საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი — თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები — მოყვნენ ჩამოშლილი მასის ქვეშ.
"ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში. ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს", - წერია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობას ჩინური კონტრაქტორი კომპანიები China Railway Tunnel group Co და China Railway 23rd Bureau Group Co ახორციელებენ. BM.GE ცდილობს, დააზუსტოს, რომელ კომპანიის თანამშრომლები არიან დაღუპულები.
ქვეშეთი-კობის მაგისტრალის პროექტი მოიცავს 23-კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას.
გზის სამშენებლო სამუშაოები ორ ნაწილად არის დაყოფილი, მათგან ყველაზე ძვირად ღირებულია 9-კილომეტრიანი გვირაბის და მისი საევაკუაციო გვირაბის მონაკვეთი, რომელზეც ჩინური კომპანია China Railway Tunnel group Co მუშაობს. ამ კონტრაქტის ფარგლებში გათვალისწინებული ორივე გვირაბის გაყვანა დასრულებულია და მათი შიდა მოსახვისა და ვენტილაციის სისტემით აღჭურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
რაც შეეხება გზის მეორე 12.7-კილომეტრიან მონაკვეთს, მისი ღირებულებაა 317 მილიონი ლარი და მასზე სამუშაოებს China Railway 23rd Bureau Group Co ახორციელებს. გზის ეს მონაკვეთი ითვალისწინებს 5 ხიდის და 4 გვირაბის მშენებლობას და ასევე 1 ხიდის რეაბილიტაციას. გზის ამ მონაკვეთზე გვირაბების სიგრძეებია 1541 მეტრი, 194 მეტრი, 388 მეტრი და 299 მეტრი. ხოლო ხიდების სიგრძეებია 435 მეტრი; 426 მეტრი; 322 მეტრი; 218 მეტრი; 148 მეტრი და 42 მეტრი.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) — $415 მილიონით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კი $60 მილიონით აფინანსებს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გზა ეტაპობრივად 2026 და 2027 წლებში გაიხსნება.
დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამ იოჰანესბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა განიხილეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინეთის, ნორვეგიის, ესპანეთისა და ნიდერლანდების ლიდერები.
დისკუსიის დაწყებამდე საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის არაფორმალური უსაფრთხოების ალიანსის შეხვედრა გაიმართა.
შეერთებული შტატები და რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ 28-პუნქტიან გეგმაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ბრიუსელი მოლაპარაკებებში არ არის ჩართული. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა ვაშინგტონთან „კონსტრუქციული და პატიოსანი თანამშრომლობისთვის“. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევი, აშშ-სთან კონსულტაციებს მომავალ კვირას შვეიცარიაში იწყებს.