ამერიკაში 20 წლის წინ ჩამოვედი, გაცვლითი პროგრამით, მისური-კოლუმბიის უნივერსიტეტში. ერთი წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებას ვაპირებდი, თუმცა ყოველი წელი, ყოველი საქმე, ყოველი სასწავლო კურსი უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა, ასე შემოვრჩი ამერიკაში.
მაგისტრატურაში ჩავაბარე განათლების მართვის სპეციალობით, რომელიც 2003 წელს დავამთავრე. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ კი, სადოქტორო დავიცავი და არკანზასის უნივერსიტეტის პროფესორად დავიწყე მუშაობა, სადაც ჩემი მოღვაწეობა ნაყოფიერი აღმოჩნდა. ასისტენტ - პროფესორიდან ასოცირებული და შემდეგ, სრული პროფესორი გავხდი. ათზე მეტ სადოქტორო ნაშრომს ვუხელმძღვანელე და 40 სამეცნიერო ნაშრომი გამოვაქვეყნე. 2013 წელს კათედრის გამგედ დამასახელეს ორმოცამდე პროფესორს შორის. გამიკვირდა, ამ უცხო ქვეყანაში, სადაც ჩემს სახელს და გვარს სრულად ძლივს წარმოთქვამენ, როგორ ამირჩიეს.
რაც დრო გადის, უფრო თამამი, მიზანმიმართული, თავდაჯერებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებული გავხდი. 2017 წლიდან დღემდე , არკანზასის უნივერსიტეტის განათლების და ჯანდაცვის კოლეჯის დეკანის მთავარი მოადგილე ვარ აკადემიურ დარგში. ჩვენს კოლეჯში 5 400-ზე მეტი სტუდენტი, 180-ზე მეტი პროფესორი და 300-ზე მეტი საშტატო თანამშრომელია. ყოველ დღეს მთელი შემართებით ვხვდები. ჩემი საქმე უზომოდ მიყვარს. მას ჩემი ენერგიის და ყურადღების 100%-ს ვუთმობ. პროფესორებთან თუ სტუდენტებთან ურთიერთობას ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ძალიან გამიმართლა, რომ უცხო ქვეყანაში ჩემი შრომა და მონდომება სულ მიფასდება.