2023 წლის 9 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
- ბახმუტში საბრძოლო მოქმედებებმა ცენტრალურ სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე მიაღწია. შეტაკებების ინტენსივობა მაღალია. რეალურად, სადგურის ირგვლივ თითოეული შენობისათვის მიმდინარეობს ბრძოლა. მოცემულ რეალობაში, ქალაქის დაახლოებით 65% არის რუსების ხელში. ჩასივ იარისა და კოსტიანტინივკასაკენ მიმავალი ორი ძირითადი საგზაო მაგისტრალი ინტენსიური ცეცხლის ქვეშაა მოქცეული. შესაბამისად, ქალაქში მყოფი უკრაინელების შემდგომი მომარაგება რთულია და საველე გზებით მიმდინარეობს. თუმცა ამ ეტაპზე ალყის საშიშროება მინიმუმამდეა დასული, რადგან იმდენად ღრმად არ არიან შესულები ქალაქის სიღრმეში, რომ ფლანგებიდან ალყაში მოქცევა ადვილდებოდეს. ზოგადად, უკრაინელები მხოლოდ მას შემდეგ იხევენ უკან ხოლმე, როდესაც შენობებიც კი აღარ არის მთელი და მათი დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. იმ ფონზე, რომ ცხრათვიანი ბრძოლის შემდეგ ბახმუტში პრაქტიკულად მთელი შენობა აღარაა დარჩენილი, მისი დაცვა ძალიან გაუჭირდებათ უკრაინელებს. თუმცა ამ დინამიკით, თუკი ევაკუაცია არ განახორციელეს ან კონტრშეტევაზე არ გადავიდნენ, ქალაქის შენარჩუნებას კიდევ რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე შეძლებენ.
- ქალაქი დონეცკის ირგვლივ - სამხრეთით და ჩრდილოეთით მდებარე - მარიინკასა და ავდიივკაში რუსული იერიშები იმაზე დიდი დანაკარგებით მიმდინარეობს ვიდრე ფრონტის სხვა მიმართულებებზე. თუკი ბახმუტი დანგრეულია მარიინკა პრაქტიკულად აღარ არსებობს. უბრალოდ, ბახმუტისაგან განსხვავებით, უკრაინელები მარიინკას 8 წელი იცავდნენ და ამაგრებდნენ, ხოლო იქ მყოფი სამხედროები და ოფიცრები ყველაზე გამოცდილ ძალად იქცნენ. შესაბამისად, მარიინკასა და ავდიივკა დონეცკის ოლქის ერთ-ერთი ღერძული წერილებია და უკრაინელები მას წარმოუდგენლად კარგად ართმევენ თავს.
- აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში კიდევ ერთი კვირა წვიმებია. ეს გადაადგილებას აფერხებს, თუმცა სწორედ ასეთი რთული პირობებისათვის იწვრთნებიან უკრაინელები. აქედან გამომდინარე, წვიმა თავისთავად ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის სამხედრო იერიშისათვის, მაგრამ ლოჯისტიკისათვის შესაძლოა აქილევსის ქუსლად იქცეს. ამას ემატება დაზვერვაც - კარგი ამინდი საჰაერო დაზვერვას და მოწინააღმდეგის აღმოჩენას აადვილებს. სავარაუდოა, რომ უკრაინელები მიწის შედარებით გამოშრობასა და სიტუაციის გაუმჯობესებას კვლავ დაელოდებიან. თუმცა ერთიცაა - თუ ტალახია ერთი მხარისათვის ტალახია ყველასათვის. უბრალოდ თავდაცვაში მყოფი ძალა ამით, როგორც წესი სარგებლობს ხოლმე.