USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
ქართველი დონ კიხოტი- გამოსათხოვარი კახი კავსაძესთან
თარიღი:  1052

პოეტური, უშურველი, სიყვარულით გამთბარი, ზომიერად ამაღლებული თუ ამაღლებული ზომიერებით სავსე სიტყვების შემდეგ, რაც კახი კავსაძის გარდაცვალების დღესვე ითქვა და დაიწერა, რაიმე ახლისა და ორიგინალურის მოფიქრება შეუძლებელია. ლეგენდარული ქართველი მსახიობის შესახებ მხოლოდ ერთს დავძენ – წარმოუდგენლად მრავალფეროვანი არტისტული ნიღბების ფონზეც კახი კავსაძე მაინც დონ კიხოტის აქტიორული არქეტიპის განსახიერება მგონია.

გასული საუკუნის 80-იანი წლებში რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებულ მრავალსერიან სატელევიზიო ფილმში, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, კახი კავსაძემ, ალბათ, თავისი ცხოვრების მთავარი როლი ითამაშა… საკუთარი დრამატული ბიოგრაფიისა და ელვარე არტისტული მონაცემების გაერთიანება მან სწორედ ამ ზოგადსაკაცობრიო პერსონაჟის დახმარებით შეძლო.

როდესაც „დონ კიხოტს“ იღებდნენ, იმ დროს მაყურებელმა ლამის ზეპირად იცოდა რუსთაველის თეატრის გამორჩეული არტისტის – კახი კავსაძის  წარუშლელი ხიბლის, არტისტული ცეცხლის, ხმის საოცარი დიაპაზონის, ირონიული სიშლეგის, სიფიცხეში ამოვლებული ბავშვური გულუბრყვილობის შესახებ. ეს ნიჭი თანაბრად იყო განფენილი კინოსა და და თეატრში, რაც კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის კახი კავსაძის არტისტულ პერსონას. და მაინც, სერვანტესის გმირის რაინდულ, ეპიკურ თუ პოეტურ საწყისებს მსახიობმა გროტესკული არტისტიზმის ისეთი დოზა შეურჩია, იმდენად ჩვენებურად და კარნავალურად წარმოაჩინა ლამანჩელი იდალგო, რომ მაყურებელს ხშირად მშობლიურ-იმერული განცდები იპყრობდა და კლდიაშვილის აზნაურები ახსენდებოდა.

კადრი ფილმიდან „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“

სხვათა შორის, რეჟისორის მოთხოვნით, კახი კავსაძეს ბრინჯისა და ვაშლის მკაცრი დიეტა უნდა დაეცვა და გადაღების საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდში მან დაახლოებით 35 კილოგრამი დაიკლო!.. „ცარცით დახატულს ვგავდი“, – ხუმრობდა კიდეც მსახიობი. ეს თითქოს ახალი ეგზისტენციური მდგომარეობა იყო, როცა ყოფიერებითა და დიეტებით  დაღლილსა და გაძვალტყავებულ დონ კიხოტს დულსინეას ამაღლებული სიყვარული უნდა აღმოეჩინა.

რამდენი საოცარი ისტორიის წაკითხვა შეიძლება ამ დიდი და გამორჩეული როლის მიღმაც! ბაბუის, გამოჩენილი ლოტბარის, სანდრო კავსაძის მიერ დატოვებული და ჩაწერილი ხალხური სიმღერები; მამის – დათაშკას ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდა და რომელიც სწორედ ქართველთა ბანაკის ეთნოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელად დანიშნეს (ამის შესახებ კახი კავსაძე პირველ პირში გვიყვება ნანა ჯანელიძის შესანიშნავ დოკუმენტურ ფილმში „ნეტავი, იქ, თეატრი არის?!“); მისი ბიძაშვილის ანზორ კავსაძის თითქმის დაუჯერებელი ამბავი, როდესაც 1974 წელს „ჩაკრულო“ კოსმოსში სწორედ ანზორ კავსაძის საგუნდო  ჩანაწერით გაუშვეს…

კახი კავსაძე ნამდვილი რეკორდსმენია ქართველ არტისტებს შორის, რადგან 80-ზე მეტი როლი აქვს კინოში ნათამაშები. მისი პერსონაჟები და როლები დაწვრილებით რომ ჩამოვთვალოთ, ალბათ, რამდენიმე გვერდი არ გვეყოფა, თუმცა ყველაზე გამორჩეულ როლებს მაინც აღვნიშნავთ: აბდულა („უდაბნოს თეთრი მზე“, რეჟ: ვლადიმირ მოტილი), ზაური („სამკაული სატრფოსათვის“, რეჟ: თენგიზ აბულაძე), დიაკვანი („ლაზარე“, რეჟ: ქართლოს ხოტივარი), ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი („ვერის უბნის მელოდიები“, რეჟ: გიორგი შენგელაია), სელიმი („ერთი ნახვით შეყვარება“, რეჟ: რეზო ესაძე), ელიბო („ღვინის ქურდები“, რეჟ: ვალერიან კვაჭაძე), იორამი („ნატვრის ხე“, რეჟ: თენგიზ აბულაძე), სულხანი („ცხელი ზაფხულის სამი დღე“, რეჟ: მერაბ კოკოჩაშვილი), მანუჩარი („თბილისი, პარიზი, თბილისი“, რეჟ: ლეილა აბაშიძე), მიხეილ კორიშელი („მონანიება“, რეჟ: თენგიზ აბულაძე).

როგორ არ გავიხსენოთ მისი ბრწყინვალე თეატრალური როლებიც: ახალგაზრდა, ვნებიანი ადამი („ღვთაებრივი კომედია“), ამაყი, მაგრამ სასაცილო თავადი კოწია („გუშინდელნი“), ქურდულ-რომანტიკული შარმით „მოსილი“ დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა“), გამორჩეული ჯარისკაცი სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე“), პირდაპირი და ხისტი ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III“), კეთილშობილი კენტი („მეფე ლირი“), ავანტიურითა და სასიყვარულო ინტრიგებით გამორჩეული რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), თბილისელი ინტელიგენტი ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“), მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ყოფილი სახელოვანი მომღერალი („მოხუცი ჯამბაზები“).

მას არასოდეს აკლდა მაყურებლის სიყვარული და რეგალიები. კახი კავსაძე არის საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი. 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. მაყურებელი კახი კავსაძეს გამორჩეული არტისტიზმისა და პიროვნული ღირსების გამო უდიდეს პატივს სცემდა და რა დროც არ უნდა გავიდეს, მისგან ყოველთვის შეგვიძლია სიცოცხლის წყურვილი და ბედნიერების ყოველდღიური სურვილი ვისწავლოთ.

 

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

წყარო: publika.ge

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.