2023 წლის 3 აპრილის შეჯამება:
- საბრძოლო მოქმედებები ქალაქი ბახმუტის ცენტრში მიმდინარეობს. ეს უკვე მესამე დღეა, რაც ცენტრის მომიჯნავე ტერიტორიაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, თუმცა დღევანდელი მოცემულობით ქალაქის უშუალო ცენტრალური რაიონის სიახლოვეს გადაინაცვლეს იერიშებმა. ქუჩის საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმულია მძიმე ტექნიკა როგორც რუსების ისე უკრაინელთა მხრიდან. რუსების წინსვლას ისიც აფერხებს, რომ მათ მიერ თითოეული დაკავებული შენობა ზოგჯერ დანაღმულია ხოლმე ან უკრაინული დრონების მიერ დაფიქსირების შემდეგ არტილერია ბომბავს მას. ქალაქისათვის ბრძოლაში თითქმის სრულად იფიტება რუსული შემტევი პოტენციალი.
ოთხი მთავარი მიმართულება იყო ზამთრის რუსული შეტევისა - ვულჰელადარი, ავდიივკა, ბახმუტი და კრემინას ტყე. პირველსა და ბოლოში კატასტროფული შედეგები დადგა რუსებისათვის, ავდიივკაში სიტუაციას სრულად უკრაინელები აკონტროლებენ და რუსებმა ერთ-ერთი ყველაზე მოტივირებული და გაწვრთნილი სეპარატისტული დანაყოფები შეახოცეს მას (ჯერ კიდევ ზამთრამდე), თუმცა მიუხედავად ამისა ქალაქის სიახლოვეს შეტაკებები კვლავ გრძელდება. აი ბახმუტში კი, სადაც რუსების დანაკარგებმა (ტყვეების, დაჭრილებისა და მოკლულების სახით) 50 ათასს გადააჭარბა (ერთი თვის წინ BBC წერდა რომ 30 ათასი იყო). დასავლური სამხედრო ანალიზი ვარაუდობს, რომ დანაკარგების შეფარდება 1:5-ზეა უკრაინელთა სასარგებლოდ. თუ ეს ნამდვილად ასეა მაშინ რუსების შემტევი პოტენციალი მართლაც უმეტესწილად უნდა გამოიფიტოს ბახმუტში, თუმცა ვნახოთ.
- პეტერბურგში დააკავეს დარია ტრეპოვა, რომელმაც რუს პროპაგანდისტ ტატარსკის სავარაუდო პატარა ქანდაკებაში ჩადებული ასაფეთქებელი გადასცა და კაფეში სიტყვის გამოსვლისას ააფეთქა. ტრეპოვა როგორც ჩანს დაახლოებული იყო ტატარსკისთან თუმცა თავდაპირველად ომის მხარდამჭერი არ გახლდათ. რთული სათქმელია ვინ დაგეგმა ოპერაცია, მაგრამ როგორც გუშინაც აღვნიშნეთ, რუს პროპაგანდისტებს ამის შემდეგ კიდევ უფრო შეეშინდებათ საჯარო სივრცეში გამოჩენის. თუმცა, რადგან ტატარსკი ბოლო ხანებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აკრიტიკებდა ცუდად წარმოებული საბრძოლო მოქმედებებისა და დაგეგმარების გამო, არც ისაა გამორიცხული მისი მკვლელობა შიდა ოპერაციის ნაწილი ყოფილიყო სხვების გასაფრთხილებლად.
- რუსეთის სასაზღვრო პერიმეტრზე, რუსეთის ტერიტორიაზე თითქმის ყველა ანძაზე სპეციალური სადაზვერვო კამერები აყენია. უკრაინელებმა მათი განადგურება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაიწყეს, მაგრამ ახლა ეს პროცესი პრაქტიკულად ძალიან გახშირებულია. ის, რომ საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზეცაა გადასული ეს აღარავის უკვირს, მაგრამ აქ სხვა რამაა მნიშვნელოვანი - თვით რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინელთა დაზვერვა გაჭირდა.
- ხვალ ფინეთი ნატოში ოფიციალურად შევა. ახალი, 1300 კილომეტრიანი ნატოს საზღვარი გადაიჭიმება რუსეთთან. ეს კი უმნიშვნელო რამ ნამდვილად არ არის. ისე კი სასაცილოა, პუტინმა ვითომ ომი ნატოს გაფართოების წინააღმდეგ დაიწყო და კი მიიღო პეტერბურგის სიახლოვეს ნატო. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთთან მოსაზღვრე ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან ფინეთს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ანგარიშგასაწევი არმია ჰყავს, რომელსაც მარტოდ დარჩენილსაც კი შეეძლო რუსეთთან ეფექტური თავდაცვითი ომის წარმოება, ამის შემდეგ კი მისი უსაფრთხოება სრულად იქნება მიღწეული.