USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
რა შემთხვევაში და რა ოდენობით მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები და შშმ პირები კომპენსაციას
дата:  1521

საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რა შემთხვევაში და რა ოდენობით მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები და შშმ პირები კომპენსაციას .

1. ჩვენი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65000 დან 100001-მდე, გვეკუთვნის თუ არა რამე დახმარება?

თუ თქვენს ოჯახს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ აქვს დაფიქსირებული 65000-დან 100001 ქულამდე, 2020 წლის 1-ლი მაისიდან 6 თვის განმავლობაში ოჯახის თითოეულ წევრზე მიიღებთ 35 ლარს. გამონაკლისია ერთი და ორი წევრისგან შემდგარი ოჯახები. კერძოდ, ერთწევრიან ოჯახზე კომპენსაცია გაიცემა 70 ლარის ოდენობით, ხოლო ორწევრიანზე - 90 ლარის ოდენობით.

2. ვართ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული, გვაქვს 100001-მდე სარეიტინგო ქულა და გვყავს სამი 16 წლამდე ასაკის შვილი, გვეკუთვნის თუ არა რაიმე დახმარება?

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 3 ან 3-ზე მეტი 0-დან 16 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვი, მიეცემათ კომპენსაცია თვეში 100 ლარის ოდენობით 2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში.

3. ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მაქვს თუ არა კომპენსაციის მიღების უფლება?

თუ თქვენ ხართ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი 2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში მოგეცემათ 100-ლარიანი დახმარება ყოველთვიურად

4. ვის უნდა მივმართო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის/შშმ პირებისთვის გათვალისწინებული კომპენსაციის დანიშვნის მიზნით და როდის?

თუკი უკვე ხართ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ან/და უკვე მოპოვებული გაქვთ შესაბამისი შშმ პირის სტატუსი, თქვენ არ გევალებათ სადმე განცხადების შეტანა. სოციალური მომსახურების სააგენტო თავად უზრუნველყოფს კომპენსაციის მიმღები ოჯახების/პირების იდენტიფიცირებას და კომპენსაციის ჩარიცხვას სოციალურ პაკეტთან/სახელმწიფო კომპენსაციასთან ან/და საარსებო შემწეობასთან ერთად.

5. თუ 2020 წლის 1-ლი მაისის შემდეგ (15 მაისს) მოხდა ჩემი ოჯახისთვის 66 000 ქულის მინიჭება, დამენიშნება თუ არა ყოველთვიური 100-ლარიანი კომპენსაცია?

ამ შემთხვევაში ზემოაღნიშნული კომპენსაცია დაგენიშნებათ სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვიდან (მოცემული შემთხვევაში - ივნისიდან), ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში (ოქტომბრის თვის ჩათვლით).

6. 2020 წლის 1-ლი მაისის შემდეგ (1-ელ ივლისს) დამიდგინდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, დამენიშნება თუ არა ყოველთვიური 100-ლარიანი კომპენსაცია?

1-ლი მაისის შემდეგ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ასევე ამ სტატუს(ებ)ით მიმართვის შემთხვევაში, კომპენსაცია გაიცემა პირის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადებისა და სამედიცინოსოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერის მომსახურების სააგენტოში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში.

7. ჩვენი ოჯახი შედგება 5 წევრისგან, საიდანაც 3 არის 16 წლამდე ასაკის ბავშვი, ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 67 000 და ოჯახის სრულწლოვან ერთ წევრს აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. მაქვს თუ არა აღნიშნულისთვის გათვალისწინებული სამივე კომპენსაციის ერთდროულად მიღების უფლება?

შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სამივე საფუძვლით (სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და შშმ პირებისთვის) გათვალისწინებული კომპენსაციის ერთდროულად მიღება შეზღუდული არ არის. ასეთ შემთხვევაში უფლება გაქვს 2020 წლის მაისიდან ყოველთვიურად მიიღოთ 100-ლარიანი კომპენსაცია 6 თვის განმავლობაში (3 არასრულწლოვანის შვილის და 100 000 ქულამდე ქონის საფუძვლით) + კომპენსაცია თითოეულ ოჯახის წევრზე ყოველთვიურად 35 ლარის ოდენობით (ჯამში 175 ლარი) 1-ლი მაისიდან 6 თვის განმავლობაში + მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უფლება აქვს პარალელურად მიიღოს ყოველთვიურად 100 ლარიანი კომპენსაცია 2020 წლის 1-ლი მაისიდან 6 თვის განმავლობაში.

8. ჩვენი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ვიღებთ საარსებო შემწეობას. კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში მიღებული შემოსავალი იქონიებს თუ არა გავლენას ოჯახის სარეიტინგო ქულაზე?

არ იქონიებს, რადგან ზემოაღნიშნული საფუძვლებით კომპენსაციების დანიშვნის შემთხვევაში, მიღებული თანხები არ გაითვალისწინება სოციალურად დაუცველი ოჯახების სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას.

9. 1-ლი მაისიდან დამენიშნა კომპენსაცია, რადგან ჩვენი ოჯახის სარეიტინგო ქულა იყო 100 000-ზე ნაკლები და გვყავდა სამი არასრულწლოვანი შვილი (16 წლის და ქვემოთ). ერთი ბავშვი ივლისში ხდება 17 წლის. ამის გამო შეგვიწყდება თუ არა დანიშნული 100-ლარიანი კომპენსაციის გაცემა?

არა, რადგან მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დანიშნული კომპენსაცია ოჯახებს უნარჩუნდებათ მთელი ვადით და კომპენსაციის მიღების შემდგომ პერიოდში ოჯახში 0-16 წლის ბავშვთა რაოდენობის ცვლილება არ იწვევს კომპენსაციის შეწყვეტას/შეჩერებას

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати