USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
Date:  448
2023 წლის 20 ივლისის შეჯამება უკრაინაში:
დასავლელი სამხედრო ექსპერტები, რომლებმაც ადგილზე შეისწავლეს მდგომარეობა აფასებენ უკრაინულ კონტრშეტევას და ამბობენ, რომ [გთავაზობთ პერიფრაზირებით თარგმანს]:
1. მოცემულ ეტაპზე უკრაინელთა კონტრშეტევაში ძირითადად ჩაბმულები არიან ქვეითი ძალები, რომელთაც ზურგს უმაგრებს არტილერია. შესაბამისად, წარმატება-წარუმატებლობა იზომება არა კილომეტრებით, არამედ მეტრობით. მექანიზებული ნაწილების დეფიციტი გამოწვეულია არა მათი ნაკლებობით, არამედ დანაღმული პერიმეტრითა და მანევრირების საშუალების არარსებობით - ისეთი ადგილი ცოტაა, სადაც არც სატანკო თხრილია და არც დანაღმული მდელო.
2. დიდი მასშტაბის სამხედრო ძალები უკრაინელებს თავმოყრილი აქვთ, მაგრამ მათ შორის სინქრონიზაცია ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. შესაბამისად, შემტევი ნაწილები ისევ მცირე მასშტაბით ახორციელებენ შეტევებს. ამით მათი მართვა ადვილდება. ზოგადად, ძალიან რთულია დიდი სამხედრო ძალების სრული სინქრონიზაცია. ამაზე NATO ძალიან დიდ დროსა და ფულს ხარჯავს ხოლმე.
3. უკრაინული სტრატეგია ახლა მთლიანად აგებულია მოწინააღმდეგის გამოფიტვაზე. რეალურად, უკრაინული არტილერია უწყვეტად ბომბავს რუსულ პოზიციებს, ახორციელებს კონტრბატარეულ ცეცხლს (საარტილერიო დანადგარებზე ნადირობს), ანადგურებს მოწინააღმდეგის საწყობებს და ქმნის მასშტაბურ დეფიციტს. ამ პროცესში კასეტური ამუნიცია საკვანძო როლს შეასრულებს. გამოფიტული რუსული ნაწილები კი ნიშნავს, რომ უკრაინელებს შეტევის საშუალება მიეცემათ.
4. დანაღმული მდელოები დიდი პრობლემაა, მაგრამ მათი გადაჭრა სინქრონიზებული და მასშტაბური შეტევით შეიძლება, რისი არარსებობის პირობებშიც, რამდენიმე წერტილის მიმართულებით წამოწყებული იერიშები რუსულ თავდაცვას შედარებით უადვილებს საქმეს.
5. თუკი რუსულ არმიაში მორალის უეცარი დაცემა არ მოხდა გამოფიტვა ყველაზე სწორი გზაა, რომლითაც ამის მიღწევა შესაძლებელია. მაგრამ ეს რუსეთს საშუალებას აძლევს რეზერვები ჩართოს იქ, სადაც ყველაზე მეტად გაუჭირდება ამ მხრივ. ამიტომ, მხოლოდ გამოფიტვაზე ორიენტირება პროცესის გრძელვადიან გაჭიანურებაზე მიუთითებს.
6. რუსული არმიის ზურგის გამოფიტვის ნიშნები ჯერ არ არის. შესაძლოა ჭურვები და მომარაგება შემცირებულია, მაგრამ რუსები ცდილობენ იმგვარი კონტრღონისძიებების განხორციელებას (სავარაუდოდ, მიწოდების დივერსიფიკაციას), რომ HIMARS-ის თუ ფრთოსანი რაკეტების მიერ მიყენებული ზარალი შეამციროს. სრული დეგრადირების პირობებშიც კი, თავდაცვაში მყოფ რუსულ სამხედრო ძალებს საშუალება ექნებათ რეზერვების გამოყენებით ცალკეულ მიმართულებაზე შეაჩეროს უკრაინული კონტრშეტევა. ამ ყველაფრის გადასაჭრელად, უკრაინელებმა უნდა მიმართონ მასირებულ და სინქრონულ შეტევას რამდენიმე მიმართულებიდან ერთდროულად, რაც რუსულ თავდაცვას ჩამოშლის საფრთხის წინაშე დააყენებს და აიძულებს აირჩიოს რომელიმე ერთი პრიორიტეტული მიმართულება. სხვა შემთხვევაში კი უკრაინული წინსვლა მცირე და ნელი იქნება.
7. რუსული სამხედრო ძალები სხვადასხვაგვარია. ზოგიერთ მათგანს უფრო მეტად დაეტყო გამოფიტვა და ზოგმა მოახერხა ახალი ტაქტიკის ათვისება. ამიტომაცაა, რომ ზოგან უკრაინელებმა წინსვლა შეძლეს და ზოგან - ვერ.
8. საარტილერიო ბრძოლაში უკრაინელებმა ზოგიერთი მიმართულებით აშკარა უპირატესობა მოიპოვეს (ჭურვების თვალსაზრისით - დიახ, მაგრამ სარაკეტო არტილერიის ნაწილში არა), მაგრამ ეს საკმარისი არ არის რუსული თავდაცვის სრული გარღვევისათვის. ლოკალური წინსვლა ამიტომ აქვთ უკრაინელებს, მაგრამ რუსული არმიის მასშტაბურ ჩამოშლას ვერ ვხედავთ.
9. დასავლური შეიარაღება მნიშვნელოვანია და მისი უწყვეტი შედინება უნდა მოხდეს, მაგრამ თუკი მათი გამოყენების სინქრონიზაცია არ მოხდა მას მხოლოდ გრძელვადიანად შეიძლება ჰქონდეს რაიმე ეფექტი. ამასთან, დასავლური შეიარაღების სრული ინტეგრაციაა მნიშვნელოვანი და არა ერთი ლოკალური ჯგუფის მიერ მათი კარგი ათვისება.
10. ნაღმსაწინააღმდეგო შეიარაღება კრიტიკული მნიშვნელობისაა, მაგრამ მისი სინქრონიზაციაც საკვანძოა. ანუ მხოლოდ ერთი დაჯგუფება ერთ კონკრეტულ მონაკვეთში ახორციელებდეს ამას - ვერ შეძლებს ხელშესახები წარმატების მიღწევას.
11. როგორც არ უნდა იყოს საარტილერიო ბრძოლის შედეგები ის მაინც დეფიციტურია წარმოების სიმცირის პირობებში.
12. ჯერჯერობით, უკრაინელთა ტაქტიკა რუსულ პოზიციებზე არტილერიის მხარდაჭერით პირდაპირი [ლოკალური] თავდასხმაა, რომელსაც მხოლოდ სადაზვერვო ხასიათი არ აქვს.
13. ეფექტურია კიბეროპერაციები. მოწინააღმდეგის აღმოჩენაში ტექნიკური უპირატესობა კრიტიკულ როლს თამაშობს, ხოლო Starklink-ის ინტერნეტ-სისტემა საკვანძოა უკრაინელებისათვის.
14. უკრაინელ ოფიცერთა და სამხედროთა მორალი შესამჩნევად მაღალია, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ახალგაზრდებთან ერთად, ბევრი ასაკოვანიც გამოჩნდა საბრძოლო მოქმედების ზონაში, რაც მთლიანობაში უკრაინელთა მხრიდან ხარისხზე აისახება.
15. მხოლოდ იმ მიზეზის დასახელება, რომ დასავლური იარაღის მიწოდება არ ხდება უკრაინისათვის - პრობლემის მარტო ერთ ნაწილზე საუბარს ჰგავს. არის სხვა პრობლემებიც.
16. იმის თქმა არ შეიძლება, რომ იარაღის მიწოდება უნდა შემცირდეს, პირიქით, გამოფიტვა ითხოვს ამუნიციის დინების უწყვეტობას. მაგრამ ადგილზე მყოფი სამხედროები იაზრებენ, რომ კოორდინაციაში, სინქრონიზაციაში, ტაქტიკებსა და საბჭოთა დროინდელ მიდგომებში სერიოზული პრობლემა აქვთ და მათ გადაჭრაზე მუშაობაა საჭირო. მოდერნულ ომში, მოდერნული ტექნოლოგიებისა და დოქტრინების გამოყენებით რუსეთის შანსები ძალიან მცირეა.
ზოგადი შეფასებისას სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ უკრაინის არმიას ტექნიკური პრობლემები იმდენი არ აქვს, რამდენიც ბიუროკრატიული და ტაქტიკური. თუკი ამ მიმართულებით მიდგომა შეიცვლება და უკრაინელები შეძლებენ სინქრონიზებულ და მასშტაბურ შეტევას - მთლიანად შეიცვლება დინამიკა ფრონტის ხაზზე. თუმცა არც იმას უარყოფენ რომ ახლა, შუა ომის დროს დიდი ცვლილებების განხორციელება ძალიან რთული იქნება. ამასთან, კასეტური შეიარაღების მიღებისა და მათი მხრიდან რუსული ნაწილების გამოფიტვისა და დანაღმული მდელოების გაწმდენის შემდეგ, უკრაინელებმა ეს შანსი ეფექტურად უნდა გამოიყენონ და განახორციელონ იერიში. რისი მოლოდინიც არსებობდა და არსებობს.
მეორეს მხრივ, უკრაინელები პასუად აცხადებენ იმას, რომ საბჭოთა დიქტრინით რომ ეხელმძღვანელათ და მანევრული ომი ეწარმოებინათ, ამისათვის ასობით კი არა ათასობით ტექნიკა დასჭირდებოდათ, რადგან სწორედ ამაზე იყო აგებული საბჭოთა დოქტრინა. ახლა კი, ამ მასშტაბის შეიარაღების არარსებობის პირობებში უწევთ არამანერვული ომის წარმოება. ამასთან, უკრაინეები აცხადებენ, რომ სექტორიდან სექტორამდე იმიტომაც აწარმოებენ შეტევას, რომ მეტი გზა არ აქვთ - ლიმიტირებული რაოდენობის ტექნიკა ნიშნავს ლიმიტირებული რაოდენობის დარტყმის განხორციელებას ლიმიტირებულ წერტილებში. ამიტომაა, რომ არსებობს კრიტიკული საჭიროება მეტი მძიმე ტექნიკისა, რათა შეიქმნას საშუალება სინქრონიზებული და მანევრული ომისათვის. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, უკრაინელები არ უარყოფენ მასირებული და სინქრონიზებული შეტევის საჭიროებას, უბრალოდ ამისათვის სჭირდებათ დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა.
ამასთან, გამოფიტვის რეჟიმის შეფასებისას ძირითადად ხაზი იმაზეა გასმული, რომ გამოფიტვა უკრაინელებს საშუალებას მისცემს სინქრონული კონტრშეტევის წარმოებისთვისო, თუმცა გამოფიტვას სხვა ხასიათიც აქვთ: თუკი რუსეთმა ვეღარ შეძლო კონკრეტული პოზიციის დიდი მსხვერპლის გარეშე დაცვა ის მოქმედებს პრიორიტეტულობის განსაზღვრით და ევაკუაციას იწყებს. ამიტომაა, რომ უკრაინელთათვის რუსების გამოფიტვა როგორც მასირებული იერიშის საშუალებას ისე ევაკუაციის იძულების შექმნას ქმნის.
ამ შეფასებიდან მრავალი დასკვნის გამოტანა შეიძლება მაგამ ერთი საკვანძოა მაინც - მუდმივი წვრთნა, კარგი ოფიცრების ყოლა, ტაქტიკების წინასწარი დამუშავება, თანამედროვე მიდგომები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი საქართველოში ბევრად მარტივადაა მიღწევადი, ვიდრე უკრაინაში, რომლის სამხედრო თანამშრომლობა დასავლეთთან უფრო მცირე და ახალია, ვიდრე საქართველოსი. მასშტაბიც განსხვავებულია. ამიტომაა ახლა ეს რეალობა დამდგარი.
- Wagner-ის შეფასებით, საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა 22 ათასი "ვაგნერელი" ხოლო 40 ათასი დაიჭრა. 25 ათასი "ვაგნერელი" ცოცხალია და მათგან 10 ათასი უკვე ბელარუსშია. პრიგოჟინის განცხადებით კი, Wagner დროებით ბელარუსშია, რომელიც აფრიკაში ემზადება გასამგზავრებლად, ხოლო საბოლოოდ შესაძლოა კვლავ უკრაინაში საბრძოლველად დაბრუნდეს. რეალურად კი ლუკაშენკამ თავისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დასაყრდენი შეიქმნა.
- კვლავ დაიბომბა ოდესა და მიკოლაივი. იმ ფონზე რომ რაკეტები ზღვიდან ურტყამენ უკრაინულ პოზიციებს მათი განეიტრალება აშკარად ჭირს. საზღვაო ინფორასტრუქტურა და მარცვლეულის მიწოდების სრული შეზღუდვა რუსების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს. აშკარაა რომ ახლა უკვე ხმელეთი იქნება გატანის უმთავრესი გზა. თუმცა ეს ყველაფერი კიდევ ერთ რამეს ემსახურება - დემონსტრაციული ქმედებაა თურქების მისამართით, რომელთაც მარცვლეული შეთანხმების გაგრძელება სურდათ, თუმც "აზოვის" მეთაურების გაშვების შემდეგ რუსულ-თურქული ურთიერთობები სხვა დინამიკაში გადავიდა. ინგლისურში არსებობს ტერმინი Frenemy, რაც ორი კომპონენტიდან შედგება - Friend და Enemy - ანუ მეგობრისა და მტრისაგან. ხოლო Frenemy ნიშნავს მტერ-მეგობარს, ანუ ურთიერთობას, რომელშიც მტრობა ვერსად გაქრება, მიუხედავად კონკრეტულ მდგომარეობაში საერთო ინტერესების არსებობისა. თურქეთიცა და რუსეთიც კარგად ხვდება, რომ მათ შორის საბოლოო ურთიერთობა კონფლიქტზე გადის.
შეგახსენებთ, რომ მარცვლეულის შეთანხმებით ყველაზე მეტად ისეთი ქვეყნები სარგებლობდნენ, როგორიც სომალი, ეთიოპია, სუდანი და ავღანეთი იყო, ანუ ქვეყნები, რომელშიც საკვების სერიოზული დეფიციტი არსებობს (ძირითადად, გვალვის გამო). რუსეთის გათვლა ასეთია: რადგან მე უკრაინას არ მაპყრობინებთ დაე თქვენ მიხედეთ ათობით მილიონ მშიერ ადამიანსო. თავის მხრივ, შიმშილი იწვევს შიდა, ლოკალურ თუ რეგიონალურ ომებსა და მიგრაციას. მათი გადაჭრა კი დასავლეთისათვის კრიტიკული მნიშვნელობისაა. სწორედ ამიტომაა, რომ ახლა ბლოკადასა და მის წარმატება-წარუმატებლობას არამხოლოდ რუსეთში და თურქეთში აკვიდებიან, არამედ პირველ რიგში დასავლეთში. ბევრი რამ დევს სასწორზე.
ამასთან როგორც რუსები ახორციელებენ ბლოკადას ისე უკრაინას ეძლევა საშუალება დარტყმები განახორციელოს რუსულ და რუსეთისაკენ მიმავალ გემებზე, რომლებიც დიდი ხანია პორტებიდან ღრმაწყლოვან სივრცეში იშვიათად გამოდიოდნენ. კრეისერ „მასკვას“ ბედის გაზიარება არ სურდათ. ახლხა კი დინამიკა იცვლება. ამასთან, უკრაინა რუსეთისაკენ მიმავალ ყველა ხომალდს სამხედრო სამიზნედ აცხადებს. ამას კი შორს მიმავალი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. პრაქტიკულად, უკრაინა რუსეთის ბლოკადას აანონსებს, უბრალოდ აღსრულების მექანიზმი არის მინიმალური, მაგრამ გამოდის რომ რუსეთი უკრაინისაკენ მიმავალ გემებზე იწყებს ნადირობას, საპასუხოდ კი უკრაინა დაიწყებს იმავეს რუსეთის წინააღდეგ.
- უკრაინული დრონების მიფრენები სევასტოპოლში არ წყდება. პრაქტიკულად, ბოლო 48 საათია სევასტოპოლის თავზე რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა აქტიურად მუშაობს. ეს კი მისი გადატვირთვისა და აღმოჩენის გარდა იმის შესაძლებლოაბსაც იძლევა რომ დრონი "გაიპაროს" და რომელიმე სამიზნეს მოხვდეს. აფეთქებების ხმა ისმის ნოვოფედოროვკაშიც, სადაც სამხედრო აეროპორტი მდებარეობს.
- დაიბომბა რუსეთიც. კურსკის მიმართულება. კვლავ საარტილერიო დარტყმების დაფარვის ქვეშაა ბელგოროდის ოლქი.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way