2023 წლის 8 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
- უკრაინელებმა ყირიმზე, ფეოდოსიის პორტის მიმართულებით განლაგებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე მიიტანეს იერიში. სავარაუდოდ გამოყენებული იყო ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო ბალისტიკური კომპლექსი "ჰრიმ-2" (ОТРК), რომელიც ოდესის ოლქიდან იქნა გაშვებული. ეს კი მიანიშნებს, რომ უკრაინელებმა მოწინააღმდეგეზე იერიში 400+ კილომეტრის დაშორებით მიიტანეს. რუსების განცხადებით "ჰრიმ-2" ჩამოაგდეს (მინიმუმ ერთი მაინც), მაგრამ ფაქტია, რომ სანაპიროს სიახლოვეს დაბომბვა განხორციელდა და სავარაუდოა, რომ სამიზნეთა მინიმუმ ნაწილი მაინც იქნა განადგურებული. თუკი უკრაინამ "ჰრიმ-2" ბალისტიკური რაკეტების გამოშვება აქტიურად შეძლო რუსეთის ომში დამარცხება კიდევ უფრო რეალისტური გახდება. არადა 2018-19 წლებში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით საცდელი ვარიანტები ჰქონდათ უკრაინელებს.
- წუხელ აფეთქებები და ხანძარი იყო რუსეთში, ვორონეჟის ინდუსტრიული კომპლექსის მიმართულებით, სადაც შესაძლოა სამიზნედ სწორედ საავიაციო ნაწილების ქარხანა ყოფილიყო. რამ გამოიწვია დეტონაცია არაა ცნობილი.
- უკრაინელებმა დაბომბეს იასინუვატა, ქალაქი დონეცკის გარეუბანი, რომელშიც გამორჩეულად დიდი რაოდენობით არიან რუსი სამხედროები თავმოყრილები. იქვეა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რკინიგზის ხაზი და საწყობები. ჯერ კიდევ 2014 წლის მდგომარეობით იასინუვატა რუსული აჯანყების ერთ-ერთი საკვანძო დასაყრდენი იყო. ცხადია, ეს არაა პირველი შემთხვევა იასინუვატაში რუსული პოზიციების განადგურებისა. უბრალოდ ყველა ასეთი იერიში სამეთაურო შტაბების ან საწყობების განადგურებით მთავრდება ხოლმე.
- ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების საზღვართან მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან სივერსკზე რუსული იერიში თანდათან გამოიფიტა. სივერსკზე დაწოლა თითქმის 9 თვე მიმდინარეობდა. ახლა კი პრაქტიკულად უკრაინელებს უფრო აქვთ ინიციატივა ვიდრე რუსებს.
- Oryx-ის დათვლით განადგურებული რუსული ტექნიკის რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა. ეს კი შესაძლოა მთელი რუსული სამხედრო ტექნიკის 30%-35%-იც კი იყოს, თუკი აქტიურ, მოქმედ, მუშა მდგომარეობაში სამხედრო ტექნიკაზე ვისაუბრებთ და ასევე დავუმატებთ იმ განადგურებულ ტექნიკას, რომლებიც ფოტოებზე ვერ აღიბეჭდა. ზოგიერთი ვერსიით შესაძლოა უფრო მეტი იყოს მოცემული ციფრის პროცენტული შეფარდება ან ნაკლები. ზოგადად, პროცენტები საკმაოდ სპეკულაციური საკითხია, თუმცა ნებისმიერი ძალისათვის ომში ამ რაოდენობის ტექნიკის დაკარგვა კატასტროფული ციფრია.
- ამ ფონზე რუსეთში ბიუჯეტის დეფიციტია. ნეგატიურმა მოლოდინებმა კი რუბლის გაუფასურებას შეუწყო ხელი. ამ ფონზე ისედაც რთულად საყიდელი დოლარი კიდევ უფრო რთული გახადა.