USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
"ქვეყანას ყოველ წელს, დაახლოებით, 300 მლნ დააკლდება" - დარგის ლობისტი უცხოელებისთვის სუროგაცია/დონაციის აკრძალვაზე
Date:  414

წყარო:https://bm.ge/

პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უცხოელებისთვის სუროგაცია/დონაციის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია წარადგენს.

ადამიანის რეპროდუქციის და ემბრიოლოგიის ასოციაციის რეგისტრირებულ ლობისტს პარლამენტში, ზვიად კორძაძეს საკითხზე არაერთი კითხვა აქვს. მან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისგან მოითხოვა განმარტება, თუ რატომ არ ითვალისწინებს კანონპროექტი ევროპული ქვეყნების გამოცდილებას.

„კანონპროექტში წერია, რომ ბიუჯეტის ხარჯი 50 ათასი ლარით მოიმატებს, გაქვთ თუ არა დათვლილი, ან რატომ გამოგრჩათ იმ შემოსავლების კლება, რომელიც იქნება ბიუჯეტისთვის, რასაც მოიტანს უცხოელებისთვის სუროგაციის აკრძალვა? ჩვენი დათვლით, დაახლოებით 300 მლნ დააკლდება ქვეყანას ყოველი წელს. სწორია თუ არა, რომ ევროდირექტივები საერთოდ არ ეხება სუროგაციას. სუროგაციის და დონაციის დროს ძირითადი შემთხვევები არის, როცა მშობლები დაბადებული ბავშვის გენეტიკური მშობლები არიან. თქვენ რა შემთხვევებსაც საფრთხედ წარმოადგენთ ამ საკითხს, ეს არის ის შემთხვევები, როცა დონაციის და სუროგაციის დროსაც პოტენციური მშობელი არ არის გენეტიკურ კავშირში მყოფი ბავშვთან - რატომ არ შეიძლება ეს ორი ნაწილი გავმიჯნოთ?

წარმოაჩენთ საკითხს ისე, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში აკრძალულია სუროგაცია და ეს ასეც არის, თუმცა ხართ თუ არა ინფორმირებული ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც საფრანგეთს ეხება? საფრანგეთი სხვა ქვეყანაში დაბადებულ სუროგაციით დაბადებულ ბავშვებს უქმნიდა პრობლემებს და სახელმწიფოს ევროსასამართლომ ასეთი ბავშვების მშობლების სამართლებრივი რეგისტრაცია დაავალა. ანუ, პრობლემა რაშია, თუნდაც იმ ქვეყნებში ხდებოდეს ამ ბავშვების გასვლა, რომლებშიც სუროგაცია დაშვებული არ არის? რას ვუშვრებით შერეულ წყვილებს? ისეთი ფორმით არის ჩაწერილი აკრძალვა, რომ არათუ სუროგაცია/დონაციას, არამედ ნებისმიერ სამედიცინო პროცედურას კრძალავთ უცხოელისთვის.

ამ საკითხების გამიჯვნა ხომ არ არის შესაძლებელი? იმის თქმა, რომ ქართული კანონმდებლობა უფრო მეტად იზრუნებს მშობელზე, ვიდრე გენეტიკური მშობელი, ცოტა უხერხულია. ხომ არ შეიძლება ამ საკითხის გამოყოფა და ამაზე საუბარი? დარგი ახლა რომ იქმნებოდეს, სხვა საკითხი იქნებოდა, ხომ არ ფიქრობთ, რომ  უცხოელებისთვის აკრძალვა დარგს მოკლავს? ქართველებს მომსახურება ძალიან გაუძვირდებათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კლინიკები ვეღარ შეიძენენ სამედიცინო მოწყობილობებს. იმ ქვეყნებში, სადაც სუროგაცია დაშვებულია, სადმე არის თუ არა მოქალაქეობის ნიშნით შეზღუდვა?“, - განაცხადა კორძაძემ. 

სუროგაციის ამკრძალავი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული სერვისების ბენეფიციარი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება იყვნენ. ამასთან, კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის სერვისის მიწოდება სუროგატი დონორისგან მხოლოდ უანგაროდ უნდა მოხდეს. შესაბამისად, სუროგატი დედებისთვის მატერიალური სარგებლის შეთავაზება კანონით იზღუდება.

კანონპროექტის მიხედვით, სუროგაციის და სხვა რეპორუქციული სამედიცინო სერვისების (რომლებიც კანონპროექტშია ჩამოთვლილი) ბენეფიციარები მხოლოდ 55 წლამდე პირები შეიძლება იყვნენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ კანონით იკრძალება პროცედურები, რომელიც ინვიტრო განაყოფიერებას ეხება. 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way