USD 2.7544
EUR 3.1229
RUB 3.3528
Tbilisi
ქართული ეთნოგრაფიის სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას, „შრომების“ ხუთტომეულის სრული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
Date:  4529
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით კულტურის სამინისტროს განახლებულ სააქტო დარბაზში ქართული ეთნოგრაფიის სკოლის ფუძემდებლის, გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას, „შრომების“ (ხუთტომეული) პრეზენტაცია გაიმართა.
ხუთტომეული გამომცემლობა „მერიდიანში“ დაიბეჭდა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკა ახალბედაშვილი, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, ასევე, აკადემიკოსები, კულტურის, სამეცნიერო და აკადემიური სფეროს მოღვაწეები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თეა წულუკიანმა დამსწრე საზოგადოებასთან ხუთტომეულის შესახებ საუბრისას ეთნოგრაფიული მუზეუმის სამწლიანი საქმიანობაც შეაჯამა.
გიორგი ჩიტაიას „შრომების“ ხუთტომეულის გამოცემა კულტურის სამინისტრომ დააფინანსა. გამოცემის მთავარი რედაქტორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, გამოცემის შემდგენელ-რედაქტორი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გიორგი ჩიტაიას სახელობის ქართული ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმის მთავარი კურატორი და გიორგი ჩიტაიას მოსწავლე თამილა ცაგარეიშვილი.
აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას „შრომების“ ხუთტომეული მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის სრული გამოცემაა (გარდაცვალების შემდეგ) და წარმოაჩენს ქართული ეთნოსის ეროვნულ სიმდიდრეს, მიღწევებსა და ადგილს მსოფლიოს ხალხთა კულტურის საგანძურში. ხუთტომეულის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს გ. ჩიტაიას ეროვნული მემკვიდრეობა. ამავე დროს, ის არის მდიდარი და სანდო წყარო ეთნოლოგიური, ისტორიული და ენათმეცნიერული კვლევებისთვის. გამოცემა ხელს შეუწყობს აკადემიური, საველე, სამუზეუმო საქმიანობის განვითარებას.
ხუთტომეულში თავმოყრილი და განზოგადებულია საქართველოში ეთნოგრაფიული აზრის განვითარება უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე, გამოკვლეულია ქართველი ხალხის წარმომავლობა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, საქართველოს ცალკეული კუთხეების ეთნოგრაფიული თავისებურება, კულტურულ-ისტორიული ღირებულება, მიღწევები და როლი ერთიანი ქართული კულტურის ჩამოყალიბებაში.
მკვლევარმა არა მარტო წარმოაჩინა ქართველი ხალხის ემპირიული მონაპოვარი, არამედ დაადგინა მისი კავშირი უძველეს ცივილიზაციებთან და საპატიო ადგილი მიუჩინა მსოფლიოს ხალხთა კულტურის ისტორიაში.
ინფორმაციისთვის: I ტომი - ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფა და მატერიალური კულტურა - გ. ჩიტაიას კვლევამ დაადასტურა ის უდიდესი წვლილი, რომელიც ქართველმა ხალხმა შეიტანა სამიწათმოქმედო კულტურის განვითარებაში მარცვლეულის ადგილობრივი ჯიშების გამოყვანითა და სახვნელი იარაღის სრულყოფით; II ტომი - კულტურულ-ისტორიული პრობლემები და ქართველი ხალხის ეთნოგენეზი - წარმოდგენილი ნაშრომები მთლიანად ემსახურება ქართველი ხალხის კულტურულ მემკვიდრეობაში ეთნიკური თავისებურებების აღმოჩენას, რომლებიც მჟღავნდება შრომის ჩვევებსა და საწარმოო გამოცდილებაში; III ტომი - ქართული ეთნოგრაფია, საველე-ეთნოგრაფიული ძიებანი, მეთოდოლოგია - ეძღვნება ქართული ეთნოგრაფიის ჩამოყალიბება-განვითარებისა და ეთნოგრაფიული სამეცნიერო სკოლის შექმნის ისტორიას (1924-1980), საორგანიზაციო და საველე მუშაობის მეთოდიკას, სამუზეუმო საქმიანობის განვითარებას, ეთნოგრაფიული მუზეუმის თბილისში, ღია ცის ქვეშ, დაფუძნებას; IV ტომი მოიცავს საუნივერსიტეტო ლექციების კურსს ეთნოგრაფიაში - „სვეტებს“. გ. ჩიტაიას ლეგენდად ქცეულ „სვეტებზე“ ისტორიკოსთა თაობები გაიზარდა. ეს არის პირველი სალექციო კურსები ზოგად და ქართულ ეთნოგრაფიაში. V ტომი - ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები, წერილები, რეცენზიები - თემატურად მრავალფეროვანია.
მასში ასახულია ქართული სამეცნიერო აზრის განვითარების ისტორია, დახასიათებულია მე-20 საუკუნის ქართველ მეცნიერთა შემოქმედებითი გზა, კრიტიკულად არის შეფასებული ქართველი ხალხის წარმოშობის ევროპული თეორიები, როგორიც არის საქართველოსა და კავკასიის გამოცხადება მხოლოდ შარაგზად და მრავალრიცხოვან ტომთა თავშესაფრად (რიტერი).
culture
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way