USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Tbilisi
რა უჯდება მერიას თბილისში ახალი წლის აღნიშვანა
Date:  447

ავტორი: ლიზა ქორიძე

საქართველოში წლიდან წლამდე ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნა მილიონობით ლარი ჯდება. საინტერესოა, რა თანხა იხარჯება 2023 წლის ბოლოს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის და რა ვითარებაა ამ კუთხით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

ახალი წლის დღესასწაულისთვის მზადებას თბილისის მერია, როგორც წესი, რამდენიმე თვით ადრე იწყებს. თბილისის მერია და შპს “თბილსერვის ჯგუფი” საახალწლო ნაძვის ხის, განათებების, გირლანდებისა თუ საკონცერტო სცენებისა და აპარატურის შესაძენად ძირითადად ელექტრონულ ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებენ. 

როგორც წლევანდელი, ისე შარშანდელი წინასაახალწლო ხარჯები აჩვენებს, რომ თბილისის მერია გამარტივებული შესყიდვების გზით საკმაოდ ძვირადღირებულ ხელშეკრულებებს აფორმებს. 

გამარტივებული შესყიდვები მხოლოდ წინასაახალწლოდ არ ცხადდება და სხვადასხვა საჯარო უწყება, მათ შორის თბილისის მერიაც, ხშირად ამ გზით აფორმებს ხელშეკრულებებს. როგორც წესი, გამარტივებული შესყიდვა რამდენიმე მიზეზით ცხადდება ხოლმე, მაგალითად, თუ შესყიდვის ღირებულება 5,000 ლარს არ აღემატება, ბაზარზე სხვა მიმწოდებელი კომპანია არ არსებობს, დროის შემჭიდროებული ვადების გამო და სხვ. 

უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა გამარტივებული შესყიდვების გზით ისეთი დღესასწაულების დაორგანიზება, რომლებიც ყოველწლიურად იმართება და მათი წინასწარ პროგნოზირება და დაგეგმვა შესაძლებელია. რეალურად კი გამარტივებული შესყიდვები მაღალ კორუფციულ რისკებს ატარებს, რადგან შესყიდვა უკონკურენტო გარემოში მიმდინარეობს. შესაბამისად, კონკურენციის არარსებობა ფასის კლების შესაძლებლობასაც გამორიცხავს. ამასთანავე, გამარტივებული შესყიდვა გულისხმობს იმასაც, რომ შემსყიდველი ორგანო სასურველ კომპანიასთან ან პირთან პირდაპირ აფორმებს ხელშეკრულებებს. გარდა კორუფციული რისკების შემცირებისა, მსგავსი შესყიდვების დროს მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის არსებობაც. 

თუ სხვა ქვეყნების მაგალითებსაც გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მსგავსი ტიპის ხელშეკრულებები მხოლოდ ღია ელექტრონული ტენდერების გზით ფორმდება, სადაც რამდენიმე კომპანია მონაწილეობს. 

თბილისში მთავარი ნაძვის ხე 2023 წლის 15 დეკემბერს აინთო. გადავწყვიტეთ, თავი მოგვეყარა ყველა იმ ხარჯისთვის, რომელიც თბილისის მერიამ წელს საახალწლო დღესასწაულისთვის გაიღო. სრული სურათის შესაქმნელად კი სხვა ქვეყნების მაგალითებსაც გთავაზობთ.  

ახალი წელი 2023:

ახალი წელი არის დღესასწაული, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც ყოველწლიურად აღინიშნება. თბილისის მერიამ 2022 წლის იანვარში წინასწარ ვერ გათვალა, რომ დღესასწაულის აღნიშვნა წლის ბოლოსაც გახდებოდა საჭირო და რამდენიმე კვირით ადრე 5 მილიონის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები გამოაცხადა. გამარტივებული შესყიდვების გამოცხადების მიზეზად მერიამ შარშან ფორს-მაჟორული სიტუაცია დაასახელა. რადგან ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ სხვადასხვა შემსრულებლები, გასათვალისწინებელი იყო თითოეული მათგანის საჭიროებები და სხვა მრავალი ფაქტორი, რამაც შეუძლებელი გახადა შესყიდვების წინასწარ დაგეგმვა. 

თბილისის მერიამ აღნიშნული 5 მილიონი ლარი შემდეგნაირად გაანაწილა:

 

5 მილიონი ლარიდან ყველაზე მეტი, 3,164,000 ლარი დეკორირებულ ნაძვის ხეზე, სასცენო დეკორაციებსა და ქუჩებისა და ფასადების მორთულობებზე დაიხარჯა. 1,430,000 ლარი თბილისის მერიამ საახალწლო გალა კონცერტის და საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიებებზე დახარჯა. საახალწლო გამოფენა-გაყიდვა მერიას 300,200 ლარი დაუჯდა, ხოლო დანარჩენი 100,000 ლარი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო ინვენტარის აღდგენა-რესტავრაციაში დაიხარჯა. 

თბილისის მერიის მიერ 5 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულებების გაფორმების პარალელურად, შპს “თბილსერვის ჯგუფმა” 2022 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ჯამში 6 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულება 2 მლნ ლარს აღემატებოდა (2,279,650). 

საინტერესოა, რომ შპს “თბილსერვის ჯგუფის” მიერ გამოცხადებული 6 ელ.ტენდერიდან ოთხ შემთხვევაში გამარჯვებული შპს “ღამის შოუს სტუდია” გახდა და თითოეულ შემთხვევაში მასთან ხელშეკრულება სრულიად უკონკურენტო გარემოში გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, შპს “ღამის შოუს სტუდიამ” შემსყიდველ კომპანიას მანათობელი კონსტრუქციები მიაწოდა. დანარჩენ ორ შემთხვევაში გამარჯვებული შპს “დანდი” გახდა, ერთი ხელშეკრულება მასთანაც სრულიად უკონკურენტო გარემოში გაფორმდა. კომპანიამ შპს “თბილსერვის ჯგუფს” LED მანათობელი თოკები, სტრინგები, ფარდები და ბადეები მიაწოდა.

გამოდის, რომ 2022 წელს თბილისის მერიამ ახალი წლის დღესასწაულის აღსანიშნად საერთო ჯამში 7 მლნ ლარზე მეტი გადაიხადა. ამასთანავე, ამ თანხაში არ შედიოდა ახალი საახალწლო ნაძვის ხის შეძენა, ვინაიდან შარშან ჯერ კიდევ 2019 წელს იტალიიდან 1 მილიონ ლარად ჩამოტანილი ნაძვის ხე აანთეს რუსთაველის გამზირზე. თბილისის მერიას იტალიური ნაძვის ხის განახლება 2020 წელს 103 ათასი ლარი დაუჯდა, ხოლო 2021 წელს - 64 ათასი ლარი. გასულ წელს იტალიურ ნაძვის ხეს ფეიერვერკი მოხვდა და დაზიანდა, რამაც ახალი საახალწლო ნაძვის ხის ყიდვის საჭიროება გააჩინა. 

ბოლო სამი წლის განმავლობაში საახალწლო დღესასწაულის აღსანიშნავად თბილისის მერიის მიერ დახარჯული თანხის ოდენობა ასე გამოიყურება:

საინტერესოა, რა თანხა იხარჯება წელს ახალი წლის შესახვედრად. 

ახალი წელი 2024:

შპს “თბილსერვისმა” საახალწლო სამზადისი 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პირველ ელექტრონული ტენდერებიც სწორედ ამ პერიოდში გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით კომპანიას ექვსი ელექტრონული ტენდერი აქვს გამოცხადებული და მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით 2.5 მლნ ლარს შეადგენს. 

იქიდან გამომდინარე, რომ იტალიიდან ჩამოტანილი მილიონიანი ნაძვის ხე შარშან დაიწვა, გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ერთ-ერთი პირველი ელ.ტენდერი სწორედ ნაძვის ხის შესყიდვას შეეხებოდა. უფრო კონკრეტულად კი შპს “თბილსერვისმა” 2023 წლის 12 სექტემბერს ელ.ტენდერი (NAT230018684) გამოაცხადა 24 მეტრიანი საშობაო ნაძვის ხის შესასყიდად. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 730,000 ლარს შეადგენდა. ტენდერს ერთადერთი პრეტენდენტი, შპს “ღამის შოუს სტუდია” ჰყავდა, გამარჯვებულიც სწორედ ეს კომპანია გახდა და მასთან 720,000 ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ზუსტად იგივე დღეს შპს “თბილსერვის ჯგუფმა” კიდევ ერთი ტენდერი (NAT230018687) გამოაცხადა, რომელიც ამჯერად გასანათებელი მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვას შეეხებოდა, უფრო კონკრეტულად კი, კომპანია 780,000 ლარს იხდიდა გირლანდების შესაძენად. გასაკვირი არაა, რომ ამ შემთხვევაშიც ტენდერის ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებული შპს “ღამის შოუს სტუდია” იყო, მასთან დადებული ხელშეკრულების ღირებულებამ 764,400 ლარი შეადგინა. 

24 ოქტომბერს შპს “თბილსერვის ჯგუფსა” და შპს “ღამის შოუს სტუდიას” შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება (NAT230021273)გაფორმდა. კერძოდ, თბილსერვის ჯგუფმა საშობაო ნაძვის ხის ნათურების შესასყიდად 58,262 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერს ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი ჰყავდა შპს ღამის შოუს სტუდიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 67,850 ლარს შეადგენს, იმაზე მეტს, ვიდრე თავდაპირველად იყო განსაზღვრული. 

შპს “თბილსერვის ჯგუფმა” 27 ოქტომბერს კიდევ ორი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა და ორივე მათგანში გამარჯვებული შპს “ქოლორფულ სფირითს” გახდა. ერთ შემთხვევაში კომპანია 318,510 ლარს იხდიდა 2D მანათობელი ფიგურების შესასყიდად შპს “ქოლორფულ სფირითთან" დადებული ხელშეკრულების (NAT230021500) საბოლოო ღირებულება 289,950 ლარია. ამავე დღეს “თბილსერვის ჯგუფმა” კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა მანათობელი ფიგურების სახელმწიფო შესყიდვისთვის, ხელშეკრულება (NAT230021498) ამჯერადაც შპს “ქოლორფულ სფირითთან” დაიდო, მანათობელი ფიგურების მიწოდების სანაცვლოდ კომპანია 295,995 ლარს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში შპს “ქოლორფულ სფირითის” კონკურენტი შპს “ღამის შოუს სტუდია” იყო. 

ბოლო ელ.ტენდერი(NAT230022061), რომელშიც შპს “ღამის შოუს სტუდიამ” კიდევ ერთხელ გაიმარჯვა უკონკურენტოდ, 3 ნოემბრით თარიღდება.თბილსერვის ჯგუფი მიმწოდებელ კომპანიას 358,000 ლარს უხდის ალილოს ფიგურებისა და შობის ვარსკვლავის მიწოდებისთვის. 

გამოდის, რომ შპს “თბილსერვის ჯგუფი” 6 ელ.ტენდერში საერთო ჯამში 2,496,195 ლარს იხდის. აქედან ოთხ შემთხვევაში უკონკურენტოდ გამარჯვებულ შპს “ღამის შოუს სტუდიას” კი 1,910,250 ლარი გადაუხადეს. 

საინტერესოა უშუალოდ თბილისის მერიის წინასაახალწლო შესყიდვებიც. 2023 წლის ნოემბერსა და დეკემბერში თბილისის მერიამ ელ.ტენდერები გამოაცხადა სცენების, პოდიუმებისა და კონსტრუქციების, ასევე სასცენო განათებების, გალაკონცერტების გახმოვანების, სასცენო გადახურვის, ფეიერვერკების, საკონცერტო აპარატურის, გარე გამოყენების ეკრანის მომსახურებისა და გახმოვანების შესასყიდად. თბილისის მერიას წელს ეს მომსახურებები 2,091,606 ლარი დაუჯდა.

ელექტრონული ტენდერების პარალელურად, თბილისის მერია გამარტივებული შესყიდვების გზითაც (SMP230002701) აფორმებს ხელშეკრულებებს. მერიამ 6,501,641 ლარი გამოყო გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულების გასაფორმებლად. 

აღნიშნული თანხით თბილისის მერია 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშრალ ხიდზე და დედაენის ბაღში “საახალწლო ქალაქის” მოწყობას და სხვადასხვა ღონისძიების გამართვას გეგმავს. აღნიშნულ ლოკაციებზე სხვადასხვა ინსტალაცია, თემატური მორთულობები, ფოტოზონა, დეკორირებული ჯიხურები, თოვლის ბაბუას სახლი, კულტურული, სპორტული და საბავშვო სივრცეები, საახალწლო ბარი, საციგურაო ყინულის მოედანი და სხვა დეკორაციები განთავსდება. გარდა ამისა, თბილისის მერია სხვადასხვა ჟანრის კონცერტსა და საბავშვო-გასართობ აქტივობებსაც გეგმავს. 2023 წლის 31 დეკემბერს კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თემატურად დეკორირებულ სცენაზე საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება. 

საერთო ჯამში კი შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელს თბილისის მერიასა და შპს “თბილსერვის ჯგუფს” დამდეგი ახალი წლის აღნიშვნა 11,089,442 ლარი უჯდებათ.

თბილისში რომ წლიდან წლამდე მილიონობით ლარი იხარჯება ახალი წლის დღესასწაულის აღსანიშნად სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა ასევე საინტერესოა, რა ხდება ამ კუთხით ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში.

ევროპული პრაქტიკა:

შობა და ახალი წელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აღინიშნება საშობაო სოფლებისა და მარკეტების ან სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზების გზით. ცხადია, ყველა სახელმწიფო გარკვეული ოდენობის თანხას ხარჯავს ამისთვის. 

“ფლანგვის დეტექტორი” დაინტერესდა საახალწლო ნაძვის ხის, განათებებისა და ზოგადად ახალი წლის აღნიშვნისთვის რა თანხები იხარჯება სხვა ქვეყნის დედაქალაქებში. სრული სურათის წარმოჩენის მიზნით, პრაღის, ვილნიუსისა და ჰელსინკის მერიებიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. 

ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქიდან მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2023 წელს პრაღაში საშობაო ნაძვის ხესა და დეკორაციებზე საერთო ჯამში 924,900 ჩეხური კრონა ანუ დაახლოებით 38,000 ევრო იხარჯება. იგივე წერილიდან ვიგებთ, რომ პრაღაში ახალი წლისა და შობის დღესასწაულისთვის მიძღვნილ ღონისძიებებში შარშან 800,000 ჩეხური კრონა (32,900 ევრო) დაიხარჯა. წელს ეს თანხა 150,000 ჩეხურ კრონამდე ანუ 6,169 ევრომდე არის შემცირებული. 

კიდევ ერთი ქვეყანა, საიდანაც საახალწლო ხარჯებზე წერილი მივიღეთ ფინეთია. ფინეთის დედაქალაქიდან მსგავსი შინაარსის ინფორმაცია 2022 წელსაც გამოვითხოვეთ, მაშინ გვიპასუხეს, რომ 2022 წლის საშობაო ნაძვის ხისა და დეკორაციებისთვის ჯამში 130,000 ევრო დაიხარჯა. წლევანდელი პასუხით კი გვატყობინებენ, რომ 2023 წელს ხარჯები დაახლოებით 15-20%-ით გაიზარდა, რაც იმას გულისხმობს, რომ სავარაუდოდ წელს ნაძვის ხესა და დეკორაციებზე ჰელსინკის მერია 149,500-156,000 ევროს დახარჯავს. მიღებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ ახალი საშობაო დეკორაციებისა და ნაძვის ხის შეძენა ყოველწლიურად არ ხდება, საჭიროების შემთხვევაში, ფული დაზიანებული დეკორაციების აღდგენაზე იხარჯება. 

ყველაზე ვრცლად ხარჯების შესახებ ინფორმაცია ლიეტუვის დედაქალაქიდან მოგვაწოდეს. წელს ვილნიუსში საშობაო ნაძვის ხესა და დეკორაციებზე საერთო ჯამში 294,500 ევრო იხარჯება, ამასთანავე, ახალი წლისთვის მიძღვნილ ღონისძიებებში ვილნიუსში დამატებით 240,000 ევროს გადაიხდიან. 

გარდა ამისა, ვილნიუსიდან მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ საშობაო დეკორაციების შესყიდვა ყოველწლიურად არ ხდება, უფრო კონკრეტულად კი, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ საშობაო დეკორაციების შესაძენად ტენდერი ცხადდება. შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან სამწლიანი კონტრაქტი ფორმდება. 

ევროპული პრაქტიკა აჩვენებს, რომ საქართველოზე ბევრად მდიდარი სახელმწიფოები გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ ყოველწლიურად საშობაო ნაძვის ხის, დეკორაციებისა და ღონისძიებებისთვის, ვიდრე საქართველოში იხარჯება. 

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ მაგალითად, ფინეთის მოქალაქე ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით დაახლოებით 10-ჯერ მდიდარია, ვიდრე საქართველოს მოქალაქე, თუმცა ფინეთი ახალი წლისა და შობის დღესასწაულისთვის 156,000 ევროს ხარჯავს, მაშინ, როდესაც თბილისში ახალი წლის აღნიშვნა ყოველწლიურად მილიონობით ლართან არის დაკავშირებული. ამასთანავე, ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული “კორუფციის აღქმის ინდექსის” მიხედვით, საქართველო 56 ქულით 41-ე ადგილს იკავებს, ფინეთი კი 87 ქულით მე-2 ადგილზეა. ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი, ხოლო 0- ყველაზე მაღალი დონეა. 

დასკვნა:

საქართველოში შობა-ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნა თბილისის მერიას ყოველწლიურად მილიონობით ლარი უჯდება. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ კუთხით სხვადასხვა კომპანიასთან უკონკურენტოდ ან/და გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულებების გაფორმებაა, რაც თავის მხრივ კორუფციის რისკებსაც ზრდის. 

ამასთანავე, საინტერესოა, რატომ ხდება საჭირო საახალწლო განათებებისა თუ გირლანდების ყოველ წელს თავიდან შეძენა და რატომ ვერ ახერხებს თბილისის მერია ხელშეკრულების გაფორმებას ისეთ კომპანიასთან, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში უზრუნველყოფს დედაქალაქის საახალწლოდ მორთვას, როგორც ეს მაგალითად ვილნიუსში ხდება. 

საერთაშორისო გამოცდილებასაც თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ევროპის ისეთ მდიდარ და განვითარებულ სახელმწიფოებში, როგორებიცაა ფინეთი, ლიეტუვა ან ჩეხეთი, საშობაო და საახალწლო ღონისძიებებისთვის იმდენი ფული არ იხარჯება, რამდენიც საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ქვეყნები საქართველოზე გაცილებით მდიდრები არიან. 

აუცილებელია ახალი წლის დღესასწაულის წინასწარ განსაზღვრა და დაგეგმვა, რაც შეამცირებს გამარტივებული გზით გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობას. 

წყარო:https://gmc.org.ge/

analytics
7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში - გიორგი კობერიძე
მოდით გავაანალიზოთ 7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში:
1. პოლიტიკური თვალსაზრისით ვინ იმარჯვებს ომში?
- ჩინეთი: ამ ომს ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს და ეს ჩინეთია. ჩინეთზე ახლა მსოფლიო ლიდერების ფოკუსი არ არის მიმართული, ეს კი მას მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი განვითარების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტს იფიქრებს დასავლეთი რუსეთზე და რაც უფრო მეტ რესურსს დახარჯავს მის შესაკავებლად, მით უფრო ნაკლებად ეცლებათ ჩინეთისათვის.
ამასობაში პეკინის გავლენები კარდინალურადაც გაიზარდა რუსეთში, რომლისაგანაც რესურსებს საბითუმო ფასებში იღებს, ხოლო ჩინელებმა რუსეთის აღმოსავლური პროვინციების ათვისება კიდევ უფრო განავითარეს. ჩინური რბილი - კულტურულ-ეკონომიკური - ძალის ზრდასთან ერთად რუსი ქალები სიხარულით მიჰყვებიან ჩინელ მამაკაცებს, რომელთაც ქალების დეფიციტი აქვთ.
2. რატომ არ თანხმდება რუსეთი სამშვიდობო ინიციატივებს?
- რუსეთს სჯერა რომ ამ ომს იგებს. სანამ გჯერა რომ ომს იგებ, მანამდე ცეცხლს არ შეწყვეტ;
- რუსეთს ჯერ ვერ მიუღწევია სამხედრო მიზნებისათვის - მის ხელში არაა ხერსონი, ზაპორიჟია, ლუგანსკი და დონეცკი. ყირიმს ომამდე ისედაც ის აკონტროლებდა. შესაბამისად, ასობით ათასი მკვდარი სამხედრო, ოფიცრობა, გემები, ავიაცია და განადგურებული ტექნიკა ამ ტერიტორიების ოკუპაციით არ შეიძლება გამართლდეს.
- რუსეთს იმაზე მეტის წაღება უნდა, ვიდრე დაანონსებული აქვს. რუსეთის მიზანი არამხოლოდ ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმი და ზაპირიჟიას ოლქია, არამედ მიკოლაივზე, დინიპროპეტროვსკზე, ხარკოვსა და ოდესაზეც არ იტყვის უარს თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. ნოვოროსიის პროექტი სწორედ ამას გულისხმობს თავის თავში. სწორედ ეს პროექტია, რომელიც პროგრამა მინიმუმად იყო მოაზრებული რუსი შოვინისტების მიერ. აღსანიშნავია ისიც, ნოვოროსიის პროექტის გარდა რუსეთისათვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობაც კი მიუღებელია.
- რუსეთს ძალიან გაუჭირდება ასობით ათასი რუსი მობილიზებული სამხედროს სახლში დაბრუნება და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია - ეკონომიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც და რეიციდივის თვალსაზრისითაც. ამაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ რუსები თავად. ამიტომ ომის თავისი პირობების გარეშე დასრულება არ აწყობს მოსკოვს;
- სამხედრო ეკონომიკის მუშაობა ერთია და ომის დასრულების შემთხვევაში სამოქალაქო ეკონომიკა როგორ იმუშავებს უმუშევარი ადამიანების და ომიდან დაბრუნებული დაუსაქმებელი ხალხის ფონზე - მეორე.
- ჩინეთს არ სურს რუსეთმა ომი შეწყვიტოს. რუსეთი კიდევ უფრო უნდა დასუსტდეს, რომ კიდევ უფრო მეტად დაექვემდებაროს მას.
3. ომი როდის დამთავრდება?
- მანამ არ დამთავრდება სანამ რუსეთს კიდევ უფრო არ გაეზრდება მსხვერპლი: ტრამპმა დღეს აღნიშნა რომ მხოლოდ ივლისის თვეში რუსეთს 20 ათასი მოკლული სამხედრო ჰყავს (მოკლული და არა დაჭრილი ან დაშავებული). გასაგებია, რომ ცუდად იკითხება და ისმინება, მაგრამ ფაქტია, თუ ბევრი სამხედრო არ კვდება, ომი გრძელდება.
- მანამ არ დამთავრდება სანამ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავა და ელიტებს არ შეაწუხებს - დაბომბვები რუსეთის სამხედრო ეკონომიკასა და წარმოებზე უკმაყოფილების ზრდასთან ერთად ისედაც ომისაგან გაუცხოებულ საზოგადოებას, კიდევ უფრო გააუცხოებს და ომის ზიანზე დააწყებინებს ფიქრს. სანამ ომი რუსეთში არ აწუხებთ, მანამდე გაგრძელდეს რა. ვიღაც მდიდარ მოსკოველს სულაც არ დარდებს ბურიატისა და დაღესტანელის ფრონტზე სიკვდილი.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ უკრაინა არ დაიწყებს ტერიტორიების გათავისუფლებას - ისე არაფერი ახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, როგორც გამარჯვებები, ხოლო ისე არაფერია დემორალიზების მომტანი, როგორც მარცხების სერია. რუსეთმა თუკი დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა უკრაინაში ეს ომის დასრულის დასაწყისი იქნება.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ რუსეთი არ დარწმუნდება რომ ომი მოგებადი აღარ არის. ომის დამთავრებაზე გადაწყვეტილება ადამიანების ტვინში მიიღება და არა ფრონტის ხაზზე.
- ამის საპირისპირო და უკრაინის საზიანო სცენარით რომ ვთქვათ: მანამ არ დამთავრდება ომი, სანამ რუსეთის არმია მასობრივად არ დაიწყებს უკრაინის დამარცხებას და რამდენიმე მიმართულებიდან ჩამოშლის უკრაინის თავდაცვას, უკან დახევა იქნება ქაოსური და უკრიანაში მასობრივად გაჩნდება მხარდაჭერა დათმობებთან დაკავშირებით.
4. რა სვლები აქვს აშშ-ს?
- ტოტალური სანქციები და რუსეთთან ვაჭრობის აკრძალვა და რაც რუსეთის ყველა მოკავშირის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გამოცხადებაა: ეს ეკონომიკური თვასლაზრისით ატომური სვლაა. ამით არამხოლოდ რუსეთზე იქნება დარტყმა, არამედ რუსეთთან მოვაჭრე მცირე თუ დიდ სახელმწიფოებზე. ამას დასჭირდება დიდი რესურსების მობილიზება და ხარჯვა. ეს მოითხოვს იმაზე ბევრად დიდ ენერგიას, ვიდრე ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სანქცირება იყო.
- ნავთობის ფასის ვარდნა - ბაზაზე ნავთობის ჭარბი მიწოდება და მოკავშირეების დარწმუნება. ამით ნავთობის ფასი უნდა დასწიონ 30 დოლარზე და დაბლა. შედეგად, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიადგება;
- უკრაინისათვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდება და შეზღუდვების მოხსნა: აშშ-ს შეუძლია რუსეთის მუქარების მიუხედავად დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდოს უკრაინას და მისი თავისუფლად, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს. მაღალტექნოლოგიური შეიარაღება ომში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამ ვარიანტში აშშ-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ კონტრმუქარების წაყენება არანაკალებ რეალისტური იქნება, რისი მიზანიც რუსეთის მოლაპარკებებზე დაყოლიების იძულების მცდელობა იქნება.
- პროცესების ისე გაგრძელება როგორც არის: დროის გაყვანა, წინადადებებზე ფიქრი, კიდევ მეტი ვადების მიცემა და პროცესების გაწელვა. ამასობაში უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდეს, თუმცა ჩვეულ რიტმში.
- ჩახსნა: შეიძლება აშშ თანდათან ჩაეხსნას სიტუაციას და გადაერთოს სხვა საკითხებზე, უკრაინის თემა კი ევროპას მიუგდოს მოსაგვარებლად. თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციასა და მის პერსონალურ პოლიტიკაზე ძალიან ცუდად აისახება, მით უფრო რომ ქვეყნის შიგნით ისედაც პრობლემები აქვს.
- რუსულ თამაშზე დაყოლა - უკრაინაზე ზეწოლა რუსულ ულტიმატუმებზე დათანხმების შესახებ. ეს ყველაზე ცუდი სცენარია.
აქვე:
- ევროპას სხვა სვლა არ აქვს: ევროპა ახლა უკრაინაში რუსეთის ჩაფლობით დროს იგებს და მილიტარიზაციას ახდენს. მოკლე ვადაში მას აშშ-ს სრული ჩანაცვლება გაუჭირდება, მაგრამ საშუალო ვადაში მან კარგად იცის, რომ ერთის მხრივ უკრაინის სამხედრო წარმოებაში უნდა ჩადოს ფული - და აკეთებს კიდეც ამას - ხოლო მეორეს მხრივ საკუთრი წარმოება უნდა აამუშაოს. ეს ომი პირველ რიგში ევროპის უსაფრთხოების ომია. შესაბამისად, უკრაინის მარცხი ევროპის მარცხი იქნება.
5. რა მოხდება თუკი რუსეთმა გაიმარჯვა:
- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველი დაპყრობითი ომი შედგება, რომელსაც აუცილებლად მიჰბაძავენ სხვები და დაპყრობითი ომები დაბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში;
- რუსეთი ულტიმატუმებს წაუყენებს მეზობლებს - ზოგი შეიძლება შთანთქას (მაგ. ბელარუსი), ზოგსაც თავის სამხედრო და პოლიტიკურ ორბიტაზე გადმოყვანა აიძულოს. ვინც ულტიმატუმებს არ მიიღებს, შეიძლება აწარმოოს ახალი ომები რუსული უმცირესობების დასაცავად, მაგალითად ყაზახეთში.
- რუსეთი წააქეზებს ახალ კონფლიქტებს ევროპის კონტინენტზე: ბალკანეთი დიდ ნაღმზე ზის, არც კავკასიაა მშვიდი, ბალტიისპირეთში რუსები ცხოვრობენ, ამ ფონზე ევროპის შიგნით სხვა ძალებიც გამოჩნდებიან, ვისაც მოუნდება თავისი წილი ტერიტორიული ნაჭრის მოთხოვნა - ასეთი დავები კი ევროპაში ძალიან ბევრია;
- მსოფლიოში სხვებიც მიბაძავენ რუსებს - თუკი ევროპაში შეიძლება დაპყრობითი ომი, რატომ არ შეიძლება სხვაგან, სხვა ძალების მიერ?!
- დასავლეთის დაისი - რუსეთი ახლა ფიქრობს რომ ის უპირისპირდება არა უკრაინას, არამედ მთელს დასავლეთს. თუ დაამარცა უკრაინა ამით ძალიან მძიმედ დაზარალებული და რეპუტაცია შერყეული გამოვა დასავლეთი, ხოლო ბირთვულ იარაღზე მუშაობა სხვა სახელმწიფოთა მხრიდან უფრო აქტიური გახდება.
6. რა არის რუსეთის მარცხი და რა არის გამარჯვება?
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინის ის ტერიტორიები ვერ დაიკავა, რომელიც ახლა გაცხდებული აქვს მის კუთვნილად - მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინას სახლემწიფოებრიობის რაიმე საერთაშორისო განატია მიეცა და მისი მილიტარიზაცია გაგრძელდა (ანუ უკრაინა გრძელვადიანადაც გადარჩა): ნატო, ცის კონტროლი, ბირთვული იარაღი, მოკავშირეების ბაზები მის ტერიტორიაზე და სხვა. ამ შემთხვევაში უკრაინის მილიტარიზაციაც გრძელდება და რუსული ოკუპაცია ან მთავრდება ან ძალიან მყიფედ რჩება.
- რუსეთი გამარჯვებული იქნება, თუკი დასახული ტერიტორიული ამონაცა შეასრულა და ხელში ჩაიგო მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ცეცხლი შეწყდა ისე, რომ უკრაინის მილიტარიზაცია შეწყდა, მისთვის საერთაშორისო გარანტიები არ იქნა განსაზღვრული, ხოლო რუსეთს სანქციები მოეხნა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარება მოახდინა და დაიკანონა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ომში ან ომის შემდეგ კიევში პრორუსული მთავრობა მოიყვანა.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ:
- კიევის ვერ აღება უკვე წარუმატებლობაა რუსეთისათვის;
- უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული დემილიტარიზაციის კამპანია ამ ეტაპზე ჩავარდა - უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა.
7. რა სოციალური კონტრაქტი აქვს რუსეთსა და უკრაინას თავის ხალხთან:
- რუსეთში 90-ნების შემდეგ ასეთი სოციალური კონტრაქტი დაიდო: შენ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი, დიდ პოლიტიკურ ბიზნესში ცხვირს ნუ ჩაყოფ, უყურე ტელევიზორს, ტაში დაუკარი ლიდერს, იამაყე შენი ქვეყნის იმპერიული წარსულით და შენ არავინ შეგეხება, დანარჩენი რაც გინდა ის აკეთე. ეს კონტრაქტი ქრება, რადგან სალხში შენთვის ყოფნა მაინც ფრონტზე ყოფნით დამთავრდა.
ახლა რუსეთი საკუთარ მოსახლეობას ახალ კონტრაქტს უდებს და ეუბნება, რომ რუსეთის ინტერესებს დაცვა და ბრძოლა სჭირდება, რაც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს, მაგრამ ეს საამაყო ამბავია - წინაპრებიც ასე იბრძოდნენ და კვდებოდნენო. ეს ყველაფერი პროაქტიულად კი არ უნდა გააკეთო, არამედ თუკი სახელმწიფო მოგიხმობს უნდა გაჰყვე მას და კითხვები არ დასვაო. მწყემსმა კეთილმა კარგად იცის რა არის სწორი და არაო. ყველა ჩვენ გვებრძვის თორემ რუსეთი რა შუაშიაო. იდეალი სტალინია და მის პრინციპებს უნდა დაემორჩილოთო.
- უკრაინაში სოციალურ კონტრაქტს ორი საფუძველი აქვს:
1. ყველანი ვებრძვით გარე, ისტორიულ მტერს, რომელის ჩვენს არსებობასა და იდენტობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის და მზადაა მოაწყოს გენოციდი.
2. ვებრძვით კორუფციას, რომელმაც ათწლეულობით უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეაყანას. ამ უკანასკნელზე როდესაც კითხვები გაჩნდა რამდენიმე დღის წინ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დემონსტრაციები გამართა კორუფციის ბიუროს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
 
 
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way