USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
რამდენ ფულს და რაში დახარჯავს საქართველოს სახელმწიფო 2021 წელს
дата:  463

როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტმა 2020 წლის 29 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებოდნენ, 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ, 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

მიღებული დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები 18.4 მილიარდი ლარი იქნება, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა, ბიუჯეტის ზრდის მთავარი ფაქტორი ახალი საგარეო ვალები იქნება, რომელთა შედეგადაც მთავრობის ვალის მოცულობა მშპ-ის 60%-ს გადააჭარბებს. 

ბიუჯეტის პროექტით არ მცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, მეტიც სამთავრობო აპარატის სახელფასო ფონდი 60 მილიონი ლარით 1.61 მილიარდ ლარამდე იზრდება.

მომდევნო წელს ყველაზე მეტი თანხით კვლავ ჯანდაცვის სამინისტრო დაფინანსება არის დაგეგმილი - უწყების ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით იზრდება და ის 5.56 მილიარდ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის ზრდას განაპირობებს როგორც პენსიის ინდექსაციის ახალი კანონი, რომლითაც პირველი იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდება, ასევე, ქვეყანაში დაწესებული "ლოქდაუნის" გამო, ბიუჯეტი სოციალურად დაუცველთათვის 6 თვით 100-ლარიან დახმარებებსაც დააფინანსებს.

ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ხარჯები დამოუკიდებელი "კულტურისა და სპორტის" სამინისტროსთვის, რომელიც ამჟამად განათლების სამინისტროს ქოლგის ქვეშაა, შესაბამისად ამ ცვლილებას 2021 წელს ბიუჯეტის კორექტირება დასჭირდება. 

2021 წლის ბიუჯეტის მიმართულებები ასეთია:

ჯანდაცვის სამინისტრო - 5.56 მილიარდი ლარი, სამინისტროს დაფინანსება 48 მილიონით იზრდება;

მათ შორის სოციალური დაცვის ბიუჯეტი 3.84 მილიარდი ლარით განისაზღვრება;
მათ შორის ჯანდაცვის პროგრამების ხარჯი 1.54 მილიარდი ლარით განისაზღვრება;
მათ შორის დევნილთა განსახლება 72 მილიონი ლარით განისაზღვრება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 2.42 მილიარდი ლარი, სამინისტროს დაფინანსება 551 მილიონი ლარით იზრდება;

მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია 1.53 მილიარდი ლარით განისაზღვრება;
მსხვილი საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალი ასეთია:

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB, WB) – 60.0 მლნ ლარი;
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხევი უბისას მონაკვეთის რეკონსტრუქცია - მშენებლობა (ADB) – 130.0 მლნ ლარი;
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის უბისა შორაპნის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB) – 150.0 მლნ ლარი;
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შორაპანი არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (ADB) – 40.0 მლნ ლარი;
o აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) (EIB, WB) – 80.0 მლნ ლარი;
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ 0-კმ 50 მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობა (EIB, EU) – 65.0 მლნ ლარი;
სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ64 გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა (EIB) – 70.0 მლნ ლარი;
ქ. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა (ADB, AIIB) – 80.0 მლნ ლარი;
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა (ADB, EBRD) – 80.0 მლნ ლარი;
ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია - 80.0 მლნ ლარი;
ზემო იმერეთი (საჩხერე) - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 35.0 მლნ ლარი;
ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია (Kuwait Fund) – 30.0 მლნ ლარი;

წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 348.7 მლნ ლარით განისაზღვრება;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 2020 წელთან შედარებით 264.5 მილიონი ლარით იზრდება და 1.8 მილიარდი ლარით განისაზღვრება;

მათ შორის სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1.03 მილიარდი ლარით დაფინანსდება, რაც 2020 წელთან შედარებით 22 მილიონი ლარით მეტია;
პროფესიულ განათლებაზე სამინისტრო 62.5 მილიონ ლარს მიმართავს, რაც 10 მილიონი ლარით მეტია 2020 წლის მავენებელზე;
ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე კი 137 მილიონი ლარი დაიხარჯება, მათ შორის სპორტულ ინფრასტრუქტურაზე 46 მილიონი ლარი მიიმართება;
სამინისტროში კულტურის ბიუჯეტი 69.5 მილიონი ლარით;
სპორტის დაფინანსება კი 122 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. გრძელდება ფეხბურთის განვითარების პროგრამა და ფეხბურთის განვითარების ფონდს 37 მილიონი ლარი გამოეყოფა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 463.6 მლნ ლარს, უწყების დაფინანსება 2020 წელთან შედარებით 13 მილიონი ლარით მცირდება;

მათ შორის 115 მილიონი ლარით დაფინანსდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა;
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში 206.7 მილიონი ლარი დაიხარჯება;
მევენახეობა-მეღვინეობის დაფინანსება 61.8 მილიონი ლარი იქნება;
სურსათის უვნებლობაზე კი 29.9 მილიონი ლარი დაიხარჯება.
სამელიორაციო სისტემების განვითარებაზე 90.7 მილიონი ლარი მიიმართება;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 352 მილიონი ლარით მცირდება და ის 469.8 მილიონი ლარით განისაზღვრება. კლება ძირითადად პროგრამა “აწარმოე საქართველოშის” ეხება, რომლის ბიუჯეტიც 300 მილიონი ლარით მცირდება და ის 157 მილიონი ლარით განისაზღვრება. კლება “საკრედიტო საგარანტიო პროგრამის” დაფინანსების შემცირებას უკავშირდება.

25 მილიონი ლარით იზრდება ინოვაციების სააგენტოს ბიუჯეტი და ის 28.7 მილიონ ლარს მიაღწევს.

ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციაზე 51 მილიონი ლარი მიიმართება;
COVID კარანტინის ზონების დაფინანსებას სამინისტრო 50 მილიონი ლარით გეგმავს.

ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი 88.9 მილიონ ლარამდე იზრდება, მატება 8 მილიონ ლარია.

იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 246.5 მლნ ლარი, რაც 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით 22 მილიონი ლარით მეტია.

მათ შორის მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია 30,4 მლნ ლარი, პენიტენციური სისტემის მართვისთვის 156.5 მლნ ლარზე მეტი, ხოლო იუსტიციის სახლის მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობის პროგრამის დაფინანსებისათვის - 16.5 მლნ ლარის ოდენობით.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 174.2 მლნ ლარი, რაც 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით 18.2 მილიონი ლარით მეტია.

სამინისტროს დაფინანსების ზრდა ძირითადად გამოწვეულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების დაფინანსების გაზრდით, ასევე დამატებით 2.0 მლნ ლარი გათვალისწინებულია დიასპორული პოლიტიკის მიმართულებით ლევილის მამულის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებასთან;

თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 900.0 მლნ ლარი, რაც 2020 წელთან შედარებით 95 მილიონი ლარით მეტია.

ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ უწყების დაფინანსების ზრდა განპირობებულია NATO-სთან თავსებადობის პრინციპით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ მშპ-ის 2%-ის ოდენობის ხარჯები თავდაცვის სისტემის დასაფინანსებლად უნდა გაიღოს.

“ამასთან გასათვალისწინებლია, რომ NATO-ს ქვეყნების თავდაცვის ხარჯების კლასიფიკატორის მიხედვით თავდაცვის მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებების მიერ მისამართი სახსრები (შინაგანი ჯარის და საზღვრის დაცვის პერსონალის ხარჯების, საპენსიო შენატანების, თავდაცვის ძალებიდან დათხოვნილ პირთა კომპენსაციების და სხვა NATO-ს კლასიფიკატორით განსაზღვრული შესაბამისი ხარჯების გათვალისწინებით) აღწევს 1 100.0 მლნ ლარს, რაც 2021 წლისათვის პროგნოზირებული მშპ-ის 2%-ს შეადგენს,”- ნათქვამია ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 790.0 მლნ ლარი, რაც 2020 წელთან შედარებით 30 მილიონი ლარით მეტია. უწყებაში შრომის ანაზღაურების მოცულობა 498 მილიონი ლარიდან 525 მილიონ ლარამდე იზრდება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 137.5 მლნ ლარი, რა 2020 წელთან შედარეებით 1 მილიონით მეტია;

საქართველოს პროკურატურისთვის გათვალისწინებულია 41.4 მლნ ლარი, უწყების დაფინანსება 0.1 მლნ ლარით იზრდება;

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გათვალისწინებულია 60.4 მლნ ლარი, უწყების დაფინანსება 2 მილიონი ლარით იზრდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო დაფინანსება 2021 წელს 0.5 მილიონი ლარით იზრდება და ის 69.2 მილიონი ლარით განისაზღვრება;

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით უმცირდება და ის 70.5 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати