USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
თბილისი
«Franfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „მათ ნებაყოფლობით უნდა გამოაცხადონ თავი აგენტებად“ (რა ხდება საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ)
თარიღი:  1942

„ალბათ, მათ საფლავებზე წარწერა იქნება - „არა! არა! არა!". ლეგენდარული ქართველი რეჟისორის რობერტ სტურუასთვის პროტესტები და მოწოდებები [სახელმწიფო სტრუქტურების] ბოიკოტის თაობაზე, რომლითაც საქართველოს კულტურის სცენა და საზოგადოება ორ შეურიგებელ ბანაკად იყოფა, ბურლესკურ (კომიკურ) სპექტაკლს წარმოადგენს: ‘საქართველო, თავისი არსით, დიდი თეატრია, რომელშიც ყოველი ადამიანი თავის როლს ასრულებს. მაგრამ ზოგიერთები გამოდიან არა ცალკედ, არამედ ჯგუფებად, რომლებიც საკუთარ თავს სხვებისგან განსხვავებულ, უფრო მნიშვნელოვან ფიგურებად თვლიან“, - წერს თბილისში მყოფი გერმანელი ჟურნალისტი კორნელიუს ვიულენკემპერი გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ (Franfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მათ ნებაყოფლობით უნდა გამოაცხადონ თავი აგენტებად“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამ დღეებში 85 წლის რობერტ სტურუა პირველად დგამს სცენაზე ქართულ ეროვნულ ეპოსს - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“. თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის გამზირზე მდებარე ეროვნული თატრის დიდ დარბაზში, რეპეტიციის შემდეგ, როცა მსახიობები რეჟისორის მკაცრი ინსტრუქციების შესაბამისად ისვენებენ, რობერტ სტურუა, ქურთუკზე მიმაგრებული მიკროფონით, მიხსნის, თუ რატომ არის დღეს აქტუალური რუსთაველის მიერ მე-12 საუკუნეში შექმნილი ჰეროიკული პოემა ღირსებაზე, ძმობა-მეგობრობაზე და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე. „მსოფლიომ დაკარგა თავისი ადამიანურობა, დაირღვა ადამიანებს შორის ტრადიციულად არსებული ურთიერთობები“, - ამბობს რეჟისორი.

საჩვენებელი ხელშეუხებლობა

ხელოვნების ოსტატი ეჭვობს, გადაიტანს თუ არა კაცობრიობა 2024 წელს, რომელიც ბირთვული ომის, პანდემიებისა და სტიქიური უბედურებების საფრთხის წინაშე დგას. როგოც ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე, რობერტ სტურუა საქართველოში, შეიძლება ითქვას, გარკვეული ხელშეუხებლობით სარგებლობს, რომელსაც იგი ზოგჯერ ყველასათვის დასანახად წარმოაჩენს ხოლმე. ამას წინათ მან ინტერვიუ პროსამთავრობო ტელეარხს საწოლიდან მისცა.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში რობერტ სტურუა დიდი აღიარებით სარგებლობდა „რკინის ფარდის“ ორივე მხარეს - თავისი სპექტაკლებითა და პირადი კრიტიკული დამოკიდებულებით კომუნისტური რეჟიმისადმი. 1974 წელს „ყვარყვარეს“ სახით მან დადგა მწარე პაროდია სტალინური რეპრესიული სისტემის შესახებ, რომელიც სწრაფად გახდა პოპულარული - იმ დროს ბევრი ვერ გაბედავდა და ვერ მისცემდა საკუთარ თავს ამგვარი სპექტაკლის დადგმის უფლებას. რობერტ სტურუას პოლიტიკური მსოფლმხედველობის თავისუფალი სული არავისთვის საიდუმლო არ არის: „ევროკავშირი ისეთივეა, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, უფრო უარესიც კი“, - თვლის რეჟისორი.

რობერტ სტურუას თქმით, დიდი ბრიტანეთი დღემდე ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მოახერხა და თავი დააღწია ევროკავშირის მეურვეობას. იგი პირადად წინააღმდეგია იმისა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. რეჟისორს არ სურს ისევ მოესწროს იმ დროს, როცა  რუსეთი რაც სურდა, იმას აკეთებდა. მას არ უნდა, რომ ვინმემ უკარნახოს ქართველებს, რა და როგორ უნდა გააკეთონ.

მსგავს ხედვებს და განცხადებებს საქართველოში ხშირად მოისმენთ ხანდაზმულ ადამიანებთან საუბრის დროს... თუმცა გამოკითხების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველომ ევროკავშირისაგან გასული წლის დეკემბერში მიიღო, ამჟამად შეჩერებულია - იმიტომ, რომ ოფიციალური თბილისი ანტიევროპულ პოზიციებს ამჟღავნებს და კიდევ იმის გამო, რომ ივნისში საქართველომ ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღო. ეს სამართლებრივი აქტი ძალიან ჰგავს რუსულ ანალოგიური შინაარსის მქონე კანონს „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს იურიდიულ და ფინანსურ შეზღუდვებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის მიმართ, რომლებიც მთავრობის კრიტიკას გაბედავენ.

კულტურის მუშაკთა საკვანძო როლი მასობრივი პროტესტების დროს

გაზაფხულზე საქართველოს რიგ ქალაქებში მომხდარი მასობრივი პროტესტების დროს, რომლებიც მთავრობის ევროპული კურსის ცვლილების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საკვანძო როლი შეასრულეს.

დამოუკიდებელი ხმების ჩახშობა კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაიწყო, რომელმაც კულტურის დაწესებულებებში მომუშავე გამოცდილი მენეჯერები მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი ისეთი ჩინოვნიკებით შეცვალა, რომლებთაგან უმრავლესობა პროფესიონალები არ იყვნენ.

მას შემდეგ ვითარება გამწვავებულია: ჯერ ერთი, რომ მინისტრმა სამსახურიდან თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რამდენიმე სასამართლო პროცესი წააგო; მეორე ის, რომ კულტურის მუშაკებმა სახელმწიფო სტრუქტურებს ბოიკოტი გამოუცხადეს: მწერალთა სახლის პრესტიჟული პრემიის „ლიტერას“ მინიჭება გარკვეული ვადით გადატანილი იქნა, რადგანაც მთავრობის მიერ დანიშნულმა ჟიურის წევრებმა თავიანთი თანხმობა უკან გაიწვიეს. გარდა ამისა, ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე საქართველოს წარმოადგენს პრესტიჟული გამომცემლობა „ინტელექტი“, რომელმაც გასული წლიდან საერთოდ უარი განაცხადა სახელმწიფოს მხარდაჭერისაგან. გამომცემლობის მენეჯერი გვანცა ჯობავა გამოცხადებულ ბოიკოტს საზოგადოების „რესოვეტიზაციის“ წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად თვლის და მაბობს, რომ საგამომცემლო ინდუსტრიისათვის დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვა უზენაესი პრიორიტეტი უნდა იყოს.

მწერალი, სცენარისტი და რეჟისორი ივა ფეზუაშვილი, რომელმაც 2022 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო რომანისათვის „ბუნკერი“ (მასში ასახულია საქართველოში დემოკრატიაზე გადასვლის დროს წარმოქმნილი პრობლემები), ერთ-ერთია იმ 500 ავტორთაგან, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფო მხარდაჭერაზე, ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საპრიზო ფონდებთან თანამშრომლობაზე, მთარგმნელობით პროგრამებზე და ა.შ.

რუსეთი როგორც თავალსაჩინო მაგალითი

მე ივა ფეზუაშვილს თბილისის ვაკის რაიონის ერთ-ერთ კაფეში შევხვდი, ახლო-მახლო მდებარე შენობების კედლები რუსეთის სალანძღავი სიტყვებით არიან „შემკულნი“, არის ბევრი პროევროპული ლოზუნგიც. „ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება - ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რა ხდება რუსეთში მსგავსი კანონის მიღების შემდეგ“, - ამბობს ივა ფეზუაშვილი, - იქ ზოგიერთი წიგნი მხოლოდ შავ ყდებში იყიდება - იმიტომ, რომ ავტორები უცხოელ აგენტებად არიან აღიარებულნი“.

ივა ფეზუაშვილისათვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება მაღალი ფსონს ნიშნავს, რადგან მას ოჯახი ჰყავს და სასწორზე ბევრი რამ არის დადებული. მისთვის ძნელია იმის წარმოდგენა, თუ რა მოუვა, როცა ოქტომბრის არჩევნებში ისევ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს: ყველაზე მცირე - ან შეავიწროვებენ და ყველაზე უარესი - შეიძლება დააპატიმრონ და საპყრობილეში ჩასვან, რადგან იგი მთავრობის მოწინააღმდეგეა.

საფრთხესა და მუქარას გრძნობს არამარტო კულტურული საზოგადოების ნაწილი, არამედ დამოუკიდებელი მასმედიის ბევრი წარმომადგენელიც. 32 წლის ჟურნალისტმა ნინო ბაქრაძემ 2016 წელს ევროკავშირისა და აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით საგამოძიებო ონლაინ-პლატფორმა ifact შექმნა, სადაც 16 თანამშრომელი მუშაობს. ისინი აშუქებენ ისეთ თემებს, რომელთა შესახებ პროსამთავრობო ტელევიზიებში არ ლაპარაკობენ. იკვლევდა რა ევროკავშირის წინაშე საქართველოს მთავრობის მიერ დაპირებული რეფორმების გატარების გაჭიანურებას, მას სახელისუფლო სტრუქტურებში ცივად ხვდებოდნენ და მის სატელეფონო ზარებს და კითხვებს უპასუხოდ ტოვებდნენ. ნინო ბაქრაძის თქმით, იგი არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდება „ნებაყოფლობით“ „უცხოელ აგენტად“ პირველ სექტემბრამდე, როგორც ამას მთავრობა მოითხოვს უცხოეთიდან დაფინასებული ორგანიზაციებისაგან. მართალია, მას ჯარიმა ელოდება 20 ათასი ევროს ოდენობით, მაგრამ მაინც. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ის და მისი მეგობრები ეძებდნენ ჯარიმის გვერდის ავლის გზებს, რათა მუშაობა არჩევნებამდე მაინც გააგრძელონ. ისინი დაელოდებიან არჩევნების შედეგებს და გადაწყვეტენ - დატოვონ ქვეყანა თუ დარჩნენ.

მთავრობა, რა თქმა უნდა, უკვე ეძენს და პოულობს სიტყვისა და ხელოვნების თავისუფლების შემზღუდავ საშუალებებს. აპრილში პრესტიჟული თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დარჩა. „მინისტრს ჩვენ, უბრალოდ, არ მოვწონვართ“, - ამბობს ფესტივალის ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე, რომელიც 2019 წლიდან ქართული ეროვნული კინოცენტრის დირექტორი იყო, 2022 წელს კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

რამდენიმე დღის წინ გაგა ჩხეიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა მოთხოვნით, რომ ფესტივალს 13 ათასი ევრო გადაუხადონ, კანონის თანახმად. სამაგიეროდ, მან მიიღო  შეტყობინება, რომ კინოფესტივალი პირველ სექტემბრამდე „არასამთავრობო ორგანიზაციად უნდა დაარეგისტრიროს, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება“. რეგისტრაციის შემდეგ კი ის უკვე შეიძლება დევნა-შევიწროვების ობიექტი გახდეს..

„ჩვენ არ გვინდა, რომ აგენტები გვერქვას. ჩვენ ქართული საქმეებით ვართ დაკავებულები და არცერთ სხვა სახელმწიფოს ინტერესებს არ წარმოვადგენთ“, - ამბობს გაგა ჩხეიძე. საქმე იმაშია, რომ ახალი კანონი ნებას აძლევს მთავრობას აკრძალოს ისეთი ფილმები, რომლებიც მმართველ პარტიას არ მოსწონს.

ხელოვნების ინსტრუმენტალიზაცია

რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ის, რასაც ეროვნული თეატრის მთავარი რეჟისორი რობერტ სტურუა აცხადებს - „საქართველოს არალიბერალურ კურსს წინააღმდეგობას უწევენ ის ადამიანები, რომლებმაც „თავიანთი ტალანტი უკვე დიდი ხანია დახარჯეს და ახლა მთელ მსოფლიოზე გაბრაზებულნი არიან“?   კულტურის სფეროს მენეჯერი იოსებ ბაკურაძე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რობერტ სტურუასთან, მაგრამ ახლა უკვე 15 წელია წარმატებით ატარებს გასტროლებს თავისი  დამოუკიდებელი „მოძრაობის თეატრით“, რობერტ სტურუას ნათქვამში ეჭვი შეაქვს.  იოსებ ბაკურაძე აკვირდებოდა, თუ როგორ ახდენდა მთავრობა კულტურის ინსტრუმენტალიზებას. მას არაერთხელ შეუმჩნევია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული თეატრების კოლექტივები ბევრჯერ წაუყვანიათ ავტობუსებით „ქართული ოცნების“ კანდიდატების საჯარო გამოსვლებზე. ამას წინათ, როცა მისმა დამ, კინოპროდიუსერმა ანანო ბაკურაძემ თავის ონლაინ-არხზე სამსახურიდან გათავისუფლებულ მენეჯერებთან ინტერვიუები გამოაქვეყნა, კულტურის სამინისტრომ „მოძრაობის თეატრთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა.

წყარო: https://www.faz.net/aktuell/feuilleton/buehne-und-konzert/georgiens-kulturszene-unter-druck-19913511.html

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის