USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
Tbilisi
რა წერია ევროპარლამენტის არასავალდებულო რეზოლუციაში საქართველოს შესახებ
Date:  876

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ხუთი ჯგუფის მიერ წარდგენილი არასავალდებულო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 444-მა ევროპარლამენტარმა, 72-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 82-მა კი თავი შეიკავა.

დოკუმენტის სახელწოდებაა „საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისი ბოლო საპარლამენტო არჩევნებისა და არჩევნების სავარაუდო გაყალბების შემდეგ“.

კენჭისყრის დროს ევროპარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციაში ერთი შესწორების შეტანას, რომელიც მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს საკონსტიტუციო უფლება მიხეილ სააკაშვილის შესაწყალებლად.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი გმობს იმ ფაქტს, რომ საქართველომ, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატმა ქვეყანამ, 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს ან მის, როგორც ეუთო-ს წევრის ვალდებულებებს, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; ხაზს უსვამს, რომ არჩევნების სამართლიანობის დარღვევა შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რომლებიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან; აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ არჩევნების ჩატარება იყო დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი გამოვლინება, რაზეც სრული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება.

„მკაცრად გმობს 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებულ მრავალრიცხოვან და სერიოზულ საარჩევნო დარღვევას, მათ შორის დაშინების, ხმების მანიპულირების, ბიულეტენების ჩაყრის, არჩევნების დამკვირვებლებსა და მედიაში ჩარევის დოკუმენტურ შემთხვევებს, სავარაუდო მანიპულირებას ელექტრონული ხმის მიცემის აპარატებთან დაკავშირებით, რომელიც იძლეოდა მრავალჯერადი ხმის მიცემის უფლებას პირადობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, მნიშვნელოვან დისბალანსს ფინანსურ რესურსებში, მოქმედი ხელისუფლების უპირატესობას და სერიოზული პროცედურული დარღვევების გამოძიების შეუსრულებლობა.

რეზოლუციის მიხედვით, ფართომასშტაბიანი საარჩევნო გაყალბება ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის სამართლიანობას, შედეგების ლეგიტიმურობას, საზოგადოების ნდობას ნებისმიერი ახალი მთავრობის მიმართ და არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების საიმედო წარმომადგენლობას. აღიარებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების გაყალბების მტკიცედ დაგმობას და მის გადაწყვეტილებას, არ აღიაროს შედეგები; აფასებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე დასაბრუნებლად.

„ვინაიდან ხმის მიცემის ლეგიტიმურობას სერიზულად გამოუთხარა ძირი მასშტაბურმა დარღვევებმა, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს შედეგები; შესაბამისად, უარყოფს საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერ აღიარებას და მოუწოდებს ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი არჩევნების ჩატარებისკენ; ამასთან, აღნიშნავს, რომ პროცესი უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო პირობებში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ყურადღებიანი საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი;

მხარს უჭერს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების მოწოდებას საარჩევნო მანიპულირების, ამომრჩეველთა დაშინებისა და სისტემური დარღვევების ბრალდებებზე, რომლებსაც, როგორც იტყობინებიან, ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს;

მიესალმება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გადაწყვეტილებას საქართველოში ტექნიკური მისიის გაგზავნის შესახებ; მოუწოდებს EEAS-ს და ევროკომისიას, ჩამოაყალიბონ მისიის ფართო მანდატი, რომელიც სცილდება ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო ჩარჩოსა და მეთოდოლოგიას, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის საარჩევნო სადამკვირვებლო მეთოდოლოგიისგან, რადგან ეუთო-ს მეთოდოლოგიას ყოველთვის არ შეუძლია, ადეკვატურად მოიცვას ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში არჩევნების დღემდე, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც არის საჯარო მოხელეებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა დაშინების და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის დამკვიდრებული სისტემა“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ასევე, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „გამოთქვამს შეშფოთებას პროკურატურის მიერ ამომრჩეველთა გადამოწმების მოწყობილობებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის ამოღების გამო; მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუშვან ამომრჩევლების მიერ არჩევნებში მათი მონაწილეობის გადამოწმება მონაცემთა დაცვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად; ხაზს უსვამს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა მონაცემის დაცვის და შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის მათი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას იმის გათვალისწინებით, რომ ისინი, შეიძლება, შეიცავდეს რაიმე სახის დარღვევების ძირითად მტკიცებულებებს;

გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს სასამართლო ინსტიტუტების მიერ არჩევნების გაყალბებისა და მანიპულირების მრავალი საჩივრის კოორდინირებულად უარყოფასთან დაკავშირებით და ცესკო-ს მიერ  რომელიმე საარჩევნო ინციდენტის გამოძიების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ, საზოგადოების ჭეშმარიტ შეშფოთებასა და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებზე რეაგირების გარეშე, საქართველოს ხელისუფლებას მიზანმიმართულად მიჰყავს ქვეყანა შიდა პოლიტიკური კრიზისისა და საქართველოს დემოკრატიული პარტნიორებისგან საერთაშორისო იზოლაციის ზღვარზე;

გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო, რაც გამწვავდა გენდერული კვოტების გაუქმებით და პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებისკენ მოუწოდებს“.

რეზოლუციაში აღნიშნულია მოწოდება ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნებისადმი, „დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალური პირებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის უკუსვლაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და ეს სანქციები გავრცელდეს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენის გამომტან მოსამართლეებზე; იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორების მიმართ, დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და გაიყინოს მთელი მისი აქტივები ევროკავშირში საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის და ქვეყნის კონსტიტუციით დეკლარირებული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისთვის, მათ შორის, ქვეყანაში რუსეთის გავლენის სფეროს აღდგენის მცდელობებისთვის“.

ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებისთვის და „მოუწოდებს ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს შეჩერების შესაძლებლობით, თუ ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ არ არის დაცული; მოუწოდებს ევროკავშირს, მკაცრად შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტთან“.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ გმობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს საქართველოში, რაც იყო „ევროკავშირის პოზიციების დარღვევა და ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შელახვის კიდევ ერთი მცდელობა; ხაზს უსვამს კიდევ ერთხელ, რომ პრემიერ-მინისტრი ორბანი არ საუბრობდა ევროკავშირის სახელით“.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „ახალი ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღების შედეგად, როგორებიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის შესახებ“ კანონები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა“. რეზოლუცია შეახსენებს საქართველოს მთავრობას, რომ „მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის პროდასავლურ კურსს და მის ევროკავშირში გაწევრიანებას“.

ამასთან, როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, შეშფოთებულია დაშინებისა და პოლარიზაციის კლიმატით, რომელიც „გამოწვეულია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებებით, ასევე პოლიტიკური პლურალიზმის წინააღმდეგ თავდასხმებით, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის, მათი ლიდერების და თუნდაც რიგითი მხარდამჭერების დაპატიმრების და განსხვავებული აზრის გაჩუმების მუქარით“; ამასთან, აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას, „კანონიერად შექმნილი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს დააშორებს ევროკავშირს და შეუძლებელს გახდის ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“.

ასევე, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „კატეგორიულად გმობს რუსეთის სისტემატურ ჩარევას საქართველოს შიგნით დემოკრატიულ პროცესებში, მათ შორის, ამომრჩეველთა დაშინების, ხმების მოსყიდვისა და დეზინფორმაციის გზით, როგორიცაა „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულება; გმობს დეზინფორმაციულ ნარატივებს, რომლებიც გავრცელდა და გაძლიერდა მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და მთავრობასთან დაკავშირებული მედიის მიერ წინასაარჩევნოდ; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და კომუნიკაცია, თავი შეიკავოს ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს და გააძლიეროს ქართული საზოგადოების მდგრადობა რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ“.

როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის 14 და 15 დეკემბრის სამიტზე იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის მიხედვით. ხაზს უსვამს, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები აშკარად ეწინააღმდეგება ამ ამბიციას; ეთანხმება ევროკომისიის გაფართოების 2024 წლის ანგარიშში წარმოდგენილ შეფასებას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი განუსაზღვრელი ვადით უნდა შეჩერდეს საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული უკუსვლის შედეგად; ხაზს უსვამს, რომ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პოლიტიკა შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან“.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების და მათი სურვილის მიმართ, იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს ღია საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მოქალაქეების შეკრების უფლება და თავი შეიკავოს მათ წინააღმდეგ უსაფუძვლო ძალის გამოყენებისგან“.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, ევროკომისიას, საგარეო ქმედებათა სამსახურს და უმაღლეს წარმოამდგენელს, ჩაატარონ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ყოვლისმომცველი მიმოხილვა და გადახედვა; ასევე მოუწოდებს ევროკომისიას, გამოიყენოს გაყინული 120 მილიონი ევრო, რომელიც თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად იყო გათვალისწინებული, რათა გააძლიეროს ევროკავშირის მხარდაჭერა  საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომლებიც მზარდი ზეწოლის ქვეშ არიან მმართველი პოლიტიკური პარტიისა და ხელისუფლების მხრიდან, ასევე მხარი დაუჭირონ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია დემოკრატიული მედეგობის და არჩევნებს სამართლიანობის მხარდაჭერისკენ; მიესალმება უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის შეთავაზებას, გააკეთოს ეს; გამოდის მოწოდებით, რომ ევროკავშირის დაფინანსების მექანიზმი შეიცვალოს იმგვარად, რომ გათვალისწინებული იყოს საჭიროებები, რომლებიც ჩნდება უფრო მტრულ და ანტიდემოკრატიულ გარემოში.

მტკიცედ იმეორებს თავის გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარულ საფუძველზე, საზღვარგარეთ მკურნალობის  მიზნით. ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული და უდავო პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს სრული პასუხისმგებლობა მისთვის მიყენებული  ნებისმიერი ზიანისთვის. კიდევ ერთხელ მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს საკონსტიტუციო უფლება მის შესაწყალებლად“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუცია წარდგენილია ევროპარლამენტში ხუთი ჯგუფის მიერ, ესენია: „ევროპის სახალხო პარტია“,  „სოციალ-დემოკრატები“, „ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა“ ჯგუფი, „ევროპული განახლების“ ჯგუფი და „მწვანეთა/ევროპული თავისუფალი ალიანსის“ ჯგუფი.

რეზოლუციის ავტორებს შორის არიან ევროდეპუტატები რასა იუნკევიჩიენე, მიხაელ გალერი, დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი, ნაჩო სანჩეს ამორი, იანის მანიატისი, ტობიას კრემერი, ურმას პაეტი, პეტრას აუსტრევიჩუსი, მალიკ აზმანი, მარკეტა გრეგოროვა და სხვები.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way