USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
Tbilisi
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
Date:  370
2023 წლის 11-12 მაისის შეჯამება უკრაინაში:
 
- ბოლო 48 საათია უკრაინელები აქტიურად უტევენ რუსულ პოზიციებს ბახმუტის ირგვლივ ფლანგებზე. ძალიან აქტიურია უკრაინული არტილერია, რომელიც უშუალოდ ბახმუტის გულში ურტყამს რუსულ პოზიციებს. სახმელეთო შეტევა ვითარდება ბახმუტის ჩრდილოეთით, ხრომოვეს ცენტრალური მომარაგების გზის გასწვრივ, სადაც რუსული ნაწილები დამარცხდნენ და პოზიციები მიატოვეს. ფრონტის ხაზმა დაახლოებით 3 კილომეტრით შეიწია რუსული პოზიციების სიღრმეში. არის დიდი რაოდენობით სამხედრო ალაფი. ხრომოვეს გზას ყველანაირი საფრთხე მოეხსნა. რუსები წყალსაცავთან გამაგრებას ცდილობენ. უკრაინული იერიშები გრძელდება.
 
ქალაქის სამხრეთით კლიშიივკა-კუდრიუმივკას მიმართულებით უკრაინელებმა რუსული თავდაცვის ხაზი გაარღვიეს, აიღეს სასანგრე პოზიციები და საველე სივრცეში ავითარებენ შეტევას. ამ მიმართულებით ფრონტის ხაზმა მთელ პერიმეტრზე გადაინაცვლა აღმოსავლეთით. იმ ფონზე, რომ სამხრეთით რუსებს ეფექტური თავდაცვის პოზიციები არ აქვთ მოწყობილი თუკი უკრაინული შეტევა წარმატებით განვითარდება შეიძლება შეიქმნას რუსული ნაწილების ლოკალურ ალყაში მოხვედრის საფრთხე.
 
ბახმუტის დასავლეთ ნაწილში უკრაინელებმა პოზიციები ცენტრის მიმართულებით დაიბრუნეს. "ვაგნერი" და რუსული რეგულარული ნაწილები ფრონტის ფლანგებზეა გადასროლილი უკრაინული შეტევის მოსაგერიებლად რის გამოც ცენტრში შეტევის შესაძლებლობა იქმნება. რთული სათქმელია როგორ განვითარდება მოვლენები და შეძლებენ თუ თუ არა რუსების უკრაინელთა შეტევის მოგერიებას, მაგრამ მოცემულ ეტაპზე უკრაინელებმა იმ პოზიციების დაბრუნება შეძლეს, რომლის დასაკავებლადაც რუსები ორი თვის განმავლობაში იბრძოდნენ და ათასობით ადამიანი დაკარგეს. ამასთან, აღნიშნული კონტრშეტევით ბახმუტს ალყის საფრთხე მოეხსნა. მიუხედავად ამისა, ქალაქში სიტუაცია მაინც კრიტიკულად რჩება, მაგრამ ამოსუნთქვის საშუალება ნამდვილად გაჩნდა.
 
რეალურად, ეს არის უკრაინელთა ლოკალური კონტრშეტევა თუ ფართომასშტაბიანი შეტევის ნაწილი არაა ცნობილი, მაგრამ აღნიშნული მოქმედებები უკვე მოინათლა, როგორც "შეტევის მოსამზადებელი/ნულოვანი ეტაპი", რაც მასშტაბურ იერიშს უძღვის ხოლმე წინ.
- დონეცკის ოლქის სამხრეთით, ნოვო ვასილივკასა და ვუჰლედარს შორის მდინარე შაიტანკა გადალახეს უკრაინელებმა და საბრძოლო პლაცდარმი შექმნეს მდინარის სამხრეთით, რუსული პოზიციების სიახლოვეს. ამ მიმართულებით რუსული პოზიციები საკმაოდ სუსტია, რადგან არც საგზაო ინფრასტრუქტურაა განვითარებული და არც დიდი ურბანული ცენტრი არ მდებარეობს. სამაგიეროდ აღნიშნული ტერიტორია ზედ ეკვრის რუსულ ფორტიფიცირებულ პოზიციებს.
 
- გუშინ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა დაადასტურა CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლონდონმა კიევს გადასცა ჰაერი-მიწა ტიპის ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow. მას 250 კილომეტრზე კარგად ფორტიფიცირებული სამიზნის განადგურება შეუძლია.
- რამდენიმე საათის წინ ლუგანსკის ცენტრში ორი სამხედრო სამიზნე დაიბომბა. ერთ-ერთი სამხედრო-სამრეწველო ცენტრად გადაკეთებული შენობა იყო, მეორე სამიზნის რაობა არაა ცნობილი. არის ვარაუდი, რომ უკრაინელებმა სწორედ ახლადმიღებული Storm Shadow გამოცადეს. რამდენიმე სართულიანი დიდი ინფრასტრუქტურული ნაგებობა თითქმის სრულად განადგურებულია. რაკეტის გაშვება მაღალი ალბათობით Su-27-დან ფრენისას განხორციელდა. ზუსტი სამხედრო შეფასებები ადრეა, მაგრამ თავად რუსები ეჭვობენ, რომ ჯერ გაშვებულ იქნა სატყუარა რაკეტები რასაც ფრთოსანი რაკეტები მოჰყვა.
 
- პანიკაა რუსულ ოკუპირებულ ქალაქებში. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ნოვოაზოვსკეში მოხდა, სამხრეთით, მარიუპოლის სიახლოვეს. ქალაქი 2014 წლის შემდეგ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ახლა კი, უკრაინული კონტრშეტევის შემდეგ რუსული პასპორტის მქონე მოქალაქეები ქალაქიდან გარბიან, რის გამოც რუსეთისაკენ მიმავალ გზაზე საცობები შეიქმნა. მსგავსი ინციდენტი დაფიქსირდა ოკუპირებული დონეცკის ოლქის რამდენიმე ქალაქიდან.
 
- მელიტოპოლში, ზაპორიჟიას ოლქში აფეთქებებია. პარტიზანებმა კოლაბორაციონისტი მოსამართლე მანქანაში ააფეთქეს. მოკლეს საოკუპაციო პოლიციის თანამშრომლებიც.
 
- მთელი ღამე მიმდინარეობდა შეტაკებები ხერსონის ოლქში, ნოვა-კახოვკას სიახლოვეს. დეტალები უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ უკრაინელი პარტიზანები ან სპეციალური რაზმის წევრები რუსულ პოზიციებს დაესხნენ თავს.
 
- მაღალი ინტენსივობით იბომბება რუსული პოზიციები დონეცკის რაიონის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, ჰორლოვკაში, სადაც რუსული საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი ბირთვი იყო ჯერ კიდევ ომამდე. ჰორლივკას უკიდურეს დასავლეთ გარეუბანში უკრაინელები ისედაც არიან გამაგრებული. აღნიშნული საარტილერიო დარტყმები დიდი სისწრაფით გავრცელდა მთელს ფრონტზე, რის ფონზეც დამატებითი რუსული ნაწილების გადასროლა ხდება ამ მიმართულებით.
 
- გამალებით იბომბება რუსეთი, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქები. ამ უკანასკნელში როსნეფტის ნავთობაზა იქნა დაბომბილი. ბომბები ჯერ დრონებით იქნა ჩაყრილი რასაც უკრაინული დრონის მხრიდან თვითგამანადგურებელი დარტყმა მოჰყვა. ბელგოროდის ოლქში რუსული პოზიციები შებეკინოს მიმართულებით იქნა კვლავ განადგურებული. იმ ხმების ფონზე, რომ უკრაინელები ხარკივის ოლქში სამხედრო დაჯგუფებას ქმნიანო და ბელგოროდის მიმართულებით (საზღვრის გადაღმა) აპირებენ შეჭრასო რუსები იძულებულები არიან სასაზღვრო რაიონებში დამატებითი ძალები გადაისროლონ. ეს კი უკრაინული არტილერიისათვის სასურველი სცენარია, რომლებიც აღნიშნულ ნაწილებს ინტენსიურად ურტყამს. ცხადია, უკრაინელთა მხრიდან ბელგოროდზე გალაშქრება მინიმალურია, მაგრამ რადგან ამ ომში ყველა სცენარი იქნა განხილული იძულებულები არიან რუსები იმოქმედონ და უყურადღებოდ არ დატოვონ არსებული საფრთხე.
 
- უკრაინელმა სამხედროებმა შეტევა განახორციელეს დონეცკი-ლუგანსკის ოლქების საზღვარზე მდგარ რუსული პოზიციების მიმართულებით, რის შემდეგაც არამხოლოდ რუსული დამრტყმელი ძალების ბირთვს მიაყენეს ზარალი არამედ მძიმე ტექნიკაც იგდეს ხელთ.
 
- მოსკოვის ოლქში ხანძრებია. იწვის საწარმოები და საწყობები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საავიაციო ძრავების ქარხანას ეკიდა ცეცხლი, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურებულა.
 
- ყირიმში ადგილობრივმა პარტიზანებმა რუსული ფორტიფიცირებული პოზიციები აღწერეს. როგორც ჩანს რუსები უკრაინელებისაგან საზღვაო დესანტის გადმოსხმას განიხილავენ.
 
- ყირიმში, ჯანკოის ავიაბაზის სიახლოვეს რუსული შვეულმფრენი მი-28 ჩამოვარდა. ორივე პილოტი ადგილზე დაიღუპა.
 
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way