USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Tbilisi
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
Date:  380
2023 წლის 5-6 მაისის შეჯამება უკრაინაში:
- რუსეთის ბელგოროდის ოლქში მინიმუმ სამი რუსული პოზიცია დაიბომბა ინტენსიურად. აქედან მხოლოდ ერთი იყო უშუალოდ საზღვრისპირა შებეკინო. დანარჩენი ორი სამიზნე უფრო მოშორებითაა. რეალურად, ბელგოროდიდან რუსული პოზიციების ეფექტური დამუშავება იმასაც ემსახურება, რომ რუსული არმია აიძულონ საზღვრისპირა ოლქში დარჩეს უკრაინელთა პოტენციური იერიშის მოლოდინში. ცხადია, მინიმალურია იმის შანსი, რომ უკრაინელებმა რუსეთის ფედერაციას შეუტიონ ბელგოროდის მიმართულებით, მაგრამ პირობებში, რომ უკრაინელთა მხრიდან საარტილერიო დარტყმები ხორციელდება, რუსები იძულებულნი არიან იყოლიონ კონტინგენტი ოლქის დასაცავად. გარდა ამისა, ბელგოროდის ოლქი გამოიყენება მობილიზებულთა გასაწვრთნელად და უკრაინის ლუგანსკის ოლქში გადასასროლადაც. ბელგოროდის ოლქი არის რუსული ლოჯისტიკის ერთ-ერთი ცენტრი.
- უკრაინელებმა მარიუპოლში რამდენიმე დარტყმა განახორციელეს რუსულ პოზიციებზე. ქალაქი ჯერ კიდევ რჩება რუსული სამხედრო ძალების ერთ-ერთ ცენტრალურ თავშეყრის ადგილას. შესაბამისად, ნებისმიერი იერიში, რისი საშუალებითაც არ უნდა იყოს განხორციელებული ის, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რუსულ არმიასა და ზოგად მორალს.
- რუსებმა სამოქალაქო მოსახლეობის, კოლაბორაციონისტებისა და საკუთარი სამხედროების ოჯახების ევაკუაცია დაიწყეს ზაპორიჟიას ოლქიდან. ევაკუაცია ხდება პოლოჰიდან და მელიტოპოლიდან. ევაკუაციის ნიშნები შეიმჩნევა საპორტო ქალაქ ბერდიანსკშიც, სადაც ოლქის საფრონტო ტერიტორიებიდან ჩაყვანილი მოსახლეობა იყრის თავს. სავარაუდოდ, ბერდიანსკი არ იქნება მათი განთავსების საბოლოო ზონა. რუსებმა შეიძლება იძულება დაიწყონ მშვიდობიანი მოსახლეობისა, რათა დაჰყვნენ რუსულ განკარგულებას და იძულებით დატოვონ საცხოვრებელი ადგილები. მსგავსი პრეცედენტებიც იყო ხერსონის ევაკუაციისას.
- ბახმუტი დგას. მართალია საბრძოლო მოქმედებები ქალაქის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში მიმდინარეობს, მაგრამ ქალაქის აღება ვერ მოხერხდა. რუსები ყველა სახის იარაღს იყენებენ ქალაქის უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ. მათ შორისაა სწრაფად აალებადი ამუნიციაც, რომლის მეშვეობით ქალაქი ცეცხლსა და კვამლში უნდა იყოს გახვეული. მიუხედავად ამისა, უკრაინელები ინარჩუნებენ პოზიციებს და არტილერიითა და დრონებით რუსული პოზიციების სიღრმეში ახორციელებენ დარტყმებს.
- რაც შეეხება "ვაგნერის" მიერ ქალაქის დატოვებას. რეალურად თუკი ეს მართლაც განხორციელდა (რეალურად არავინ იცის მისცემენ თუ არა "ვაგნერს" უფლებას მიატოვონ პოზიციები და უსაფრთხო დერეფნით აღმოჩნდნენ რუსული პოზიციების სიღრმეში) და იქ როგორც დაანონსდა ე.წ. "კადიროველები" შევიდნენ, მაშინ რუსული თავდაცვის ხაზისათვის სიტუაცია განსაკუთრებით დამძიმდება. "კადიროველთა" უმრავლესობას არ აქვს საბრძოლო გამოცდილება და ვისაც მსგავსი რამ ჰქონდა/აქვს ან მოკლულია ან თავად კადიროვი არ გაუშვებს ბახმუტის წინა ხაზზე. ბახმუტი არაერთხელ მოინათლა როგორც "ხორცსაკეპი". შესაბამისად, ჩეჩნების გაშვება ამ მიმართულებით კადიროვის პოზიციებს კიდევ უფრო დაასუსტებს. თუკი ეს მაინც მოხდა, არც ისაა გამორიცხული სხვადასხვა რესპუბლიკებიდან მოუყარონ თავი სამხედროებს და დაარქვან "კადიროველი". თუმცა, თუკი კრემლს კადიროვის დანაყოფების სრული გამოფიტვა მართლაც აქვს გადაწყვეტილი, მაშინ მათი ბახმუტში გაშვება სრულიად ლოგიკური იქნება.
როგორც არ უნდა იყოს, თითქმის ათთვიანი იერიშების შემდეგ რუსული არმიის შემტევი ნაწილები და "ვაგნერის" დაჯგუფება ბახმუტში გამოიფიტა ისე, რომ ქალაქის აღება ვერ მოახერხეს.
- ყირიმის ხიდი, რომელიც ისედაც შეზღუდულად მუშაობდა, სამოქალაქო ტრანსპორტს შეზღუდულად ან საერთოდ აღარ ატარებს. აშკარაა რუსები ნებისმიერი სახის დარტყმას ელოდებიან უკრაინელთა მხრიდან. მათ შორის ყირიმის მიმართულებით.
- რუსი პროპაგანდისტი ზახარ პრილეპინი ნიჟნი-ნოვგოროდში საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. ის მძიმედ დაშავდა და თუ გადარჩა ქვედა კიდურებს დაკარგავს. ის მემარცხენე იდეოლოგიის მომხრე იყო რომელმაც პარადოქსია, მაგრამ იმპერიალიზმის მხარდამჭერად იქცა. ანუ ერთდროულად იყო მემარცხენეც და იმპერიალისტიც, რომელსაც რუსეთის წმინდა იმპერიის აღდგენა სურდა თუმცა კომუნისტურ საფუძვლებზე. ღიმილისმომგვრელია.
- "აზოვსტალის" 45 მცველი იქნა გათავისუფლებულ-გაცვლილი. ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სამხედრო ძალების წარმომადგენლები ბრუნდებიან შინ. ეს კი არამხოლოდ მორალური სტიმულია უკრაინელთათვის, არამედ კიდევ ერთიც - ისინი შესაძლოა გამოცდილ ინსტრუქტორებადაც იქცნენ ახალწვეულთათვის.
- "აზოვის" ბრიგადამ დამატებითი შევსება მიიღო და სრულიად მზადაა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს უკრაინელთა კონტრშეტევისას.
- უკრაინული საჰაერო თავდაცვა ძალიან მაღალ დონეზე მუშაობს. მათ არამხოლოდ რუსული ფრთოსანი ზებგერითი რაკეტა "კინჟალი" ჩამოაგდეს, რომელზეც რუსები თავის დროზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, არამედ დედაქალაქის თავზე ცა თითქმის სრულად დახურეს. ეს ყველაფერი კი უკვე მოინათლა როგორც ამერიკული The Patriot Weapon System-ის დამსახურებად.
tbilisi
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

See all
Survey
By the way