გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ რუნდშაუში“ (Frankfurter Rundschau) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მას არავინ არ უნდა ენდოს“: როგორ არღვევდა ვლადიმერ პუტინი დაპირებებს“ (ავტორი - ქროსტოფ გშოსმანი). პუბლიკაციაში განხილულია საკითხი - რამდენად სანდოა ვლადიმერ პუტინის სიტყვა და უნდა დაუჯერონ თუ არა კრემლის დაპირებებს დასავლელმა პოლიტიკოსებმა.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
მოსკოვი და ვაშინგტონი, ხანგრძლივი ცივი ურთიერთობებისა და ე.წ. „რადიოსიჩუმის“ შემდეგ, ერთმანეთს უახლოვდებიან - უშუალოდ პრეზიდენტები ტელეფონით საუბრობენ, მათი წარმომადგენლები კი ერ-რიადში უკვე მრგვალ მაგიდასთან სხედან და მსოფლიოს ბედზე ლაპარაკობენ. უახლოეს ხანში ერთმანეთს თვითონ პრეზიდენტებიც უნდა შეხვდნენ - დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი. მაგრამ ომის ვეტერანი ჯარისკაცები ბელარუსიდან, ჩეჩნეთიდან და საქართველოდან გვაფრთხილებენ, რომ რუსეთის თვითმპყრობელ მმართველს არავინ არ უნდა ენდოს - ვლადიმერ პუტინი ყოველთვის არღვევს მიცემულ დაპირებებს.
ჩეჩნები ბენორი და ბერხი, ქართველი ვახო და ბელარუსი სტარე უკრაინის არმიის რიგებში იბრძვიან. ბენორი უკვე ნაბრძოლია პუტინის ჯარისკაცებთან ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, ვახო კი 1993 წელს რუსეთის მხარდაჭერილ აფხაზ სეპარატისტებს ეომებოდა. იგი ამბობს, რომ რუსეთი არასოდეს არ ასრულებს თავის ვალდებულებას - არ ჩეჩნეთის, არც საქართველოს და არც უკრაინის მიმართ, სადაც კრემლმა ყირიმის ანექსია მოახდინა. და თუ ეს ყველაფერი ვიცით, რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ იგი თავის დაპირებას ახლა შეასრულებს?“.
პუტინის ომი ჩეჩნეთში
ბენორის თქმით, როცა 1999 წელს რუსეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო (ანტიტერორისტული ოპერაციის სახელით), მან ამით 1996 წელს ხასარვიურტში დადებული შეთანხმების პირობები დაარღვია. სამწუხაროდ, იმდროინდელი ჩეჩნეთის არმია კარგად არ იყო შეიარაღებული, არ წარმოადგენდა ერთიან სამხედრო ორგანიზმს და ამიტომ 2009 წლისათვის ჩეჩნებმა წინააღმდეგობა ძირითადად შეწყვიტეს. „ჩვენთან იმ დროს თითქმის ყოველდღიურდ ხდება ის საშინელებმა, რაც უკრაინის ბუჩაში რუსებმა ჩაიდინეს“, - იხსენებს ბენორი, - რუსები მუდმივად იჭრებოდნენ ჩვენს სოფლებში ყველას ხოცავდნენ გამურჩევლად - მამაკაცებს, მოხუცებს, ქალებს და ბავშვებს... მათ ჩეჩნეთში თითქმის 100 ათასი ადამიანი მოკლეს და უამრავი ქალაქი დაანგრიეს.
ვლადიმერ პუტინის ორმაგი პოლიტიკა
ბოლო დროს კრემლის მეთაური ოპტიმისტურად ლაპარაკობს აშშ-რუსეთის ურთიერთობაზე, უკვე განხორციელდა პირველი კონტაქტები ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის. „ორივე მხრიდან - ჩვენგანაც და ამერიკელებიდანაც არის სურვილი ნორმალური სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის აღდგენის მიზნით, რათა უამრავი დაგროვილი პრობლემა მოგვარდეს, მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების ფედერალური სამსახურის კოლეგიის სხდომის დროს.
მაგრამ ბენორი პუტინის არცერთ სიტყვას არ ენდობა. იგი მოსკოვის მოქმედებას ასეთი სახით პროგნოზირებს: „რუსეთის პრეზიდენტი შეეცდება უკრაინულ საზოგადოებაში განხეთქილება შეიტანოს - ისე როგორც ჩეჩნეთში გააკეთა. იგი უკრაინას სრულად დაიმორჩილებს, ხელისუფლებში პრორუსულ მთავრობას მოიყვანს, უკრაინას ეყოლება ისეთი არმია, რომელიც ხელისუფლების მომხრე იქნება. ჩეჩნეთში ზუსტად იგივე განხორციელდა. ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული“.
როგორც ბენორის თანამებრძოლი ბერხი აცხადებს, მას რუსების მიმართ ნდობის გამოხატვა არ შეუძლია. „ჩემი ქვეყანა სწორედ სამშვიდობო ხელშეკრულების შედეგად დავკარგე. ისტორია მეორდება. ჩვენ ჩეჩნეთის პირველი ომის მოვიგეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც რუსები დარჩნენ მოგებულები, რადგან ხასარვიურტში მოცემული პირობა დაარღვიეს. ვლადიმერ პუტინი მკვლელი და მატყუარაა. რუსების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ყოველთვის ფარატინა ქაღალს წარმოადგენს“.
„პუტინს უკრაინაში მეორე ბელარუსის შექმნა სურს“
ბელარუსი სტარე უკრაინის არმიაში იმ დროს შევიდა, როცა დაინახა, თუ რა საშინელებებს სჩადიოდნენ რუსი ჯარისკაცები.
„უკრაინის არმიაში ჩემი სამსახურის დაწყების შემდეგ ბელარუსის „კაგებემ“ ოჯახისა და ნათესავების დაშინება და დამუქრება დაიწყო. მათ რამდენჯერმე დააკავეს ჩემი ახლობლები და მათგან ჩემს შესახებ ინფორმაციების გადაცემას მოითხოვდნენ. ბელარუსი კორუმპირებული ქვეყანაა, რომელსაც რუსეთი მთლიანად აკონტროლებს. კრემლს უნდა, რომ უკრაინაშიც ისეთივე დიქტატურა დამყარდეს, როგორიც ბელარუსშია, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ.
სანამ რუსები თავიანთ მიზანს არ მიაღწევენ, ისინი ომს არ შეწყვეტენ. უკრაინელები არ უნდა მოტყუვდნენ და პუტინთან სამშვიდობო ხელშეკრულება არ უნდა გააფორმონ. კიევმა ბრძოლა უნდა გააგრძელოს“, - ამბობს სტარე.
„საქართველოს პრორუსი პრეზიდენტი ჰყავს“
ერთი შეხედვით ვლადიმერ პუტინი, დონალდ ტრამპთან საუბრისას, მშვიდობის დასამყარებლად ისწრაფვის: „რუსეთი ყოველთვის მზად არის უკრაინის კონფლიქტი მოლაპარაკების გზით გადაიჭრასო“, - აცხადებს კრემლის მეთაური, მაგრამ გავიხსენოთ: ვლადიმერ პუტინმა თვითონ დაიწყო ომი მეზობელი ქვეყნების - საქართველოსა და უკრაინის - წინააღმდეგ 2008 და 2022 წლებში.
თუ რად ღირს ვლადიმერ პუტინის სიტყვა, ქართველმა ვახომაც კარგად იცის. „1993 წელს აფხაზმა სეპარატისტებმა ომი რუსების დახმარებით მოგვიგეს. კრემლმა ომი საქართველოს წინააღმეგ ისევ დაიწყო 2008 წელს. საქართველოს დღეს პრორუსი პრეზიდენტი ჰყავს“, - იმედგაცრუებით ამბობს ვახო და ხაზს უსვამს, რომ ის, რასაც დონალდ ტრამპი სთავაზობს რუსეთს, სხვა არაფერია, თუ არა უკრაინის კაპიტულაცია. რუსეთს არანაირი ხელშეკრულება არ შეაჩერებს.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.