USD 2.7252
EUR 3.1599
RUB 3.4691
Tbilisi
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
Date:  475
2023 წლის 13-14 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში:
- უკრაინელთა მხრიდან საბოლოო დაწოლა ხორციელდება ბახმუტის სამხრეთით მდებარე კლიშჩიივკაზე, ანდრიივკასა და კურდიუმივკაზე. დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანდრიივკა გათავისუფლებულ იქნა რუსეთის კონტროლისაგან, მაგრამ ადგილზე მყოფმა სამხედროებმა უარყვეს ეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები სამივე წერტილში კვლავ აქტიურია. ამასთან, უკრაინული შეტევა საკმაოდ დიდ მანძილზეა გავრცელებული, მათ შორის ბახმუტის დასავლეთ გარეუბანშიც.
- შავ ზღვაში რუსულ საბრძოლო და საპატრულო ხომალდებზე უკრაინული წყლის დრონების მხრიდან თავდასხმები მიმდინარეობს. რუსეთს საზღვაო ბლოკადის განხორციელება ძალიან ძვირი უჯდება. უკრაინელთა მხრიდან ნავთობის კოშკურების გათავისუფლების შემდეგ, რუსებს სარადარო ინფორმაციაც აღარ აქვთ ძველებურად ეფექტური.
- გამთენიას ევპატორიაში რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა S400-ზე "ნეპტუნის" ტიპის რაკეტებით იერიში იქნა მიტანილი. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ლიმიტირებული სისტემაა. ყირიმის ჰაერიდან ეფექტური დაცვა რუსეთს ძალიან გაუჭირდება. ღიმილისმომგვრელია, რომ ამ ფონზე მარია ზახაროვა უკრაინელებს დაემუქრა, ყირიმის ხიდზე არ მიიტანოთ იერიში თორემ პასუხი მკაცრი იქნებაო.
- ATACMS-ის ტიპის რაკეტების გადაცემაზე მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზეა და სავარაუდოდ პოზიტიური შედეგებით დასრულდება.
- რუსეთისათვის იარაღის (ძირითადად ჭურვების) მთავარი მიმწოდებელი ჩრდილოეთ კორეაა. კიმ ჩენ ინის გუშინდელი მოსკოვური ვოიაჟის შემდეგ სავარაუდოა, რომ რუსეთის მხრიდან ჩრდილოეთ კორეაზე დამოკიდებულება კიდევ გაიზრდება, მით უფრო რომ არტილერიის მხრივ ფხენიანი მნიშვნელოვან არსენალს ფლობს. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსკოვის ჩრდილოეთ კორეასთან მიტმასნება მის პოლიტიკურ რეპუტაციაზე ძალიან მოქმედებს, ხოლო ფხემნიანზე დამოკიდებულება ირიბად ჩინეთზე დამოკიდებულებასაც მოასწავებს. თუმცა ვნახოთ, ზოგადად, ჩრდილოეთ კორეაც ვაჭრობს ყველასთან და რუსეთში საჩვენებელი ვიზიტი მხოლოდ რუსეთისაგან ფულისა და რესურსების წამოღება არ იქნება. ეგ ისეთი რეჟიმია, ვინც მეტს შესთავაზებს იმის თამაშს დაჰყვება.
- ნიუ-იორკ თაიმსი მიმოიხილავს უკრაინელთა საჭიროებებს და აცხადებს, რომ ომის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე სასწრაფოდაა სამხედრო პროდუქცია გასაორმაგებელი. ზოგადად, ამ ომმა ანახა რომ ასეთი მასშტაბისა და ხანგრძლივობის საბრძოლო მოქმედებებისათვის არც დასავლური წარმოების ომამდელი ტემპი კმაროდა და არც რუსული. ახლა რუსეთმა წარმოება თავის მაქსიმუმზე აიყვანა და პრაქტიკულად ინდუსტრიის დიდი ნაწილი ომისაკენ მომართა. დასავლეთშიც მოხდება ამ მიმართულებით ცვლილებები.
ამასთან, დღეს ბორის ჯონსონმა ბრიტანულ ჟურნალ Spectator-ში გამოაქვეყნა სტატია და აღნიშნა, რომ იმაზე მეტი იარაღის მიწოდებაა საჭირო, ვიდრე ეს ახლა ხდება. მან აღნიშნა, რომ თუკი რუსეთი გაიმარჯვებს პირველი საფრთხე ბალტიისპირეთსა და საქართველოს დაუდგება, ხოლო დასავლური სამართლებრივი დღის წესრიგი სწრაფადვე დასრულდება.
- რუმინეთში, ნაფარულ ვიქტორიაში მეორე რუსული დრონის ნამსხვრევი იპოვეს. რუმინეთმა სამხედრო ძალების გადასროლა მოახდინა ამ მიმართულებაზე.
- ევროპარლამენტმა ლუკაშენკა ომში პასუხისმგებლად გამოაცხადა და მოუწოდა სისხლის სამართლის სასამართლოს მასზეც დაიწყოს გამოძიება.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
analytics
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „მსოფლიოში არასტაბილურობა სუფევს, ამიტომ ევროპა უნდა შეიარაღდეს“

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მსოფლიოში არასტაბილურობა სუფევს, ამიტომ ევროპა უნდა შეიარაღდეს“, რომლის ავტორები არიან ფრიდრიხ მერცი (გერმანიის კანცლერი) და ემანუელ მაკრონი (საფრანგეთის პრეზიდენტი).

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

 „ჰააგაში ნატოს სამიტის ფონზე მსოფლიოში ქაოსური მოვლენები სუფევს: ბობოქრობენ ომები, ჩვეული ქცევის წესები და ნორმები ინგრევა,  ხოლო დიდი ხნით განმტკიცებული რწმენები ეჭვის ქვეშ დგება. ამ ეპოქალური გამოცდის ჟამს გერმანია და საფრანგეთი - თავიანთ ევროპელ და ატლანტის ოკეანის გაღმა ნაპირზე მყოფ მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად ერთიანი და მტკიცე ფრონტით გამოდიან, რათა დაიცვან ჩვენი საერთო ფასეულობები, ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება და უსაფრთხოება“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

ავტორთა აზრით, „ევროპაში არასტაბილურობის ძირითად წყაროს რუსეთი და მისი იმპერიალისტური ომები წარმოადგენს: „2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, შემდეგ, 2014 წელს - მოახდინა ყირიმისა და დონბასის ოკუპაცია, 2022 წელს კი კრემლის ჯარები უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ვლადიმერ პუტინის მიზანია ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას, მეზობლებს თავს მოახვიოს უკანონო მეურვეობა, ისინი შიგნიდან გატეხოს და თავის ორბიტაზე გადაიყვანოს, საერთაშორისო მართლწესრიგს საფუძველი შეურყიოს. ეს ყველაფერი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს წარმოადგენს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ყველაფერს შევურიგდეთ, ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა უნდა დავიცვათ“.

„თუ კრემლის ამჟამინდელი პოლიტიკის ტრაექტორია არ შეიცვლება, რუსეთი საფრანგეთისა და გერმანიის ურყევ და მტკიცე პოზიციის წინაშე აღმოჩნდება. ამჟამად სასწორზე დევს ევროპული სტაბილურობის ბედი ათწლეულების განმავლობაში.

ნატოს სამიტზე საფრანგეთი და გერმანია დაადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას იმ ძალისხმევისადმი, რასაც აშშ მიმართავს კონფლიქტების შეწყვეტისათვის და მტკიცე მშვიდობის მისაღწევად. საფრანგეთი და გერმანია მხარს დაუჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს, ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას და გააძლიერებენ რუსეთზე ზეწოლას, მათ შორის სანქციების მეშვეობით“, - აღნიშნავენ სტატიის ავტორები, - „ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ უკრაინა კონფლიქტიდან გამოსვლის შემდეგ აყვავებული, ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა გახდეს“.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ამ მხრივ უკვე ბევრი რამ არის გაკეთებული - ევროკავშირი უკრაინას 130 მილიარდი ევროთი დაეხმარა. გარდა ამისა, ევროკავშირმა დაგმო კრემლის აგრესიული პოლიტიკა, რისთვისაც რუსეთს მკაცრი სანქციები აქვს დაწესებული. „მაგრამ ეს კიდევ ცოტაა. ამიტომ ჩვენ, დიდ ბრიტანეთთან ერთად, ხელს შევუწყობთ უკრაინის არმიის გაძლიერებას, განვაახლებთ უკრაინის თავდაცვით მრეწველობას იმ მიზნით, რომ სამომავლოდ მას რუსეთის სავარაუდო აგრესიის წარმატებით მოგერიება შეძლოს.

„რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმები მხოლოდ უკრაინას არ ეხება. როგორც ჩანს, ახლო მომავალში კონფლიქტურ გარემოში ცხოვრება მოგვიწევს - იმ მსოფლიოში, სადაც ჩვენი მოკავშირეების წინაშე ახალი დილემები და პრიორიტეტები დადგება. რუსეთის გარდა, ჩვენ, ალბათ, კიდევ ბევრი გამოწვევის მოწმენი გავხდებით. ამისათვის ახლავე უნდა ვიზრუნოთ“, - აღნიშნავენ ავტორები და იქვე მიუთითებენ: აუცილებელია ნატოს გაძლიერება - თავდაცვის სფეროს ალიანსის წევრების საერთო ბიუჯეტის 3,5% უნდა მოხმარდეს, 2%-ის ნაცვლად. დამატებითი ხარჯები აუცილებელია. მათი მეშვეობით ჩვენ იმ ბზარს ამოვავსებთ, რომელიც ნატოს სამხედრო პოტენციალს გაუჩნდა რევანშისტული რუსეთის პირისპირ“, - ხაზს უსვამენ ავტორები.

„ალიანსის უსაფრთხოების ქვაკუთხედად ბირთვული შეკავება რჩება: საფრანგეთს აქვს თავისი დამოუკიდებელი სტრატეგიული ბირთვული ძალები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ნატოს საერთო უსაფრთხოების დაცვაში. გერმანიას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ნატოს ბირთვული იარაღის ერთობლივ გამოყენებაში. გარდა ამისა, ერთობლივად ვიმუშავებთ შესყიდვების სისტემის რეფორმირებაში, რომელიც გამოიხატება უნიფიკაციაში, გამარტივებასა და გაზრდაში“, - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის დასასრულს, ავტორები აღნიშნავენ, რომ ნატო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირთან, რათა უკეთ იქნას გამოყენებული ევროპის ტექნოლოგიური უპირატესობა [რუსეთის წინააღმდეგ]. „ჩვენ ვადასტურებთ სამოკავშირეო ერთიანობას, სოლიდარობას და ერთგულებას ჩვენი კონტინენტის თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way