USD 2.7468
EUR 2.9759
RUB 2.8298
Tbilisi
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
Date:  273

2023 წლის 27-28 აგვისტოს შეჯამება უკრაინაში:

უკრაინელთა სტრატეგია ინფორმაციის შეზღუდვის შესახებ სრულ მასშტაბიანად ამუშავდა. პრაქტიკულად ფრონტის ხაზიდან ნებისმიერი ინფორმაცია ცვლილებების, გადაჯგუფების, გადაადგილების ან შეტევის შესახებ საკმაოდ ბუნდოვანი, დაგვიანებული და დაუკონკრეტებელია. მეორეს მხრივ, თავად რუსული წყაროებიც უფრო და უფრო შეზღუდული ან პროპაგანდისტული გახდა, განსაკუთრებით კი ბოლო ორი კვირაა. რა ვიცით:
- უკრაინელები ზაპორიჟიას ოლქში, რობოტინეს ირგვლივ, აღმოსავლეთით ვერბოვესაკენ და დასავლეთით კოპანისაკენ ცდილობენ გაჭრას. მათი მიზანი რობოტინეს გათავისუფლებული ყელის გაფართოებაა. შესაბამისად, ფლანგებიდან იერიშებს პრიორიტეტი მიენიჭა, რათა სამხრეთით, სიღრმეში გაჭრის შემთხვევაში, უკრაინელები ალყაში მოქცევისა და მომარაგების გადაჭრის საფრთხის ქვეშ არ დადგნენ.
ამასთან, რობოტინეს სამხრეთით ერთის მხრივ უკრაინელები ძალიან მაღალი ინტენსივობით ბომბავენ ნოვოპროკოპივკაში რუსულ პოზიციებს, ხოლო მეორეს მხრივ მის შემოვლას ცდილობენ და თავდაცვის ძირითადი ხაზის გარღვევაზე არიან გადასულები. იერიშები ძალიან მაღალინტენსიურია. უკრაინელებმა შეტევაში ამ მიმართულებით მდგომი ძალების დიდი ნაწილი ჩართეს.
- იბომბება რუსეთის ტერიტორია: კურსკის, ბრიანსკისა და მოსკოვის ოლქებში აფეთქებები ყოველდღიურ ხასიათს ატარებს. მოქმედებენ დრონები. კურსკსა და ბრიანსკის ოლქებში სამიზნეები სამხედრო აეროპორტები იყო. იერიშების შედეგები საკმაოდ ბუნდოვანია. როგორც ჩანს რუსები კიდევ უფრო გაარიდებენ სამხედრო თვითმფრინავებს უკრაინის საზღვრის სიახლოვიდან სიღრმეში.
- დაიბომბა რუსეთის სამეთაურო პუნქტი ხერსონის ოლქში, დასახლება ბეხტერის სიახლოვეს.
- მსგავსი დარტყმა განხორციელდა ბერდიანსკის მიმართულებით, ზაპორიჟიას ოლქში. სამიზნე პორტის ტერიტორია გახლდათ.
- რუსულმა დრონებმა და რაკეტებმა მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებზე მიიტანეს იერიშები. აფეთქებები იყო კრემენჩუკის სიახლოვეს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ პოლტავას ოლქის მიმართულებით. ამასთან, დრონების გამოყენებით დაიბომბა დნიპროს ოლქის ქალაქი ნიკოპოლი.
- ბრძოლა ბახმუტის შემოგარენში კვლავ მძლავრია. პრაქტიკულად ინტენსივობით ზაპორიჟიასა და კუპიანსკის მიმართულებით შემდეგ ყველაზე აქტიურია. ორი დეტალია ცნობილი: 1. უკრაინელებმა ბახმუტის სამხრეთით, კლიშჩიივკასთან დამატებითი რუსული ძალების შესვლა აღკვეთეს და მოწინააღმდეგეს საარტილერიო დარტყმა მიაყენეს. დასახლებისათვის ბრძოლა გრძელდება. 2. ბახმუტის ჩრდილოეთით, ცენტრალური გზის გასწვრივ საბრძოლო მოქმედებები აქტიურია. პროცესში ჩაბმულია უკრაინული მძიმე ტექნიკა.
- კუპიანსკის მიმართულებით, ხარკივის ოლქში, რუსული შეტევის ტემპი მცირედით დაეცა. ერთი ვერსიით რუსებმა რეზერვი მოხსნეს და სამხრეთში გადაისროლეს. ამასთან, უკრაინელმა გენერალმა სირსკიმ კუპიანსკის დაცვა მაღალპრიორიტეტულად გამოაცხადა.
- ზელენსკის ინტერვიუ, რომელშიც მან საქართველოსა და მოლდოვაზე ისაუბრა სხვა მხრივაც იყო საინტერესო - მან აღნიშნა, რომ თუკი უკრაინელთა შემტევი ძალები რუსეთის ტერიტორიაზე გადავლენ დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ შეიძლება უკრაინას ზურგი აქციოსო. ამას საკმაოდ კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლეთში. კრიტიკა არა ზელენსკის, არამედ პირიქით, ლიდერთა მისამართით იყო მიმართული - რუსეთის დამარცხებისათვის თუკი საჭირო გახდა, რუსეთის ტერიტორია ტაბუს არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან სწორედ რუსეთი იყო და არის ის, ვინც ეს ომი დაიწყო და მასვე შეუძლია უბრალოდ ადგეს და გაიყვანოს ჯარები, მაგრამ სანამ ამას არ ახორციელებს, მანამ, ყველა სამიზნე ლეგიტიმურიაო. საბოლოო ჯამში, ზელენსკის მხრიდან ამაზე აქცენტის გაკეთებას საინფორმაციოსთან ერთად ფსიქოლოგიური მიზანიც ჰქონდა: - დასავლეთში დაიწყოს ამ თემაზე სერიოზული მსჯელობა.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
analytics
«The Conversation» (ავსტრალია): „ხრუშჩოვის დამხობა: 60 წელი გავიდა საბჭოთა კავშირის ისტორიაში მომხდარი „ყველაზე დემოკრატიული გადატრიალებიდან“

„ნიკიტა ხრუშჩოვის დამხობის დროიდან 60 წელი გავიდა. იგი საბჭოთა ისტორიაში რეფორმატორის სახელით შევიდა, რომელიც სტალინური რეჟიმის შედეგების შემსუბუქებას ცდილობდა. ბევრი თვლის, რომ სწორედ ნიკიტა ხრუშჩოვის რეფორმებმა და დემოკრატიისაკენ სწრაფვამ შეუწყო ხელი საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესს“, - ნათქვამია ავსტრალიური ჟურნალის „კონვერსეიშენის“ (The Conversation) ევროპულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ხრუშჩოვის დამხობა: 60 წელი გავიდა საბჭოთა კავშირის ისტორიაში მომხდარი „ყველაზე დემოკრატიული გადატრიალებიდან“ (ავტორი - თომას სნიგონი - შვედეთის ლუნდსის უნივერსიტეტის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ნიკიტა ხრუშჩოვის გათავისუფლება სკკპ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნისა და სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტებიდან 1964 წლის ოქტომბერში ჭეშმარიტად უპრეცედენტო მოვლენა იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში. ამ მოვლენას ხშირად „მცირე ოქტომბრის რევოლუციასაც“ უწოდებენ.

ოპოზიციამ ბელადი უსისხლოდ დაამხო. დაკარგა რა ძალაუფლება, ნიკიტა ხრუშჩოვი საპყრობილეში არ წაუყვანიათ და მისთვის პატიმრობა არ მიუსჯიათ. იგი არ ჰგავს თავის წინამორბედებს - ვლადიმერ ლენინი და იოსებ სტალინი, ლეონიდ ბრეჟნევი, იური ანდროპოვი და კონსტანტინე ჩერნენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალნენ, ნიკიტა ხრუშჩოვი კი დამსახურებულ საპატიო პენსიაზე გაუშვეს და დამხობიდან კიდევ შვიდი წელი იცოცხლა.

ბოლო საბჭოთა ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის ეპოქისაგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირი არ დაშლილა, როცა ნიკიტა ხრუშჩოვს ხელისუფლებიდან წასვლა მოუწია. 

იგი საბჭოთა იმპერიის მწვერვალზე იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა, 1953 წელს. მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა 1957 წელს, როცა კინაღამ დაამხეს: ნიკიტა სერგის ძის წინააღმდეგ იოსებ სტალინის თანამებრძოლები და მისი უახლოესი ამხანაგები გამოვიდნენ - ვიაჩესლავ მოლოტოვი და გიორგი მალენკოვი. მათ პარტიის უმაღლეს ორგანოში - პრეზიდიუმში - უმრავლესობა ჰქონდათ... მაგრამ იმ დროს ნიკიტა ხრუშჩოვი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის (ცეკა) საერთო პოზიციამ, სამხედრო სარდლობამ და საიდუმლო საბჭოთა პოლიციამ - „კაგებემ“ გადაარჩინა.

შვიდი წლის შემდეგ კი, 1964 წლის ოქტომბერში, საბჭოთა ლიდერი მის მიერვე დაწინაურებულმა კადრებმა მოიშორეს. მათგან ყველაზე უფროსი იყო ლეონიდ ბრეჟნევი, რომელმაც ცეკას პირველი მდივნის გათავისუფლებული ადგილი დაიკავა (რომელსაც შემდგომ სახელი შეუცვალეს და გენერალური მდივანი უწოდეს - ისე როგორც იოსებ სტალინის პერიოდში იყო). ხრუშჩოვის დამხობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ვლადიმერ სემიჩასტნიმ, რომელიც „კაგებეს“ მე-9 სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მის მოვალეობას არამარტო სახელმწიფო უმაღლესი ჩინოვნიკების დაცვა შეადგენდა, არამედ მათ მუდმივად თვალის დევნებაც.

სხვათა შორის, ვლადიმერ სემიჩასტნიმ არამარტო იცოდა ნიკიტა ხრუშჩოვის წინააღმდეგ მიმართული გადატრიალების შესახებ, არამედ თვითონაც მონაწილეობდა. მას რომ თავისი მოვალეობა ზუსტად შეესრულებინა და დროულად ეცნობებინა ლიდერისათვის შეთქმულების თაობაზე, „სასახლის გადატრიალება“ არ მოხდებოდა.

თავის მემუარებში ვლადიმერ სემიჩასტნი მოგვიანებით იხსენებდა, რომ ლეონიდ ბრეჟნევს თითქოს უთქვამს, რომ ხრუჩშოვი ფიზიკურად უნდა განადგურდესო, თუმცა ეს სცენარი არ განხორციელებულა. გადატრიალება არაძალადობრივად განხორციელდა.

ლიდერი - რეფორმატორი

ნიკიტა ხრუშჩოვი ისტორია რეფორმატორის სახელით შევიდა, რომელმაც საბჭოთა კომუნისტური წყობა უფრო ჰუმანური გახადა. მან გააკრიტიკა იოსებ სტალინი ძალაუფლების ბოროტად სარგებლობის გამო, თუმცა მოგვიანებით თვითონ მოაქცია მთელი ძალაუფლება თავის ხელში.

ნიკიტა ხრუშჩოვმა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები იმ დროს შეწყვიტა, როცა დაინახა, რომ ცვლილებები კომუნისტური ხელისუფლების მონოპოლიას დაემუქრა. მან სისხლში ჩაახშო უნგრეთის 1956 წლის რევოლუცია, ხოლო 1962 წელს კინაღამ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო - კარიბის ზღვის ბირთვული კრიზისის დროს, როცა საბჭოთა ატომური იარაღი კუბაზე გადაიტანა.

მის რეფორმებს თავდაპირველად კონსტრუქციული ხასიათი ჰქონდა და საბჭოთა ადამიანების ცხოვრება ბევრად გააუმჯობესა, გააღო დახურული ქვეყანა, მსოფლიოს დაანახვა მოსკოვი, მაგრამ იმავდროულად სოციალურ დაძაბულობასაც იწვევდა - მან დახვრიტა 1962 წელს ნოვოჩერკასკში გამართული ანტისამთავრობო მიტინგის მონაწილეები. მისი რეფორმების შედეგები განსაკუთრებით საზიანო აღმოჩნდა სოფლის მეურნეობისათვის: სწორედ ნიკიტა ხრუშჩოვმა დაიწყო პირველად საზღვარგარეთ „კაპიტალისტური ხორბლის“ შესყიდვა - იმ კაპიტალისტებისაგან, როლებსაც ადრე „სამუდამოდ დამარხვას“ უპირებდა.

ნიკიტა ხრუშჩოვის დროს მოხდა განხეთქილება საბჭოთა კავშირისა და ჩინეთს შორის. მაო ძედუნმა ნეგატიურად შეაფასა საბჭოთა ლიდერის პოლიტიკა სტალინის წინააღმდეგ და მისი ნაბიჯები, ლიბერალიზმისაკენ გადადგმული.

დამხობა და ისტორიული მემკვიდრეობა

1957 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, განსაკუთრებით კი 1960-იანი წლების დასაწყისში, ნიკიტა ხრუშჩოვის ავტორიტეტი თანდათან დასუსტდა და 1964 წლის ოქტომბრისათვის იგი იზოლაციაში აღმოჩნდა.

პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა ლეონიდ ბრეჟნევის თაოსნობით, რომელსაც მხარს უჭერდნენ ალექსი კოსიგინი და მიხეილ სუსლოვი, ხრუშჩოვს ბიჭვინთიდან, სადაც იგი ისვენებდა, მოსკოვში სთხოვეს ჩასვლა. კრემლში კი იგი უკვე მიხვდა, რომ უმცირესობაში მოხვდა (არმია და „კაგებე“ უკვე მის მხარეზე აღარ იყო) და ამიტომ იძულებული გახდა გადამდგარიყო.

მისმა მემკვიდრემ ლეონიდ ბრეჟნევმა გაითვალისწინა წინამორბედის შეცდომები და პარტიაში დისციპლინა გაამკაცრა, თუმცა ხრუშჩოვის დამსახურებაა ის, რომ რეპრესიებს ისეთი ფართო ხასიათი აღარ ჰქონია, როგორც იოსევ სტალინის დროს ხდებოდა.

1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირმა კიდევ ერთი გადატრიალების მცდელობა გადაიტანა, როცა კონსერვატიული ოპოზიცია ხრუშჩოვის მსგავსი რეფორმატორის - მიხეილ გორბაჩოვის დამხობა განიზრახა. მართალია, შეთქმულება ჩაიშალა, მაგრამ საბჭოთა კავშირი საბოლოოდ დაიშალა.

თუმცა ბევრი თვლის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის წინამძღვრები სწორედ ნიკიტა ხრუშჩოვმა ჩანერგა 1950-იან წლებში, თავისი „დათბობის“ პოლიტიკით. გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ნიკიტა ხრუშჩოვი ეზიზღება - განსაკუთრებით იმიტომ, რომ სწორედ ხრუშჩოვმა გადასცა ყირიმი უკრაინას 1954 წელს.

და მაინც, დასაფასებელია ის გარემოება, რომ ნიკიტა სერგის ძემ აღზარდა ის ახალი თაობის პოლიტიკოსები, რომლებსაც სტალინიზმის შიში აღარ ჰქონდათ, რომლებსაც არ შეეშინდათ და მისი დამხობა განიზრახეს. სამწუხაროდ, დღევანდელ რუს მბრძანებელზე ამას ვერ ვიტყვით.

წყარო: https://theconversation.com/fall-of-khrushchev-60-years-since-the-most-democratic-coup-in-soviet-history-how-comrade-nikita-was-toppled-241053

 

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way