USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს
Date:  417

„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.

„გუშინ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერიდან 100 დღე შესრულდა. ამ დროის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ პირნათლად ასრულებდა დოკუმენტის თითოეულ პუნქტს:

საპატიმრო დატოვა დოკუმენტში მოხსენიებულმა ორივე კრიმინალმა;

პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც გართულდა პარლამენტის წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა;

ორი მოსმენით მივიღეთ კანონი ამნისტიის შესახებ და ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს დავუტოვეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო კანონის მესამე მოსმენით მიღებასა და შესაბამისად, ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი დოკუმენტის სრულფასოვან აღსრულებაში;

განვახორციელეთ ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა, არსებითად გავზარდეთ ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიებში, შემოვიღეთ საარჩევნო უბნების სულ მცირე 10 პროცენტის გადათვლის გარანტია, დავაწესეთ 100-მეტრიანი რადიუსი საარჩევნო უბნების გარშემო და ა.შ.;

დავაინიცირეთ კონსტიტუციური კანონპროექტი საარჩევნო ბარიერის, საპარლამენტო ფრაქციების შექმნისა და გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ;

19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, თავი შევიკავეთ არსებული წესების მიხედვით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისგან, „დავაპაუზეთ“ პროცესი, ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციების მიხედვით გადავსინჯეთ ორგანული კანონის შესაბამისი ნორმები და ახალი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე ავირჩიეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები;

დავიწყეთ მსჯელობა სასამართლო რეფორმაზე, რომელიც, დოკუმენტის თანახმად, მომავალი წლის ივნისამდე უნდა განხორციელებულიყო;

არაერთგზის განვაცხადეთ, რომ კომიტეტის თავმჯდომარეებისა და დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობებს ოპოზიციას შემოდგომაზე გავუნაწილებდით, როგორც ამას 19 აპრილის შეთანხმება ითვალისწინებდა.

„ქართული ოცნების“ კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობით აღსავსე მოქმედების მიუხედავად, ბარიერგადალახული რვა ოპოზიციური პარტიიდან ოთხმა პარტიამ, ოპოზიციონერი პარლამენტარების უმრავლესობამ დღემდე არ მოაწერა ხელი 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, რომლის უმთავრესი მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება იყო.

როდესაც საუბარია პოლარიზაციაზე, ყველას კარგად მოეხსენება, რომ პოლარიზებული პოლიტიკური მოცემულობის ორ სხვადასხვა პოლუსზე დგანან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. როდესაც ამ ორი პარტიიდან მხოლოდ ერთს აქვს შეთანხმებაზე ხელი მოწერილი, ბუნებრივია, პოლარიზაცია ვერ შემცირდება და მითუმეტეს, ვერ დასრულდება.

იმ ოპოზიციური პარტიების ჯამური ელექტორალური მხარდაჭერა, რომლებმაც 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს, რაც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისთვის, ბუნებრივია, საკმარისი არ არის.

შეგახსენებთ, რომ გასული 100 დღის განმავლობაში, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმომწერმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა განახორციელეს ვიზიტები ბრიუსელსა და ვაშინგტონში, გამართეს შეხვედრები სენატორებთან და ევროპარლამენტარებთან, ვაშინგტონისა და ბრიუსელის აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებთან. ამავე პერიოდში, საქართველოს ესტუმრნენ შარლ მიშელი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. თუმცა, ამ ფონზეც კი, ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა უარი თქვა 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერაზე. გარდა ამისა, შეთანხმების ხელმომწერი ერთ-ერთი პარტია - „ლელო“ უხეშად არღვევდა 19 აპრილის შეთანხმებას, მათ შორის მან მხარი არ დაუჭირა შეთანხმებით გათვალისწინებულ საარჩევნო რეფორმას.

ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ერთგვარი თვითმიზანი იყო. მათ ამოძრავებდათ ერთადერთი მიზანი, დალოდებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და გაემეორებინათ პოლიტიკური საბოტაჟი, როგორც კი „ქართული ოცნება“ 43-პროცენტიან საარჩევნო ზღურბლს გადალახავდა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ამ პარტიებმა თვეების მანძილზე არ აიღეს კარვები რუსთაველის გამზირიდან. ამასვე ადასტურებს ის ამორალური და აგრესიული კამპანიაც, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია მისივე კუთვნილი ტელევიზიების საშუალებით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დღემდე აწარმოებს. რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არათუ შემცირდეს, არამედ, პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს. 19 აპრილის შეთანხმების ცალკეული პუნქტებიც რადიკალური ოპოზიციის მიერ პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავებისთვის გამოიყენებოდა.

ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს.

19 აპრილის შეთანხმებამ, მოკლევადიან პერსპექტივაში, პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა, შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ის ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის.

თუმცა, დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ.

ქვეყანა უკვე ახალი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების რეჟიმზე გადავიდა. თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია.

ამ ვითარებაში, „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება.

19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულება ჯერ არ დაწყებულა ან ჯერ არ დასრულებულა. განვმარტავთ თითოეულს:

ჩვენ ჯერ კიდევ 19 აპრილამდე, ვიდრე დოკუმენტს ხელი მოეწერებოდა, განვაცხადეთ, რომ სასამართლო და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განხორციელდებოდა. შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება: სასამართლო რეფორმა მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება, ხოლო ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პროცედურისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, სიღრმისეულად განიხილება და მიიღება;

შემოდგომაზე დასრულდება ამნისტიის შესახებ კანონის მიღება;

ჯანსაღი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე, განაწილდება საპარლამენტო თანამდებობები იმ ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას დაამტკიცებენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way