USD 2.7563
EUR 3.0143
RUB 3.2162
თბილისი
ქერჩის სადესანტო ოპერაცია
თარიღი:  2366

მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საბჭოთა კავშირის უმაღლესი მთავარსარდლობის ორგანიზებულ და ჩატარებულ ქერჩის სადესანტო ოპერაციას, რომელიც   მიმდინარეობდა 1941 წლის 26 დეკემბრიდან-1942 წლის 20 მაისამდე.  თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, ქერჩის სადესანტო ოპერაცია, საბჭოთა ჯარებისთვის ტრაგედიით დასრულდა. განადგურებულ იქნა საბჭოთა-44-ე; 47-ე და 51-ე არმია, ხოლო საბჭოთა მხარის საერთო დანაკარგი შეადგენდა 300 ათას ადამიანს, მათ შორის 170 ათასამდე ტყვეს. ასევე დიდი იყო საბჭოთა ნაწილების ტექნიკური ზარალი. სადესანტო ოპერაციის წარუმატებლობამ გადაწყვიტა ალყაშემორტყმული სევასტოპოლის ბედი. მოგვიანებით კი ვერმახტის ნაწილებს  გაუადვილა კავკასიის ფრონტზე შეტევა.

სამხედრო მოქმედებები 1941 წლის 26 სექტემბერი - 16 ნოემბერი

1941 წლის 26 სექტემბერს გერმანული ვერმახტის მე-11 არმია გენერალ ერიხ ფონ მანშტაინის მეთაურობით მიადგა ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე-პერეკოპსკის ყელს. სწორედ აქედან უნდა მომხდარიყო გერმანული ნაწილების მიერ ყირიმის ნახევარკუნძულზე შეღწევა და მთელი ნახევარკუნძულის დაკავება. საბჭოთა 51-ე არმიას მიეცა ბრძანება დაეცვა პერეკოპსკის ყელი და არ დაეშვა გერმანელთა  შემოსვლა ნახევარკუნძულის  სიღრმეში, თუმცა 20 ოქტომბრისთვის გერმანელებმა მოახერხეს ფრონტის გარღვევა. ამავე დროს ოდესიდან ზღვისპირეთის სამხედრო ნაწილები საბჭოთა ჯარების დასახმარებლად გამოემართნენ. შედეგად-6 დღით-26 ოქტომბრამდე მოხერხდა ვერმახტის ნაწილების შეკავება, მანამ სანამ გერმანელებმა დაიკავეს იშუნი (დასახლებული პუნქტი პერეკოპსკთან) და საბჭოთა არმიას ფლანგებიდან შემოუარეს.  ალყაში, რომ არ მოხვედრილიყო, საბჭოთა ზღვისპირეთის არმია სამხრეთისკენ დაიძრა, ხოლო 51-ე არმიას კი უნდა დაეცვა ქერჩის მიმართულება, ამიტომ ეს ნაწილები განლაგდნენ ქალაქ აკ-მონაისთან (დღევანდელი კამენსკოე)-ყველაზე ვიწრო ყელზე აზოვისა და შავ ზღვას შორის, რომლის სიგანეც 18 კმ-ია. დაიწყო სისხლისმღვრელი ბრძოლები. 

ამავე დროს გერმანელთა ნაწილები იბრძოდნენ სამხრეთით ქალაქ სევასტოპოლთან, რომელსაც მათ ალყა შემოარტყეს, თუმცა 30 ოქტომბრიდან-21 ნოემბრამდე  გამუდმებული ბრძოლების მიუხედავად მისი აღება ვერ შეძლეს. მანშტაინმა სევასტოპოლის მიმართულებით გაგზავნა ვერმახტის ნაწილების დიდი რაოდენობა, ხოლო ქერჩის დასაცავად კი მხოლოდ ერთი ქვეითი დივიზია.

 27 ოქტომბრიდან მოყოლებული ქალაქი ქერჩი გამუდმებით იბომბებოდა გერმანული ავიაციის მიერ.  ქალაქის  შენარჩუნება საბჭოთა ნაწილებისთვის შეუძლებელი გახდა. უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკის განკარგულებით დაიწყო ჯარების გადაყვანა ქერჩიდან ტამანის ნახევარკუნძულზე. საბოლოოდ ვერმახტის ნაწილებმა ქერჩი აიღეს-16 ნოემბერს.

 

 საბჭოთა არმიის სამოქმედო გეგმა

7 დეკემბერს საბჭოთა უმაღლესმა მთავარსარდლობამ ქერჩის ფრონტზე გასაგზავნ სამხედრო ნაწილებს, რომელთაც მეთაურობდნენ დიმიტრი ტომიფეევიჩ კოზლოვი და თევდორე ივანოვიჩ ტოლბუხინი, შემდეგი სამოქმედო გეგმა დაუსახა: უნდა მომზადებულიყო სადესანტო სამხედრო ოპერაცია ქერჩის დასაბრუნებლად. ოპერაციის გეგმა, თავად ტოლბუხინის მიერ იყო შედგენილი და ითვალისწინებდა 51-ე და 44-ე საბჭოთა არმიათა ერთდროულ გადასხმას ქერჩისა და ფეოდოსიის ნაპირებზე. ქერჩის გერმანული ნაწილების ალყაში მოქცევას და განადგურებას. შემდგომ საბჭოთა ჯარების მოქმედება უნდა გაგრძელებულიყო ყირიმის ნახევარკუნძულის სიღრმისაკენ, განთავისუფლებულიყო სევასტოპოლი და მთელი ყირიმის ნახევარკუნძული  მოქცეულიყო საბჭოთა არმიის კონტროლქვეშ.

მთავარი დარტყმა ფეოდოსიის რაიონში უნდა განეხორციელებინა 44-ე არმიას, ხოლო დამხმარე ძალად გამოიყენებოდა 51-ე არმია-ქერჩის რაიონში.იმისათვის რომ მაქსიმალურად შეევიწროებინათ ვერმახტის არმიის ნაწილები და მოესპოთ მათთვის მანევრირების საშუალება, საბჭოთა ჯარების ყირიმის ნახევარკუნძულის ნაპირებზე გადასხმა უნდა მომხდარიყო რამდენიმე ადგილას-250 კილომეტრიან სივრცეზე ფეოდოსიასა და ქერჩს შორის.

 დესანტის გადასხმა

1941 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა 51-ე არმია გადასხდა ქერჩის სანაპიროზე. სამი დღის შემდეგ 29 დეკემბერს-ფეოდოსიის ნაპირებს მიადგა 44-ე არმია. დესანტის რაოდენობა, ოპერაციის დასაწყისში შეადგენდა 40 000 ადამიანს.

უნდა აღინიშნოს, რომ ფეოდოსიის ნაპირზე არსებული პორტის გამო, საბჭოთა ნაწილების დესანტირება გაცილებით მოხერხებულად მოხდა და ის  სამი ათასიანი   გერმანული გარნიზონიც, რომელიც საბჭოთა ნაწილებს დახვდა ფეოდოსიაში-მალე მწყობრიდან იქნა გამოყვანილი 44-ე არმიის ნაწილების მიერ. 

გაცილებით რთული მდგომარეობა იყო ქერჩში, სადაც დესანტის გადასხმა ხდებოდა პირდაპირ ყინულივით ცივ წყალში. ჯარისკაცები მკერდამდე წყალში მიაბიჯებდნენ ნაპირისკენ. ყინვის გამო დიდი იყო დანაკარგი. დესანტირებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო ძლიერი ყინვა, რის გამოც  გაიყინა ქერჩის სრუტის დიდი ნაწილი და ჯარისკაცებს ყინულის გავლით უწევდათ ნაპირზე გადასვლა.

რაც შეეხება ვერმახტის ნაწილების განლაგებასა და მდგომარეობას ამ დროისათვის, უნდა ითქვას რომ გერმანული ნაწილები მხოლოდ 46-ე ქვეითი ბრიგადისა და რუმინელთა სამთო მსროლელი პოლკის საშუალებით იცავდნენ პარპაჩის მთების ტერიტორიას. საბჭოთა ნაწილები ბევრად აღემატებოდნენ გერმანელთა ნაწილებს, სწორედ ამიტომ მოუწიათ ამ უკანასკნელებს უკანდახევა. ეს იყო საბჭოთა არმიის დიდი წარმატება, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა....

ერიხ ფონ მანშტაინი თავის ჩანაწერებში ამბობდა: „მოწინააღმდეგეს, რომ შექმნილი ვითარება თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ვერმახტის 46-ე ქვეით დივიზიას დადევნებოდა, პარალელურად კი ფეოდოსიიდან უკანდახეული რუმინელებისთვის შეეტია, მდგომარეობა სავალალო გახდებოდა არამხოლოდ ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე მებრძოლი გერმანული ნაწილებისთვის, არამედ მთელი მე-11 არმიისთვის“  - თუმცა ამ დროს საბჭოთა ნაწილები „არსად ჩქარობდნენ“....

ქერჩის 51 არმიის მოძრაობის სიჩქარე საკმაოდ ნელი იყო, ხოლო რაც შეეხება 44-ე არმიას -ნაცვლად იმისა, რომ მათ ფეოდოსიიდან დასავლეთის მიმართულებით ემოძრავათ, ისინი აღმოსავლეთით 51-ე არმიის შესახვედრად დაიძრნენ. ამან საშუალება მისცა გერმანულ ნაწილებს შეექმნათ გამაგრებული ზოლი ქალაქ აკ-მონაის (დღევანდელი  კამენსკოეს) დასავლეთით - სივაშის სანაპიროსთან.

1942 წლის 2 იანვრისთვის საბჭოთა ნაწილებმა მთლიანად დაიკავეს ქერჩის ნახევარკუნძული. გერმანული ნაწილების სავალალო მდგომარეობის გათვალისწინებით, საბჭოთა უმაღლესი მთავარსარდლობა მიუთითებდა დიმიტრი კოზლოვს-პერეკოპსკის მიმართულებით სწრაფი შეტევის განვითარებაზე, თუმცა კოზლოვი არასაკმარისი ძალების მომიზეზებით შეტევის დაწყებისგან თავს იკავებდა.

ოპერაციის დაგეგმვისას საბჭოთა გენერლების ზემოაღნიშნულ შეცდომათა გარდა უნდა აღინიშნოს უმაღლესი მთავარსარდლობის შეცდომები:

ფრონტზე არ არსებობდა არცერთი სამედიცინო დაწესებულება. უახლოესი ჰოსპიტალი მდებარეობდა ყუბანში. დაჭრილი ჯარისკაცები, პირველადი დახმარების შემდეგ, პოზიციებიდან ქალაქ ქერჩში გადაჰყავდათ, ხოლო იქედან კი ზღვით უნდა გადაეყვანათ ნოვოროსიისკში

მეორე დიდ შეცდომად საბჭოთა მთავარსარდლობის მხრიდან ითვლება საჰაერო თავდაცვის არქონა ფრონტზე. შედეგად 4 იანვრისთვის, მოწინააღმდეგის საჰაერო მოქმედებების შედეგად საბჭოთა არმიის ზარალი დიდი იყო.

 

ფეოდოსიის დათმობა

1942 წლის იანვრის პირველი ნახევრის განმავლობაში, საბჭოთა ნაწილები გეგმავდნენ შეტევას ყირიმის ნახევრკუნძულის სიღრმისკენ  და ამისთვის დამხმარე ძალებითაც მარაგდებოდნენ, თუმცა მანშტაინმა რამდენიმე დღით დაასწრო კოზლოვს და 15 იანვარს გერმანული ნაწილები მოულოდნელად შეტევაზე გადავიდნენ საბჭოთა 51-ე და 44-ე არმიების მიმართულებით-ქალაქ ვლადისლავოვკასთან. საბჭოთა ნაწილების რიგი რაოდენობრივი და  ტექნიკური უპირატესობის მიუხედავად, ვერმახტის ნაწილებმა 18 იანვარს შეძლეს ფეოდოსიის აღება, რის შემდეგაც საბჭოთა ჯარის მომარაგების ერთადერთ გზად რჩებოდა - გაყინული ქერჩის სრუტე....

                     

ყირიმის ფრონტი

1942 წლის 28 იანვარს საბჭოთა მთავარსარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება ჯარების გამოყოფისა და ცალკე ყირიმის ფრონტის შექმნის შესახებ-გენერალ დიმიტრი კოზლოვის მეთაურობით. თებერვლის დასაწყისში ყირიმის ნახევარკუნძულზე გადასხმულ იქნა საბჭოთა 47-ე არმია გენერალ კონსტანტინე კოლგანოვის მეთაურობით. ფრონტი გაძლიერებულ იქნა სატანკო ნაწილებით, არტილერიითა და მსროლელთა დივიზიებით.

მთავარსარდლობამ ასევე გადაწყვიტა გაეძლიერებინა ახალი ფრონტის სამხედრო შტაბი და ქერჩში რამდენიმე ოფიცრის თანხლებით გაგზავნა-პირველი რანგის არმიის კომისარი ლევ ზახაროვიჩ მეხლისი, რომელიც საბჭოთა მთავარსარდლობის უშუალო წარმომადგენელი იყო ყირიმის ფრონტზე.  მეხლისი იყო ადამიანი, რომელსაც სტალინი ენდობოდამეტიც-იგი სტალინის ერთ-ერთი რჩეულიც კი ყოფილა, ალბათ იმ საერთო თვისების გამო, რომელიც მას და „დიდ ბელადს“  ჰქონდათ-რაც იყო დაუნდობლობა. ცნობილია, რომ ერთ-ერთ ფრონტზე, სადაც მეხლისი „დამხმარედ“ იყო გაგზავნილი, მისი ბრძანებით  ორი გენერალი დახვრეტილ იქნა-პანიკაში ჩავარდნის  ბრალდების გამო.  ლევ მეხლისი სამხედრო საქმის სპეციალისტი არ იყო. მისი ყირიმის ფრონტზე გაგზავნა კი მოხდა საბრძოლო სულის ასამაღლებლად და მთავარსარდლობის ბრძანების პირნათლად შესასრულებლად, რითაც მანამდე გენერალი კოზლოვი ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა.

1942 წლის 27 თებერვალს საბჭოთა არმიები შეტევაზე გადავიდნენ ქერჩის მიდამოებში. პარალელურად დაიწყო საბჭოთა შეტევა სევასტოპოლში. ბრძოლები გრძელდებოდა 3 მარტამდე, თუმცა ვერც ქერჩისა და ვერც სევასტოპოლის მიდამოებში საბჭოთა არმიამ წარმატება ვერ მოიპოვა და ვერ შეძლო ვერმახტის ნაწილების გარღვევა.

საბჭოთა შეტევა განახლდა 13 დან 19 მარტის ჩათვლით-თუმცა ვერც ამ პერიოდში მოხერხდა წარმატების მოპოვება. „გაძლიერებული“ საბჭოთა არმიის მდგომარეობა მძიმე იყო.

 

გერმანელთა კონტრშეტევა

1942 წლის აპრილის დასაწყისში, ვერმახტის ნაწილებმა მიიღეს შევსება და მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ სატანკო ნაწილებით.

საბჭოთა ნაწილები მეხლისის ბრძანებით განლაგდნენ პარპაჩის მთების ჩრდილოეთ ნაწილთან, რაც თავის მხრივ საბჭოთა ჯარებს სწყვეტდა ფრონტის სიღრმეს. გერმანელებს მოწინააღმდეგის ამგვარი შეცდომა ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ. სწორედ ამ დროს განხორციელდა ვერმახტის ნაწილების მიერ საბჭოთა ჯარების შემოვლა სამხრეთიდან, ოპერაცია „Unternehmen Trappenjagd“-ამ ოპერაციაში მნიშვნელოვანი როლი  შეასრულა გერმანულმა სამხედრო ავიაციამ, რისთვისაც ჰიტლერის ბრძანებით ყირიმში გადაისროლეს  მე-8 საჰაერო ფლოტი „ლიუფტვაფე“- ვოლფრამ ფონ რიხთგოფენის მეთაურობით.

გერმანელთა შეტევა დაიწყო 1942 წლის 8 მაისს 04:15 საათზე. საჰაერო დარტყმების შედეგად 51-ე არმიის დიდი ნაწილი განადგურებულ იქნა. დაიღუპა არმიის მეთაური გენერალი-ვლადიმერ ლვოვი. ჩრდილოეთის მიმართულებით გერმანელთა მიერ ჩატარდა ცრუ-მანევრი, მთავარი დარტყმა კი საბჭოთა ნაწილებს მიაყენეს სამხრეთის (ნაკლებად დაცული) მიმართულებიდან. შედეგად-თითქმის 2 კვირიანი ბრძოლის შემდეგ, საბჭოთა ჯარები მოიმწყვდიეს ქერჩის სრუტესთან.  გერმანულმა ავიაციამ გაანადგურა არამხოლოდ საბჭოთა ჯარი, არამედ დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია საბჭოთა ნაწილების დანებება-საბოლოოდ 20 მაისს ქერჩი დაეცა. გერმანელებმა დაიკავეს ქალაქი.

საბჭოთა ჯარების ნაწილმა  შეძლო ევაკუაცია ტამანის ნახევარკუნძულზე, ხოლო 162 282 ადამიანი-ვინც ვერ მოახერხა ევაკუირება, დაიღუპა და ნაწილი ტყვედ ჩავარდა. თავად გერმანელთა მტკიცებით, მათ ქერჩის აღების შემდგომ 170 000 სამხედრო ტყვე აიყვანეს, თუმცა, როგორც ცნობილია ტყვეთა შორის დიდი რაოდენობით იყო ქერჩის მშვიდობიანი მოსახლეობაც. გერმანელთა დანაკარგი შეადგენდა დაახლოებით 4 000 ადამიანს და რიგ სამხედრო-ტექნიკურ დანაკარგს - მაშინ როდესაც ვერმახტის ნაწილებმა შეძლეს 3 რუსული - 44-ე; 47-ე და 51-ე არმიის განადგურება.

 

 აჯიმუშკაის ქვის სამტეხლოები

1942 წლის 20 მაისს გერმანელთა მიერ ქალაქ ქერჩის აღების შემდეგ, საბჭოთა ჯარების ნაწილმა, როგორც ზემოთ აღინიშნა ტამანის ნახევარკუნძულზე მოახდინა ევაკუაცია. ქერჩზე დარჩა დაახლოებით 10 ათასამდე ჯარისკაცი, რომელთაც უნდა დაეცვათ მთავარი ნაწილები, სანამ ეს უკანასკნელნი ევაკუირდებოდნენ. ნახევარკუნძულზე დარჩენილ სამხედრო ნაწილებს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მოუწიათ თავის შეფარება-ქალაქ ქერჩის ახლოს მდებარე აჯიმუშკაის ქვის სამტეხლოებისთვის.

ქვის სამტეხლოების დერეფნებში თავშეფარებულ ნაწილებს ხელმძღვანელობდნენ- პოლკოვნიკი-პავლე მაქსიმოვიჩ იაგუნოვი, ბატალიონის უფროსი კომისარი-ივანე პავლოვიჩ პარახინი, უფროსი ლეიტენანტი-მიქაელ გრიგორიევიჩ პოვაჟნი და სხვ. გერმანელებმა სამტეხლოები რკინის მავთულხლართებით შემოღობეს და დაიწყეს ძირითადი შესასვლელების აფეთქება და მათი ჩახერგვა. წყლისა და ჰაერის ნაკლებობის მიუხედავად აჯიმუშკაის ქვის სამტეხლოების მებრძოლები მედგრად ებრძოდნენ მოწინააღმდეგეს. ამ ბრძოლებში სამხედროებთან ერთად დაიღუპა ქალაქ ქერჩის მრავალი მოქალაქე. საბოლოოდ აჯიმუშკაის ქვის სამტეხლოები  წლის 1943 წლის ნოემბერში გაანთავისუფლა საბჭოთა 56-ე  არმიამ.

1966 წელს შეიქმნა აჯიმუშკაის ქვის სამტეხლოების-თავდაცვის მუზეუმი, ხოლო 1982 წელს გაიხსნა აჯიმუშკაის ქვის სამტეხლოების გმირთა მემორიალი.

 

 ავტორი: კახაბერ ყალიჩავა

კულტურა
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.