USD 2.6975
EUR 3.1825
RUB 3.4401
Tbilisi
«Frankfurter Rundschau» (გერმანია): „საქართველო: დაკვირვება ფეთქებადსაშიშ სიტუაციაზე“
Date:  530

გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ (Frankfurter Rundschau) 8 აგვისტოს ნომერში ბეჭდავს სტატიას სათაურით „საქართველო: დაკვირვება ფეთქებადსაშიშ სიტუაციაზე“ (ავტორი - ერკან ფეხლივანი). მასში გადმოცემულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის დიმიტრიოს კარაბალისის საუბრის შინაარსი, რომელშიც იგი ეხება რუსეთის დამოკიდებულებას „სამხრეთ ოსეთთან“ და აფხაზეთთან, როგორ შეიცვალა სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ და ა.შ.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის მიხედვით, ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთი დისლოცირებულ სამხედრო ბაზებში, უკრაინის ომის გამო, სულ უფრო ნაკლები პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა რჩება. ომმა ის გამოიწვია, რომ რუსეთი იძულებული გახდა საზღვარგარეთ არსებული ბაზების რესურსები ფრონტზე გაეგზავნა. და მაინც, რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წლის შემდეგ, ბერძენი დიპლომატი, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი დიმიტრიოს კარაბალისი თვლის, რომ სიტუაცია მაინც რთული რჩება. ბევრი საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელია.

200-წევრიან მისიაში, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიიდან დაკვირვებას აწარმოებს რუსების მიერ ოკუპირებულ რეგიონებზე (დროებით გამყოფ სადემარკაციო ხაზის - ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ), 23 გერმანელიც შედის, ისინი ძირითადად საპოლიციო ფუნქციას ასრულებენ სამხრეთ ოსეთთან (390 კილომეტრიან პერიმეტრზე) და აფხაზეთთან (150 კმ.). დღეისათვის დიმიტრიოს კარაბალისი არ თვლის, რომ კონფლიქტის განახლების საფრთხე არსებობს: „რუსებს თავიანთ ბაზებზე ფაქტიურად აღარც პერსონალი არ ჰყავთ, აღარც ტექნიკა, მათ სიტუაციის გამწვავება აღარ შეუძლიათ“. მისიის ხელმძღვანელი ასევე გულისხმობს ქართულ მხარესაც, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობის გართულება არ სურს.

„საქართველო აზერბაიჯანი არ არის“

მეზობელი აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, რომელმაც თავისი არმიის გადაიარაღება განახორციელა ნავთობით მიღებული მილიარდიანი შემოსავლებით და სომხეთის მიერ ოკუპირებული მთიანი ყარაბაღი ჯარის მეშვეობით დაიბრუნა, საქართველოს მსგავსი შესაძლებლობა და რესურსები არ აქვს. „ვცდილობთ სიწყნარე და მშვიდობა შევინარჩუნოთ“, - ამბობს დიმიტრიოს კარაბალისი, თუმცა, დაძაბულობა ნებისმიერ დროს შეიძლება გამწვავდეს: „ერთ მცირე ნაპერწკალს დიდი ხანძრის გამოწვევა შეუძლია“.

მისიის ხელმძღვანელი საფრთხის გამომწვევ მიზეზად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან თავისი მეტ-ნაკლებად გამოცდილი პერსონალი უკრაინის ფრონტზე წაიყვანა და მათ ნაცვლად ახალგაზრდა, გამოუცდელი ჯარისკაცები და მესაზღვრეები მოყვანა, რომლებიც მოუმზადებლები არიან და ადგილებზე არსებულ სიტუაციას არ იცნობენ. „მათ არ იციან, ვინ ვართ ჩვენ, რას ვაკეთებთ. მოსალოდნელია პროვოკაციები, რაც უსაფრთხოებას ემუქრება, - ხაზს უსვამს დიმიტრიოს კარაბალისი, - ამიტომაც ჩვენ ვავრცელებთ ფურცლებს რუსულ ენაზე დაბეჭდილი ტექსტით, რათა მათ ავუხსნათ მისიის ფუნქციები და მნიშვნელობა“.

„უთანხმოება ისევ არსებობს...“

რეგიონში ბევრი ადამიანისათვის ეს კონფლიქტი ეგზისტენციალურია - ზოგჯერ ხდება უთანხმოება წყლის რესურსებისა და ელექტროგადამცემი ხაზების გამო, ან სულაც ფერმერების ძროხის მიზეზით, რომელმაც უნებლიედ „საზღვარი გადაკვეთა“ და „საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე“ აღმოჩნდა. ასეთ სიტუაციებში ჩვენ საქმეში ვერევით ხოლმე. ჩვენსა და რუსებს შორის შორის მოქმედებს „ცხელი ხაზი“, რომლითაც ერთმანეთს პრობლემებს ვატყობინებთ და მათ გადაჭრას ოპერატიულად ვცდილობთ“.

დიმიტრიოს კარაბალისის თქმით, ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქმედებს საკონტროლო-გამშვები პუნქტები, რომელთა მეშვეობით აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებლები ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამკურნალოდ და [პროდუქტების შესაძენად] გადმოდიან.

„კონფლიქტი პოლიტიკოსებმა უნდა მოაგვარონ“

„ჩვენ აქ კონფლიქტის მოსაგვარებლად არ ვართ“, - ხაზს უსვამს მისიის ხელმძღვანელი, - ეს პოლიტიკოსების საქმეა’. მისი აზრით, ალბათ, საჭიროა ევროკავშირმა მეტი ძალისხმევა განახორციელოს საქართველოს მიმართ, რომ პრობლემის მოგვარების პროცესი ადგილიდან დაიძრას. საქართველოში ბევრი პოლიტიკოსი არ თვლის, რომ თბილისმა ომი წააგო. „მოლაპარაკებისათვის კომპრომისები აუცილებელია“, - თვლის დიმიტრიოს კარაბალისი.

ომის დროს საქართველომ თავისი ტერიტორიის 20%-ზე კონტროლი დაკარგა. რუსეთი ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომლებმაც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. მართალია, სიტუაცია ჯერ-ჯერობით უცვლელია, მაგრამ როგორც კარაბალისი თვლის,  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედება, რომელიც 2008 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყო, კიდევ უნდა გაგრძელდეს.

წყარო: www.fr.de/politik/russland-georgien-brisante-beobachtungen-technik-abchasien-suedossetien-zr-92445826.html

 

tbilisi
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

See all
Survey
By the way