USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
რა სჭირს მიწას? | შემცირებული მოსავალი აფხაზეთში
Date:  760

ომის ნანგრევებით გარშემორტყმულ სიმინდის ყანებში დავითი ძროხებს უვლის და სიტყვებს რომ ძლივს გაარჩევ, ისე ლაპარაკობს. დღეს ეს მიწა გალის გარეუბანში, აფხაზეთში, ძროხების საძოვარია. თუმცა, წლების განმავლობაში, ის დავითის ოჯახისთვის და მათი სამეზობლოსთვის მოსავლის აღების ცენტრი იყო. 

აფხაზეთი, სადაც სუბტროპიკული ჰავაა, განთქმული იყო ნაყოფიერი მიწებით, მდიდარი კულტურებით. ის მთელ საბჭოთა კავშირს ჩაით და ციტრუსით ამარაგებდა. აფხაზეთი მდიდარი, აყვავებული რეგიონი იყო, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მიწას ამუშავებდა.

ეს რეალობა 1992 წლის აგვისტოში შეიცვალა, როცა ეთნიკურ ქართველებსა და აფხაზებს შორის კონფლიქტმა იფეთქა და აფხაზეთმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ომი 1993 წლის სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდა. მისი გავლენები მიწასა და ხალხზე, რომელიც სოფლის მეურნეობას მისდევდა, დღესაც შესამჩნევია. 

კონფლიქტის დროს, 200 000-ზე მეტი ქართველი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. მათგან 47 000-დან  60 000-მდე დაბრუნდა გალში, საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიის მიმდებარე რაიონში.

გალის რაიონის სოფლებში მოსახლეობამ, რომელიც, ძირითადად, სოფლის მეურნეობაზე იყო დამოკიდებული, ომის შემდეგ მიწაზე მუშაობა შეწყვიტა.  მაღალი ხარჯებისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო, მათი პროდუქცია მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად, 22 ჩაის ფაბრიკიდან დღეს გალში არც-ერთი აღარ ფუნქციონირებს. ნაომარ რაიონში ჩაის მინდვრები და პლანტაციები ბუჩქებში იყო  ჩამალული, სადაც გველები, ტურები და მგლები ბინადრობდენ. 

სანაცვლოდ, ოჯახებმა სიმინდისა და თხილის გაშენება გადაწყვიტეს. იმ კულტურების, რომელთა გაყიდვაც შედარებით ადვილია და მოსავლის ასაღებად თანამედროვე აღჭურვილობაც არ სჭირდებათ. რადგან მოსავლიანობა შემცირდა, ფერმერები, საარსებო წყაროს მოსაპოვებლად, წლების განმავლობაში შედარებით მკაცრ ქიმიკატებს იყენებდნენ. 

56 წლის დავითმა მთელი ცხოვრება გალში მიწის დამუშავებაში გაატარა და კარგად ახსოვს, როგორი იყო ცხოვრება ომამდე. 

“გალს და მთელ რაიონს ჰქონდა მიწათმოქმედებისთვის შესაბამისი აღჭურვილობა,  ჯანსაღი სასუქები, კვალიფიციური კადრებიც გვყავდა. არასოდეს შეგვშინებია მოსავალის სიმცირის,” იხსენებს დავითი. ომამდე ის საკონსერვო ქარხნის საწყობებს მართავდა. ხილისა და ბოსტნეულის ბაღებში სიარული მისი ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობა იყო. 

 

ომის შემდეგაც ახსოვს მოსავლით სავსე ტრაქტორები და ხალხით სავსე ეზოები. ოჯახები ერთმანეთს სიმინდის გაფრცქვნაში ეხმარებოდნენ. “იმდენი თეთრი სიმინდი გვქონდა, რომ ოჯახის წევრებისა და ნათესავების გარდა, ღორებს, ქათმებს, ძროხებსაც ვკვებავდით. გარდა ამისა, ბევრი გვქონდა ყურძენი, მსხალი, ვაშლი, საზამთრო, კივი, თხილი. მოსავლის მეზობლებთან გაზიარება ჩვენი ძველი ტრადიცია იყო, რომელიც ომის შემდეგ, სახლებში რომ დავბრუნდით, მალევე აღვადგინეთ.” თუმცა, დავითი იმასაც ამბობს, რომ ამ წლების მანძილზე ხალხს მოტივაცია დაეკარგა, მოსავლის აღება სამეზობლოში დღესასწაული აღარ არის.

მისი მეუღლე 53 წლის თამარი, რომელიც პროფესიით მასწავლებელი და მებაღეა, დავითს ეთანხმება: “ომის შემდეგ ისეთი წვნიანი ატამი მოჰქონდა ხოლმე, სახლის გარეთ, ღობეზე კიდებდა. ასეთი ატამი აღარ არის. მიწაში ჭიებიც კი აღარ არის. წარმოგიდგენიათ, როგორ შეიცვალა ნიადაგი და ბუნება? ყოველწლიურად უფრო და უფრო თვალსაჩინოა ეს ცვლილებები; ამიტომ გვაქვს უარესი ხილი და ბოსტნეული,”ამბობს თამარი. 

შარშანდელი ზაფხული გალში ფერმერებისთვის ყველაზე ცუდი იყო. ორმოცდახუთდღიან უწყვეტ წვიმას ორმოცდახუთდღიანი მწველი მზე მოჰყვა. ალე* ახალგაზრდა ფერმერია, რომელიც გალში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მუშაობს. მან 10 ჰექტარ მიწაზე მხოლოდ 12 კალათა სიმინდის მოსავლის აღება შეძლო. 

ალე* ამბობს, რომ ზოგიერთი ნარგავი, რომელიც ბავშვობაში მრავლად ახსოვს, საერთოდ გამქრალია. მისთვის ეს არის ნიშანი იმის, რომ ნიადაგმა კლიმატის ცვლილების გამო, სასიცოცხლო საკვები ნივთიერებები დაკარგა. ამას ემატება ტექნიკური და ტექნოლოგიური რესურსების, შესაბამისი აღჭურვილობის, ხარისხიანი სასუქებისა და ამ სფეროში თანამედროვე ცოდნის ნაკლებობა: “ომის შემდეგ, ადგილობრივი ბაზარი უხარისხო სასუქებით გაივსო. ნიადაგის გაუმჯობესების მიზნით,  ფერმერები ბევრ ქიმიკატს და პესტიციდს იყენებდნენ. ამის შედეგად, მიწა უვარგისი გახდა.”

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის სოფლის განვითარების სააგენტოს წამყვანი სპეციალისტი თამაზ ხასაია ამბობს, რომ ხალხს სოფლის მეურნეობაში  პესტიციდებისა და ქიმიკატების როლზე ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს, რამაც ნიადაგი დააზიანა. 

“რაღაც თვალსაზრისით, სარეველები და მავნებლები ნარგავებისთვის კარგი მეგობრები არიან. ისინი ხელსაყრელ მიკროკლიმატს ქმნიან. რაც უფრო მეტ ქიმიკატს ვიყენებთ, მით უფრო ვაფერხებთ მიწის ნაყოფიერებას. ათწლეულების განმავლობაში ნიადაგის ასე დამუშავება, რა თქმა უნდა, ზიანს მოიტანს.” თამაზ ხასაია იმ ფაქტსაც აღნიშნავს, რომ სოფლის განვითარების სააგენტოსთვის ინფორმაციის მთავარი წყარო ადგილობრივი მოსახლეობაა, რადგან აფხაზეთის ხელისუფლება მათთან არ თანამშრომლობს. 

სოფლის განვითარების ასოციაცია (RDA) ერთ-ერთია იმ იშვიათ ორგანიზაციებს შორის აფხაზეთში, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობს და  ფერმერებს ეხმარება, დაწყებული სახლის მებაღეობით, საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობით დასრულებული. გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR) ერთად, სოფლის განვითარების ასოციაცია, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, გალსა და კონფლიქტის ზონის სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს ტექნიკის დაქირავებაში, ფერმერული უნარების განვითარებასა და ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარება.

თამარს და სოციალურად დაუცველ სხვა ოჯახებსაც, მაგალითად, ასწავლეს, როგორ ებრძოლონ ფაროსანას, რომელმაც წლების განმავლობაში რეგიონში თხილის პლანტაციები გაუნადგურათ.

ნიადაგის აღსადგენად თამაზი* ადგილობრივებს ურჩევს, რომ ჯერ პრობლემის იდენტიფიცირებით დაიწყონ - რა სჭირს მიწას: კალციუმის, კალიუმის, მაგნიუმის ნაკლებობა, თუ მომატებული მჟავიანობა? ამის შემდეგ უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები. თამაზი ამბობს, რომ თუ ადამიანები, უბრალოდ, შეასხურებენ მომწამვლელ ქიმიკატებს, ნიადაგში ის ჯანმრთელი ნერგები, მიკრობები, მწერები და სარეველებიც განადგურდებიან, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან: “დაზიანებული ნიადაგის აღსადგენად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის ცოტა ხანს დავასვენოთ და მხოლოდ ბიო პროდუქტები გამოვიყენოთ. ადამიანებს ამ ინფორმაციაზე (ცოდნაზე) ხელი უნდა მიუწვდებოდეთ. სხვა შემთხვევაში, სოფლის მეურნეობას ძალიან დავაზიანებთ და შეიძლება კატასტროფამდეც მივიდეთ.

სოფლის განვითარების ასოციაცია ახალ ინფორმაციას და სახელმძღვანელოებს ონლაინ აქვეყნებს, მაგრამ ყველა ფერმერს ინტერნეტთან და კომპიუტერთან ხელი არ მიუწვდება, განსაკუთრებით კი უფროს თაობას.

მე უკვე მოვხუცდი. არც აფხაზეთის და არც საქართველოს ხელისუფლება არ მეხმარება. ჩემი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მთლიანად დამოკიდებულია ჩემი გადაადგილების შესაძლებლობაზე და იმაზე, თუ სად გავყიდი თხილს,” ამბობს 78 წლის პენსიონერი დალი ხაზალია, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოტობაიაში ცხოვრობს. დალის სახლის უკანა ეზო და თხილის პლანტაციები რკინის მავთულებით გარშემორტყმული ზუსტად საზღვარზეა.

დალი იხსენებს, რომ ფაროსანას შემოსევამდე, ექვს ტონა თხილს იღებდა. ეს მაჩვენებელი მერე ორ ტონამდე ჩამოვიდა. ის იძულებული იყო, იმ მცირე მოსავლით გამომუშავებული ფული იმ ადამიანებისთვის გადაეხადა, ვინც მას თხილის მოსავლის აღებაში დაეხმარებოდა. შარშანდელმა ცხელმა ზაფხულმა და წვიმების ნაკლებობამ დალის მოსავალი ისევ დააზიანა: “იქნებ წელს მაინც გაგვიმართლოს ამინდში და უფრო ბარაქიანი მოსავალი გვქონდეს,”ამბობს დალი. 


სტატია მომზადებულია Chai Khana-ს Fellowship-ის პროგრამის ფარგლებში. გაზაფხული, 2023


სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.


*რესპონდენტების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტექსტში მათი სახელები შეცვლილია

წყარო:https://chaikhana.media/

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way