USD 2.7226
EUR 3.1909
RUB 3.4120
Тбилиси
რა ელის სამყაროს 2024 წელს - ვანგასა და ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებები
дата:  1023

რა თქმა უნდა, ძველი წლის მშვიდობიანად გაცილების და შვებით ამოსუნთქვის შემდეგ, ყველას აინტერესებს რამდენად იღბლიანი იქნება მომავალი წელი მისთვის და რა ელის სამყაროს ზოგადად. საერთო ინტერესს იზიარებენ ცნობილი გამოცემებიც, რომლებიც მრავალფეროვან, ხშირად ერთმანეთის გამომრიცხავ პროგნოზებს სთავაზობენ საზოგადოებას და მართალია, სკეპტიკოსებს მხოლოდ ღიმილს ჰგვრიან, მაგრამ ძალიან თრგუნავენ ემოციურ პუბლიკას, რომელსაც ყველაფერი ზედმეტად ახლოს მიაქვს გულთან. 

განსაკუთრებული პოპულარობა ბოლო წლებში „ბაბა ვანგამ“ შეიძინა, თუმცა არ ჩამორჩა ბულგარელ ნათელმხილველს არც ცნობილი ფრანგი „პროგნოზისტი“ მიშელ ნოსტრადამუსი, რომელმაც როგორც ჩანს ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში იცოდა რა განსაცდელი ელოდა კაცობრიობას 2024 წელს.    
 ბაბა ვანგას წინასწარმეტყველება

 მართალია, ვანგელია პანდევა გუშტეროვამ, რომელიც საზოგადოებამ ბაბა ვანგას სახელით გაიცნო, ადრეულ ასაკში, ძლიერ ქარიშხალში მოყოლილმა დაკარგა მხედველობა, მაგრამ იმავე ქარიშხლის წყალობით შეიძინა მომავლის ხედვის უნარიც. ვანგას უნიკალური ნიჭი პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოვლინდა, როცა ადოლფ ჰიტლერის და გერმანიის მარცხი იწინასწარმეტყველა, რაც იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ბულგარეთის მონარქისთვის, ბორის მესამისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოითხოვა საოცარ ქალბატონთან აუდიენცია. მოგვიანებით მონარქს ევროპელი მმართველები შეუერთდნენ, რომელთა შორის განსაკუთრებით საბჭოთა ლიდერები აქტიურობდნენ. 

საკულტოს სტატუსი ბაბა ვანგამ 1996 წელს, გარდაცვალების შემდეგ შეიძინა წინასწარმეტყველებებისა და შეთქმულების თეორიების მოყვარული კონსპიროლოგების წყალობით, რომლებიც ნებისმიერი გლობალური მოვლენის ახსნას და დადასტურებას  ბალკანელი ნათელმხილველის ჩანაწერებში ეძებდნენ. მეტიც, ამბობდნენ თითქოს სწორედ ვანგამ იწინასწარმეტყველა რუსული წყალქვეშა ნავის „კურსის“ ჩაძირვა, პრინცესა დიანას ტრაგიკული დაღუპვა და 11 სექტემბრის ტერაქტი ნიუ-იორკში. სხვათა შორის, ბაბა ვანგამ 5079 წლამდე მოასწრო პროგნოზის გაკეთება,  მერე კი, ვეღარაფერი დაინახა, რადგან მისი გათვლით სწორედ 5079 წელს დადგება სამყაროს აღსასრული.  

ნაკლებად საიმედო პროგნოზი აღმოაჩნდა ბალკანელ ვანგას 2024 წლისთვისაც, რადგან მეტწილად ტერორისტული აქტები და ბუნებრივი კატაკლიზმები იწინასწარმეტყველა. 

ტერორისტული და ბიოლოგიური შეტევები - ბაბა ვანგას პროგნოზით, 2024 წელს ტერორისტული თავდასხმები გაორმაგდება, „დიდი ქვეყანა“ კი (რომელიც არ დააკონკრეტა და საზოგადოებას მისცა „მარჩიელობის“ უფლება), ჯერ გამოცდის, მერე კი, მტრის წინააღმდეგ გამოიყენებს ბიოლოგიურ იარაღს. 

კიბერშეტევები - ტერაქტებისა და ბიოლოგიური იარაღის შემდეგ სამყაროს „გენიოსი“ ჰაკერები დაემუქრებიან განადგურებით, რომლებიც მასობრივად შეუტევენ ინფრასტრუქტურის ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს, როგორიც ელექტრო და წყალმომარაგების სისტემებია, რაც თავის მხრივ, სერიოზულად აზარალებს სხვა ობექტებს და კატასტროფით დაემუქრება მთელ მსოფლიოს.

რუსეთის პრეზიდენტის მკვლელობა - განსაკუთრებული საფრთხე ვანგამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უწინასწარმეტყველა, რომელზეც მისივე თანამემამულე განახორციელებს თავდასხმას. 

ეკონომიკური კრიზისი - ვანგას მტკიცებით, 2024 წელს მსოფლიოს მასშტაბური ეკონომიკური კრიზისის დაძლევა მოუწევს, რისი მიზეზი მზარდი დავალიანება და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია გახდება. 

ბუნებრივი კატაკლიზმები - როგორც ჩანს, ის, ვინც ტერაქტებს და ეკონომიკურ კრიზისს გადაურჩება, ბუნებასთან მოუწევს სერიოზული ბრძოლის გამართვა, რადგან მომავალ წელს განსაკუთრებით გახშირდება სტიქიური კატასტროფები. 

მედიცინისა და ტექნოლოგიის განვითარება - მეტწილად ნეგატიური პროგნოზის მიუხედავად, მომავალი წელი არც ისე უიმედო იქნება, რადგან ბაბა ვანგას რწმენით, სწორედ 2024 წელს შეძლებენ მედიკოსები მრავალი უკურნებელი სენის, მათ შორის სიმსივნისა და ალცჰეიმერის დაავადების მკურნალობის ახალი და ეფექტური მეთოდების შემუშავებას, მეცნიერები კი, სერიოზულ წარმატებას მიაღწევენ კვანტური გამოთვლების სფეროში. 

 მიშელ ნოსტრადამუსის პროგნოზი

 ბაბა ვანგას მსგავსად ნაკლებად ოპტიმისტური პროგნოზი აღმოაჩნდა მე-16 საუკუნის ასტროლოგსა და წინასწარმეტყველს მიშელ ნოსტრადამუსს, რომელიც მანამდეც გვარიანად აფრთხობდა კაცობრიობას. 

მართალია, სკეპტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ პროვანსელი წინასწარმეტყველის პროგნოზები ძალიან ზოგადი და ყოველთვის ბუნდოვანია, მაგრამ საპირისპირო აზრი აქვთ კონსპიროლოგებს, რომლებიც თავგამოდებით ირწმუნებიან, რომ სწორედ ნოსტრადამუსმა გააფრთხილა კაცობრიობა ადოლფ ჰიტლერის აღზევების, 11 სექტემბრის ტერაქტებისა და COVID-19-ის პანდემიის შესახებ. 

სხვათა შორის, ნაშრომი „წინასწარმეტყველება“ (Les Prophéties) ნოსტრადამუსმა ჯერ კიდევ 1555 წელს დაწერა და სწორედ მაშინ განსაზღვრა, რომ 2024 წელი გლობალურ კონფლიქტებს, მონარქისტულ დაპირისპირებებსა და ჰუმანიტარულ კატასტროფებს მოუტანდა კაცობრიობას.

ომი ჩინეთთან - 2024 წელს ნოსტრადამუსმა არა მხოლოდ „მრავალრიცხოვანი საზღვაო შეტაკებები“ იწინასწარმეტყველა, არამედ „წითელ მეტოქეს, რომელსაც ნამდვილ სასაკლაოს მოუწყობენ დიდ ოკეანეზე, შიშისგან გათეთრებითაც დაემუქრა“. ნოსტრადამუსის ბუნდოვანი მინიშნებების მშიფრავები დარწმუნებული არიან, რომ „დიდი ოკეანე“ - წყნარი ოკეანეა, „წითელ მეტოქეში“ კი, ჩინეთი იგულისხმა. 

ბრიტანეთის ახალი მონარქი - იმავე მშიფრავების მტკიცებით, „წინასწარმეტყველების“ ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ „კუნძულების მეფე ძალის გამოყენებით განიდევნება“. სავარაუდოდ, ნოსტრადამუსს ჩარლზ მესამე ჰყავდა მხედველობაში, რომლის მმართველობა მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდება, რადგან სამეფო გვირგვინს მალე უზურპატორი ჩაიგდებს ხელში. გასათვალისწინებელია, რომ პრინცი უილიამი სამეფო ტახტის მემკვიდრეა, ამიტომ ნაკლებად ერგება უზურპატორის როლს, მისი უმცროსი ძმა - პრინცი ჰარი კი, ზუსტად რომ საუკეთესო კანდიდატურაა მოძალადე მიმთვისებლის როლზე. 

კლიმატური კატასტროფები - არ ჩამორჩა ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზირებაში ვანგას არც ნოსტრადამუსი, თუმცა მან  ჯერ „მშრალი მიწის უდაბნოდ ქცევა, მერე დიდი წყალდიდობა“ იწინასწარმეტყველა, რომელიც მისივე მტკიცებით არა მხოლოდ სხვა კლიმატურ კატასტროფებს, არამედ „შავი ჭირის აფეთქებას და მანამდე წარმოუდგენელ შიმშილს“ გამოიწვევს.

ახალი პაპი - ცვლილებებია მოსალოდნელი ვატიკანშიც, რადგან ნოსტრადამუსის პროგნოზით, მოქმედ პაპს ფრანცისკეს ძალიან მალე გამოუჩნდება შემცვლელი. „მოხუცი პონტიფიკოსის ადგილს საშუალო ასაკის რომაელი დაიკავებს, რომელსაც წმინდა საყდრის დასუსტებაში დაადანაშაულებენ, თუმცა ის მაინც დიდხანს იჯდება საკუთარ ტახტზე“, - წერდა წინასწარმეტყველი. სხვათა შორის, ფრანცისკე, რომელსაც 17 დეკემბერს შეუსრულდა 87 წელი, მართლაც უჩივის ჯანმრთელობას. მეტიც, პონტიფიკოსმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მოწყობილ კონფერენციაზეც ვერ შეძლო დასწრება, რადგან სწორედ იმ პერიოდში ავადმყოფობდა ფილტვების ანთებით.

რა თქმა უნდა, ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს რამდენად სარწმუნოა ცნობილ წინასწარმეტყველთა პროგნოზი და ღირს თუ არა მისი დაჯერება, თუმცა ემოციებს და პესიმიზმს აყოლა ნამდვილად არავის გამოადგება,  მით უფრო, რომ სწორედ ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა განსაზღვრავს კეთილ მომავალს.

წყარო: imedinews.ge

аналитика
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати