USD 2.7258
EUR 3.1968
RUB 3.3665
Тбилиси
ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
дата:  143

„ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში შენდება უნიკალური თაღოვანი ხიდი, რომელიც იქნება ყველაზე მაღალი ხიდი მთელს რეგიონში. პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე გავეცანით მიმდინარე სამუშაოებს. ველით, რომ 2026 წლის დასაწყისში გაიხსნება გუდაურამდე მონაკვეთი, ხოლო სრულად პროექტის დასრულება 2027 წლის დასაწყისისთვის იგეგმება.მაღალი საინჟინრო სტანდარტების დაცვით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს და უზრუნველყოფს გზის გამართულ ფუნქციონირებას წლის ნებისმიერ პერიოდში. შედეგად, ტრანსპორტისა და ტვირთების გადაადგილება უსაფრთხოდ და შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ისტორიული სოფლების რეაბილიტაცია, რაც გააძლიერებს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს და შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მაგისტრალური გზის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე – ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიან მაგისტრალურ გზასა და გვირაბებზე – სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, აშენდება 5 ხიდი და 5 გვირაბი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ერთ ხიდს.

უკვე დასრულებულია 9-კილომეტრიანი მთავარი და საევაკუაციო გვირაბების გაყვანა, რომლებიც სოფელ წკერეს სოფელ კობთან აკავშირებს. მთავარ გვირაბში დასრულდა სავენტილაციო ფილების დამზადება, ხოლო საევაკუაციო გვირაბში – რკინა-ბეტონის მოსახვის სამუშაოები. ახალი 9 კმ-იანი გვირაბი, რომელიც TBM ტექნოლოგიით გაიჭრა, საქართველოში ყველაზე გრძელი და მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ინფრასტრუქტურული ობიექტი იქნება.

გარდა ამისა, გაჭრილია 1.5-კილომეტრიანი და 500-მეტრიანი გვირაბები, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრო-მექანიკური სისტემების მონტაჟი.

სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 5 ხიდიდან 4-ზე. დასრულდა დაბალანსებული კონსოლური ხიდის მშენებლობა – საქართველოში პირველი მსგავსი ტიპის ტექნოლოგიური ნაგებობა. 48 და 47 მეტრიანი ბურჯებით, იგი ამ დროისთვის ქვეყნის ყველაზე მაღალი ხიდია.

პროექტის ფარგლებში გრძელდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კავშირს კურორტთან.

ქვეშეთი–კობის მაგისტრალური გზის გახსნის შემდეგ კობის მიმართულებით ზამთარში მოძრაობა აღარ შეიზღუდება; ხადას ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს საჭირო სერვისებზე წვდომას; მგზავრობა გახდება უფრო უსაფრთხო და კომფორტული.

გადასაადგილებლად საჭირო დრო საგრძნობლად შემცირდება: ქვეშეთი–კობის მონაკვეთის გავლა 1 საათის ნაცვლად 15 წუთში გახდება შესაძლებელი; თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი დასჭირდება; თბილისიდან სტეფანწმინდამდე კი 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად 1 საათსა და 45 წუთში ჩავალთ.

პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. მისი საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად, 2025–2026 წლებშია დაგეგმილი.

 

 
Тбилиси
თბილისის ანძის ქვედა ნაწილში მოეწყობა თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი, 70 მეტრ სიმაღლეზე კი გადმოსახედი და რესტორანი - ინვესტიცია არანაკლებ 4 მილიონ აშშ დოლარია

დედაქალაქში სატელევიზიო ანძის განვითარებისა და მისი ტურისტულ ატრაქციად ქცევის პროექტის განხორციელება იწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანძის ქვედა ნაწილში მოეწყობა თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი, ხოლო 70 მეტრ სიმაღლეზე პანორამული რესტორანი.

თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძასთან იმყოფებოდა, სადაც პროექტის განხორციელების ადგილი დაათვალიერა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ეს პროექტიც იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის“.

„მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძაზე ძალიან კარგი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის კერა. 70 მეტრ სიმაღლეზე მოეწყობა გადმოსახედი და რესტორანი. ჩვენ დიდი ხანია, ამაზე ვმუშაობთ, გვქონდა არაერთი შეხვედრა ისტორიულ საბჭოსთან, თუ როგორი პროექტი უნდა განხორციელებულიყო. ყველა დეტალი, უსაფრთხოება არის გათვალისწინებული. გვყავს ასევე ინვესტორი კომპანია, რომელიც აღნიშნულით არის დაინტერესებული. მას სამშენებლო ნებართვა უკვე მიღებული აქვს. ეს არის კომპანია, რომელმაც წალკის კანიონის პროექტი განახორციელა, რომელიც დატვირთულია ტურისტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია წალკის რაიონში და აღნიშნულ ინფრასტრუქტურას უამრავი ადამიანი სტუმრობს. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტიც იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში აშენდება და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო ტურისტული სტანდარტების შესაბამისი იქნება.

„ინვესტიციის მოცულობა შეადგენს არანაკლებ 4 მილიონ აშშ დოლარს. სანებართვო პროცედურები უკვე დასრულებულია და სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადადის. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფენ პროექტის მხარდაჭერას, მათ შორის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ანძის განათების სისტემის განახლებას. ასევე, გათვალისწინებულია არსებული ტექნიკური ინვენტარის გადატანა და ანძის შეღებვა.

მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადაა 2028 წლის მარტი. ოპერირების ფაზა გაგრძელდება 25 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მოწყობილი ინფრასტრუქტურა უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფო საწარმოს - შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“.

პროექტის მიზანია სატელევიზიო ანძის ტურისტულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობად ქცევა, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, ისე თბილისის საერთაშორისო იმიჯის გაძლიერებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати