USD 2.7227
EUR 3.1910
RUB 3.4642
თბილისი
ქართული ხალხური საკრავების ორკესტრი
თარიღი:  759

 ინსტრუმენტული მუსიკა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართულ მუსიკალურ ფოლკლორში. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გვხდება სხვადასხვა ფორმისა და წყობის მუსიკალური ინსტრუმენტები. ქართულ ყოფაში საკრავის დანიშნულება ძირითადად სიმღერისა და ცეკვის თანხლება იყო, თუმცა ზოგჯერ სასიგნალო ფუნქციასაც ითავსებდა. ინსტრუმენტები ზოგჯერ საკრალურ მნიშვნელობასაც იძენდა და სხვადასხვა საკულტო-რელიგიურ რიტუალში (ავადმყოფის მკურნალობა, შელოცვა, შრომა და მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები) გამოიყენებოდა.

ქართული ხალხური საკრავების ორკესტრის შექმნის ისტორია  უკავშირდება აქამდე გამოუქვეყნებელ ფაქტებს, რომელთაც ქვემოთ გიამბობთ. მანამდე კი უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული ტრადიციული მუსიკალური ყოფისათვის საკრავთა ანსამბლი სულაც არ არის უცხო. საკრავთა საანსამბლო პრაქტიკას განიხილავს მანანა შილაკაძე, რომლის მიხედვითაც: „1) ქართული ტრადიციული ინსტრუმენტული ანსამბლი აერთიანებს ორ სხვადასხვა საკრავს; 2) მის რეპერტუარს საცეკვაო ჰანგები შეადგენს“.[1] ოთარ ჩიჯავაძის ცნობით, სიმებიან საკრავთაგან მწყობრში გამოიყენება ჩონგური, ჩასაბერთაგან – ჭიბონი, დასარტყამთაგან – დოლი და დაირა.[2] ჩონგურის და დოლის მწყობრი დასტურდება აჭარაში, ფანდურისა და დაირის – კახეთსა და თუშეთში, დოლისა და ჭიბონის – აჭარაში. სიმებიანი საკრავების, ჩანგისა და ჭუნირის, მწყობრს ვხვდებით სვანეთში.[3]

საინტერესოა, თუ როდის შეიქმნა ხალხური საკრავების ორკესტრი. მუსიკალური საკრავების ჩამოყალიბებაზე, შემსრულებლობასა და განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სოციალურ-კულტურულმა პროცესებმა. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ეკონომიკურ პოლიტიკას საფუძვლად დაედო კერძო საკუთრებების (მეურნეობების) მსხვილ კოლექტიურ მეურნეობებად გაერთიანება – კოლექტივიზაცია. კოლექტიურმა აზროვნებამ და აღნიშნულმა სოციალურმა ყოფამ ცვლილებები ფოლკლორშიც შემოიტანა. დაარსდა დიდი, მასობრივი გუნდები. სწორედ ამ პერიოდში, 1930-იან წლებში, იბადება ხალხური ინსტრუმენტების ორკესტრის შექმნის იდეაც; ის ასევე უნდა ყოფილიყო მასებზე გათვლილი. აქვე აღვნიშნავთ, რომ დიდი გუნდებისა და ორკესტრის არსებობამ გარკვეულწილად იქონია ზეგავლენა ტრადიციული შემსრულებლობის ფორმებზეც. შესაბამისად, საკრავთა ანსამბლიც, შეიძლება ითქვას, ჩანაცვლდა ორკესტრით. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ რამდენიმე ჩონგურის ერთდროულად გამოყენება, რომელიც XX საუკუნის 20–30-იანი წლების მოვლენაა. ის სამეგრელოში დაკავშირებულია ძმებ სიჭინავების, გურიაში კი – ავქსენტი მეგრელიძის სახელთან. 1927 წელს ავქსენტი მეგრელიძემ ჯერ მეჩონგურე ქალთა ჯგუფი ჩამოაყალიბა, მოგვიანებით მეგრელიძის მეჩონგურეთა ანსამბლს სხვა საკრავებიც დაემატა. ჩონგურისა და ფანდურის ერთ ანსამბლად გაერთიანებაც პირველად სწორედ მის გუნდში მოხდა. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სიმებიანი საკრავების ერთად აჟღერება, ცხადია, ხალხური მუსიკის შემსრულებლობაში სიახლეს წარმოადგენდა. თავის ერთ-ერთ სტატიაში ლოტბარი წერდა: „ჯერჯერობით ჩვენს ანსამბლში შედის დასავლეთ საქართველოს ოთხსიმიანი ჩონგური და აღმოსავლეთ საქართველოს სამსიმიანი ფანდური... ყველა ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტის ერთად თავისმოყრა, მათი შეწყობა და შეხმატკბილება ჩემი მუშაობის აქტუალური ამოცანაა. მიზნად მაქვს დასახული, უმოკლეს ხანაში მოვახდინო ჩონგურის, ფანდურის, ჭიანურის, სტვირის, სვანური ჩანგის, დოლის და სალამურის შეხმატკბილება“.[4]

ეს მიზანი ლოტბარს 30-იან წლებში წარმატებით განუხორციელებია. ავქსენტი მეგრელიძის ექსპერიმენტები ხალხურ საკრავთა ორკესტრის შექმნის მცდელობად უნდა განვიხილოთ. აღსანიშნავია, რომ მის თვითმიზანს არ წარმოადგენდა ორკესტრის შექმნა, რადგან მსგავსი მოვლენა ქართული სოფლური ყოფისათვის უცხო იყო. ა. მეგრელიძე ტრადიციული საკრავების შესაძლებლობებს დასჯერდა და მათი რეკონსტრუქცია არ მოუხდენია.[5]

გსმენიათ კირილე ვაშაკიძის ან ვასილ თამარაშვილის შესახებ? სწორედ მათ სახელებს უკავშირდება ქართული ხალხური საკრავების ორკესტრის ჩამოყალიბება. 1937 წელს ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ კირილე ვაშაკიძემ შეაგროვა სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ინსტრუმენტები, ზოგიერთი მათგანი განაახლა და თბილისის არქიტექტურულ ტექნიკუმში ჩამოაყალიბა ორკესტრი. სწორედ კირილე ვაშაკიძე იყო ის ადამიანი, ვინც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ხალხურ საკრავთა ორკესტრს. ამ ორკესტრის პარალელურად მუსიკოსმა ვასილ თამარაშვილმაც განაახლა ინსტრუმენტები და შექმნა ხალხური საკრავების ორკესტრი.[6]

პირველი ორკესტრი

რა განასხვავებდა ორკესტრებს ერთმანეთისგან? კირილე ვაშაკიძის მიერ დაარსებული ქართულ ხალხურ საკრავთა ორკესტრი გარკვეულწილად ამართლებდა სახელწოდებას (ქართული ხალხური ორკესტრი), რადგან მის ორკესტრში ხალხურ ინსტრუმენტებს მეტწილად შენარჩუნებული ჰქონდა საკრავებისთვის დამახასიათებელი ტემბრი, ფორმა და შინაარსი. ვასილ თამარაშვილის ორკესტრი კი სრულად მის მიერ რეკონსტრუირებული ინსტრუმენტებისგან შედგებოდა. თუმცა მათ შორის მსგავსებაც არსებობდა: ორივე ორკესტრი დიატონურის ნაცვლად ქრომატული საკრავებისაგან შედგებოდა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ხალხური ინსტრუმენტები პრიმიტიული იყო და განვითარებას საჭიროებდა. ამასთან, სხვადასხვა ჯგუფისა და კუთხის ინსტრუმენტების ერთად აჟღერება გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვდა. ამიტომ ორივემ შეცვალა საკრავების წყობა და ტემპერირებული გახადა.

საინტერესოა, რას წერს კირილე ვაშაკიძე გაზეთ „მუშაში“: „ქართულ ხალხურ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე მუშაობა ჩამორჩენილია. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავეუფლეთ ამ ინსტრუმენტებს თანამედროვე მელოდიების გადმოსაცემად: მათი გამოყენება ჯერ კიდევ ვერ გასცილებია მარტივი ანსამბლების ფორმას, სადაც მელოდიების შესრულება ხდება არა თვით ინსტრუმენტებზე, არამედ მომღერალთა მიერ, ინსტრუმენტები კი მხოლოდ მარტივ აკომპანემენტს ასრულებენ“.[7]

როგორც უკვე ვთქვით, ვასილ თამარაშვილის ორკესტრში წარმოდგენილი იყო რეკონსტრუირებული ინსტრუმენტები. მან ხუთ სხვადასხვა ქართულ ხალხურ ინსტრუმენტს (ჩონგური, გუდასტვირი, ფანდური, ჭუნირი და ჩანგი) შეუცვალა წყობა და დიაპაზონი, თუმცა შეუნარჩუნა გარეგნული იერსახე, გარდა ჭუნირისა, რომელსაც მიეცა კლასიკური სახე. ვასილ თამარაშვილი ასე აღწერს ამ რეკონსტრუირებული ინსტრუმენტების წყობებს: „ქართული სამხმოვანი სიმღერა ეს მისი ბუნებრივი თვისებაა და ინსტრუმენტალურ მუსიკაშიც ეს გადმოვიტანე, ე. ი. ექვს ხმად შემუშავებულ ჩონგურების ანსამბლში ძირითადად ავიღეთ სამი ხმა და შემდეგ იგი გავაორეთ ოქტავებში: წმინდა ხმის ჩონგური არის კრინი, შემდეგ ჩონგური თქმა, შემდეგ ჩონგური ზილი, ჩონგური მოძახილი, ჩონგური ბანი და ჩონგური დვრინი. ყველა ესენი ერთმანეთში შეწყობილია კვინტაში და ყოველ მათგანს აქვს წყობა სუფთა კვარტად. თითოეულის დიაპაზონი აღწევს ორ ნახევარ ოქტავამდე და აბმული აქვს სამი ნაწლავის სიმი“.[8] გუდასტვირი კი ვასილ თამარაშვილმა სამნაირად გადააწყო. 8-თვლიანი გუდასტვირი მელოდიის დასაკრავად იყო განკუთვნილი, ხოლო დანარჩენი ორი მხოლოდ ბანს გამოსცემდა. აქედან გამომდინარე, ვაშაკიძის ორკესტრისგან განსხვავებით, თამარაშვილის ორკესტრი შედგებოდა სრულად მოდიფიცირებული ინსტრუმენტებისგან. მისი ორკესტრის მიზანი იყო, შეესრულებინათ არა მხოლოდ ხალხური, არამედ ქართველ და დასავლეთ ევროპის კომპოზიტორთა ნაწარმოებები, რომელთა არანჟირებას ვასილ თამარაშვილი ქმნიდა თავისი ორკესტრისათვის. ამ ორკესტრების პარტიტურები დაცულია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.

 ვ. თამარაშვილის მიერ რეკონსტრუირებული ინსტრუმენტები

ჩვენს ყურადღებას იპყრობს ა. მეგრელიძის მიერ გამოთქმული აზრი ვ. თამარაშვილის მიერ რეკონსტრუირებულ ჩონგურთან დაკავშირებით. „ამ ინსტრუმენტებში წარმოდგენილი ეგრეთ წოდებული ჩონგური ნამდვილად ჩონგური არ არის. გარეგნულად მე ის მაინც არ მაკმაყოფილებს. ის უფრო მაგონებს კაცს, რომელსაც ჩოხა აცვია, ხოლო რუსული ქუდი ხურავს. რეკონსტრუირებული ჩონგურის ტემპერაცია სულ სხვა არის. ის სრულებით არ წააგავს ხალხურ ჩონგურს“.[9] ვფიქრობ, ჩონგურის მსგავსად სხვა გარდაქმნილი და რეკონსტრუირებული ინსტრუმენტებიც დაკარგავდა პირვანდელ სახეს. აქედან გამომდინარე, სახეშეცვლილი ინსტრუმენტებისგან შემდგარი ორკესტრი, რა თქმა უნდა, მოითხოვდა დაკვირვებასა და დროში გამოცდას.

1940 წლის 3 იანვარს ხელოვნების საქმეთა სამმართველოში შედგა ამ ორი ორკესტრის შემმოწმებელი კომისიის სხდომა. შეიქმნა ჟიური, რომელიც განიხილავდა მათ ფუნქციონირებასა და მნიშვნელობას. მოსაზრებას, რომ კ. ვაშაკიძის მიერ შექმნილი ქართული ხალხური ინსტრუმენტების ორკესტრი უფრო ახლოს დგას ხალხურ პრინციპთან, შენარჩუნებული აქვს ხალხური ტემბრი და ფორმა, იზიარებდნენ: გრიგოლ ჩხიკვაძე, ავქსენტი მეგრელიძე, ანდრია ბალანჩივაძე, გიორგი ხახანაშვილი, ვლადიმერ ჭუმბურიძე, პავლე ხუჭუა, პავლე კანდელაკი, აკაკი ფაღავა, გრიგოლ ნუცუბიძე, გრიგოლ კოკელაძე. მათი აზრით, ვ. თამარაშვილის რეკონსტრუირებულ ორკესტრს დაკარგული ჰქონდა ქართული ხალხური საკრავებისთვის დამახასიათებელი თვისებები. მათი შეხედულება გამომდინარეობდა სწორედ იქიდან, რომ რეკონსტრუირებულ ინსტრუმენტებს შეიძლება გავლენა მოეხდინა სუფთა ქართულ ხალხურ საკრავებზე და მეტიც, ჩაენაცვლებინა ისინი.  გარდა ამისა, გრიგოლ ჩხიკვაძის აზრით, კ. ვაშაკიძის ორკესტრს უნდა დამატებოდა სხვა ქართული ხალხური საკრავებიც: საყვირი, წინწილა, ებანი, ბუკი და ა.შ.[10]

საბოლოოდ, ჟიურიმ დაადგინა ვასილ თამარაშვილის ორკესტრის დაშლა, ვინაიდან კირილე ვაშაკიძის ორკესტრს შენარჩუნებული ჰქონდა ხალხური საკრავების პრინციპები: მათთვის დამახასიათებელი ქართული ტემბრი, ფორმა და შინაარსი.[11]

ვასილ თამარაშვილის ორკესტრი

ომარ კელაპტრიშვილის[12] მეუღლესთან, ციმი კელაპტრიშვილთან ინტერვიუს დროს ვიგებთ, რომ ამ გამარჯვების შედეგად კირილეს ორკესტრმა კიდევ რამდენიმე წელს იარსება. მიუხედავად ამისა, როგორც ქალბატონი ციმი დანანებით აღნიშნავს, „ზემოთ ორგანოებში არ იყვნენ ისეთი პირები, ვინც ამ საქმეს მიაქცევდა ყურადღებას და ეს ორკესტრი, რომელმაც თამარაშვილის ორკესტრს აჯობა, რამდენიმე წლის შემდეგ მაინც გაუქმდა. თუმცა 1953 წელს გაზეთ „კომუნისტში“ დაიწერა წერილი, რომლითაც ითხოვდნენ კირილე ვაშაკიძის ხალხურ საკრავთა ორკესტრის აღდგენას. საბედნიეროდ, ამ წერილს მოჰყვა დადებითი გამოხმაურება და, მართლაც, ხელმეორედ ჩამოყალიბდა და აღდგა ვაშაკიძის ორკესტრი, რომელიც სახელმწიფო ანსამბლთან (ახლანდელი „რუსთავი“) არსებული გახდა. სწორედ მეორედ აღდგენილ ორკესტრში უკრავდა ომარ კელაპტრიშვილიც“. ქალბატონი ციმის მონათხრობიდან ირკვევა, რომ კირილეს მეორედ შექმნილ ორკესტრს კვლავ დაშლის საფრთხე დაემუქრა. „ალბათ პატრონობა სჭირდებოდა და მარტო იგი (კირილე ვაშაკიძე) ვერ მოერია. ვიღას არ აწუხებდა კირილე, მაგრამ მაინც დაიშალა ხალხურ საკრავთა ორკესტრი“.

კირილეს ორკესტრი მეორედ აღდგენის შემდეგ

მართალია, კირილე ვაშაკიძისა და ვასილ თამარაშვილის ორკესტრები დაიშალა, მაგრამ დაიწერა ისტორია. მის საფუძველზეც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ერთი მხრივ, ხალხურ საკრავებს აქვს დიდი პოტენციალი, რათა მათზე შესრულდეს დამოუკიდებელი მელოდიები, მეორე მხრივ, შესაძლებლობა იმისა, რომ იარსებოს ორკესტრში. თუმცა მიმაჩნია, რომ მოდიფიცირებული და განვითარებული ინსტრუმენტების არსებობა არ უარყოფს ხალხური დიატონური ინსტრუმენტების მნიშვნელობასა და არქაულობას. ამ ორკესტრებმა, შეიძლება ითქვას, თავის დროზე ექსპერიმენტული ინოვაციური პროექტების როლი ითამაშეს. ტრადიციული შემსრულებლობის თვალსაზრისით კი, სხვადასხვა ჯგუფის რამდენიმე საკრავის ერთდროული ხმოვანება ზღუდავდა თითოეული მათგანის ინდივიდუალობას, რაც, ცხადია, ხელს უშლიდა ცოცხალი მუზიცირებისთვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან თვისებას – იმპროვიზაციულობას.  

გასულ საუკუნეში საკრავებთან დაკავშირებით განვითარებული ისტორია არაერთ კითხვას სვამს: რამდენად მართებულია სხვადასხვა კუთხის საკრავების ერთ ორკესტრად გაერთიანება? რამდენად შეესაბამება ერთმანეთს სხვადასხვა ინსტრუმენტის წყობა? როგორია ხალხურ საკრავთა ორკესტრის რეპერტუარი? და, საერთოდ, რა შემატა ან დააკლო ქართულ ტრადიციულ მუსიკას საკრავების სახეცვლილებამ? რამდენად გაამდიდრა საკრავების ახლებურმა საშემსრულებლო ესთეტიკამ ქართული ტრადიციული რეპერტუარი? ეს კითხვები სტატიის მკითხველს მიემართება და სამომავლოდ საფუძვლიან კვლევას მოითხოვს.

 

[1] შილაკაძე, მ. (1970). ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა. თბილისი: მეცნიერება, გვ. 82.

[2] ჩიჯავაძე, ო. (2009). საკრავები ძველ საქართველოში. თბილისი: სსიპ – ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი.

[3] ოთარ ჩიჯავაძე ტერმინ „მწყობრის“ ენციკლოპედიური განმარტებისას მას ორკესტრს, საკრავიერ ანსამბლს უწოდებს: „ტრადიციული ქართული ინსტრუმენტული მწყობრი ორსაკრავიანია: ერთ-ერთი სიმებიანია ან ჩასაბერი, მეორე – დასარტყამი“. (ჩიჯავაძე, 2009, გვ. 44-45).

[4] მოისწრაფიშვილი, ნ. (2008). ავქსენტი მეგრელიძე. თბილისი: საქართველოს მაცნე, გვ. 168–172.

[5] კოტრიკაძე, ს. (2015). „მწყობრიდან ხალხურ საკრავთა ორკესტრამდე“. წიგნში ხელოვნებათმცოდნეობითი ეტიუდები (Studies in Art Criticism). სამეცნიერო შრომების კრებული, VI, ბათუმი: ხელოვნების უნივერსიტეტი, გვ. 398.

[6] კელაპტრიშვილი, ნ., კელაპტრიშვილი, ო. (2023). ქართული სალამურით დაპყრობილი მსოფლიო. თბილისი: უნივერსალი,  გვ. 61-62.

[7] ვაშაკიძე, კ. „ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების ანსამბლი“. გაზეთი „მუშა, 1937. გვ. 3.

[8] ხელოვნების საქმეთა სამმართველოს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლი. ოქმი №5, „თათბირი ქართული ხალხური რეკონსტრუირებული მუსიკალური ინსტრუმენტების ორკესტრის შექმნის შესახებ“. 1937. მასალა ინახება ეროვნული არქივსა და ფოლკლორის ცენტრის არქივში, ფონდი №130, ანაწერი 1, საქმე 5. გვ. 2.

[9] იქვე, გვ. 4.

[10] ხელოვნების საქმეთა სამმართველოს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლი. 1940. ოქმი №32, „ქართული ხალხური ორკესტრის შემამოწმებელი სხდომა“. გვ. 1.

[11] იქვე, გვ. 5.

[12] ომარ კელაპტრიშვილი – საქართველოს სახალხო არტისტი, სალამურზე ვირტუოზი შემსრულებელი და ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი. მან ჩამოაყალიბა ანსამბლი „იავნანა“, რომელსაც მოგვიანებით მის პატივსაცემად „კელაპტარი“ ეწოდა.

ავტორი :ანა ლოლაშვილი - ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის უფროსი სპეციალისტი

წყარო:geofolk.ge

ანალიტიკა
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.