USD 2.6964
EUR 3.1367
RUB 3.3786
Tbilisi
რა უნდა იცოდეთ, თუ გეგმავთ მოგზაურობას თვითმფრინავით შინაურ ცხოველთან ერთად?
Date:  317

არსებობს სავალდებულო წესები, რომლის გათვალისწინების გარეშე შინაურ ცხოველთან ერთად თვითმფრინავით ვერ იმგზავრებთ. გარდა იმისა, რომ კონკრეტულ ავიაკომპანიებს თავიანთი წესები აქვთ, არსებობს მთელი რიგი ზოგადი წესები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ. ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ფრენა აეროპორტში მისვლამდე საჭიროებს დამატებით დაგეგმვას.

ავიაკომპანიები ზოგადად გვთავაზობენ შინაური ცხოველების გადაყვანის ორ ვარიანტს:

  • სამგზავრო სალონით, როგორც ხელბარგი, თუ მისი ზომა არ აღემატება დადგენილ ნორმებს.
  • ჩასაბარებელი ბარგის განყოფილებით.

ზოგადი წესები ცხოველის ზომებისა და წონის შესახებ:

ავიაკომპანიების უმრავლესობა თავის მგზავრებს ნებას რთავს, თან ჰყავდეთ ცხოველები თვითმფრინის სალონში. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია პატარა შინაური ცხოველებისთვის.

ცხოველის წონისა და ზომის ზოგადი შეზღუდვა სათავსოსთან ერთად 8 კგ და 44 x 30 x 26 სმ-ია.

გაითვალისწინეთ, რომ ეს წესი გამოიყენება მყარი სათავსოსთვის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გეგმავთ მათ რბილი ჩანთით ტრანსპორტირებას, არსებობს სხვა წესი: ფაქტობრივად, ბევრი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ლიმიტი ეხება სამ განზომილებას, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 126 სმ-ს.

როდესაც თქვენი შინაური ცხოველის ზომა ან მისი წონა აღემატება ავიაკომპანიის მიერ დაშვებულს:

რა თქმა უნდა, შეიძლება თქვენი შინაური ცხოველი უფრო დიდი იყოს, ვიდრე ავიაკომპანიის მიერ დადგენილ ლიმიტებს შეესაბამება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შინაური ცხოველის ტრანსპორტირების უფლება თქვენ საერთოდ არ გაქვთ. 

როგორც წესი, გამოსავალი არის ცხოველის გადაყვანა ბარგის განყოფილებით, თუმცა ეს შეიძლება საკმაოდ სტრესული იყოს მისთვის. გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანია ეკიპაჟის ინფორმირება ბარგის განყოფილებაში მყოფი ცხოველის შესახებ, რადგან თვითმფრინავის ამ ნაწილში შეიძლება ძალიან ციოდეს.

გაითვალისწინეთ, რომ თუ კი თქვენი შინაური ცხოველის წონა აღემატება 50 კს-ს, თქვენ მის ტრანსპორტირებას ვერც ბარგის განყოფილებით ვერ მოახერხებთ.

თუმცა, ყველა ავიაკომპანიას ერთმანეთისაგან განსხვავებული ცხოველების გადაყვანის პოლიტიკა გააჩნია, მოდით გავეცნოთ რამდენიმეს:

  • Turkish Airlines-ის შინაური ცხოველების პოლიტიკა

შინაური ცხოველები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კვალიფიკაციას, შეუძლიათ იმოგზაურონ სამგზავრო სალონით: სალონში დასაშვებია მხოლოდ შინაური ძაღლები და კატები. ცხოველის სათავსო არ უნდა აღემატებოდეს 6 კგ-ს და 45 x 35 x 23 სმ-ს (სიგრძე x სიგანე x სიმაღლე).

შინაური ცხოველები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კვალიფიკაციას, შეუძლიათ იმოგზაურონ ჩასაბარებული ბარგის განყოფილებით: ძაღლები და კატები, რომლებიც იწონიან 6 კგ-ზე მეტს, აქვთ 45 x 35 x 23 სმ-ზე დიდი ყუთი/გალია, გადაიყვანენ თვითმფრინავის სატვირთო განყოფილებაში.

  • Pegasus Airlines-ის შინაური ცხოველების პოლიტიკა

პეგასუსი გთავაზობთ ტრანსპორტირების 3 მეთოდს: სალონით ტრანსპორტირება, ტრანსპორტირება საჰაერო ხომალდის სათავსოთი, ტრანსპორტირება, როგორც ტვირთი.

სამამდე შინაური ცხოველი დაიშვება სალონში, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს: შინაური ცხოველისა და სათავსოს საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 8 კგ-ს.

  • Aegean Airlines-ის შინაური ცხოველების პოლიტიკა

სალონში ერთ მგზავრზე დასაშვებია მხოლოდ ერთი შინაური ცხოველი. სათავსო არ უნდა აღემატებოდეს 55 სმ x 40 სმ x 23 სმ, ხოლო სათავსოსა და შინაური ცხოველის წონა ერთად არ უნდა აღემატებოდეს 8 კგ-ს.

ძაღლებისთვის, რომლებიც ემსახურებიან უსინათლო ან სმენადაქვეითებულ მგზავრებს, ფრენა უფასოა. ხოლო ფრენის დაჯავშნისას უნდა აცნობოთ ავიაკომპანიას.

თქვენ ასევე შეგიძლიათ კატებისა და ძაღლების ტვირთის სახით გადაადგილება, თუ მათი წონა აღემატება 8 კგ-ს.

გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ Airbus 320 და 321 მოდელებს შეუძლიათ შინაური ცხოველების ტვირთის სახით გადაყვანა, ასე რომ აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი ბილეთი.

ცხოველები, რომელთა გადაყვანაც თვითმფრინავით დაუშვებელია:

არის ისეთი ცხოველებიც, რომელთა გადაყვანის უფლება არ გაქვთ. მაგალითად, ასეთია: წყალში მცხოვრები თევზები და სხვა საზღვაო არსებები, ისეთი პატარა ცხოველები, როგორიცაა ქვეწარმავლები, მღრღნელები და კუ.

გარდა ამისა, არ შეიძლება ისეთი ჯიშის ძაღლების გადაყვანა, როგორიცაა: ბულდოგი, ბოქსერი, ბოსტონის ტერიერი, შიჰ ცუსი, ჩიჰაჰუა, პეკინეზი და სხვ. რადგან ამ ძაღლების პრობლემა არის ის, რომ მათ აქვთ თავის შუბლის ნაწილების განსაკუთრებული ანატომია და ვერ უძლებენ ფრენას.

რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს მგზავრმა ცხოველის ტრანსპორტირებისთვის?

ავიაკომპანიებს, როგორც წესი, ესაჭიროებათ ჯანმრთელობის სერთიფიკატი, რომელსაც გასცემს აკრედიტებული ვეტერინარი ან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მასთან ვიზიტის შემდეგ, რომელიც მოიცავს ფიზიკურ გამოკვლევას, სადაც ნათქვამია, რომ თქვენი შინაური ცხოველი ჯანმრთელია და გაკეთებული აქვს ვაქცინაცია. სერთიფიკატი მოქმედებს მხოლოდ 30 დღის განმავლობაში და ის დაგჭირდებათ როგორც გასამგზავრებლად, ასევე დასაბრუნებლად.

analytics
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way