USD 2.7428
EUR 2.8772
RUB 2.6387
Tbilisi
ქუთაისში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება ამოქმედდა
Date:  857

წყარო:https://bm.ge/

რამდენიმე თვეა, რაც ქუთაისში, "თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში" უკრაინული ინვესტიციით შექმნილი სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება "ალპაკა" ამოქმედდა. 

საწარმოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებთან ერთად პროდუქციის შესაფუთ მასალებსაც აწარმოებენ და როგორც "ალპაკას" წარმოების მენეჯერი პაველ კოშილენსკი აღნიშნავს, ამ პროდუქციის შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ნახეს, რომ საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადე არ იქმნებოდა, ამ დროს მისი საჭიროება ნამდვილად არსებობდა და ფერმერებს იმპორტირება და დამატებითი თანხის გადახდა უწევდათ. 

"საწარმო აპრილში გავხსენით, ჯერ კიდევ დამწყებები ვართ. ვნახეთ, რომ ქართულ ბაზარზე მსგავს პროდუქტს არ აწარმოებდნენ, ხოდა, გადავწყვიტეთ, რომ გვეცადა და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაგვეწყო. ჩვენი ბადეები სოფლის მეურნეობის ყველა დარგისთვისაა განკუთვნილი - იქნება ეს ხეხილის ბაღები, ბოსტნეული თუ ვენახი. ამას გარდა ვქმნით პროდუქტსაც, რომლის საშუალებითაც ფერმერებს შეუძლიათ, რომ თავიანთი პროდუქტი შეფუთონ", - ამბობს პაველ კოშილენსკი. 

"ალპაკა" ამჟამად თვიურად 2000 კვ.მ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეს და 5000 ერთეულ შესაფუთ მასალას აწარმოებს, თუმცა საწარმომ ახლახან ახალი საწარმოო ხაზი აამოქმედა, სწორედ ამიტომ წარმადობის გაზრდას და დასაქმებული კადრების დამატებას გეგმავენ. 

"ამჟამად სულ რაღაც 14 ადამიანს ვასაქმებთ, თუმცა სამომავლოდ, როცა ახალი ხაზის მეშვეობით წარმადობის გაზრდას შევძლებთ, დასაქმებულების რაოდენობასაც 20-მდე გავზრდით, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ თვიურად 540 000 კვადრატული მეტრი სეტყვის საწინააღმდეგო ბადე ვაწარმოოთ, ხოლო შესაფუთი ტომრები თვიურად 100 000 მაინც შევქმნათ", - აღნიშნავს "ალპაკას" წარმოების მენეჯერი. 

ამ დროისთვის კომპანია პროდუქციას სრულად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, როგორც პაველ კოშილენსკი გვიყვება, ძირითადი დაინტერესება დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან, ხეხილის ბაღის მფლობელებისგან აქვთ, თუმცა უახლოეს მომავალში, მას შემდეგ, რაც წარმადობას გაზრდიან, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე გასვლასაც გეგმავენ. 

რაც შეეხება საწარმოს ამოქმედებაში განხორციელებულ ინვესტიციას, წარმოების მენეჯერი ზუსტ თანხას არ აკონკრეტებს. აქვე, "ალპაკაში" არ გვიზუსტებენ პროდუქციის საფასურსაც, თუმცა აღნიშნავენ, რომ ფასი გაყიდული პროდუქციის მოცულობის მიხედვით იცვლება. 

world
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „ტრამპმა ისეთი ამერიკა მიიღო, რომელიც რომის იმპერიას ჰგავს დაცემის პერიოდში“

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ტრამპმა ისეთი ამერიკა მიიღო, რომელიც რომის იმპერიას ჰგავს დაცემის პერიოდში“ (ავტორი - ტიმ სტენლი, ისტორიკოსი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

კემბრიჯის უნივერსიტეტის ლექტორი ასეთ ისტორიას ჰყვება: ერთხელ სტუდენტ ქალიშვილისთვის გასაუბრება ჩაუტარებია რომაელ კლასიკოსებზე და, როგორც ხდება ხოლმე, გოგონას ვერაფერი ვერ უთქვამს. ბევრს ეცადა პროფესორი - ხან აქედან მიუდგა, ხან იქიდან, ხან მიანიშნა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ლექტორი შეევედრა - „მითხარი, საერთოდ რაიმე თუ იცი რომაული სამყაროდან, არაფერმა არ დაგაინტერესა?“. პაუზა. სტუდენტი ფიქრობს და ბოლოს გახარებული ამბობს: „გლადიატორი“. ლექტორს იმედი მიეცა, იქნებ რაიმე ვრცლად იცის გლადიატორებზეო და ჰკითხა: „და რამ დაგაინტერესა „გლადიატორში“ - რომის პოლიტიკამ, კულტურამ, საზოგადოებამ?“. „რასელ ქროუმ“, - უპასუხა გოგონამ. ლექტორს უკანასკნელი იმედი გაუქრა...

გასულ კვირას ლონდონში, კინოთეატრ Imax-ში „გლადიატორი II“-ს ვუყურე. ვფიქრობ, მასში რასელ ქროუ რომ არ თამაშობს, ფილმისთვის ძალიან დიდი დანაკლისია, თუმცა რიდლი სკოტმა თავის ქმნილებაში საკუთარი სათქმელი მაინც თქვა.

კრიტიკოსების ნაწილი აღნიშნავს, რომ სიქველი უფრო ნიჰილისტურია, ვიდრე ორიგინალი, რომელიც ეკრანზე 2000 წელს გამოვიდა. პირველ ფილმში ნათქვამი იყო, რომ მარკ ავრელიუსის - იმპერატორისა და ფილოსოფოსის - რომის იმპერიის გარდაქმნის იდეა იმედიანად გამოიყურებოდა, მაგრამ მისი ვაჟის, იმპერატორ კომოდუსის მმართველობის დროს ყველაფერი წყალში ჩაიყარა. მართალია, გენერალ მაქსიმუს დეციმუს მირიდის მსგავს კარგ ადამიანებს სიტუაციის გამოსწორება შეეძლოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

ამერიკა, როგორიც 2000 წლის 11 სექტემბრამდე [იგულისხმება მომხდარი ტერაქტების თარიღი] არსებობდა, შეიძლება იმდროინდელ რომად ჩავთვალოთ, როცა იმპერიის ხელისუფლების გეგმები „დიდი იმედების მომცემი“ იყო. ფილმში მარკ ავრელიუსის მმართველობიდან ორი ათეული წლის შემდეგ „გლადიატორი II“-ის სლოგანი გახდა „რომი უნდა დაეცეს“ - იმიტომ, რომ იმპერია შიგნიდან დალპა და გარდაქმნას საჭიროებდა. რომს მართავენ ტყუპი ძმები - იმპერატორები სეპტიმიუს გეტა და სეპტიმუს კარაკალა, ისინი გაუთავებლად ომობენ ბარბაროსებთან და რომის მოსახლეობას სპორტის სასტიკი სახეობით ართობენ, კონსულად კი მაიმუნს ნიშნავენ. იმპერატორების გარემოცვა, თანამედროვე გაგებით, ზელიბერალურია...

დღევანდელი ამერიკელი კონსერვატორები (ჩათვალე - რესპუბლიკელები) თვლიან, რომ ამერიკა ბოლო წლებში ლიბერალური რომის მიერ დაშვებულ შეცდომებს იმეორებს.

ნაციონალისტები მიუთითებენ, რომ ლიბერალურმა რომმა თავშესაფარი მისცა გოთებს (ბარბაროსებს), რომლებმაც საბოლოო ჯამში იმპერია გაძარცვეს და დაანგრიეს; ქრისტიანები რომაელ ლიბერალებს სექსუალურ თავაშვებულობაში ადანაშაულებენ, ხოლო მკაცრი ინდივიდუალისტები - საომარი სულის დაკარგვაში. „რომი დაეცა იმიტომ, რომ რომაელებმა რომაელების გაჩენა და აღზრდა შეწყვიტეს“, - თქვა ამას წინათ ილონ მასკმა ინტერვიუში. ტრადიციულად, მდიდრულ საზოგადოებაში უფრო ცოტა ბავშვი იბადება, რაც ამ საზოგადოების ელიტას აიძულებს სამუშაო ძალის იმპორტი განახორციელოს და დაქირავებულების იმედად იყოს. ამგვარ საზოგადოებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს კულტურული თვითმკვლელობის იდეას. ყველა დროის საზოგადოებებში ხდება ომები და ეპიდემიები, მაგრამ ძლიერებს ყველაფერს უძლებენ, სუსტები კი კრახს განიცდიან.

ამერიკას ერთი მუჭა არისტოკრატიული ოჯახები მართავენ. დონალდ ტრამპს, ისევე როგორც იულიუს კეისარს (ცეზარს), ხელისუფლებაში მოსვლა დიდწილად იმიტომაც სურდა, რომ თავისი ხელშეუხებლობა შეენარჩუნებინა და პატიმრობა თავიდან აეცილებინა. ერთი შეხედვით, თითქოსდა არაკეთილშობილური ქცევაა, მაგრამ ასე აკეთებდნენ ხალხები და პოლიტიკოსები ყველა დროში.

დონალდ ტრამპის ლოზუნგი - „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“ - ეხმიანება როგორც მარკ ავრელიუსისა და გენერალ მაქსიმუს დეციმუსის („გლადიატორი - I“) ოცნებას, ასევე მაქსიმუსის ვაჟის ლუციუსის („გლადიატორი II“) სურვილს - რომისათვის ძველი დიდების დაბრუნების შესახებ.

საბოლოო ჯამში, „გლადიატორი II“ არ იძლევა პასუხებს იმ პრობლემებზე, რომლებიც მასშია ნაჩვენები. მართალია, დაგმობილია კოლიზეუმის არენაზე მიმდინარე ბრძოლები, მაგრამ ახლო რაკურსით ვხედავთ გლადიატორების ყველა ტრამვას, შეტაკებაში მიღებულს. რიდლი სკოტი სიქველში კვლავ იმეორებს ინგლისურ-ამერიკულ რწმენას ღმერთივით პიროვნების მიმართ, მაგრამ ხალხის ცხოვრება ნაკლებად არის წარმოჩენილი. ფილმში არსად არავინ ლაპარაკობს მონების მდგომარეობაზე, დევნილ ებრაელებზე თუ ქრისტიანებზე, მთავარ გმირს ლუციუსს არ აქვს შედგენილი გეგმა რომში რესპუბლიკური მმართველობის აღსადგენად. ლუციუსი მხოლოდ დადებითი გმირის როლს ასრულებს, მას ხალხი მაინცდამაინც არ აინტერესებს - იმიტომ, რომ იგი იმპერატორის შთამომავალია.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/11/24/trump-america-rome-gladiator-lawfare-concubines/

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way