USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
რამდენად ძვირია თბილისში ცხოვრება რეგიონის ქვეყნების დედაქალაქებთან შედარებით
Date:  791
ლიკა მეგუთნიშვილი
 

წყარო: https://bm.ge/

გლობალურ მონაცემთა სისტემა Numbeo-მ, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს ქალაქებში ცხოვრების ხარჯების ინდექსს აანალიზებს, ამჟამად 389 ქალაქის მონაცემები შეისწავლა და 2024 წლის ცხოვრების ხარჯების ინდექსი ისეთი ინდიკატორების საფუძველზე დათვალა, როგორიცაა: სამომხმარებლო საქონლის, ბინის ქირის, კვების, კაფეებისა და რესტორნებში ვიზიტების, ასევე სატრანსპორტო მომსახურების ხარჯები.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქებს შორის თბილისი და ბათუმიც მოხვდა. როგორც Numbeo-ს 2024 წლის ანგარიშიდან დგინდება, ცხოვრების ხარჯების ინდექსის თვალსაზრისით თბილისი 387 ქვეყანას შორის 254-ე ადგილზე ხვდება, ხოლო ბათუმი 290-ზე.

თბილისის შემთხვევაში, 4-სულიანი ოჯახის ცხოვრების საშუალო თვიური ხარჯი ქირის გარეშე 6 026 ლარია, ანალოგიურ შემთხვევაში ხარჯი ერთი ადამიანისთვის კი 1668 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ქირას, ქალაქის ცენტრში 1 საძინებლიანი ბინის საშუალო ფასი თვიურად 2 118 ლარს შეადგენს, ხოლო გარეუბანში 1420 ლარს უტოლდება.

ბათუმის შემთხვევაში ირკვევა, რომ ოთხსულიანი ოჯახის ხარჯი ერთი თვის განმავლობაში 5435 ლარით განისაზღვრება, ხოლო ერთი ადამიანის ხარჯი 1523 ლარს შეადგენს. ქალაქის ცენტრში ერთსაძინებლიანი ბინის ქირის საშუალო ფასი 1433 ლარია, ხოლო გარეუბანში 1041 ლარი. თბილისში ცხოვრების საშუალო ხარჯი ბათუმთან შედარებით 11.45%-ით, ხოლო ქირის ღირებულება 30.6%-ით მეტია. საქართველოს დედაქალაქში ცხოვრების ღირებულება დაახლოებით იგივეა, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე და ასევე რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში.

რეგიონის ქვეყნების დედაქალაქებს თუ შევადარებთ თბილისში ცხოვრების ხარჯი 5%-ით, ხოლო ქირის ფასი 7%-ით აღემატება სტამბოლის ფასებს. ბაქოსთან შედარებით ჩვენს დედაქალაქში ცხოვრების ხარჯი 13.8%-ით, ხოლო ქირის ფასი 42.6%-ით მეტია. სამაგიეროდ როგორც ცხოვრების ხარჯების, ისე ქირის საშუალო ხარჯი ჩვენთან უფრო ნაკლებია ვიდრე სომხეთის დედაქალაქში. უფრო კონკრეტულად, ერევანში ცხოვრების ღირებულება 3%-ით აღემატება თბილისის მაჩვენებელს, ხოლო ქირის ფასი 9.5%-ით მეტია.

ყაზახეთს და ყირგიზეთის დედაქალაქებს თუ შევედრებით, ცალსახაა რომ როგორც ცხოვრების ყოველთვიური ხარჯი, ისე ბინის საშუალო ქირა თბილისში უფრო მაღალია. ცხოვრების ხარჯი ასტანასთან შედარებით ჩვენთან 12.3%-ით მეტია, ხოლო ბინის დაქირავება 34.4%-ით ძვირი ჯდება. ბიშკეკთან შედარებით კი სხვაობა უფრო დიდია, თბილისში ცხოვრების საშუალო ხარჯი ყირგიზეთის დედაქალაქის მაჩვენებელს 27.9%-ით აღემატება, ხოლო ბინის ქირა თბილისში 40.2%-ით უფრო ძვირია.

სხვათა შორის თბილისში როგორც ცხოვრების, ისე ქირის ხარჯი მეტია კიევთან შედარებითაც. ცხოვრების ხარჯი 18.6%-ით უფრო მეტია ჩვენთან ვიდრე უკრაინის დედაქალაქში, ხოლო ქირის ფასში გაცილებით დიდი სხვაობა და ბინის ქირის საშუალო ღირებულება კიევთან შედარებით თბილისში თითქმის 40%-ით მეტია.

Numbeo-ს მიხედვით ცხოვრების ყველაზე მაღალი ხარჯები ბერმუდას დედაქალაქ ჰამილტონშია. თბილისთან შედარებით საშუალო თვიური ხარჯი იქ 251%-ით, ხოლო ქირის ფასი 400%-ით მეტია. ჰამილტონის შემდეგ ცხოვრების ყველაზე მაღალი ნიუ-იორკში, ციურიხში, ჟენევაში, სან ფრანცისკოსა და ბაზელშია. რეიტინგის ათეულში ასევე ვხვდებით ლოზანას, სან დიეგოს, ბოსტონსა და სან-ხოსეს

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way