USD 2.5979
EUR 2.9128
RUB 3.1404
Tbilisi
რა გამოსავალს პოულობენ მსხვილი კომპანიების კრიზისის დროს
Date:  2324

კორონავირუსის მოულოდნელ აფეთქებასთან ერთად, მსხვილი თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენელმა კომპანიებმა სერიოზული ფინანსური ზარალი განიცადეს. ბიზნესკომპანიების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების თუ სკოლების უმეტესობამ, რამდენადაც მათი საქმიანობის პირობებში ეს შესაძლებელი იყო,  გამოსავალი მუშაობისა და სწავლების ონლაინრეჟიმზე გადასვლაში იპოვა, ზოგიერთმა კი საკუთარი საქმიანობა არსებულ გარემოს მოარგო. წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს იმისა, თუ როგორ შეძლეს Apple-ის, Google-ისა თუ LVMH-ის მსგავსმა მსხვილმა მწარმოებლებმა თავიანთი ბიზნესისა და იმიჯის ამ კრიზისულ პერიოდში გადარჩენა და შენარჩუნება.

 

Apple

როგორც Apple-ის გუნდი მათ მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ განცხადებაში ამბობს, Covid-19-ის გავრცელება თითოეულ ჩვენგანზე უარყოფითად მოქმედებს, ამ კომპანიას კი, პირველ რიგში, ადამიანები წარმოადგენენ, რომელთაც სჯერათ, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს შესწევს უნარი თითოეული ჩვენგანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. განსაკუთრებით კი ისეთ პირობებში, როგორშიც დღეს თანამედროვე სამყარო იმყოფება, მაშინ როცა რიგითი მასწავლებლებიდან დაწყებული, მსხვილი ბიზნესკომპანიებით დამთავრებული, ყველა გადარჩენის ალტერნატიულ გზებს ეძებს. სწორედ ახალ რეალობასთან ადაპტაციის პირობებში კომპანია აგრძელებს თავის ჩვეულ საქმიანობას და ამასთან, ცდილობს, მსოფლიო მასშტაბით დაეხმაროს ყველას, ვინც ამ ვირუსმა დააზარალა.

 

მოქალაქეებზე ზრუნვას კი საკუთარი თანამშრომლებიდან იწყებს, როგორც მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია Apple-მა თანამშრომლებისა და კლიენტების უსაფრთხოებისთვის მსოფლიო მასშტაბით თითქმის ყველა მაღაზია დახურა.

 

თუმცა, სანამ მაღაზიები გაიხსნება, კვლავ ფუნქციონირებს ონლაინმაღაზია www.apple.com, საიდანაც კომპანიის მიერ წარმოებული ნებისმიერი ნივთის შეძენაა შესაძლებელი. ხოლო მათ, ვისაც სერვისის სახით რაიმე დახმარება სჭირდება, შეუძლია Support.apple.com-ს ეწვიოს, საიდანაც Apple-ის გუნდი დისტანციურ რეჟიმში ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრაში დაეხმარება.

 

Apple-ის ყველა ოფისი, როგორც სხვა კომპანიების უმეტესობა, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი თანამშრომელი, თუკი მის მიერ შესასრულებელი სამუშაო ამის შესაძლებლობას იძლევა, თავის მოვალეობას ონლაინრეჟიმში შეასრულებს, ხოლო მათ, ვისაც ოფისში უწევს ყოფნა, კომპანია მათთვის მაქსიმალურად უზრუნველყოფს პერსონალურ სივრცეს, ამასთანავე მკაცრად გააკონტროლებს თითოეულ ოფისში არსებულ ტემპერატურას და სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.

Apple თავის განცხადებაში არა მხოლოდ საკუთარი თანამშრომლების, არამედ მომხმარებლების ინტერესების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში განსაკუთრებულად გრძნობს საზოგადოების წინაშე არსებულ პასუხისმგებლობას.

 

"ვიცით, რომ ჩვენი ყველა მომხმარებელი Apple-ის მიერ წარმოებულ პროდუქტებზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით ისეთ დროს, როგორიც ახლაა. ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვუხმოთ კრეატივს და ისევე როგორც ყველა გამოწვევას, ამასაც სათანადოდ შევხვდეთ. ამისათვის Apple News-მა Covid 19 განყოფილება დაამატა, სადაც ნებისმიერ მსურველს კორონავირუსთან დაკავშირებული უახლესი და სანდო ინფორმაციის მიღება შეუძლია. გარდა ამისა, დეველოპერების ყოველწლიურ კონფერენციას Apple ონლაინრეჟიმში ჩაატარებს და ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ პროფესიის ადამიანები ინოვაციური გზით შეძლებენ “თავშეყრას”.

 

Apple-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების დასასრულს ნათქვამია, რომ ამწუთას შეცდომების დაშვების დრო არ არის და რომ კომპანია, პირველ რიგში, ექიმების, მედდების, მკვლევრებისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე გრძნობს ვალდებულად თავს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ მსოფლიოს დასახმარებლად. 

"შთაგონებული ვართ ჰუმანიზმითა და გამბედაობით, რომელსაც სამყაროს ნებისმიერ კუთხეში ვაწყდებით, როგორც პრეზიდენტი ლინკოლნი ამბობდა, განსაცდელის ჟამი ბევრი სიძნელითაა სავსე, ჩვენ უნდა ამოვიდეთ ამ განსაცდელიდან. როგორი უჩვეულოც ეს მდგომარეობაა, ჩვენც სწორედ ასევე ახლებურად უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ", სწორედ ამ გზას ირჩევდა Apple, როცა მსგავს დიდ გამოწვევებს ხვდებოდა და სწორედ ასე ხვდება ამ ახალ გამოწვევასაც".

 

Apple-ის მსგავსად, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ Facebook, Google და Amazon. თითოეულმა მათგანმა საკუთარ ათასობით თანამშრომელს რეკომენდაცია და ნებართვა მისცა, რომ თუკი მათი სამუშაო ამის საშუალებას იძლევა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სახლიდან განაგრძონ.

 

გარდა ამისა, თითოეული ეს კომპანია ქმნის ფონდებს და ფინანსურად ეხმარება იმ თანამშრომლებს, რომელთაც კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებათ და ამის გამო იძულებული არიან კარანტინში იმყოფებოდნენ. სწორედ ამ მიზეზით, კომპანია Amazon-მა გადაწყვეტილება მიიღო, რომ საკუთარი თანამშრომლების რაოდენობა 100 000-ით გაეზარდა და მოქმედი თანამშრომლების დანაკლისი საჭიროების მიხედვით დროებით ამ გზით შეევსო.

Google

გასულ კვირას Google-მა თავის ჩრდილოეთ ამერიკაში მყოფ თანამშრომლებს ნება დართო, რომ 10 აპრილის ჩათვლით სამსახურებრივი მოვალეობა დისტანციურად შეესრულებინათ. 12 მარტს Google-ის კომპანიამ ეს ნებართვა ევროპის, აფრიკისა და შუა აზიის თანამშრომლებზეც გასცა.

 

"მოჭარბებული სიფრხილისა და Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის დაცვის გამო, ჩვენს თანამშრომლებს, თუკი თქვენი სამუშაო ამის შესაძლებლობას იძლევა, რეკომენდაციას გაძლევთ, რომ დისტანციურ რეჟიმში იმუშაოთ", - განაცხადა Google-ის ვიცე-პრეზიდენტმა. მან ასევე განაცხადა, რომ ის საათობრივად მომუშავე თანამშრომლები, რომელთა შემოსავალზე კორონავირუსმა უარყოფითი გავლენა იქონია, კომპენსაციის სახით მიიღებენ იმ ანაზღაურებას, რომელსაც ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში მიიღებდნენ.

 

გარდა ამისა, Google-ის თქმით, მათ შექმნეს სპეციალური ფონდი, რომელიც ვირუსის გამო სამსახურიდან დროებით გათავისუფლებულ ადამიანებს ფინანსურად დაეხმარება. ფონდის საქმიანობა კი იმ თანამშრომლების დახმარებას გულისხმობს, რომლებიც კორონავირუსის სიმპტომების გამო სამსახურში მისვლას ან სამუშაოს დისტანცურ რეჟიმში შესრულებას ვერ ახერხებენ.

Amazon

თანამშრომლებისადმი Amazon-ის რეკომენდაციაც სახლიდან დისტანციურ რეჟიმში მუშაობას გულისხმობს, აქაც, იმ შემთხვევაში, თუკი მათი სამუშაოს შესრულება დისტანციურადა შეიძლება. "ვაგრძელებთ საჯარო და კერძო სამედიცინო ექსპერტებთან ერთად მუშაობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მიერ სიფრთხილისთვის მიღებული ზომები ნამდვილად სწორი და დროულია", - განაცხადა კომპანია Amazon-ის წარმომადგენელმა CNN-თან საუბრის დროს.

 

Amazon-იც, სხვა მსხვილი კომპანიების მსგავსად, კვლავ განაგრძობს საათობრივად მომუშავე თანმშრომლებისათვის ხელფასის გაცემას, ისეთებისთვის, როგორებიც არიან: კომპანიის კვების მომსახურების სფეროში მომუშავე 10 000 ადამიანი, დასუფთავებისა და დაცვის სამსახურში მომუშავე პერსონალი. გარდა ამისა, კომპანია დახმარების სახით დამატებით კომპენსაციას სთავაზობს თანამშრომლებს, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირდნენ.

LVMH

LVMH-მა თავის შვილობილ კომპანიებთან, Christian Dior-თან, Guerlain-სა და Givenchy-სთან ერთად, ხელის ანტისეპტიკური სითხის წარმოება დაიწყო, რომლითაც საფრანგეთის საავადმყოფოებს უფასოდ მოამარაგებს. მათი განცხადებით, კომპანია ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს იმისთვის, რომ დიდი რაოდენობის ჰირდოალკოჰოლური გელი და ხელის ანტისეპტიკური სითხე აწარმოოს. ამ განცხადების გამოქვეყნებიდან მომდევნო ერთ კვირაში კომპანია 12 ტონა სითხის წარმოებას აანონსებდა, რომელიც პარიზის 39 საავადმყოფოს უსასყიდლოდ გადაეცემოდა.

 

ქალაქის საავადმყოფოებში ანტისეპტიკური ხსნარის მარაგი ჯერ არ ამოწურულა, თუმცა ამის საშიშროება არსებობს, ამიტომაც, LVMH-ის მსგავსად, ბევრი სხვა კომპანია მზად არის ამ მიმართულებით ფრანგულ საავადმყოფოებს დონაცია გაუწიოს.

 

კორონავირუსთან დაკავშირებულმა შიშმა შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში სადეზინფექციო სითხის მარაგი კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანა, იმდენად, რომ აფთიაქებმა თითოეულ ადამიანზე ერთზე მეტი სადეზინფექციო სითხის გაცემაზე უარი თქვეს. ქვეყანაში ასევე დაწესდა ლიმიტი ფასზეც, რომლის მიხედვითაც, ანტისეპტიკური სითხის გასაყიდი ფასი 3 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. ამ პირობებში LVMH-ისა და მისი შვილობილი კომპანიების მიერ 12000 ტონა ანტისეპტიკური სითხის წარმოება და მისი ფრანგული საავადმყოფოებისთვის უსასყიდლოდ გადაცემა საზოგადოებისა და მედიის მხრიდან შეფასდა, როგორც კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი.

Starbucks

გასულ კვირას Starbuck-სის კაფეების კარზე გაჩნდა წარწერა:

"დროებით ვხურავთ საჯარო სივრცეს, თუმცა ვრჩებით ღია იმისთვის, რომ მოგემსახუროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი ბოდიში".

 

საქმე ისაა, რომ Starbucks-მა, ისევე როგორც ბევრმა სხვა კომპანიამ, Covid-19 ვირუსის გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ტერიტორიაზე თავისი ყველა ფილიალი დახურა, ასევე ზოგიერთ იმ ქვეყანაში, სადაც ვირუსის აფეთქების კერები დიდ მასშტაბზეა გავრცელებული, სამაგიეროდ შეინარჩუნა ე.წ. გატანის და სახლში მიტანის სერვისი, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს. მიუხედავად იმისა, რომ Starbucks-მა თავის კაფეებში დასაჯდომი სივრცეები დახურა, საკვებისა და სასმლის შეკვეთა მომხმარებლებს აპლიკაციის საშუალებით, გამოძახებით ან ადგილზე მისვლითა და წამოღებით შეუძლია.

 

ეს გადაწყვეტილება კომპანიამ Starbucks-ის ფილიალების ხალხმრავალ ადგილებში მდებარეობის გათვალისწინებითაც მიიღო, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი იყრის თავს.

"როგორც ვიცით, Covid-19 -თან დაკავშირებული სიტუაცია ექსტრემალურად დინამიკურია, ამიტომაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომლითაც ჩვენი მომხმარებლებისა და თანამშრომლების დაცვას ვცდილობთ", - ნათქვამია კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის განცხადებაში. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დამატებით ორი კვირის ანაზღაურებით უზრუნველყოფდა იმ თანამშრომლებს, რომლებიც ინფიცირებული იყვნენ კორონავირუსით ან მათ, ვისაც ინფიცირებულებთან რაიმე კონტაქტის გამო ეს საფრთხე ემუქრებათ.

 

Adobe

იმისათვის, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დისტანციურ რეჟიმში მარტივად და კომფორტულად მოახერხონ თავიანთ მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ურთერთობა, კომპანია Adobe 31 მაისის ჩათვლით თავიანთ კლიენტ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და სკოლებს Creative Cloud პროგრამის აპლიკაციებს სრულიად უფასოდ სთავაზობს.

 

გარდა ამ პროგრამებისა, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, კომპანია თავის მომხმარებლებს არაერთ უფასო რეკომენდაციას და რესურსსაც სთავაზობს იმისთვის, რომ მასწავლებლები და მოსწავლეები ახალ დისტანციურ რეჟიმს სათანადოდ და ეფექტურად მოერგონ.

 

Adobe უფასოდ გვთავაზობს თავისი ვიდეოკონფერენციის აპლიკაციის საცდელ ვერსიასაც, რომელიც 1-ლ ივლისამდე იქნება ხელმისაწვდომი. გარდა საგანმანათლებლო სფეროს წახალისებისა, კომპანია ცდილობს დაეხმაროს მათაც, ვისზეც კორონავირუსის გავრცელებამ უარყოფითი ფინანსური გავლენა იქონია, ასეთი ადამიანი კი, სამწუხაროდ, დღეს უკვე ძალიან ბევრია. სწორედ მათ, ვისაც ფინანსური პრობლემის გამო Adobe-ს პროგრამების გამოწერა დროებით შეჩერებული აქვს, კომპანია მომდევნო ორი თვის განმავლობაში Creative Cloud-ს სრულიად უფასოდ სთავაზობს.

 

ავტორი: Hammock Magazine
World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way