USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ქვემო ქართლში აღმოჩენილი საღვინე ჭურჭელი- პირველი ქვევრი?
дата:  2071

დღეს–დღეობით ხშირად საუბრობენ ქვემო ქართლში, კერძოდ კი სოფელ შულავერთან მდებარე ე.წ. "ხრამის დიდ გორაზე" არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ, რომელსაც წარმოადგენს თიხის დიდი ზომის საღვინე ჭურჭელი. მკვლევართა განხილვის საგანს წარმოადგენს ამ ჭურჭლის სახელი, წარმომავლობა და სხვ.

აღნიშნული ჭურჭლის გარშემო რიგი კითხვების შესახებ უკვე არსებობს პასუხი, ხოლო ზოგიერთი საკითხი, როგორიცაა, აღმოჩენილი ჭურჭლის სახელდება და წარმომავლობა, ჯერ–ჯერობით კვლავაც განხილვის საგანს წარმოადგენს. რაც შეეხება ჭურჭლის ასაკს, იგი მიჩნეუილა ნეოლითური ხანის (ძვ. წ. VI–Vათასწლეულები) ჭურჭლად, რომლის ხნოვანობა რვა ათასი წელია. ეჭვსგარეშეა, რომ აღმოჩენილი ჭურჭელი საღვინე დანიშნულებისაა, მაგრამ ორი სიტყვით მაინც გამოვთქვავთ ჩვენს მოსაზრებას, რომელიც, ვფიქრობთ, რომ უფრო გაამყარებს ამ ჭურჭლის დანიშნულებისა და შესწავლის საკითხებს.

ხრამის დიდი გორის საღვინე ჭურჭელი ძალზე მაღლი გემოვნებითაა შესრულებული, რომელსაც ზედა მხარეს, შეიძლება ითქვას, რომ გვირგვინად ამკობს ყურძნის მტევნის ოთხი სტილიზებული გამოსახულება დეკორაციების სახით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ჭურჭელი, ცხადია არ იქნებოდა ყველაზე პირველი ჭურჭელი და, რა თქმა უნდა მას ეყოლებოდა თვისი წინამორბედები. ეს კი იმის მიმანიშნებელი უნდა იყოს, რომ კულტურული მეღვინეობა და ღვინის ჭურჭლის წარმოება შესაძლოა უფრო ადრეა დაწყებული ვიდრე ზემოხენებული პერიოდი.

ამა თუ იმ ჭურჭელზე ყურძნის მტევნების გამოსახულება, ვფიქრობთ, მასზე მიანიშნებს, რომ ჭურჭლის დანიშნულება პირველყოვლისა ვაზსა და ღვინოს უკავშირდება. ძალზე ძნელი წარმოსადგენია, რომ ხალხმა, რომელმაც ამგვარი მაღალმხატვრული ჭურჭელი შექმნა, მასზე ყურძნის მტევნები გაუცნობიერებლად, შემთხვევით დაიტანა დეკორაციებად...

თიხის ქართულ საღვინე ჭურჭელზე, იქნებოდა ეს დოქი, ფიალა, გოზაური თუ სხვა, ხშირია ყურძნის მტევნების, ვაზის ფოთლებისა და ბწკალების, ვაზის ყვავილობისა, თუ თავად ვენახის ზვრების სტილიზებული გამოსახულებები. ხრამის დიდი გორის ჭურჭლის მორთულობის შესწავლიდან გამომდინარე ირკვევა, რომ საღვინე ჭურჭლის მხატვრული დამუშავება ჩვენში ათასწლეულებს ითვლის და ამ უკანასკნელს ძალზე დიდი ისტორია აქვს. დიდი ზომის თიხის ჭურჭელი საქართველოში არა მარტო საღვინედ, არამედ მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების მცირე თუ ხანგრძლივი დროით შესანახადაც გამოიყენებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ ნამდვილად ალოგიკური იქნეობოდა, არასაღვინე დანიშნულების ჭურჭელზე, და მეტადრე მარცვლეულისაზე დაეტანათ ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული სიმბოლიკა, რომელიც ირიბადაც კი არ უკავშირდება ხორბალსა თუ სხვა კულტურას.
 
როგორც სჩანს, იმდროინდელ ხალხს, რომელიც დეკორაციებისათვის ყურძნის მტევნებს გამოიყენებდა სხვადასხვა სახის ჭურჭელსა თუ ყოფით საგნებზე, კარგად სცოდნიათ ვაზისა და ღვინის მნიშვნეოლობა და ალბათ ხრამის დიდი გორის ჭურჭელიც იმას მიანიშნებს, რომ მათ, აღნიშნული ჭურჭელი შეუმკიათ მათთვის საკმაოდ კარგად ცნობილი და ამასთან ძვირფასი სიმბოლოთი – ყურძნის მტევნით, ამასთან ეს ჭურჭელი მექვევრე ოსტატს თავიდანვე საღვინე ჭურჭლად შეუქმნია, ხოლო ასეთ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ჭურჭელთან, რომელიც თავიდან ბოლომდე მეღვინეობის ინტერესებს ემსახურებოდა, რაც არაერთი ფაქტობრივი მტკიცებულებით მყარდება. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ხრამის დიდ გორაზე აღმოჩენილი ჭურჭელი უშუალოდ მევენახეობა–მეღვინეობას უკავშირდება. ამ აზრს ის საინტერესო და უტყუარი ფაქტიც ამტკიცებს, რომ აღნიშნული ჭურჭლის კედლის სინჯში აღმოჩენილია კულტურული ვაზის ყვავილის მტვრის მარცვლებისა და ღვინის მჟავის ნაშთები...
 
მართალია ხრამის დიდი გორის ჭურჭლის ქუსლი ჩვეულებრივი, კლასიკური ქვევრის ქუსლისაგან განსხვავდება და აქვს არა წაწვეტებული, არამედ უფრო ბრტყელი ფორმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ნაწილობრივ მიწაში ჩასაფლავ, და არა მიწის ზემოთ, იატაკზე დასადგმელ ჭურჭელს უნდა წარმოადგენდეს. ეს მოსაზრება შესაძლოა განვამტკიცოდ იმ ფაქტითაც, რომ ქართველი მექვევრეები, ხსენებული ჭურჭლის ქუსლის ძალზედ მსგავს ქუსლიან ქვევრებს, მოყოლებული არქაული დროიდან, ბოლო პერიოდამდე, მეცხრამეტე-მეოცესაუკუნემდე ამზადებდნენ, ხოლო ასეთი ქვევრები, მიუხედავად მათი ბრტყელი ძირისა, მიწაში ჩასაფლავად იყო განკუთვნილი და არა მიწისზემოთ დასადგმელად. სავარაუდოა, რომ ზემოთ ხსენებული ჭურჭელი მიწაში არა სრულიად, ისე, როგორც დღევანდელი ქვევრი, არამედ ნაწილობრივ იქნებოდა ჩაფლული, რომელსაც ტანის, დაახლოებით 1/4 ან უფრო ნაკლები ნაწილი მიწის ზემოთ უნდა ჰქონოდა ამოშვერილი(ქვევრის მიწაში განთავსების ამგვარი ხერხი, მაგალითად გურიაში გასულ საუკუნემდე შემორჩა).ყოველ შემთხვევაში ჭურჭლის ზედა მხარეს, ოთხი მხრიდან გაკეთებული ყურძნის მტევნის გამოსახულება მიწაში დასაფლობად და დასამალავად ნამდვილად არ იქნებოდა განკუთვნილი, რაც ძალიან კარგად უნდა სცოდნოდა, როგორც ამ ჭურჭლის გამკეთებელ ოსტატს, ისე მასში ღვინის დამყენებელს.
 
ფაქტია, რომ ჭურჭელს, რომელიც მიწაზე დასადგმელად იყო განკუთვნილი, მეჭურჭლე ოსტატები პრაქტიკულად საკმაოდ ფართოძირს უკეთებდნენ, რათა პროდუქტით სავსე ჭურჭელი, თუნდაც მცირედი ვიბრაციის დროს არ წაქცეულიყო,და თუკი,ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ისეთ პროცესთან, როგორიცაა საღვინე ჭურჭელში ყურძნის ჭაჭის ჩარევა ალკოჰოლური დუღილის დროს, მაშინ, მითუმეტეს გამოირიცხება აღნიშნული, ძირვიწრო ჭურჭლის მიწის ზემოთ, იატაკზე დასადგმელად მიჩნევა, რადგან ღვინის ტექნოლოგიის ისეთი პროცესი, როგორიც ჭაჭის ჩარევაა,ასეთ ჭურჭელს წაქცევის დიდ საფრთხეს უქმნის, ხოლო ჭურჭლის მიწაში ჩაფვლის შემთხვევაში აღნიშნული რისკი პრაქტიკულად გამორიცხულია. როგორც ზემოთ აღინიშნა,იმგვარიქუსლიანი ქვევრები, როგორიც ხრამის დიდი გორის ჭურჭელია ჩვეულებრივი, კლასიკურ ქუსლიანი ქვევრების პარალელურად, საქართველოში არა მარტო ძველ დროში, არამედ შემდგომაც მზადდებოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და ამრიგად ზემოთ ხსენებული ჭურჭლის ქუსლის ფორმა თითქმის დღევანდელ დღემდე შემოინახა ქართულმა მექვევრეობამ.
 
ხრამის დიდი გორის ჭურჭელს, დღევანდელი ქვევრისაგან არა მარტო ქუსლი, არამედ ზედა მხარეც საკმაოდ განსხვავებული აქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ მას გააჩნია საკმაოდ ფართე პირი. ერთი შეხედვით აღნიშნული ჭურჭელი წააგავს ქვევრს, რომელიც მხრების ცოტა ზემოთ და ყელის ცოტა ქვემოთაა გადაჭრილი. ამგვარ ჭურჭელში ყურძნის ჩაჭყლეტვა, ალკოჰოლური დუღილისას მადუღარი ჭაჭის ჩარევა და შემდგომ დადუღებისა, ჭაჭისა და ღვინის განცალკევება გაცილებით იოლია ვიწროყელიან ქვევრებთან შედარებით. ის, რომ აღნიშნული ჭურჭელი წარმოადგენს საღვინე ჭურჭელს, ამას ისიც ამტკიცებს, რომ ჩატარებული ქიმიური კვლევის მეთოდის (მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია HPLC) შედეგად მის კედლებში აღმოჩენილია ღვინის მჟავის ნაშთი, ხოლო კერამიკულ მასალაში ღვინის მჟავის არსებობის წყაროს შესაძლოა წარმოადგენდეს მხოლოდ ღვინო ან ყურძნის ტკბილი.
 
რაც შეეხება ამ ჭურჭლის სახელდებას, როგორც ზემოთ აღინიშნა, ესეც განხილვის ერთგვარ საგანს წარმოადგენს. რა შეიძლება ეწოდოს შულავერთან აღმოჩენილ ჭურჭელს, ქვევრი, დერგი თუ სხვ? ჩვენთვის გასაგებია, რომ მკვლევართა ერთი ნაწილი მას დერგად მიიჩნევს, რადგან იგი მართლაც წააგავს დერგს, მაგრამ იგივე ჭურჭელი შეიცავს ქვევრის ელემენტებსაც და ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად, ვიდრე დერგისას. ჩვენი ვარაუდი ამ ჭურჭლის სახელთან დაკავშირებით უფრო ქვევრისაკენ იხრება. ყოველი შემთხვევისათვის, ხრამის დიდ გორაზე აღმოჩენილი ჭურჭელი იმ ჭურჭელს წარმოადგენს, რომელშიც უნდა მომხდარიყო ყურძნის ჩაჭყლეტვა, დადუღება, და გარკვეული ხნით შენახვა, რაზეც მიუთითებს მისი სწორი პირი, რომელიც სავარაუდოდ სარქველის დასაფარებლად იყო განკუთვნილი, ამასთნ იგი გარკვეულწილად მიწაშიც უნდა ყოფილიყო ჩაფლული. მაშინ თავისთავად ცხადია, ხრამის დიდი გორის საღვინე ჭურჭელი მარნის ერთ–ერთი კომპონენტი უნდა ყოფილიყო სხვა იარაღ-ინვენტართან და ჭურჭელთან ერთად.
 
ყოველივე ზემოთქმულიდან, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქვემო ქართლში, ხრამის დიდ გორაზე ნაპოვნი ჭურჭელი არის სწორედ ქვევრი, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ქვევრების წინაპარს (ისევე, როგორც, მაგალითად ადამიანის წინაპარი არის იგივე ადამიანი!), ხოლო ის, რომ ეს ჭურჭელი წარმოადგენს საღვინეჭურჭელს, ამაზე, როგორც უკვე აღინიშნა, ისიც მეტყველებს, რომ მის კედლებში ქრომატოგრაფიულად გამოვლენილია ღვინის მჟავის კვალი და პალინოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია კულტურული ვაზის ყვავილის მტვრის მარცვლები, რაც აღნიშნული ჭურჭლის,ყურძენთანდა ღვინოსთან უშუალო კონტაქტზე მიუთითებს.
 
аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати