2023 წლის 24-25 ივლისის შეჯამება უკრაინაში:
- ბახმუტის სამხრეთით საბრძოლო მოქმედებები კრიტიკულ ფაზაში შევიდა: უკრაინელთა შტურმი მიმდინარეობს კლიშჩიივკაზე, რომელიც რუსული საოკუპაციო ძალებისათვის უმთავრეს საყრდენ დასახლებას წარმოადგენს ბახმუტის სამხრეთით. დასახლების მინიმუმ ნახევარი უკრაინელთა კონტროლქვეშაა, ხოლო მეორე ნახევარში შეტაკებები გრძელდება.
კლიშჩიივკას სამხრეთით, მეორე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პუნქტი, ანდრიივკა, უკრაინული წარმატებული შტურმის შემდეგ თითქმის სრულადაა გაწმენდილი. რუსულმა ძირითადმა ნაწილებმა დასახლებიდან სარკინიგზო ხაზის მიმართულებით დაიხიეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯერ ანდრიივკას სრული გაწმენდა არ დასრულებულა და ამიტომაც ვერ ვხედავთ დროშას მის თავზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ანდრიივკა ორ უმნიშვნელოვანეს დასახლებას შორის - კურდიუმივკასა და კლიშჩიივკას შორის მდებარეობს.
უკრაინული სამხედრო ნაწილები ინტენსიურად უტევენ კურდიუმივკასაც. ამ დასახლებაზე უკრაინელთა დაწოლა ბოლო ორ დღეში კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.
ამ ფონზე, მხოლოდ დღეს, ბახმუტის მიმართულებაზე ორი რუსული Ka-52 შვეულმფრენი იქნა ჩამოგდებული.
- ბოლო 48 საათის განმავლობაში რამდენჯერმე დაიბომბა ყირიმი, მათ შორის აფეთქებების ხმა ისმოდა როგორც ევპატორიაში ისე სევასტოპოლში. არის ვერსია, რომ უკრაინელები ჯერ დრონებს უსევენ მასიურად, რასაც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადატვირთვა მოჰყვება ხოლმე, ხოლო შემდგომ, მათ მიჰყვება ფრთოსანი რაკეტები. თუმცა ეს ტაქტიკა მხოლოდ ვერსიაა და საეჭვოა ან უკრაინელები მიერ იქნას ზუსტად დადასტურებული. ამ ფონზე რუსებს არამხოლოდ სამხედრო მომარაგებაში უჭირთ, არამედ სამოქალაქოშიც, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაციას ნახევარკუნძულიდან არ ზღუდავენ.
- ოდესის მიმართულებით რუსული იერიშები არ წყდება. ყველა იერიშის საბოლოო მიზანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაა. ბოლო დაბომბვები მარცვლეული საცავების წინააღმდეგ განხორციელდა. მსოფლიოს ყველაზე გაღარიბებულ ზონებში ხელოვნური შიმშილის და შემდგომ მისგან გამოწვეული ომებისა და მიგრაციის ხელშეწყობა რუსული დღის წესრიგია.
- გაჩნდა ვარაუდი, რომ უკრაინელები რუმინეთში, დუნაის გავლით განახორციელებენ მარცვლეულის გატანას. ამისათვის უკრაინას მდინარეზე ორი დიდი საპორტო ქალაქი - იზმაილი და რენი აქვს.
- სამხრეთში, ზაპორიჟიას ოლქში უკრაინელები აქტიურად უტევენ რობოტინესა და მასზე გამავალ რუსულ თავდაცვის ზღუდეს. უკრაინელები იყენებენ ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, არტილერიას და მათ ხელთ არსებულ თითქმის ყველა სახის შეიარაღებას. იერიშის ძირითად ბირთვს 47-ე ბრიგადა წარმართავს, რომელიც დიდ ბრიტანეთშია გადამზადებული. უკრაინული შეტევა შემაღლებული რობოტინეს მიმართულებით (სიმაღლეები ზაპორიჟიაში განსაკუთრებით ცოტაა თან) როგორც დასავლეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან მიმდინარეობს - პრაქტიკულად სამი მხრიდან უტევენ მას. ძალიან დიდ ფსონს დებს როგორც უკრაინა ისე რუსეთი ამ მიმართულების გარღვევა-შენარჩუნებაზე.
- რუსები საუბრობენ, რომ შავ ზღვაში უკრაინული წყლის ზედა დრონები საპატრულო ხომალდ "სერგეი კოტოვს" დაესხნენ თავს. თუმცა ხომალდი გადარჩა. რეალურად რა მოხდა - უცნობია.
- გააქტიურდა უკრაინული დაჯგუფება ხერსონის ოლქში, მდინარე დნერპრის აღმოსავლეთ ნაწილზე, ანტონოვის ხიდის მოპირდაპირედ, დაჩების ტერიტორიაზე. პრაქტიკულად, ბოლო სამი კვირა საბრძოლო მოქმედებები ამ მიმართულებით პოზიციურ ხასიათს ატარებდა და რუსებმა ვერ შეძლეს უკრაინული დესატნის განადგურება. ახლა უკრაინელები ცდილობენ მდინარის გასწვრივ პერიმეტრზე გაიფართოონ პლაცდარმი და სამხრეთ-დასავლეთიდან მიუახლოვდნენ ოლეშკის - რუსული საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი უმთავრეს დასახლებას ხერსონის ოლქში.
- წინ წაიწიეს რუსებმა სვატოვეს გასწვრივ, ლუგანსკის ოლქში. მათ პატარა დასახლება სერგიივკა აიღეს და პრაქტიკულად გაემიჯნენ ხარკივი-ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარს. ბოლო კვირებია რუსები ამ მიმართულებით მეთოდურ, განმეორებად იერიშებს ახორციელებენ და იმ ფონზე, რომ უკრაინელი მცველების ნაწილი კუპიანსკის ან კრემინას მიმართულებაზეა გადასროლილი, ეს მონაკვეთი რუსებმა იერიშისათვის ეფექტურად გამოიყენეს. საბრძოლო მოქმედების დინამიკისათვის, სერგიივკას დაკარგვა ბევრს არაფერს ცვლის, მაგრამ რუსები ამ მიმართულების გამოყენებას აშკარად კვლავ ეცდებიან.
- რუსეთში ვისაც გაწვევა მოუვა და ეს ელექტრონულ სისტემაში აიტვირთება ის მოქალაქე ქვეყანას ვეღარ დატოვებს. პრაქტიკულად მობილიზაციის ახალ სტადიაზე გადადის რუსეთი.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე