USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
„ქართული ოცნება“ მზადაა, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განიხილოს
თარიღი:  484

„ქართული ოცნება“ მზადაა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განიხილოს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს.

„მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების პირველი ფაზა პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით შედეგის გარეშე დასრულდა, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა პასუხისმგებლიანი ნაბიჯი და საჯაროდ ხელი მოაწერა ევროკავშირის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების პირობებს ადგენდა. ოპოზიციამ ევროკავშირის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა პანდემიით და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებით გამოწვეული სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას თანამოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.

„ქართული ოცნება“ არის გადაწყვეტილების მიმღები ძალა, რომელსაც სამართლიანად აქვს დემოკრატიულ არჩევნებში მიღებული ყველაზე მაღალი მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით, ჩვენი პარტნიორების რჩევებს და წინადადებას შეთანხმების მისაღწევად და მზად ვართ გუნდთან დავიწყოთ განხილვა ნდობის 40% იანი მაჩვენებლის გაზრდაზე, რომელიც კონსტიტუციით და საარჩევნო კანონმდებლობით გახლდათ იგივე ოპოზიციის მხარდაჭერით განსაზღვრული, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების თანახმად.

ასევე გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ გ. რურუასთან დაკავშირებით - ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს.

ამ ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ევროკავშირთან და პრეზიდენტ მიშელთან ერთად, რომელთაც მადლობას ვუხდით პოლიტიკური ვითარების გასაჯანსაღებლად გადადგმული ნაბიჯების და ძალისხმევისთვის, იმ მოცემულობით, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ იქნება გაცხადებული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარების შესახებ, რაც ასახულია ეუთო/ოდირ-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაში და რისთვისაც ევროსტრუქტურები ჩაერთვებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების მიზნით შექმნილ კომისიაში. ასევე, ჩვენი გადაწყვეტილება პატიმრებთან დაკავშირებით, რომელთა გათავისუფლებას ითხოვს ოპოზიცია, ეფუძნება იმ აუცილებელ პირობას, რომ მომავალში გამოირიცხება ნებისმიერ სისხლისსამართლებრივ საქმეში პოლიტიკური ჩარევა.

ვინაიდან, არის ორი სხვა მიმდინარე საქმე - ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის და ნ. გვარამიას საქმეები, სადაც ერთ შემთხვევაში პირებმა, რომელთა მიმართაც ჩატარდა გამოძიება და მიმდინარეობს სამართალწარმოება, გამოძიების დაწყების შემდეგ შექმნეს პოლიტიკური პარტია და თავი შეაფარეს პოლიტიკურ სტატუსს, ხოლო მეორე შემთხვევაში, პირმა, რომლის მიმართაც ასევე მიმდინარეობს სამართალწარმოება (ის წინა ხელისუფლების პირობებში, გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ), დააფუძნა ტელევიზია და ჟურნალისტური საქმიანობით ცდილობს იმუნიტეტის მოპოვებას - ამ საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა გამოირიცხოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა და მათი შეფასება მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი სტანდარტებით. ვთვლით, რომ ამით გამოირიცხება ყველანაირი სუბიექტური აღქმა ჩვენს საზოგადოებაში, არის თუ არა ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული.

ვთვლით, რომ ამ წლების განმავლობაში ქართულ მართლმსაჯულებაზე, სასამართლოსა და პროკურატურაზე, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა და თვისობრივად გაუმჯობესდა ვითარება, ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული მედიის მხრიდან ხდებოდა არაობიექტური და მოტივირებული შეტევა მისი დისკრედიტაციის მიზნით. ქართული სასამართლო და მართლმსაჯულება დამოუკიდებლობის და სამართლიანობის კუთხით მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა, რასაც მსოფლიო ბანკის და „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს, რომელშიც საქართველოს სასამართლო სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულში შედის და ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაზე უკეთეს შედეგს აჩვენებს, ხოლო „IPSOS France“-ის კვლევით, საქართველოს მოსახლეობაში სასამართლოს მიმართ ნდობა 50%-ზე მაღალია, რაც ევროკავშირის განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელთან ახლოს დგას. რასაკვირველია, შეთანხმების დოკუმენტში მოცემული 2/3-ის პრინციპი უნდა დაზუსტდეს და გაიწეროს ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, ისე, რომ არ მოხდეს პროცესში პოლიტიკური ჩარევა ან მისი ბლოკირება.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირის ეგიდით წარდგენილ პირველ დოკუმენტსაც და მზადყოფნას ვაფიქსირებთ განახლებული დოკუმენტის განხილვაზეც - განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას. ჩვენი მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია და მოვუწოდებთ ოპოზიციას პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

თბილისი
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.