USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „უკრაინა: „გვინდა ნატოში მიღება ომის დამთავრებამდე“
Date:  593

„ნატოს სამიტამდე ორი თვით ადრე, რომელიც ივლისში, ვაშინგტონში უნდა გაიმართოს, უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სთხოვს, რომ მოლაპარაკება მისი ბლოკში მიღების თაობაზე მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს იმ პერსპექტივით, რომ ქვეყანა ორგანიზაციაში არაუგვიანეს 2028 წლის ივლისამდე იქნას მიღებული. ამასთან, უკრაინის მიღება არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, შეწყვეტს თუ არა რუსეთის აგრესიულ ომს“, - ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა: „გვინდა ნატოში მიღება ომის დამთავრებამდე“ (ავტორები - კონრად შულერი და შტეფან ლოკი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა და ნატოს ყოფილმა გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კოპენჰაგენში შეხვედრის დროს წარმოადგინეს „კონცეპტი“ - დოკუმენტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კიევის გამარჯვებას მოსკოვთან ომში.

დოკუმენტში გატარებულია აზრი, რომ ნატომ მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს მოლაპარაკება უკრაინასთან ქვეყნის ალიანსში მიღების მიზნით და ეს პროცესი 2028 წლის ივლისამდე უნდა დასრულდეს. ანდრეი ერმაკიც და ანდერს რასმუსენიც დარწმუნებულნი არიან, რომ ალიანსში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივის გარეშე უკრაინას კრახი ემუქრება.

დოკუმენტის თანაავტორებად ითვლებიან სხვა დასავლელი აწ უკვე გადამდგარი პოლიტიკოსებიც - აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკი. გერმანიიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა ნატოს გენმდივნის ყოფილმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ჰაინრიხ ბრაუსმა.

„კონცეპტში“, უკრაინის ნატოში მიღების მოთხოვნის გარდა, სხვა ზომებიცაა განხილული: „მოკავშირე ქვეყნებმა უკრაინას დახმარება თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 0,25%-მდე უნდა გაუზარდონ; უკრაინის დასავლეთი ნაწილი ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებით უნდა გადაიფაროს; რუსეთის გაყინული სახელმწიფო აქტივები (278 მილიარდი ევრო) უკრაინას უნდა გადაეცეს; სადაც კი გამოუყენებელი იარაღი იქნება, კიევისთვის უნდა გაეგზავნოს; არ უნდა იყოს გამორიცხული შავი ზღვის აკვატორიაში და უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ქვედანაყოფების შეყვანა...

„დასავლეთისა და ნატოს ქვეყნების მხრიდან ამასწინანდელი დახმარების დაგვიანებამ და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების ბუნდოვანმა პერსპექტივამ მოსკოვს რწმენა განუმტკიცა, რომ მას უკრაინაზე და მის მოკავშირეებზე გამარჯვება შეუძლია. ამიტომაც ნატომ მტკიცე და გაბედული ნაბიჯი უნდა გადადგას და უკრაინის მიღების პროცესი უნდა დაიწყოს. მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილება გამოაფხიზლებს და დაარწმუნებს რუსეთს, რომ ომში კრემლი ვერ გაიმარჯვებს და საბრძოლო მოქმედებები მიზნის შესრულებაში ვერ დაეხმარება“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის პრეზენტაცია დაემთხვა კიევში ენტონი ბლინკენის ვიზიტსა და ხარკოვის ოლქში რუსეთის არმიის მიერ დაწყებულ შეტევას.

წყარო: https://www.faz.net/aktuell/politik/ausland/nato-beitritt-der-ukraine-auch-vor-kriegsende-papier-zur-sicherheit-19718293.html

 

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way