USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
რა საკონსტიტუციო ცვლილებებს უყრის კენჭს დღეს პარლამენტი
Date:  854

დღეს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე,  საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, მომდევნო პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან იქნება შედგენილი. საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის 1 %-ით, ხოლო ბლოკებისთვის, მასში შემავალი სუბიექტების რაოდენობისა და ბარიერის ნამრავლით განისაზღვრა. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე გადანაწილდება.კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.  კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმი“

საარჩევნო მოდელის პროპორციულ პრინციპებთან მაქსიმალურად დაახლოების მიზნით, კანონპროექტი ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმის“ შემოღებას ითვალისწინებს. ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმი“ გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც პროპორციული სისტემით ხმების 40%-ზე მეტს ვერ მოიპოვებს, საპარლამენტო უმრავლესობის მიღების საშუალება არ ექნება. ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნულის უკეთ გასაგებად, განვიხილოთ მაგალითი, როცა პარტიამ პროპორციული სისტემით ხმების 40% მიიღო და 29 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი მოიგო.

ცვლილებების თანახმად, პროპორციული სისტემით 120 მანდატი ნაწილდება. შესაბამისად, პროპორციული სისტემით 40%-ის მიღებისას პარტიას 48 მანდატი ეკუთვნის, ამასთან პარტიამ 29 მაჟორიტარული ოლქი მოიგო და ჯამში 77 მანდატი (48 + 29) მოიპოვა. 77 მანდატის პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში არის 51.3 % ( 77 * 100 / 150). პარტიის მიერ მიღებული მანდატების პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში არ უნდა აღემატებოდეს პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს, რაც მოცემულ შემთვევაში 50%-ს შეადგენს (40% + 10%). 51.3 % მეტია 50 %-ზე, შესაბამისად, ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, პარტიას შესაბამისი მანდატები პროპორციულ არჩევნებში წარდგენილი საარჩევნო სიიდან ჩამოაკლდება. საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის მიხედვით, ჩამოკლებული მანდატები „კანონით დადგენილი წესით პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს“. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში ჩამოკლებული მანდატების განაწილების წესი გაწერილი არაა, შესაბამისად, გაურკვეველია, რა პრინციპით მოხდება მანდატების გადანაწილება.

საყურადღებოა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმის“ მოქმედების წინაპირობებს არ აკონკრეტებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი მიზანია, 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების საშუალება არ მისცეს. მიუხედავად ამისა, კანონპროექტის არსებული რედაქცია შესაძლებლობას იძლევა, რომ ე.წ. „ჩამკეტის“ მოქმედება ყველა საარჩევნო სუბიექტზე გავრცელდეს. აღნიშნული, დაბალი მხარდაჭერის მქონე პარტიებს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს, რომელთაც ისედაც მცირე მანდატებიდან ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმის“ გამო, შეიძლება, მანდატი ან მანდატები ჩამოაკლდეთ. ამიტომაც, შესაძლო გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, უკეთესი იქნება, თუ კანონპროექტში ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმის“ ამოქმედების წინაპირობები დაკონკრეტდება.

მაჟორიტარული ოლქები

ცვლილებების მიხედვით, არსებული 73 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი (იხ. ცხრილი 1) იქმნება. ვენეციის კომისიის საარჩევნო საკითხებზე „კარგი პრაქტიკის კოდექსის“ მიხედვით, ერთმანდატიან ოლქებს თანაბარი ზომა უნდა ჰქონდეს, რათა გარანტირებული იყოს ყველა ხმის ერთნაირი წონა. საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლების ან წარმომადგენლების რაოდენობის თვალსაზრისით განსხვავება, საშუალოდ 10%-ს, არ უნდა აღემატებოდეს. ისეთი განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული ან მცირემოსახლეობიანი ადმინისტრაციული ერთეულების ინტერესთა დაცვა, განსხვავება 15%-ს არ უნდა აჭარბებდეს. ოლქების საზღვრების დადგენისას შეიძლება ისეთი კრიტერიუმების გამოყენება, როგორიცაა: მოსახლეობის, მოქალაქეების, რეგისტრირებული ამომრჩევლების ან (პოტენციურად) უშუალოდ ამომრჩეველთა რაოდენობა. დასაშვებია ამ კრიტერიუმთა კომბინირება. ოლქების საზღვრები გეოგრაფიული კრიტერიუმების ან ადმინისტრაციული თუ ისტორიული საზღვრების მიხედვით შეიძლება დადგინდეს. საარჩევნო ოლქების საზღვრები გამჭვირვალე და თანმიმდევრული გზით უნდა დადგინდეს და კანონით განისაზღვროს. მნიშვნელოვანია საზღვრებით მანიპულირების თავიდან აცილება. არ შეიძლება მათი დადგენა ისეთი წესით, რომ ამომრჩეველთა გარკვეული ერთგვაროვანი სეგმენტები, არჩევნების შედეგებზე სასურველი ზეგავლენის მოსახდენად, მიზანდასახულად გაერთიანდეს ან დაიყოს.

ასევე, სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული განსაკუთრებულ ინტერესთა ჯგუფები - მაგალითად, ეთნიკური უმცირესობები. მაჟორიტარული სისტემის პირობებში, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი წარმომადგენლები აირჩიონ. ამ კუთხით, კანონპროექტი 3 საგამონაკლისო შემთხვევას ითვალისწინებს, ესენია: ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი; ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის საარჩევნო ოლქი; მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქი. გამონაკლისი მთის რეგიონებისა და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს ეხება.

საარჩევნო ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. მაჟორიტარული ოლქების საზღვრები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, თანაზომადობის პრინციპით უნდა დადგინდეს, რაც, სტანდარტულად, 110 000-120 000 ამომრჩეველზე ერთ მაჟორიტარულ ოლქს გულისხმობს. ახალი საარჩევნო ოლქების მსგავსი გადანაწილება საერთაშორისოდ აღიარებული, ხმის თანაბარი წონადობის პრინციპს არ შეესაბამება. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ სხვადასხვა ოლქებში ამომრჩეველთა ხმას თანაბარი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს.

რიგგარეშე არჩევნები

აღსანიშნავია ისიც , რომ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად, 2020 წლის არჩევნების შემდგომი ნებისმიერი არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით კი, 2024 წლამდე, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთჯერადად ან მრავალჯერადად ჩატარების შემთხვევაში, შესაბამისი არჩევნები ტარდება და პარლამენტი ფორმირდება ამ კანონპროექტით განსაზღვრული წესებით. ამასთან, ბოლო რიგგარეშე არჩევნების მომდევნო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ტარდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცედურები

17 მარტს პარლამენტმა „საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“ დადგენილება მიიღო. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ჩერდება. შესაბამისად, ზემოხსენებული პროექტის განხილვაც საგანაგებო მდგომარეობის დასრულებამდე გადაიდო.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე, პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად კომიტეტებს გადაეცემათ. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებულ მასალებს 1 თვის ვადაში განიხილავს.

პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვას მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ იწყებს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს (26 ივნისს) იხურება. არსებული ვითარების გათვალისწინებით, პარლამენტს კონსტიტუციური კანონის მიღებისთვის შესაძლოა, რიგგარეშე სესიის მოწვევა დასჭირდეს. საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის ან საქართველოს მთავრობის მოთხოვნით, სესიებს შორის პერიოდში რიგგარეშე სესიას იწვევს. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას სამი მოსმენით, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედი (113 დეპუტატი ან მეტი) დაუჭერს მხარს. კანონი 3 დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.

აღსანიშნავია ისიც, რომ კონსტიტუციის წინა რედაქციისგან განსხვავებით, მოქმედი რედაქცია, კონსტიტუციური კანონის ორ თანმიმდევრულ სესიაზე 3 თვის შუალედით განხილვის წესს არ ითვალისწინებს. თუ კონსტიტუციურ ცვლილებებს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედი უჭერს მხარს, პარლამენტს შეუძლია, კონსტიტუციური კანონი ერთი სესიის განმავლობაში 3 მოსმენით მიიღოს.

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way