველოს ისტორიაში­ ყველაზე მსხვილი, 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, რომელიც ქართული ეკონომიკის განვითარებას სრულიად ახალ სტიმულს მისცემს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე სხვადასხვა სახით პირდაპირ აისახება.

„მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან - „იგლ ჰილსი" რამდენიმე თვეში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს კრწანისში და გონიოში. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი, 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, რომელიც ქართული ეკონომიკის განვითარებას სრულიად ახალ სტიმულს მისცემს. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 16 000 საცხოვრებელი სახლის ან ბინის მშენებლობას; სასტუმროების მშენებლობას 1 400-ზე მეტი სასტუმრო ნომრითა და აპარტამენტით; საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული და სხვა კომერციული სივრცეების მშენებლობას. რაც მთავარია, პროექტი პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობაზე სხვადასხვა სახით. პირველი - დასაქმება - „იგლ ჰილსის" პროექტი მშენებლობის ეტაპზე 24 ათასზე მეტ, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ - 8 ათასზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანიის პოლიტიკის თანახმად, პროექტის უშუალო განხორციელებას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები, რაც ქვეყანაში ბიზნესსექტორის განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს;

მეორე - ეკონომიკური ზრდა - პროექტის მხოლოდ პირდაპირი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იქნება დაახლოებით 11 მილიარდი ლარი;

მესამე - სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა - მშენებლობის დაწყების დღიდან, ყოველწლიურად ბიუჯეტში გადასახადების სახით შევა საშუალოდ სულ მცირე 500 მილიონი ლარი. გარდა ამისა, ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფოს პროექტის მოგებიდან დარჩება 33%, რაც საქართველოს ბიუჯეტს 10 წლის მანძილზე დამატებით სულ მცირე 2 მილიარდ ლარს მოუტანს, ეს კი წელიწადში საშუალოდ 200 მილიონი ლარია. გარდა ამისა, „იგლ ჰილსის" პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, ახალი ტურისტული პროდუქტების, ტურისტებისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას, რაც განსაკუთრებით აჭარის რეგიონს დაეხმარება, გახდეს 4-სეზონიანი ტურისტული მიმართულება", - განაცხადა პრემიერმა.

 

კობახიძის მტკიცებით, „არავითარი ქართული მიწა არავის არ გადაეცემა“.

„კამპანიის ინიციატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ქართულ მიწას უცხოტომელებს გადასცემს: როგორც მოგეხსენებათ, სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მიიღო საკონსტიტუციო შესწორება, რომელიც უცხოელებზე და უცხოურ კომპანიებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას კრძალავს. გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით. რაც შეეხება კრწანისისა და გონიოს მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო მოცულობა 850 ჰექტარია, პროექტით გათვალისწინებულია მათი გამოყენება მხოლოდ დეველოპერული მიზნებისთვის და ამ მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ სახელმწიფო რჩება. შესაბამისად, არავითარი ქართული მიწა არავის არ გადაეცემა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა განმარტა, „იგლ ჰილსის" პროექტით, კრწანისსა და გონიოში იქმნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს საუკეთესო გარემოს შესთავაზებს,

მისი თქმით, მსხვილი ინვესტიციის ჩადებაა დაგეგმილი გონიოს იახტ-მარინას, ასევე კომერციული და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობასა და განვითარებაში.

„კამპანიაში ჩართული პირები აცხადებენ, რომ შენდება მილიონი კვადრატული მეტრი და ამ მასშტაბის მშენებლობა 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას არ საჭიროებს. ეს თეზისი იმთავითვე ტყუილზეა აგებული, რადგან კრწანისსა და გონიოში 850 ჰექტარ მიწაზე სინამდვილეში არა მილიონი, არამედ 2.4 მილიონი კვადრატული მეტრის მშენებლობაა დაგეგმილი. საცხოვრებელი სივრცეები უმაღლესი სტანდარტებით შენდება და ის მყიდველს უმაღლესი სტანდარტის რემონტით ბარდება. ამასთან, საცხოვრებელი სივრცეები პროექტის დაახლოებით ნახევარს შეადგენს, მეორე ნახევარი კი კომერციულ სივრცეებს ეთმობა, რომლის მშენებლობის ღირებულება ერთ კვადრატულ მეტრზე გაცილებით მაღალია. მსხვილი ინვესტიციის ჩადებაა დაგეგმილი გონიოს იახტ-მარინას, ასევე კომერციული და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობასა და განვითარებაში. კრწანისის ტყე-პარკს, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია და რომლის რეაბილიტაცია სახელმწიფოს 150 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდებოდა, ახალი მწვანე სივრცეები დაემატება. მთლიანობაში, ეს არ არის სტანდარტული დეველოპერული პროექტი, რომლის ფარგლებში სტანდარტული კორპუსები შენდება და ბინები იყიდება. კრწანისსა და გონიოში იქმნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს საუკეთესო გარემოს შესთავაზებს. ასეთ პირობებში, საქმეში ჩახედული ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმება, რომ ინვესტიციის ჯამი აბსოლუტურად რეალურ გაანგარიშებაზეა დაფუძნებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, მთლიანად „სიცრუეზეა აგებული“ ის „ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა ამ უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ წამოიწყეს“.

„ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ამ მასშტაბის სტიმულირება სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის. რაც უფრო ძლიერი და დამოუკიდებელია სახელმწიფო ეკონომიკური თვალსაზრისით, მით უფრო რთულია მისი დამოუკიდებლობის შერყევა. სწორედ ამას უკავშირდება ის სიცრუეზე აგებული, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა და მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ამ უპრეცედენტო და უნაკლო საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ წამოიწყეს. მათი კამპანიის თითოეული პუნქტი ყალბია და მთლიანად სიცრუეზეა აგებული. კერძოდ, ისინი აცხადებენ, რომ შენდება ორი არაბული ქალაქი და იწყება საქართველოს „არაბიზაცია". ამ თეზისს სერიოზულ პასუხს არ გავცემდი, რომ არ მენახა რამდენიმე პატივსაცემი ადამიანის განცხადება, რომელმაც ეს გზავნილები, სამწუხაროდ, დამაჯერებლად აღიქვა. წუხილი შესაძლო მიგრაციასთან დაკავშირებით სრულიად გასაგებია და ამიტომ, აუცილებლად მიმაჩნია, „არაბიზაციის" მითის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია გავუზიარო. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. სულ გათვალისწინებულია 16 000 საცხოვრებელი სახლისა და ბინის მშენებლობა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აქედან 60 პროცენტიც რომ იყიდონ, ეს ნიშნავს, რომ მათზე სულ 9 600 ბინა გაიყიდება, როცა გასული 4 წლის განმავლობაში უცხოელებმა საქართველოში 60 ათასზე მეტი ბინა შეიძინეს, ამას კი საქართველოსთვის არავითარი დემოგრაფიული პრობლემა არ შეუქმნია და არც შექმნის. ამ მარტივი სტატისტიკიდანაც კი ჩანს, თუ რამდენად ყალბია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ „იგლ ჰილსის" პროექტი საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებს შეუქმნის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა განმარტა, უცხოელ მყიდველებს არ მიენიჭებათ არავითარი სპეციალური შეღავათები საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების თვალსაზრისით.

„იგლ ჰილსის" ხელმძღვანელის განცხადება იმის შესახებ, რომ ის ბინების 60 პროცენტის გაყიდვას საერთაშორისო მყიდველებზე ვარაუდობს, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ კომპანიას აქვს კარგად აწყობილი გაყიდვების ქსელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა, საქართველოში ეკონომიკის სწრაფი ზრდისა და იმის გათვალისწინებით, რომ „იგლ ჰილსის" საფასო პოლიტიკა არა მხოლოდ მაღალი, არამედ საშუალო სეგმენტის ქართველ მყიდველსაც მისცემს სახლის ან ბინის შეძენის შესაძლებლობას, ჩვენი საფუძვლიანი ვარაუდით, ქართველი მყიდველების რაოდენობა 50 პროცენტს ბევრად გადააჭარბებს", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას.

„ერთი მხრივ, არავითარი „არაბიზაცია", არავითარი მიწის გადაცემა უცხოტომელებისთვის, არავითარი მანიპულაციები ინვესტიციის გაანგარიშებისას. მეორე მხრივ - 24 000 ათასი დროებითი და 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი, დამატებით 11 მილიარდი საქართველოს ეკონომიკაში, წელიწადში დამატებით 700 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში, უმაღლესი სტანდარტების განაშენიანებული სივრცეები კრწანისსა და გონიოში, ახალი შესაძლებლობები ტურიზმის განვითარებისთვის, არავითარი ფინანსური ვალდებულება, ფინანსური გარანტია ან არასტანდარტული პირობა პარტნიორ კომპანიასთან მიმართებით, სტიმული სხვა მსხვილი კომპანიებისთვის, ჩადონ მასშტაბური ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში. როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ამხელა ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ ასე აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ. თუმცა, მთავარია სიმართლე და ვფიქრობ, ასეთ პირობებში, ხელისუფლების და თითოეული ინფორმირებული მოქალაქის არჩევანი ძალიან მარტივია. ჩვენი არჩევანია მშვიდობა და განვითარება საქართველოსთვის და ქართველების უკეთესი მომავალისთვის. პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს“.

მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის, უპასუხოს ყველა კითხვას „იგლ ჰილსთან" გაფორმებული ხელშეკრულების საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო განაშენიანების გენერალური გეგმა გამჭვირვალედ, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით დამტკიცდება.

„რაც შეეხება ხელშეკრულებისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭებას, ეს ფაქტი ეფუძნება, ერთი მხრივ, საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკას. სახელმწიფოს არაფერი აქვს დასამალი საკუთარი მოქალაქეებისთვის და მზადაა უპასუხოს ყველა შეკითხვას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. თუმცა, ნებისმიერი კომერციული კომპანიის ინტერესებშია, საიდუმლოდ დარჩეს ხელშეკრულების დეტალები, რათა სამომავლოდ ჰქონდეს მეტი თავისუფლება სხვა პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისას. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა. როდესაც ეს ყველაფერი იცის ზოგიერთი პარტიის ბიზნესმენმა ხელმძღვანელმა და მისი პარტია ამ თემით მაინც სპეკულირებს, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ, თუ რამდენად მძიმეა უცხოელი აგენტის ხვედრი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება განაშენიანების გენერალურ გეგმას, ის დამტკიცდება ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ, გამჭვირვალედ, კანონით გათვალისწინებული ყველა სტანდარტული პროცედურის დაცვით.

მინდა შეგახსენოთ 3 წლის წინ გაშლილი ყალბი ქსენოფობიური კამპანია საქართველოს „რუსიფიკაციისა" და ეროვნული უსაფრთხოების შერყევის შესახებ. მაშინ მოსახლეობას ვუთხარით, რომ ყველაფერი სახელმწიფოს კონტროლს ექვემდებარებოდა და დავპირდით, რომ არც საქართველოს „რუსიფიკაცია" მოხდებოდა და არც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეექმნებოდა რაიმე საფრთხე. დღეს, 3 წლის თავზე, ყველა ხედავს, რომ უცხოელი აგენტების ყალბ შფოთვას, რომლითაც მათ მაშინ საკმაოდ ბევრი კეთილსინდისიერი მოქალაქე შეიყვანეს შეცდომაში, სინამდვილეში, არავითარი საფუძველი არ ჰქონდა და ხელისუფლებამ თავისი დაპირება პირნათლად შეასრულა.

დღესაც ზუსტად იგივეს ვპირდებით ჩვენს თანამოქალაქეებს. ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს", - განაცხადა პრემიერმა.

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати