USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Tbilisi
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
Date:  360
2023 წლის 26-27 მაისის შეჯამება უკრაინაში:
- ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო და საარტილერიო იერიში მიმდინარეობს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე. განსაკუთრებით აქტიურად იბომბება შებეკინოს მუნიციპალიტეტი. დარტყმები არ წყდება სამხედრო და ლოჯისტიკურ. რუსეთის მომარაგების ერთ-ერთი ხაზი ხარკივისა და ლუგანსკის ოლქების მიმართულებით სწორედ ბელგოროდზე გადის. ამას ემატება რუსული არმიის გარკვეული ნაწილის ამ ოლქში გადმოსროლაც, რაც პრო-უკრაინული ძალების მიერ წინა დღეებში განხორციელებული იერიშის შედეგია.
შებეკინოს გარდა აქტიური საარტილერიო ცეცხლის ქვეშაა მოქცეული გრაფოვკაც. დასახლება საზღვრიდან 19 კილომეტრში მდებარეობს. იქვეა წყალსაცავიც. ასეთი გამალებული იერიშები იმის მანიშნებელია, რომ უკრაინელები რუსებს ბელგოროდზე ფოკუსის შენარჩუნებას აიძულებენ და თავდაცვით ფორტიფიკაციებსაც უნგრევენ, რათა მეტი ბუნდოვანება შექმნან თავიანთ გეგმებთან მიმართებით.
- გუშინ დრონებით იერიში განხორციელდა როსტოვის ოლქშიც. საჰაერო განგაშისა და ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მუშაობა მიმდინარეობდა ოლქის საზღვრისპირა ტერიტორიაზე. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამ პროცესში რუსებმა თავიანთი გამანადგურებელიც ჩამოაგდეს, მაგრამ ამის დადასტურება ნამდვილად არ მომხდარა.
- იბომბება ნავთობტერმინალები რუსეთის ტერიტორიაზე. ბოლო 48 საათში იერიშები განხორციელდა არამხოლოდ ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებზე, არამედ უფრო სიღრმეშიც, ფსკოვის ოლქის მიმართულებაზე. თუმცა სხვა დეტალები პრაქტიკულად არაა ცნობილი. ინფორმაციის ფართოდ გავრცელებას უკრაინაც ერიდება და რუსეთიც.
- დღეს Visegrad 24 ავრცელებდა ინფორმაციას, რომ პრო-უკრაინული ძალების მხრიდან პარტიზანული აქტივობა შეინიშნებოდა რუსეთში, ბრიანსკის ოლქში საზღვრისპირა დასახლება სუშანის მიმართულებით. თუმცა თავად აღნიშნეს, რომ დადასტურებული არაფერია. ომის ამ სტადიაზე რაიმეს დადასტურებით თქმა, მით უფრო პარტიზანული ან დივერსიული აქტივობის ვერ მოხერხდება. სააგენტო აღნიშნავს, რომ იერიში დრონებითაც მიმდინარეობს. შესაძლოა დრონებისა თუ ქვეითების იერიშის მასშტაბი საკმაოდ მცირე იყოს, მაგრამ ფსიქოლოგიური წნეხი ამითაც ძალიან იზრდება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბრიანსკის ოლქის ეს ნაწილი ბელარუსის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს და მარტის დასაწყისში პრო-უკრაინული ძალების შეტევის წერტილი ერთხელ უკვე ნამდვილად იყო.
- გუშინ უკრაინელებმა მძლავრად დაბომბეს რუსული სამხედრო პოზიციები ქალაქი დონეცკის მიმართულებით. პირველ იერიშს განმეორებითი დაბომბვები მოჰყვა. რუსები აცხადებდნენ რომ უკრაინელები HIMARS-ის რაკეტებს იყენებდნენ.
- გუშინვე რუსებმა უკრაინის ქალაქ დნიპროში საავადმყოფო დაბომბეს. საავადმყოფოში სამოქალაქო პაციენტები იმყოფებოდნენ. ესაა ტერორიზმის ტიპური სახე.
- ძალიან აქტიურად იბომბება ზაპორიჟიას ოლქის ოკუპირებული ნაწილი. განსაკუთრებით მძიმე სარაკეტო და დრონების იერიშები მიმდინარეობს ბერდიანსკის მიმართულებით. გუშინ დილით და საღამოს რუსულ პოზიციებზე რაკეტები მიფრინდა. იგივე განხორციელდა დღესაც. ზოგიერთი ვერსიით ამ მიმართულებაზე უკრაინელები ბრიტანულ Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსან რაკეტებს იყენებენო, თუმცა დანამდვილებით რაიმეს თქმა არ შეგვიძლია. სწორედ ბერდიანსკია რუსული არმიის თავმოყრის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი.
ბერდიანსკის გარდა აქტიურად დაიბომბა ფრონტისპირა ოკუპირებული ზონები ტოკმაკისა და ვასილივკას მიმართულებით. სწორედ ამ ორი ქალაქისაკენ იერიშს ელოდებიან რუსები, უკრაინული კონტრშეტევის ზაპორიჟიას ოლქში განვითარების შემთხვევაში.
- კვლავ რამდენჯერმე დაიბომბა ოკუპირებული მარიუპოლი. სავარაუდო სამიზნე იარაღის საწყობები და სამეთაურო პუნქტები იყო. მაგრამ დღეს განხორციელებული იერიში უშუალოდ "აზოვსტალის" ტერიტორიაზე განხორციელდა.
- რუსეთი მოლდოვაში არეულობას ცდილობს. გაგაუზია, რომელიც ადრეულ 90-ან წლებში სეპარატიზმის კერა იყო და შემდგომ იმ პირობით მოგვარდა, რომ მოლდოვა რუმინეთს არ შეუერთდებოდა, ახლა პრო-რუსული მთავრობა არჩევნების გაყალბებით მოვიდა ხელისუფლებაში. გაგაუზიას ავტონომია აქვს და იქ არჩევნები ადგილობრივი მთავრობისათვის ცალკე ტარდება. ამ პროცესში ყველაფერი გააკეთა რუსეთმა, რომ პრო-რუსული "შორ" და მისი მოკავშირეები მოსულიყვნენ მართვის სადავეებთან. ჯერ შიდა არეულობამდე საქმე არ მისულა, თუმცა გაგაუზიის ახალი მთავრობა მოლდოვას ევროპულ გზას არ ემხრობა.
1 ივნისს მოლდოვაში ევროკავშირის ეგიდით დიდი სამიტი ტარდება. ეს ევროკავშირის მხრიდან მოლდოვისადმი ურყევი მხარდაჭერის ნიშანია. სამიტზე საქართველოცაა მიწვეული.
- რუსეთის შიგნით შიდა დაპირისპირება გრძელდება - იგორ გირკინი "ვაგნერის" ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს უპირისპირდება და ამბობს, რომ პრიგოჟინის საქციელი ამბოხებამდე და გადატრიალებამდე მიიყვანს საქმეს.
- ბახმუტის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით შეტაკებები გრძელდება. ბრძოლა ქალაქის პერიფერიასთან მიმდინარეობს მაგრამ საკმაოდ აქტიურია შეტაკებები. მუშაობენ უკრაინელი სნაიპერებიც.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
tbilisi
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

See all
Survey
By the way