USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
«Frankfurter Rundschau» (გერმანია): „ქართული პოლიტიკა - რუსული მოდელით“
თარიღი:  343

გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ (Frankfurter Rundschau) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ქართული პოლიტიკა - რუსული მოდელით“ (ავტორი - შტეფან შოლი).

მასალაში გადმოცემულია თბილისში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით მიმდინარე მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის გარემოებები და ხელისუფლების მოქმედება მომიტინგეთა მიმართ. პუბლიკაციაში ასევე განხილულია ქართული კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მთავარი დებულებები, რომელთა წინააღმდეგ საქართველოს საზოგადოების ნაწილი გამოდის - რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი მედიის საშუალებათა წარმომადგენლები, აგრეთვე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები.

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

„მათაც შავი  ფორმა აცვიათ, შავი ჩაფხუტებით, მსგავსი აღჭურვილობით... ისეთივე გაავებით ესხმიან თავს დემონსტრანტებს... საქართველოს უშიშროების ძალების ტექნიკა და ტაქტიკა, რომლებიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისის ცენტრში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცოპერაციებს ატარებენ, ძალიან ჰგავს ვლადიმერ პუტინის „კოსმონავტების“ - რუსეთის უშიშროების სამსახურის ოპერატიული ქვედანაყოფების - შიშის ჩამნერგავ გარეგნობას და მათ მოქმედებას: ქართული სპეცრაზმელებიც, რუსების მსგავსად, მომიტინგეებს იჭერენ და ფიზიკურად უსწორდებიან“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ოპოზიციის ბანაკში გადავიდა, მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ დამცინავად უწოდებს „რუსულ ოცნებას“. მთავრობის ოფიციალური განცხადებების მიხედვით, საქართველო მტკიცედ ისწრაფვის ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობისაკენ, მაგრამ მისი ყოველდღიური პოლემიკა და პრაქტიკული მოქმედება სულ უფრო მეტად არის მიმართული დასავლეთის საწინააღმდეგოდ... და ეს იმის მიუხედავად, როცა რუსეთი სამხედრო დახმარებას უწევს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს - აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ - ბოლო 30 წლის განმავლობაში (2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის შედეგად კრემლმა აღნიშნულ რეგიონებში სამხედრო ბაზები შექმნა და აქედან გამომდინარე, რუსეთი ქართველების მიერ ოკუპანტ სახელმწიფოდ არის მიჩნეული).

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პასუხი გასცა ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ზემოთხსენებული კანონპროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უცხოელი დიპლომატები ქვეყნის ხელისუფლებას კანონთა მიღება-არმიღებას კარნახობენ და, ამრიგად, საქართველოს საკანონმდებლო პროცესზე გავლენას ახდენენ. თავის მხრივ, ოპოზიციაც მთავრობას ბრალს უყენებს - რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინის სისტემას, რომელსაც ამჟამად ოპოზიცია არ ჰყავს, აწყობს „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის, „რუხი კარდინალის“ ბიძინა ივანიშვილის - საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის - მოქმედება, რომელმაც თავისი ქონება ძირითადად მოსკოვში დააგროვა.

„ბიძინა ივანიშვილი მილიარდერია, იგი ყველაფერს ფულით ზომავს“, - განმარტავს კანონპროექტის მიზანს გიგი უგულავა, თბილისის ყოფილი მერი, - მას ყველა ფინანსური ნაკადის გადაკეტვა სურს, რომლებსაც თვითონ ვერ აკონტროლებს. ბიძინა ივანიშვილი პარანოიდული შიშის ქვეშაა და ეჭვით არის შეპყრობილი - იგი დარწმუნებულია, რომ უცხოეთიდან შემოსული ფულით დასავლეთი მის დამხობას ამზადებს“.

ქართული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები თვლიან, რომ კრემლს დიდი ხანია სურს საქართველოს დაბრუნება რუსეთის ორბიტაზე და ამ მიზნის მისაღწევად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებით სარგებლობს. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დასავლეთს საქართველოში უკრაინის „მაიდნის“ მსგავსი რევოლუციის განხორციელება სურს, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში დასავლურად განწყობილი ოპოზიცია მოიყვანოს. ამასობაში კი, თბილისში დემონსტრანტების შეკრების კვალობაზე, „ქართველი კოსმონავტები“ კვლავ გამოჩნდნენ ხელკეტებით და მზად არიან აქციის მონაწილეთა შესავიწროვებლად.

წყარო: https://www.fr.de/politik/georgien-traum-politik-russland-muster-einfluss-oligarchen-westen-eu-geld-protest-gewalt-93017283.html

 

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის