USD 2.5979
EUR 2.9128
RUB 3.1404
თბილისი
ქართული ბიზნესი და ხელისუფლებასთან „შეთანხმებული“ ლოქდაუნი
თარიღი:  3004

ათასობით კოვიდინფიცირებული და ათეულობით გარდაცვლილი პაციენტი -ეს არის დღეს საქართველოს მოსახლეობისათვის მთავარი  ამბავი, რომლითაც ყოველი ცისმარე დღე იწყება. ჩვენს ქვეყანაში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, 2020 წლის მარტიდან ნოემბრის ბოლომდე, საქართველოს ჰქონდა ორი უკიდურესი პოზიცია მსოფლიო სტატისტიკაში - ინფიცირებულთა მინიმალური რაოდენობა და  ერთ-ერთი საუკეთესო კოვიდ მენეჯმენტი საწყის სტადიაზე და სრული ქაოსი და მოწინავე ადგილი „მინუს“ სტატისტიკაში 2020 წლის ნოემბრის ბოლოს.

როგორ მოხდა, რომ პანდემიის წარმატებული და "უპრეცენდენტო" მართვიდან  მოვედით დღევანდელ დღემდე, ამაზე ხელისუფლება არაფერს ამბობს, ერთი რაც მან დანამდვილებით იცის და გვამცნო ჩვენც - ეს არის  „წერტილოვან“  ლოქაუნდად მონათლული სრული გაუგებრობა.

ლოქდაუნი ძალაში 28 ნოემბრიდან შევიდა და დაიხურა ქვეყანაში მოქმედი აქტიური ბიზნესის 90%; ხელისუფლება ჯერ კიდევ წინა დღეს იძლეოდა დაპირებას, რომ მაგ. არ დაიხურებოდა თბილისის მეტროპოლიტენი და არ იქნებოდა სრული ლოქდაუნი. მიდიოდა ინტენსიური შეხვედრები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, რაც ქმნიდა განცდას, რომ ბიზნესის ინტერესები გათვალისწინებული იქნებოდა გადაწყვეტილებების მიღებისას. თუმცა ხელისუფლების მიერ საკუთარი გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბიზნესი ახალი და მოულოდნელი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. რეალობა კი ასეთია- თითქმის სრულადაა შეჩერებული  საცალო გაყიდვები ყველა მიმართულებით, გაკოტრების საფრთხის წინაშეა სარესტორნო ბიზნესი; გაურკვეველია ამ სფეროში დასაქმებული ათასობით ჩვენი თანამოქალაქის ბედი.  პირველად გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ, რიგითი მოქალაქეებისათვის ფიზიკური გადარჩენის საკითხიც აქტუალური ხდება.

მიუხედავად მძიმე ფონისა,აღსანიშნავია, რომ ბიზნესი არ არის უწინდებურად მორჩილი და უტყვი სახელისუფლებო გადაწყვეტილების მიმართ. დღეს  საინფორმაციო საშუალებებში აქტიურად  ისმის ბიზნესის საპროტესტო ხმა არასწორ აკრძალვებთან დაკავშირებით და ამ პროცესში მონაწილეობს როგორც დიდი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესი.

თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების — გალერეა თბილისი, თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, თბილისი ცენტრალი, ქარვასლა, სითი მოლი, გლდანი მოლი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ სავაჭრო ცენტრებში დაცული იყო ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესები და დახურვის არავითარი წინაპირობა არ არსებობდა. ამასთან, სავაჭრო ცენტრების მესვეურთა თქმით, მთავრობასთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდათ და საუბარი იყო მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებზე — სამუშაო საათების შემცირებაზე და სამუშაო გრაფიკიდან რამდენიმე დღის ამოგდებაზე — თუმცა 24 საათში ყველაფერი შეიცვალა და სავაჭრო ობიექტები სრული ლოქდაუნის წინაშე აღმოჩნდნენ.

“იყო საჯარო განცხადებები, კერძო კომუნიკაცია, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა, თუმცა დავდექით მწარე რეალობის წინაშე. ყოველი დღე, რაც ცენტრები დაკეტილია, ამ ექვსი ცენტრისთვის არის დაახლოებით 10 მილიონის ზარალი. ჩვენ მიერ დასაქმებულია 17 000 ადამიანი, რომელიც სამუშაოს გარეშე რჩება. ჩვენ გვესმის ის პრობლემატიკა, რაც არსებობს, თუმცა აუცილებელია, სექტორს ჰქონდეს მუშაობის შესაძლებლობა. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ნაცვლად 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე, 15 დეკემბრიდან მოგვეცეს მუშაობის საშუალება. ეს არის დამატებითი ერთი კვირა, რაც მომგებიანი იქნება ყველასთვის და შეამცირებს წინასაახალწლო შოპინგის წნეხს”, – განაცხადა “თბილისის ცენტრალის” წარმომადგენელმა.

ხელისუფლება, რომელმაც ვერ გათვალა, რას გამოიწვევდა შეზღუდვების 2 დღით ადრე დაანონსება, რთულია დაიჯერო, რომ სრულად ფლობს სიტუაციას და გრძელვადიან პერსპექტივაში გათვლილი აქვთ ბიზნესის თითქმის სრულად გაჩერების  ყველა თანმხლები რისკი. ქაოსი, რომელიც 26 და 27 ნოემბერს დედაქალაქის ყველა სავაჭრო ობიექტზე სუფევდა, გადაწყვეტილების მიმღებთა კომპეტენციაზე ნამდვილად არ მეტყველებს. 

ამასთან, გაუგებრობას იწვევს ორმაგი სტანდარტები, რომელიც მთავრობის მიერ გამოცხადებულ შეზღუდვებში აისახა. როგორ შეიძლება, ვირუსის გავრცელების რისკი უფრო დიდი იყოს, მაგ. ღია ტიპის ბაზრობაზე, ვიდრე დახურულ სილამაზის სალონსა თუ ესთეტიკის ცენტრში, სადაც მომხმარებელს უშუალო ფიზიკური კონტაქტი აქვს მომსახურე პერსონალთან. 

დახურულ ობიექტებს შორისაა ე.წ. ელიავას ბაზრობა, სადაც სამშენებლო და სარემონტო მასალები იყიდება. გაუგებარია, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მთავრობამ, როდესაც ოპერირება აუკრძალა აქ დასაქმებულ  15 000-მდე მეწარმეს, რომელიც ღია სივრცეში ვაჭრობს. მითუმეტეს, რომ ბაზრობის სპეციფიკიდან გამომდინარე ამ კონკრეტულ ობიექტზე არ ხდება მომხმარებლის მიერ მაგ. ტანსაცმლის მორგება და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების რისკი ბევრად დაბალია. კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას იწვევს და ორმაგ სტანდარტზე მეტყველებს ფაქტი, რომ  ამ დროს ღიაა მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული ყველა ვულკანიზაცია და ე.წ. პროფილაქტიკა. 

შეზღუდვებთან დაკავშირებით „თბილისი პოსტი“ გაესაუბრა რამოდენიმე მსხვილი ბიზნესს და სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელს.

ლევან ყარალაშვილი ( „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი)

- რა შეთავაზებები გქონდათ  სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, თუ მოხდა  თქვენთვის მნიშვნელოვანი მოთხოვნების გათვალისწინება?

- სამთავრობო სტრუქტურებს  ჩვენთან გაცხადებული ჰქონდათ, რომ არ იქნებოდა ლოქდაუნი.  სამუშაო შეხვედრებზე მსჯელობა  იყო,  რომ ჩვენ უნდა გვემუშავა დეკემბრის თვეში,  თუმცა  გაიზრდებოდა წერტილოვანი შეზღუდვები, რაც აისახებოდა სამუშაო საათებისა  და  სამუშაო დღეების შემცირებაზე.   დღის წესრიგში იდგა შეღავათები გადასახადების კუთხით,  რადგან ჩვენს სექტორს  რეალურად დახმარების პაკეტი   არ მიუღია.  ჩვენი შეთავაზება მოიცავდა განთავისუფლებას  ქონების გადასახადისგან, როგორც განთავისუფლდა ტურისტული სექტორი. ჩვენ,  ის სავაჭრო ცენტრები, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ  მიმართვას, ვთავაზობდით ხელისუფლებას, რომ   მზად ვიყავით შეგვენარჩუნებინა ჩვენი პერსონალის მინიმუმ 80 %  შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში, იმის მიუხედავად, მოგვიწევდა თუ არა დაკეტვა იანვარსა და თებერვალში.  ჩვენი თხოვნა იყო გაეწიათ დახმარება მათთვის, ვისაც გვაწუხებს სასესხო ვალდებულებების თემა, რომ  ეროვნული ბანკი,  როგორც რეგულატორი ჩართულიყო  ბანკებთან ურთიერთობასა და მოლაპარაკებებში,  რათა მომხდარიყო სესხების რესტრუქტურიზაცია ან თუ სიტუაცია კრიტიკულ მოცემულობაში გადავიდოდა, მომხდარიყო  საპროცენტო სუბსიდირება თუნდაც ექვსი თვით. ასევე  გვქონდა მოთხოვნა,   გაგრძელებულიყო შეღავათი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემდეგი 6 თვის ვადით.  იმ შეხვედრებიდან,  რაც იმართებოდა  კანცელარიაში მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან საკმაოდ ოპტიმისტური  განწყობა გვქონდა  ჩვენი სექტორის წარმომადგენელებს, თუმცა საბოლოოდ   სიტუაცია შეიცვალა და არ მოხდა ჩვენი სურვილების და მოთხოვნების გათვალისწინება. მივიღეთ ის მოცემულობა, რაც  დღეს გვაქვს.    ჩვენი მოთხოვნები არ იქნა გათვალისწინებული არც გადასახადების ნაწილში, ქონების გადასახადთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის პოზიცია იყო,  რომ  ვერ გაგვიწევენ  ამ შეღავათს. პრემიერ მინისტრის მოსაზრებით  ამ მიმართულებით დათმობაზე საუბარი შესაძლებელია, თუმცა კონკრეტული პასუხი  ამ თემაზე ჯერ არ გვაქვს.

- რა პრობლემებს  შეუქმნის ერთი წლის განმავლობაში მეორედ გამოცხადებული ლოქდაუნი თქვენს სექტორს?

- ჩვენი დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე,  დეკემბერში მობილობა საკმაოდ მაღალია და ტოტალური ლოქდაუნი ჩვენთვის  არის   ძალიან დიდი დარტყმა.   წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში   ჩვენ ვფიქრობდით, რომ შევძლებდით ამ სიტუაციის გადატანას,  თუმცა ახლა, როდესაც მხოლოდ დეკემბრის რამდენიმე დღე მოგვცეს სამუშაოდ,  ეს  ბევრს არაფერს ნიშნავს. დეკემბერში ვაჭრობისთვის ყოველი დღე მნიშვნელოვანია, ამიტომ  გადამწყვეტი იქნება თუ მთავრობა  დეკემბერში  მაინც გაზრდის იმ პერიოდს, როდესაც ცენტრებს გახსნის და ფუნქციონირების შესაძლებლობა გვექნება.  დეკემბრის  ყოველი დღე   ეს არის   10 მილიონის  ბრუნვა.  მარტო  სავაჭრო ცენტრებში ობიექტები რომ ავიღოთ, საუბარია სამას მილიონზე, რასაც მიიღებენ ჩვენთან განთავსებულები ფართებიდან შემოსავლის სახით, აქედან იხდიან  ისინი იჯარას, გადასახადებს, კომუნალურ ხარჯებს,   ხელფასებს თანამშრომლებისთვის და ა.შ. თუ ავიღებთ მთლიანად დარგს,  ამ ცენტრების გარეშე, საუბარია  ერთ მილიარდიან ბრუნვაზე, რაც სრულდება დეკემბრის თვეში. დღეს ქართული ეკონომიკის მხოლოდ ამ სექტორიდან  ერთი მილიარდი ლარის ამოცლა  არის სერიოზული დარტყმა.  

ის ლოქდაუნი, რაც განხორციელდა გაზაფხულზე, არ იყო ისეთი მძიმე, რაც იქნება მიმდინარე ლოქდაუნი. მოგეხსენებათ ეს კომპანიები არ არის შექმნილი სუფთა  ქართული ინვესტიციებით. ეს არის საერთაშორისო ინვესტორთა მიერ  ჩადებული თანხები, ამიტომ საკმაოდ მაღალია ამ კომპანიებში კორპორატიული მართვის კულტურა, ფინანსური და რისკების მართვის სპეციფიკა.  აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა ის რეზერვები, რომ გავმკლავებოდით ეკონომიკურ კრიზისს, შესაბამისად ჩვენ შევძელით პირველი  ლოქდაუნის გადატანა,  რასაც დაემატა  დამატებითი  ინვესტიციების  განხორციელება ცენტრების აღჭურვის კუთხით, რომ  კორონაპანდემიის დადგენილი რეგულაციები გაგვეთვალისწინებინა  და დაგვეცვა.  ჩვენს სავაჭრო ცენტრებში დაცული იყო იგივე ნორმები, რაც არის დაცული უცხოეთში სავაჭრო ცენტრებში, სამწუხაროდ, იქ თავად მოქალაქეეების სოციალური კულტურა უფრო მაღალია და ისინი უფრო უფრთხილდებიან ერთმანეთს, ვიდრე - ჩვენთან.   ჩვენ  ამ მხრივ  არც შეღავათები  მოგვითხოვია და არც დახმარების პაკეტები, მაშინაც კი,  როცა მთელი სექტორის ბრუნვა განახევრდა.  დეკემბრამდე,როგორც შევძელით,  მოვედით, თუმცა დეკემბერში ჩაკეტვა არის სასიკვდილო განაჩენი იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით და რომლებიც ჩვენი ქვემოიჯარეები არიან და იმ 15 ათასი დასაქმებულისთვის, ვინც ჩვენს სავაჭრო ცენტრში არიან დასაქმებულები.

ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებას კრედიტორებთან, რომ განვაახლოთ სესხების რესტრუქტურიზაცია.  სავარაუდოდ ჩვენ დაგვჭირდება თვეები, რომ ჩავანაცვლოთ ან განახლდეს სიტუაცია ბაზარზე იმგვარად,  რომ ჩვენ შევძლოთ ოპერირების გაგრძელება.   იმედია, რომ ინფექციის შემთხვევები დაღმავალ ტრენდზე გადავა და სავაჭრო ცენტრები  15 დეკემბრიდან გაიხსნება, სხვა შემთხვევაში, ამ სექტორს  ფეხზე დადგომა ძალიან გაუჭირდება.  

გიორგი კვარაცხელია ( „ლილო მოლის“  გენერალური დირექტორი)  

- სამთავრობო სტრუქტურებთან გამართულ შეხვედრებზე  ძირითადად საუბრები იყო შუალედურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც   არ დააზარალებდა კერძო სექტორს და მოგვცემდა   მუშაობის გაგრძელების საშუალებას. განიხილებოდა სხვადასხვა ვერსიები, სამუშაო დროის შემცირება, კვირაში ორი დღის  დაკეტვის ხარჯზე  მობილობის შემცირება და სხვა.  ბიზნესის წარმომადგენლები წინააღმდეგები ვიყავით სრული ჩაკეტვის,  ჩვენ თანახმა ვიყავით  გარკვეულ შეზღუდვებზე, მაგრამ არა სრულ  ჩაკეტვაზე,  თუმცა საბოლოოდ ეპოდემიოლოგების რეკომენდაციები აღმოჩნდა გადამწყვეტი და ასეთი  შერეული ორთვიანი  გეგმა შემოგვთავაზეს. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ დეკემბერი ვაჭრობისთვის ყველაზე კარგი პერიოდია,  ჩაკეტვა ჩვენთვის დიდი დარტყმაა.  ეს მცირე პერიოდები, რაც არის გამოყოფილი მუშაობისთვის,  ალბათ ბევრს ვერაფერს შეცვლის, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი იყო მათი დაშვება.  ამ პერიოდში   დიდი რაოდენობით იმპორტირებული საქონლის რეალიზება შეღავათი იქნება მეწარმებისთვის, რომლებიც   დეკემბერს  მთელი წელი ელოდებიან.

 

- საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით რაზე მოხდა შეთანხმება ხელისუფლებასთან? 

 

-ჩვენ შევთანხმდით ორ პუნქტზე -  იანვრიდან ექვსი თვის ვადით იქნება საშეღავათო პერიოდი   საშემოსავლო გადასახადზე  750 ლარიანი ტარიფიდან 1500 ლარამდე,  ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი მეორე თხოვნა იყო საიჯარო ურთიერთობების შემთხვევაში დამატებითი ღირებულების გადასახადის დასაბეგრ ბაზად მიჩნეულ იქნეს ფაქტობრივად მიღებული შემოსავალი, იქიდან გამომდინარე,  ჩვენ ამ სიტუაციაში ვერ მივიღებთ იჯარის შემოსავალს მთლიანად,  რომ არ დავიბეგროთ არმიღებული შემოსავლიდან.   ეს შეღავათი გვქონდა გაზაფხულზე, როდესაც სამი თვით  ვიყავით დახურულები,  იმედია, ამ შეღავათს მთავრობა ახლაც გააკეთებს  ბიზნესისთვის.  

- რა მოცემულობის წინაშე დგას ამ ეტაპზე ლილოს ბაზრობა  და  თქვენი მეიჯარეები?  

- ეს არის უმძიმესი ტვირთი ჩვენთვის და ჩვენი მეწარმეებისთვის, რომლებიც მთელ საქართველოს ამარაგებენ, ნებისმიერი აკრძალვა და შეზღუდვა ბიზნესისთვის უდიდესი დარტყმაა,  პრობლემები რაც შექმნა ლოქდაუნმა არის როგორც ადმინისტრაციის, ასევე მოიჯარეების საერთო პრობლემა.  პირველი ლოქდაუნი ლილო  მოლისთვის  იყო  კატასტროფული. გაზაფხულზე არ ვიცოდით, რამდენ ხანს ვიქნებოდით გაჩერებული,   რა პერსპექტივა გვქონდა. ეს იყო შოკი, რომელსაც მოჰყვა ძალიან დიდი ეკონომიკური ზარალი ჩვენთვისაც და მეწარმეებისთვისაც. გავიხსენით, დავიწყეთ მუშაობა, ფაქტიურად რაც ავმუშავდით, მას შემდეგ ჯერ კიდევ იმ პერიოდის  ვალებს ვფარავთ. ახლა თავიდან დაიწყო  ორთვიანი გაჩერება, რაც იქნება დიდი სიმძიმე, თუმცა ახლა მეტად ინფორმირებულები ვართ. გვაქვს მთავრობის შეღავათების იმედი, ამასთან ერთად   მეწარმეები უკვე  მომზადებული არიან იმისთვის, რომ პროდუქციის  მცირე ნაწილი მაინც გაყიდონ ონლაინ,  რაშიც მათ  ლილო მოლის ონლაინ პლატფორმაც დაეხმარებათ. 30 წლის განმავლობაში იმდენი ქარტეხილი გადავიარეთ, უკვე გამობრძმედილები ვართ.  ის დროც გვახსოვს, როდესაც მარტო პურის ქარხნები და ლილოს ბაზრობა მუშაობდა,  ამასაც გავუძლებთ. თითოეული სიცოცხლე, რომელიც ამ ჩაკეტვის შედეგად გადარჩება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი  ფინანსური დანაკარგი,  რაც ბიზნესს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს, მაგრამ ახლა სხვა პერიოდია, ასეთ მოცემულობაში, როგორც ჩანს, სხვა გამოსავალი არ არის.  ჩვენ შევეცდებით გადავარჩინოთ ის მეწარმეები, ვინც ჩვენთან არიან, ერთად  გადავიტანთ იმ  დანაკარს, რაც გვექნება ამ პერიოდში. იმედი მაქვს, რომ  ნელ-ნელა მწყობრში ჩავდგებით და დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას.

 

ნატა გოგოლაძე ( თბილისი მოლის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი)  

 

- სამუშაო შეხვედრებზე  როგორც მთავრობის, ასევე კერძო სექტორის მხრიდან განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტები. ჩვენი შეთავაზება იყო სავაჭრო ცენტრებს ემუშავა  შეკვეცილი  სამუშაო საათებით  კვირაში მხოლოდ ხუთი დღის განმავლობაში.  სავაჭრო ცენტრების სრულად დაკეტვა არ განიხილებოდა, ეს იყო ეპიდემიოლოგების მოთხოვნა. მთავრობა ცდილობდა მედიატორის როლი ეთამაშა ჩვენსა და ეპიდემიოლოგებს შორის, რომლებიც ითხოვდნენ რადიკალურ ზომებს, ჩვენ გვინდოდა რომ ლოქადუნი აგვეცილებინა  და არსებული რეგულაციებით გვეკონტროლებინა სიტუაცია. ჩვენ თითქმის ყოველდღე გვამოწმებდა შრომის უსაფრთხოების ინსპექცია,  არ გვქონია არც ერთი შენიშვნა და ჯარიმა, რადგან ზედმიწევნით სრულად, გაათმაგებული რესურსით ვიცავდით ყველა წესს.

- რა პრობლემებს შექუმნის თბილისი მოლს ლოქდაუნი დეკემბერში?

 

- გაზაფხულზე  გამოცხადებული ლოქდაუნი არ  იყო ასე მძიმე,  რადგან დეკემბერი, როგორც წინასაახალწლო პერიოდი  უფრო მნიშვნელოვანი თვეა ვაჭრობისთვის, ბიზნესის თვალსაზრისით, ასევე მომხმარებლისთვის.  ჩვენ  მზად ვიყავით გვემუშავა დეკემბერში,  თუნდაც სრულიად  დავკეტილიყავით  იანვარში.   ამ მოცემულობაში ჩვენ გვაქვს იმედი რომ მთავრობა გაზრდის დეკემბრის დღეებს და ეს  ნაკადები, რაც იქნება, გადანაწილდება  არა ცხრა დღეზე, არამედ უფრო დიდ პერიოდზე. ჩვენ ჯერ კიდევ დიალოგის რეჟიმში ვართ ხელისუფლებასთან და იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ გარკვეულ  შეთანხმებას, რომელიც  უფრო დიდ კრიზისს აგვარიდებს თავიდან.       

 

ნოდარ  ჯავახიშვილი (ჰიპერმარკეტ მიჰაუს  მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი) 

-ჰიპერმარკეტი მიჰაუსი პირველი ლოქდაუნის დასრულების შემდეგ გაიხსნა.  ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული იყო ის, რომ ბიზნესი არ უნდა გაჩერდეს და ნებისმიერ შემთხვევაში  ქვეყანაში ყველაფერი უნდა ამოძრავებულიყო. ჩვენ  თავიდანვე ძალიან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ონლაინ გაყიდვებზე.  საქართველოში ვიყავით პირველები, ვინც  კომპანიის ონლაინ გახსნა შესთავაზა მომხმარებელს.  დღეს, როცა   მთელი მსოფლიო გადასულია ონლაინ შესყიდვაზე, ეს პრაქტიკა უკვე საქართველოშიც აქტიურად დამკვიდრდა, მით უმეტეს კორონაპანდემიის პირობებში ეს ყველაზე კარგი გამოსავალი აღმოჩნდა. ეს პირველმა ლოქდაუნმაც გვაჩვენა.

 -სამშენებლო და სარემონტო მასალების ონლაინ შეძენა რამდენად  პრაქტიკული აღმოჩნდა ქართველი  მომხმარებლისთვის?

 

-ეს არ არის იდეალური მოცემულობა, მაგრამ არსებულ მოცემულობაში არის იდეალური გამოსავალი.  საქართველოში უკვე ისე განვითარდა დიჯითალ ვაჭრობა  და ისე შეიცვალა  მომხმარებლის ქცევა, რომ   ონლაინ  სერვისით უკვე  უფრო და უფრო ბევრი მომხმარებელი სარგებლობს.  თავის დროზე საკურიერო სერვისის მიმართაც სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი, მაგრამ გავიდა დრო და საკურიერო მომსახურება დამკვირდად ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.    ჩვენ ონლაინ  მიმართულებით აწყობილი ინფრასტრუქტურა გვაქვს,  ამას გარდა მიჰაუსი დიდი კომპანიაა, შესაბამისად ლოქდაუნს  არ შეუქმნია ისეთი პრობლემები, როგორც სხვა  ჰიპერმარკეტებს შეუქმნა.  საქართველოში სამწუხაროდ, არ არის ისეთი მაღალი ინტერნეტიზაცია, რომ დიჯითალ ვაჭრობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ამას გარდა ბევრმა კომპანიამ ვერ შეძლო ამ მიმართულებით განვითარება, შესაბამისად,  ცხადია,  რომ კორონაპანდემიით გამოწვეული ლოქდაუნი გლობალურად ეკონომიკას   დიდ პრობლემებს  უქმნის. 

 

 

სავაჭრო ცენტრებისა და ბრენდული მაღაზიების ხელმძღვანელები ისევ აგრძელებენ ერთობლივ მუშაობას იმისთვის, რომ ხელისუფლებას კვლავ წარუდგინონ სამუშაო დოკუმენტი, რომლის განხორციელებაც მათი აზრით სასიცოცხლოდ აუცილებელია ბიზნესისათვის და ამ წინადადებას ისინი უკვე დღეიდან წარუდგენენ ბიზნეს ომბუდსმენსა და ხელისუფლებას.

მათ მიერ შემუშავებული წინადადების თანახმად, წინასაახალწლოდ რამდენიმე დღით დიდი სავაჭრო ცენტრების გახსნა პანდემიის პირობებში მოსახლეობისთვის კარგ შედეგებს არ გამოიღებს. ამდენად, მათი მოთხოვნაა, გაიხსნას სავაჭრო ცენტრები რეკომენდაციების სრული დაცვით და ისინი მზად არიან, საამისოდ გაზრდილი სამუშაო საათებითაც იმუშაონ.

„ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე ვმუშაობთ, რომელიც გვინდა მთავრობას გავაცნოთ. ვთხოვ ბიზნესომბუდსმენს, რომ ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან“, - განაცხადა სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ დირექტორმა ზურაბ შავლაყაძემ.

„Retail Group Georgia“-ს დირექტორის რეზო მაღალაშვილის განცხადებით კი ისინი მთავრობას შესთავაზებენ, თუ რა ფორმატში შეუძლიათ იმუშაონ დეკემბერსა და იანვარში.

„შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ გარკვეულ საკითხებზე, რომ კარგად ვმართოთ ნაკადები. თუმცა, ჩვენგან იქნება მოთხოვნა, რა პერიოდში გვინდა ვივაჭროთ. ეს არ იქნება ის ერთი კვირა, რომელიც ახლაა მოცემული. ჩვენ გვინდა, რომ ეს გახანგრძლივდეს“, - განაცხადა მაღალაშვილმა.

ზემოთ ჩვენ ბიზნესის სატკივარი მოგახსენეთ, თუმცა კარგად თუ დავუკვირდებით ეს ყველა ჩვენთაგანის სატკივარია და ჩვენი აზრით, ყველა სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით გამსჭვალული მოქალაქის ვალდებულებაა მხარში დაუდგეს ამ მძიმე დღეებში ქართულ ბიზნესს, რადგან მხოლოდ ის არის ერთადერთი გარანტორი, ყველა ჩვენთაგანის  უსაფრთხო და მატერიალურად უზრუნველყოფილი ხვალინდელი დღის.

 

 ავტორი: გოგი ლორთქიფანიძე

 

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის