21 დეკემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 266.7 მლნ აშშ დოლარი (729.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.6%-ით ნაკლებია 2023 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
შემოსული გზავნილების 18.77% ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის - 50.05 მილიონი დოლარი, რაც 21.61%-ით მეტია 2023 წლის ნოემბერთან შედარებით. მეორე ადგილზეა იტალია (16.93%), საიდანაც გასულ თვეში 45.16 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 4.4%-იანი მატებაა.
მესამე ადგილზეა რუსეთი (11.16%) 29.76 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 60.63%-იანი კლებაა.
მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული.
სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია.
მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრები.