USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
Date:  517
2023 წლის 21-22 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
 
- [ფოტოზე] ზაპორიჟიას ოლქში რუსებს ფორტიფიკაციების რამდენიმე ხაზი აქვთ გაკეთებული. თავდაცვითი ზღუდეები, ტანკსაწინააღმდეგო თხრილები, დანაღმული პერიმეტრები, სანგრები და სხვა ნაგებობები, როგორც ურბანული ცენტრების ირგვლივ, ისე მდელოებზეა გაშლილი. რუსებს არცთუ ისე დიდი დრო ჰქონდათ თავდაცვითი პოზიციების მოსაწყობად, მაგრამ უკრაინელების წინაშე მაინც არ დგას ადვილი ამოცანა. საიმედო დასავლური დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაციაა, რომლის გამოყენებითაც თავდაცვით პოზიციებში შედარებით სუსტი წერტილის გამოვლენა და მათი გადალახვა ძალიან რთული არ იქნება.
 
- ლუგანსკის ოლქში, უკრაინელები კვლავ მიემიჯნენ კრემინას. პრაქტიკულად უკრაინელებმა თითქმის ყველა იმ ტერიტორიისა და პოზიციის დაბრუნება შეძლეს, რაც რუსებმა ზამთრის შეტევისას დაიკავეს - კრემინას შემოგარენიდან უკრაინელთა ოდნავი უკუქცევა მათი ერთ-ერთი ძირითადი მიღწევა იყო.
 
- ბახმუტის დასავლეთ ნაწილში მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს. ძალიან გართულებულია ქალაქის მომარაგება. გზა, რომელიც სოფელ ხრომოვეზე გადის მომარაგებისათვის გამოუსადეგარია საბრძოლო მოქმედებებიდან გამომდინარე, ხოლო საველე გზები კვლავ ცუდ მდგომარეობაშია სეზონური წვიმებისა და ტალახის გათვალისწინებით.
 
მიუხედავად ამისა, სამხედრო დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ბახმუტის ირგვლივ (არამხოლოდ უშუალოდ ბახმუტზე, არამედ მის მომიჯნავედაც) რუსული შეტევის ტემპი მნიშვნელოვნადაა დაკლებული., რაც იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ რუსულ შემტევ ძალებში კატასტროფული დეფიციტია ან იმას, რომ რუსები რაღაცისათვის ემზადებიან.
 
- ევგენი პრიგოჟინი - "ვაგნერის" ხელმძღვანელი - რუსულ არმიას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ბაზისურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებენ სამხედროები, რადგან მათ ელემენტარული აღჭურვილობაც კი არ აქვთო. იგი რუსეთის არმიის მდგომარეობას 1941 წლის საბჭოთა არმიის მდგომარეობას ადარებს და ამბობს, რომ მომზადება პრაქტიკულად არ აქვთ რუს სამხედროებსო. რეალურად, ის ცდილობს თავდაცვის სამინისტროს კრიტიკას და იმის ჩვენებას, რომ თითქოს ერთადერთი ფუნქციური ძალა უკრაინაში "ვაგნერიაო". ანუ ეს ყველაფერი შიდა დაპირისპირების ნაწილია, თუმცა ისიც ცხადია, რომ რუსულ არმიაში სერიოზული პრობლემებია, ხოლო "ვაგნერის" რესურსებიც იწურება. ამ ფონზე სხვისთვის გადაბრალება ადვილი საქმეა.
 
- რუსეთში მასობრივად მიმდინარეობს გაწვევა. კომისარიატში იბარებენ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე მოქალაქეებსაც. იმატა შემთხვევებმა ხანდაზმული ადამიანების გაწვევის მცდელობისაც. ეს კი ზოგად უკმაყოფილებას ზრდის ქვეყანაში. ამ ფონზე რუსები ცდილობენ პროპაგანდისტული კლიპებით დააჯერონ საკუთარი მოსახლეობა და დაითანხმონ გაწვევაზე, მაგრამ ომი პოპულარობას დროსთან ერთად კიდევ და კიდევ უფრო კარგავს. წარმატებული კონტრშეტევის შემთხვევაში კი კიდევ უფრო დაკარგავს.
 
- აშშ-ს დახმარების ამ პაკეტში F16-ები არ შეუყვანია. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს პოლიტიკურად გადასაწყვეტი საკითხია. ანუ ნება არამხოლოდ თავდაცვის მდივნისა და გენერალური შტაბის, არამედ პრეზიდენტის დონეზეც კი შეიძლება გადაწყდეს. როგორც ჩანს აშშ-ში არ არიან დარწმუნებულნი რამდენად კარგად შეძლებენ უკრაინელები ამერიკული თვითმფრინავების ათვისებასა და გამოყენებას. ამასთან, არც ისაა გამორიცხული რუსული ბირთვული მუქარაც ჭრიდეს - F16 მულტიფუნქციური გამანადგურებელი ჰაერში სრულიად შეცვლის სურათს და თუკი აქამდე რუსებს არ აქვთ საჰაერო დომინაცია ამ შემთხვევაში უკრაინელები აღმოჩნდებიან აშკარა უპირატესობაში. ეს კი რუსეთის მხრიდან არაპროგნოზირებადი ქმედებების წყარო შეიძლება გახდეს. არის სხვა ვერსიაც - ამერიკელები ფიქრობენ, რომ უკრაინელები F16-ებით რუსეთზე რუსეთში მიიტანენ იერიშს და არ უნდათ ამის გარისკვაო. ძალიან ბევრი კომპლექსური და ხშირად ურთიერთგამომრიცხავი საკითხია ამ თვითმფრინავებთან დაკავშირებით და ზუსტი სურათის დანახვა ჯერ არ ხდება. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ რუსეთის კიდევ უფრო დასუსტების შემთხვევაში F16-ების საბოლოოდ პოზიტიურად გადაჭრა გამორიცხული არ არის.
 
- გაჟონილი დოკუმენტებიდან ირკვევა რამდენიმე საინტერესო მოვლენა: 1. ფრანგები არ აწვდიან ბელარუსში რუსული პოზიციების განლაგებაზე ინფორმაციას უკრაინელებს რადგან ეშინიათ რომ უკრაინელები დაბომბავენ მათ და ეს ყველაფერი ესკალაციას გამოიწვევს; 2. სირიაში უკრაინა რუსულ ძალებზე თავდასხმას გეგმავდა, რომელშიც სავარაუდოდ ქურთების დახმარებას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეიკავა თავი. ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი კი თურქეთის არგაღიზიანება იყო, რომელსაც ქურთულ შეიარაღებულ ძალებთან პრობლემები აქვს. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ეს არავინ იცის ამ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის სინამდვილე, შესაბამისად, რთული სათქმელია რა არის რეალობა და მოწინააღმდეგის დასაბნევად განზრახული ინფორმაცია.
 
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way