იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან (1953 წლის 5 მარტი) 70-ე წლისთავთან დაკავშირებით უცხოურ პრესაში რიგი მასალები გამოქვეყნდა.
გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს - გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ რუნდშაუში“ (Frankfurter Runschau) დაბეჭდილს სათაურით - „სტალინი მკვდარია, სტალინიზმი კი ისევ ცოცხლობს“ (ავტორი - ირენ პეტერი).
„გორში მდებარე იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმიდან გერმანელი პენსიონერების ჯგუფი გამოდის. ველოდები, სანამ შესვლის რიგი მომიწევს. ერთ-ერთ გამომსვლელს, 72 წლის ფრაუ გიზელას ვეკითხები, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს იოსებ სტალინის მუზეუმის მიმართ: „ბევრი ძალიან საინტერესო ისტორია მოვისმინე. ნამდვილად ღირდა დათვალიერება“, - მარწმუნებს იგი. „მაგრამ განა ობიექტურად არის გადმოცემული ისტორიები?“, - ისევ ვუსვამ კითხვას. „იცით, ჩვენ ასე ღრმად არ განვიხილავთ მუზეუმში ნახულ-გაგონილს“, - მეუბნება იგი და სასიამოვნოდ არის გაკვირვებული დიქტატორის იდილიური ოჯახური ფოტოსურათით. „შეგიძლიათ თქვენ გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის ასეთი მუზეუმი წარმოიდგინოთ?“. „არა მგონია, რომ ჩვენთან ასეთი თბილი დამოკიდებულება ჰქონდეთ ჰიტლერის მიმართ“, - აღნიშნავს ფრაუ გიზელა და იქვე დასძენს, რომ ლოგიკური იქნება ჰიტლერის ბიოგრაფიაშიც ორი მხარე იქნეს დანახული. გერმანელი პენსიონერის ასეთი პასუხით გაოგნებული მუზეუმის პომპეზურ შენობაში შევდივარ, რომელიც, იოსებ სტალინის საპატივსაცემოდ, ჯერ კიდევ 1937 წელს აშენდა. აქ არის საბჭოთა დიქტატორის სახლიც, რომელშიც იგი 1878 წელს დაიბადა“, - ნათქვამია ვრცელი პუბლიკაციის შესავალში.
მუზეუმი 1950-იან და 1980-იანი წლების მეორე ნახევარში რამდენჯერმე დაიხურა და ისევ გაიხსნა: „ძირითად ექსპოზიციებში პრაქტიკულად არაფერი არ შეცვლილა“, - განმარტავს მუზეუმის გიდი ლარისა, რომელსაც შავკედლებიან და სტალინის ფოტოპორტრეტებიან დიდ ოთახში შეგვიძღვა.
„სტალინის ლამაზი ხელწერა“, ავეჯი და ნიღაბი
„შეხედეთ, რა კარგი ხელწერა ჰქონდა“, - გვეუბნება გიდი და სტალინის კალიგრაფიაზე მიგვითითებს. ფოტოსურათებზე გამოსახულია საბჭოთა დიქტატორი ისეთ ცნობილ ადამიანებთან ერთად, როგორიც იყო რუსი მწერალი მაქსიმ გორკი. ერთ-ერთ ოთახში გამოფენილია სტალინის გარდერობი და მისი კაბინეტის ავეჯი. მუზეუმის მთავარი ადგილი: ჩაბნელებული დარბაზი, რომლის ცენტრში, მარმარილოს სვეტების მიღმა, დიქტატორის სიკვდილისდროინდელი ნიღაბი დევს. ამავე დროს, მუზეუმში ვერ ნახავთ იმ საბჭოთა მოქალაქეების ფოტოსურათებს, რომლებსაც სტალინის რეჟიმის ერთგული მსახურები მრავალრიცხოვან საკონცენტრაციო ბანაკებში არაადამიანურად ეპყრობოდნენ და რომლებიც მილიონობით იხოცებოდნენ ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციის წლებში. მუზეუმში ასევე არაფერს ამბობენ ექსპროპრიაციებზე და ეთნოსების, მთელი ხალხების - ეროვნული უმცირესობების - იძულებით გადასახლებაზე, რომლებიც საბჭოური რეჟიმის წესებს ეწინააღმდეგებოდნენ 1930-იან წლებში. მუზეუმში არაფერს არ გეტყვიან „წმენდის“ შედეგებზეც, რომელმაც ასევე მილიონობით ადამიანი შეეწირა. გიდს ამ თემაზე ჩემი მოულოდნელი კითხვით საუბარს ვაწყვეტინებ: „ასეთი საკითხებით მუზეუმის დამთვალიერებლები არ ინტერესდებიან“, - მპასუხობს ლარისა.
მუზეუმი უცნაური სახით ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად არაადექვატურად აფასებს საქართველო იოსებ სტალინს და საბჭოთა ხელისუფლების ეპოქას. ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც საბჭოთა პერიოდის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომელია, ამბობს, რომ საქართველომ ამის შანსი ხელიდან 1991 წელს გაუშვა, დამოუკიდებლობის აღდგენის დროს. სამწუხაროდ, იმ მომენტში ქართველების ყურადღება სამოქალაქო ომზე იყო გადატანილი, შემდეგ კი ქვეყანაში ეკონომიკური სიდუხჭირე გამეფდა, არქივების დიდი ნაწილი განადგურდა
მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის - პროდასავლელი პოლიტიკოსის მმართველობის დროს გახდა შესაძლებელი, საბჭოური გადმონაშთების ობიექტური შეფასება - კანონით აიკრძალა სტალინის ძეგლების არსებობა საზოგადოებრივ ადგილებში, სხვადასხვა საბჭოური ატრიბუტიკით სარგებლობა. თბილისში გაიხსნა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, ხოლო გორის მუზეუმი სტალინიზმის მამხილებელ დაწესებულებად უნდა გადაქცეულიყო. მაგრამ 2012 წლიდან, როცა ქვეყნის მთავრობაში ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნება“ მოვიდა, მისმა ლიდერებმა უარი თქვეს ამგვარი კურსის გატარებაზე. ამჟამად მმართველი პარტია ხელისუფლების ინსტრუმენტს წარმოადგენს კრემლთან ახლოს მდგომი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისათვის, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ირაკლი ხვადაგიანის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობა ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების (არასამთავრობო) ორგანიზაციების მუშაობას - ამის დამადასტურებელი ფაქტია ის, რომ შესაძლოა მიღებული იქნეს კანონი, რომლის საფუძველზე ლაბორატორია „უცხოურ აგენტად“ გამოცხადდება.
სტალინი - სიკეთე თუ ბოროტება?
სტალინის დანაშაულობებზე ლაპარაკი დღესაც ძნელია: გამოკითხვების შედეგად, უფროსი თაობის ქართველთა დაახლოებით 40% დიქტატორს დადებითად აღიქვამს. გასაკვირია ასეთი სიტუაცია, როცა დიქტატორის მიერ განხორციელებული რეპრესიების სიმწარე ყველაზე მეტად ქართველებმა გამოსცადეს საკუთარ თავზე. ირაკლი ხვადაგიანი აღნიშნავს, რომ ქართველებს ცრუ წარმოადგენები აქვთ ეროვნულ ღირსებაზე, როცა მსოფლიოს ყველაზე ცნობილ დიქტატორს საქართველოს ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად თვლიან.
რუსეთში, „ლევადა-ცენტრის“ - საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, 2019 წელს იოსებ სტალინის როლი 70%-მა დადებითად შეაფასა, რაც ძალიან სწრაფი ზრდაა 1990-იანი წლების შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იოსებ სტალინს, სტალინიზმს და საბჭოთა ეპოქას თავისი ნეოიმპერიალიზმის გატარების ინსტრუმენტად იყენებს. რუსეთში მოქმედებს კანონი „ისტორიის ფალსიფიცირებასთან ბრძოლის შესახებ“, რომლის თანახმად, საბჭოთა რეჟიმისა და ნაცისტური რეჟიმის გაიგივება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც კი ითვალისწინებს. ამრიგად, ჰიტლერ-სტალინის 1939 წლის თავდაუსხმელობის პაქტის კრიტიკას ტაბუ აქვს დადებული.
სტალინიზმი - კრემლის ინსტრუმენტი მეზობლების წინააღმდეგ
საბჭოთა კავშირისა და იოსებ სტალინის განდიდება კრემლის პროპაგანდის მნიშვნელოვან ელემენტს შეადგენს, რომლის დახმარებით რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს იდეოლოგიურ საფუძველს უქმნის: „ძლიერი საბჭოთა კავშირის არსებობის დროს მშვიდობის დაცვა უზრუნველყოფილი იყო“. რუსეთის ტელევიზიის ეთერში ხშირად გადის გადაცემები, რომლებშიც საბჭოთა კავშირის ისტორია შელამაზებულად არის გადმოცემული...
საინტერესოა ერთი გარემოებაც: მიუხედავად იმისა, რომ რუსებისა და ქართველების ნაწილი ერთმანეთს ჰგავნან იმაში, რომ იოსებ სტალინის როლს ორივე არაობიექტურად აფასებს, საქართველოს მოსახლეობა მაინც შიშით უყურებს ჩრდილოელ მეზობელს: გორის ქუჩებს ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომის კვალი - იმ ომისა, რომლის შედეგად რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიები „დამოუკიდებლად“ აღიარა (აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“), სინამდვილეში კი მათი ოკუპირება განახორციელა, საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ამჟამად ორივე ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზებია დისლოცირებული.
უშუალოდ გორის მუზეუმში კი, 15 წლის მომხდარ ომს ოფიციალურად მხოლოდ ერთი პატარა ექსპოზიცია მოგვაგონებს, რომელიც შენობის პირველ სართულზეა: კიბის ქვეშ მიმალულ სათავსოში არის ე.წ. „დაკითხვების ოთახი“, რომელიც საბჭოურ-სტალინური ტერორის სიმბოლოს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის ხელმძღვანელობა სულ უფრო ხშირად დგება იმ საკითხის წინაშე, რომ აუცილებელია გაშუქდეს იოსებ სტალინის მიერ ჩადენილი დანაშაულებებიც. ალბათ, ამისთვის ფულია საჭირო, თუმცა მოულოდნელად ვგებულობ, რომ მუზეუმის შემოსავლები გორის საქალაქო ბიუჯეტის ძირითადი დამფინანსებელია, ხოლო მუზეუმი, დამთვალიერებელთა რაოდენობის მიხედვით, საქართველოში ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს.
მოკლედ, გორში არსებული იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი საქართველოში უთანხმოებისა და წინააღმდეგობრიობის სიმბოლოს წარმოადგენს. და ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობისაკენ მიილტვის, მაგრამ იმავდროულად რუსეთს ვერ შორდება ვერც ისტორიულად, ვერს ეკონომიკურად და ვერც პოლიტიკურად.
წყარო: https://www.fr.de/politik/stalin-ist-tot-der-stalinismus-nicht-92122534.html
მოამზადა სიმონ კილაძემ